გამორჩეული ადამიანები

ირაკლი სალია – მარო მაყაშვილი

უმცირესობამ იცის სიუჟეტი, ოდნაც მეტმა სახელები და უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რა ხდებოდა საქართველოს ისტორიაში. ისტორიის ცოდნა კი აუცილებელია აწმყოს შესაქმნელად და შესაბამისად მომავლისაც. ამის საშუალებას იძლევა გამოცდილება, რომელიც ისტორიაში ამოიკითხება. ეს ყბადაღებულ თემად იქცა და ხშირად ახსენებენ ისტორიაზე საუბრისას, მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს გაუთვალისწინებია. ამ უმცირესობაში ჯერჯერობით არ აღმოჩენილან „ძლიერნი ამა ქვეყნისა“, რის გამოც ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომ ისტორიულ კატაკლიზმებს იწვევენ. მეორე მხრივ, არც ხალხს მიგვიღია ეს შესანიშნავი რჩევა და ამიტომ ჩვენც შეგვაქვს წვლილი ამ უსიამოვნო პროცესებში. ჰომოსოვეტიკუსების მოდგმას მართლა სამარე თუ გაასწორებს, ამიტომ საჭიროა ფიქრი მომავალ თაობებზე.

1801 წლიდან დაწყებული ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის დინამიკამ საქართველოს ოცდაორწლიან დამოუკიდებლობამდე, ქვეყნის განვითარებამდე მიგვიყვანა. იყო პაუზები და უკან გადადგმული ნაბიჯები. ახლაც ასეთი პერიოდია, ე.ი. შესაფერისი დრო ბოლო წლების გასაანალიზებლად. მე ერთი კონკრეტული პრობლემა, ჩემი თანატოლების აზროვნება მაინტერესებს, რომელზეც აქ ვისაუბრებ. ამისთვის კი შორიდან მოვუვლი, რომ ბოლოში მშვიდობით გავიდე.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ერთი წიგნის ძებნის დროს შემხვდა მარო მაყაშვილის დღიური. ამ დღიურების პატარა ნაწილია შემორჩენილი, რომელიც 1918–21 წლებშია დაწერილი. დავიწყე კითხვა სწორედ ამ თარიღის გამო. უფრო სწორად ვთვლიდი, რომ მაინტერესებდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთში ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის მისი გადაწყვეტილება იყო საინტერესო. დღევანდელობის პარალელები ამ ეპოქასთან ბევრია. იმის გათვალისწინებით, რომ მარო მაყაშვილი ჩემი თანატოლია, მაინტერესებდა რა განცდები, შთაბეჭდილებები, დამოკიდებულება ჰქონდა მიმდინარე მოვლენებზე და რამ მიიყვანა ასეთ გადაწყვეტილებამდე, ამიტომ მინდოდა გამეგო როგორი ადამიანი იყო ჰეროიზაციის ფარგლებს გარეთ, ე.ი. გმირობამდე როგორ მივიდა.

ყველა ვინც მარო მაყაშვილზე წერს, ან ლაპარაკობს, ხაზს უსვამს სიცოცხლის სიყვარულს, ენერგიულობას, აქტიურობას. ის „ისპანკით“ დაავადებულიც კი ისე წერს თითქოს დატვირთული დღის მერე დაიღალა და წამოწვა დასასვენებლად და არა 1 თვე იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. ამ შემთხვევაშიც ისევე დალაგებული, გაწონასწორებულია, ლაკონურად, გულწრფელად წერს, როგორც სხვა დროს. მარო „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენის“ წევრი იყო. ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში. ამ წლებში ქალები ნაკლებად აქტიურობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე, ამიტომ სპორტში მათმა გამოჩენამ დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ქალის სპორტით დაკავებას ეწინააღმდეგებოდა მისი ერთ–ერთი ამხანაგი. მასთან კამათისას „მე (მარო ი.ს.) ვამტკიცებ უმაგისოთ კარგა ვერ განვითარდება საქართველოში ქალი.“ მისი მამა, კოტე მაყაშვილი კი იგონებდა, რომ ამ საზოგადოების მოწინააღმდეგეებს პასუხობდა ლათინური გამოთქმით: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო.“ მას სულ ქალაქგარეთ მიუწევდა გული, მაგრამ იყო გამონაკლისიც: „თბილისში შევარდენის გულისთვის მინდოდა დარჩენა.“

ასეთივე აქტიური იყო ცოდნის მიღებაშიც. მას არ ჰქონდა უბრალოდ ერუდირების სურვილი. მას აინტერესებდა მოვლენები და იღებდა მათზე ინფორმაციას სხვადასხვა გზით. „სცენა მიყვარს გაგიჟებით“ იმდენად რომ „რამდენჯერ გამოვპარულვარ სახლიდან წარმოდგენაზე.“ ამის წყალობით, ის არაჩვეულებრივად იცნობდა თბილისის თეატრალურ ცხოვრებას. აფასებდა წარმოდგენებს, ადგილობრივ, თუ საგასტროლოდ ჩამოსულ დასებს. რა თქმა უნდა, ჰყავდა ფავორიტები: „თუ რამე მომწონს სცენაზე არტისტში, ალაგას ვეღარ ვზივარ, ვღელავ და არ ვიცი ჩემი აღტაცება რაში გამოვხატო.“ ამიტომ „ევგენი ონეგინის“ სამჯერ ნახვის მერე თქვა: „კიდევ ოცჯერ შემიძლიან წავიდე.“ განიცდიდა ნაცნობი დასის ჩანაცვლებას: „წინათ სიხარულით იმიტომ დავდიოდით, რომ ვიცოდით ხვალ ან ზეგ არტისტულში ვიქნები, ან საცა წავალ იქნება მსახიობი დორსკი, ან დნეპროვი…“

