ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – პაემანი

– ნეტავ, როდესმე მეღირსება, ფეხით რომ აღარ ვივლიო? – ეკითხებოდა თავის თავს ზაზა. ღამით, სიზმარში, გადააჯდებოდა ველოსიპედს და ქალაქის ქუჩებში დანავარდობდა. ფულის შეგროვება დაიწყო. სკოლის ბუფეტში ფულს ზოგავდა და ყოველდღიურად, ოც კაპიკს ყულაბაში ინახავდა. ორი თვის თავზე ყულაბა რომ გახსნა, იმ ფულით, ბაზრობაზე, მხოლოდ ველოსიპედის უკანა ამრეკლი მოუვიდა. ხუთი წლის ნაგროვები მარკების კოლექცია უბნელ ბიჭს გაუცვალა უკანა ხედვის სარკეში, ველოსიპედის დასაშლელი “სპეც-კლუჩი” კი, ქუჩაში იპოვა. უკვე ყველაფერი ჰქონდა, ველოსიპედის გარდა. აი, ველოსიპედს კი, მამამისი არ ყიდულობდა სრულიად გასაგები მიზეზით
– ქუჩაში გახვალ და მანქანა დაგეჯახებაო! – ზაზა იფიცებოდა
– დედა მომიკვდეს, თუ ქუჩაში გავიდე, ეზოში დავარტყამ წრეებსო! – გულში კი ფიქრობდა
– თქვენ ველსიპედი მიყიდეთ და სახლში რა შემომიყვანსო?!
იმ ზაფხულს, სოფელში, სახლის გადახურვა გადაწყვიტეს. მუშებმა სახურავიდან კრამიტები მოხსნეს და ეზოში გადმოყარეს. ბავშვები დამტვრეულ კრამიტებს რომ აგროვებდნენ, სახურავზე, ალბათ, ვიღაც ბუხრის მილს გაედო, აგური გადმოვარდა და სახურავიდან დაგორებული, პირდაპირ ზაზას დაეცა თავში. გონდაკარგული, რაიონის საავადმყოფოში გააქანეს. სანამ გონზე მოვიდოდა, ბავშვს სულ ველოსიპედს აბოდებდა. ოღონდ გადარჩესო და მამამისმა პირდაპირ საავადმყოფოს პალატაში მიუყვანა ახალთახალი “სპუტნიკი”.
ველოსიპედით ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადადიოდა, მანქანა რომ დაეჯახა. ავტობუსმა გაატარა, მაგრამ ავტობუსის გვერდით მიმავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ დაინახა. შეჯახებისას დარტყმის ძალამ ზაზა ზევით აისროლა და ჩამოვარდნილი, წელით ბორდიურს დაეცა. საავადმყოფოში მიიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, დამსხვრეული მალა ხელოვნურით შეუცვალეს, მაგრამ ზურგის ტვინი ისე იყო დაზიანებული, რომ სიარული ვეღარ შეძლო, ეტლს მიეჯაჭვა.
– ნეტავ, როდესმე მეღირსება ფეხით სიარულიო? – ეკითხებოდა თავის თავს ზაზა.
სკოლა დაამთავრა, უმაღლესიც. შეეჩვია ეტლით გადაადგილებას. მითუმეტეს, ამ ბოლო დროს, რაც პანდუსები დააყენეს, ისე აღარ ეხამუშებოდა სახლიდან გამოსვლა, როგორც ადრე. მონაცემები გაგზვნა ბანკის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე. დაუკავშირდნენ და სამი-ოთხი გასაუბრების შემდეგ, ოპერატორად მიიღეს. საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდა, სამსახურში თავს კარგად გრძნობდა, გულმოდგინედ მუშაობდა. თანამშრომლებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ცოტა ხანში, საკრედიტო განყოფილებაში გადაიყვანეს კრედიტ-ოფიცერად და მოზრდილი პორტფელიც ჩააბარეს. ცხოვრება დაალაგა: – დილით, ადრე დგებოდა, მოწესრიგდებოდა, ისაუზმებდა და კორპუსის წინ ტაქსის დაელოდებოდა. ცხრა საათზე, ნაცნობი ტაქსი მოდიოდა და ათის ნახევარზე უკვე სამსახურში იყო. საღამოს, იგივე ტაქსი გამოუვლიდა და სახლში მიჰყავდა. ივახშმებდა, ცოტას დაისვენებდა, ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა, შემდეგ, კომპიუტერს მიუჯდებოდა და იწყებოდა მისი მეორე ცხოვრება – სოციალური ქსელი “ფეისბუკი”.
