არდაშელ თაქთირიძე – ესტაფეტა
– ხედავ, ბოდიშის მოხდაც არ იკადრაო?! – ქოთქოთებდა დედამთილი.
– ბოდიში კი არა, თვითონვე გაიბუტაო! – აქეზებდა დედამთილს მული.
– უზრდელი, რა ოჯახში გაიზარდა, ვაი, ჩემო საწყალო შვილოო!
***
ემანდ, უშვილძიროდ არ გადავშენდეო, 37 წლის აივენგომ 33 წლის ტერეზა რომ მოიყვანა ცოლად, დედამ და დამ – ალბინამ და მანონმა, საძილე ოთახი ახლადშეუღლებულებს დაუთმეს და თავისი ნებით გადმოსახლდნენ სასადილო ოთახში. აივენგოს ტერეზა არ უძებნია და არც jobs.ge-ზე გამოუცხადებია ვაკანსია. უბრალოდ, ნაცნობის და მოეწონა და ალბათ, სახელი კერიამ მოითხოვაო, ცოლადაც მოიყვანა.
პირველივე დღიდან გაჩნდა ოჯახში პრობლემები
– ეს თეფში აქ რატომ დევს, იქ უნდა იდოსო!
– სარეცხ მანქანაში “პერსილი” რატომ ჩაყარე, ჩვენ “არიელით” ვრეცხავთო!
– ნახე, ბიჭს დილით თვალები დასიებული ჰქონდა, ეტყობა, მთელი ღამე “ამუშავაო”!
– ქალი კი არა, ცხენიაო!
– რას გავსო!
– ეგ ჩვენი ოჯახის ღირსი არ არის, წავიდეს ჩვენი სახლიდანო! – მაგრამ ერთი წლის თავზე, ტერეზამ ბიჭი – 5 კოლოგრამიანი ჟანრი რომ გააჩინა, მისი სახლიდან წასვლა აღარ მოუთხოვიათ. რძალმა კი, შვილის გაჩენით პოზიციები გაიმყარა და იქით შეტევაზე გადავიდა. ქმარს მოსთხოვა
– ან ეგენი, ან მეო! – დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ოჯახი ორ ნაწილად გაიყო, მაგრამ უპირატესობა ტერეზას დარჩა, რაგან ისეთ ბერკეტს ფლობდა პატარა ჟანრის სახით, რომელზეც მთელ ოჯახს მზე და მთვარე ამოსდიოდა. ეცადა აივენგო მეტოქეების შერიგებას თუ არა, დაშოშმინებას მაინც, მაგრამ ორმხრივ წნეხს რომ ვეღარ გაუძლო, არჩევანი გააკეთა – ცოლის მხარე დაიჭირა და დაისვენა.
ერთ დღესაც, ტერეზამ ბავშვი რომ მოიყვანა საბავშვო ბაღიდან, სამზარეულოდან გაუგებარი ლუღლუღის ხმა მოესმა. შევიდა და ცალმხარწართმეული დედამთილი დახვდა იატაკზე წამოგორებული. სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ქმარს დაურეკა. დედამთილი განაგრძობდა ლუღლუღს, სანამ ტერეზამ არ განაცხადა
– გარკვეით გავიგე, ჩემი სახელი ახსენა, სიკვდილის წინ შენდობას მთხოვსო! – ეტყობა, იმდენად შორს იყო მისი “მოსმენილი” რეალობისგან, რომ ავადმყოფმა ერთი ამოიხროტინა, სიმწრით გააკანკალა და კიდევ არაფერი დაამატოსო, სასწრაფოდ მიაბარა სული უფალს. გამოიტირეს საწყალი ალბინა, დამარხეს.
– გოგო, ახლა მაინც შეურიგდი მანონსო! – სთხოვდა ქმარი.
– გველის წიწილი, ეგ არ იყო, დედამისს რომ აქეზებდა ჩემს წინააღმდეგ?! იმას, კიდევ წაქეზება უნდოდა, ისედაც ყოველ სიტყვაზე ცოფიანი ძაღლივით მეცემოდა ხოლმეო! – ცოცხალი თავით არ ურიგდებოდა მულს ტევრეზა.
– შვილო, დედაშენი ცუდი ქალია, მაგან შეიწირა ბებიაშენიო! – დედის წინააღმდეგ განაწყობდა ბავშვს მამიდა.
– შვილო, მამიდაშენი ცუდი ქალია, ჩემი ოჯახის დანგრევა უნდოდაო! – ზემოქმედებდა ბავშვზე დედა. პატარა ჟანრის ვერ გაეგო, ასე კარგ და კეთილ დედას როგორ შეეძლო, ბებიისთვის რამე დაეშავებინა, ან მის საყვარელ მამიდას, ვინმეს ოჯახი დაენგრია.
იმ ზაფხულს, ჟანრი მეორე კლასში გადავიდა, აივენგოს მეგობარმა მანქანით რომ გამოუარა
– სოფელში მივდივარ და წამომყევიო! – მძღოლის გვერდით მოკალათდა, შვილი კალთაში ჩაისვა. გზაში, ახალგაწვიმებულზე, მანქანა მოცურდა და მარჯვენა მხრიდან ხეს შეეჯახა. აივენგოს ცხედარი რომ გამოეტანათ, ავტომობილი გასაჭრელი გახდა. საწყალი, ისე იყო შვილზე გადაფარებული, ბავშვს არაფერი დაშავებია.
– ეს რა უბედურება შეგვემთხვა მანონო!
– ვაიმე ჩემო ტერეზაო! – მიხვდა რძალ-მული, რომ ყველაზე უკეთ ერთმანეთს გაუგებდნენ, რადგან ქმრის და ძმის სიყვარული აერთიანებდათ და აქამდეც, მხოლოდ იმიტომ ჰქონდათ უკმაყოფილება, რომ ამ სიყვარულს ვერ იყოფდნენ.
– შვილო, დედაშენი საუკეთესო ქალიაო! – უქებდა დედას მამიდა.
– შვილო, შენისთანა მამიდა არავის ჰყავო! – უქებდა მამიდას დედა. ასე, სიტკბოში და სიყვარულში იზრდებოდა ჟანრი. სკოლა ფრიადზე დაამთავრა, ინსტიტუტი – წარჩინებით, ცოლიც შესაფერისი მოიყვანა – ანა-მარია.
***
– ხედავ, ბოდიშის მოხდაც არ იკადრაო?! – ქოთქოთებდა დედამთილი.
– ბოდიში კი არა, თვითონვე გაიბუტაო! – აქეზებდა დედამთილს ქმრის მამიდა.
– უზრდელი, რა ოჯახში გაიზარდა, ვაი, ჩემო საწყალო შვილოო!
– ეს ორი სახელი რაღააო?! – უკვირდა ორივეს.
არდაშელ თაქთირიძე