– თეა, როგორ ხარ?,
– მაკო სად დაიკარგე?,
– ვა, მარი, მშვიდობა შენს გამოჩენას!,
თიკა, ხატია, ლიკა, ნინო, ქეთი, ანი… მაგრამ თუ თაკო იყო ქსელში, ყველა ავიწყდებოდა, რადგან ყველაზე მეტად მასთან მოსწონდა ურთიერთობა. თითქოს სულმა სული იცნოო, ისიც ზაზასავით თბილი, მგრძნობიარე, სევდიანი და ამასთან ერთად, ძალიან განათლებული იყო. საათობით შეეძლოთ, სხვადასხვა თემებზე ესაუბრათ. ყოველ საღამოს, ისე მოიკითხავდნენ ერთმანეთს, თითქოს საუკუნეა არ უსაუბრიათო. “ფეისბუკელ” მეგობრებს ზაზა არ უმხელდა თავის მდგომარებას, არც თაკოს გაუმხილა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, რადგან თაკო, ყოველდღიურად, უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდა მის გონებაში და მთლიანად იპყრობდა. არც გოგონა უნდა ყოფილიყო გულგრილი, რადგან ბოლო დროს, ისეთ თემებზე საუბრისას, როგორიცაა: სიყვარული, შეუღლება, ოჯახი, მის პასუხებში დაბნეულობამ და “გულებმა” იმატა.
რა არის ეს სოციალური ქსელი, აქ ყველაფერი უფრო იოლადაა, ვიდრე ცხოვრებაში. ყოველგვარი მორიდებისა და კომპლექსების გარეშე შეგიძლია გაცნობა, დამეგობრება, ჩხუბი, შერიგება და შეყვარებაც კი. სიყვარულის ახსნაც, ასე რომ გვიძნელდება ცხოვრებაში, “ფეისბუკში”, სამი გულის გაგზავნით შეგიძლია გადაწყვიტო. ასე გადაწყვიტეს ეს პრობლემა ზაზამ და თაკომაც. ჩართეს კამერები და “მესინჯერში”, საათობით, შორიდან ეალერსებოდნენ ერთმანეთს.
ზაზა ყველანაირად წელავდა, მაგრამ დადგა დრო მათი გაცნობისა. “ალექსანდროვის ბაღში”, შესასვლელიდან პირველივე სკამთან დათქვეს შეხვედრა. ზაზას ტაქსიდან ეტლში გადაჯდომაში მძღოლი დაეხმარა. საჩქაროდ შეაგორა ეტლი ბაღში.
– მივა, იმ სკამთან გაჩერდება და დაელოდება. ალბათ, თაკო შორიდან დაინახავს და ყველაფერს მიხვდება, მოვა და გაეცნობა, ან არ შეჩერდება და ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში, გოგონას ექნება დრო იმისთვის, რომ მოიფიქროს, როგორ მოიქცეს. დაე, თაკომ თვითონ გადაწყვიტოს მათი მომავალი. – ფიქრებიდან გამოერკვა, თავი ასწია. სკამზე თაკო იჯდა, სახეზე დაძაბული ღიმილი დასთამაშებდა. ბაღში შემოსულებს აკვირდებოდა და თვალს აყოლებდა. რა ლამაზი იყო, ნატიფი, სრულყოფილი ქმნილება. ეკრანზე ასეთი არ იყო, ცხოვრებაში უკეთესი ყოფილა. არ ელოდა, დაიბნა, სწრაფად მიატრიალა ეტლი და მარჯვნივ გაგორდა, ხეებს მოეფარა. აქედან შეუძლია თვალი ისე ადევნოს, რომ გოგონამ ვერ შეამჩნიოს. ცოტას მოისვენებს, აჩქარებულ გულს დაიოკებს, გეგმას დაალაგებს და ისე მივა. სულ მცირე, ერთი საათი იწვალა.
– მორჩა, დაწყნარდა. მივა და გამოეცხადება, მაგრამ რა რეაქცია ექნება თაკოს? კარგად აღზრდილი გოგოა, ალბათ, არ შეიმჩნევს, მაგრამ სახეზე სიბრალული ნამდვილად დაეწერება. აი, ამას კი ვერ აიტანს, შემოტრიალდება და წამოვა. რას არ მისცემს, რომ ფეხით მისვლა შეძლოს?! იქნებ, საერთოდ არ მივიდეს? ან რას ელოდება აქედან? – არაფერს, მხოლოდ გულისტკივილს. მისი და თაკოს შემდგომი ურთიერთობა ხომ სიბრალულზე იქნება აგებული? კიდევ ერთი საათი გავიდა, კიდევ ერთი. არა, არ ღირს მისვლა, საღამოს “მესინჯერში” აუხსნის ყველაფერს – ასე უფრო იოლი იქნება! სამალავიდან გამოვიდა და პირდაპირ ბაღის გასასვლელისკენ გაემართა, გოგონას გახედა – ის ჰორიზონტს გაჰყურებდა, ნიკაპი უკანკალებდა და ცრემლები ლოყაზე მოგორავდა. სასწრაფოდ გამოვიდა ბაღიდან და მობილურით ტაქსი გამოიძახა.
***
ფიქრებში წასულმა, ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა მამა ეტლით.
– წავიდეთ შვილო სახლში, უკვე გვიანიაო! – მზრუნველი სითბოთი უთხრა მამამ, ხელში აიყვანა და ატირებული გოგონა ინვალიდის ეტლში გადასვა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button