მაროს უყვარდა ლიტერატურაც: „რა კარგია წიგნი, მეტადრე თუ ძალიან საინტერესოა. მე შემიძლიან მთელი დღეები ვიჯდე და ვიკითხო ერთიმეორეზე.“ ამის გამო „[დედამ] იცის ხოლმე „აი თავის რომანებს ჩაუჯდა და ვეღარაფრით ვერ გააცლიო.“ ის მსჯელობდა რატომ მოეწონა, ან არ მოეწონა ნაწარმოები. ზოგადად, ყველაფერს, რაზეც წერდა საკუთარ აზრს აყალიბებდა. ფიქრობდა თვითონ როგორ მოიქცეოდა პერსონაჟის ადგილას. მსჯელობაში მოზარდისთვის ჩვეული პრობლემებიც ჩნდება. აქ თითქოს თავის თავზე ლაპარაკი ბეზრდება და ამ დროს მისი ცხოვრების კრედოს აყალიბებს: „სხვაზე ფიქრი უფრო კარგია.“ სხვაზე მზრუნველობის სურვილი ბევრ ეპიზოდში ჩანს. ამის საუკეთესო მაგალითია ბრძოლის ველიდან მშობლებისთვის გამოგზავნილი წერილი. ის ომშია! მშობლებს კი სწერს, რომ ძმის ამბავი შეატყობინონ, თან ამშვიდებს მათ, ომიდან. თხოვს თხილისა და ტკბილეულის გაგზავნას, ისიც მორიდებით. მისი გადაწყვეტილება დაიცვას თავის ქვეყანა ამავე თვისების გამოვლინებაა: „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემულეთა.”

მაროს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჰქონდა ოცნებები, აწუხებდა ყოფითი პრობლემები. „ძალიან მინდა ყველა ენები შევისწავლო ისე, რომ მშვენივრად ვიცოდე“ ამიტომ იგი წარმატებით ეუფლებოდა ინგლისურსა და გერმანულს. „მე მაქვს წარმოდგენილი ის თუ, როგორ ვიცხოვრებ მე, როცა სწავლას დავამთავრებ. მექნება ჩემი სახლ–კარი, ჩემებურად გაწყობილი.“ სოფელში სახლის ქონის საშუალებას კი მას არძლევდა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამის გამო. „გაჭირვება. რა არის ფული? იგი ხელის ჭუჭყია, როგორც ამბობს ხალხი, მაგრამ ამ ჭუჭყს დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში.“ მისი მამა, კოტე მაყაშვილი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ასეთი თანამდებობის მიუხედავად მისი ქალიშვილი თავის დღიურში წერდა: „ეხლა, როცა ვხედავ რა გაჭირვებაშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე.“ მარო არ ეგუებოდა ამ მდგომარობას და თეატრის, კინოს, წიგნების გარდა ადამიანებთან ურთიერთობით იღებდა დადებით ენერგიას. ხშირად სტუმრობდა ნათესავებს, მეგობრებს. „ძალიან მიყვარს მგალობლიშვილებთან დროს გატარება. საუცხოო ოჯახია.“ „წმინდა ელენე და კონსტანტინეს დღე იყო და ამის გამო მოსალოცად წავედით. მე და ქეთო ვიყავით ელო ავალიშვილთან. ოჰ, როგორ ვიცინოდით, სულ პირი გვიღიმოდა.“ ერთხელ თავისი თანატოლი ახლობლის თბილისში სასწავლებლად ჩამოყვანაც კი მოუნდომებია, უნდოდა სულ მის გვერდზე ყოლოდა მეგობარი. ზაფხულში, არდადეგებზე, თავის ამხანაგებთან ახალქალაქში დასვენებაზე ფიქრისას: „ჩემი სანატრელი იქნება, ეხლა მაინც შემისრულდეს და ბლომად ცხენზე ვიჯირითო.“ უკვე ახალქალაქში კი: „ამას წინათ მეხუთედ შემხვდა „ის“. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც კი შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი რისთვის, იმიტომ რომ ვწითლდები, თუ…“ „ის უნახავს ქეთოს დღეს, მე კი არა.“ მოზარდისთვის ჩვეული გაზვიადებით: „ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები მონა შენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო“ და „მეშვიდე კლასის მოსწავლე ვარ, ვაშა!!!“ ეს „მძიმე“ განცდები სწავლას ეხება, თორემ სასწავლებლის ამხანაგებთან ის ყოველთვის ხალისიანად ატარებდა დროს: „ნიცა დაბალი და სქელია. ვაჯავრებთ ხოლმე, რომ ის არის стройная, изъяшная, гибкая. ეს სულ ხუმრობით ხოლმე. ისიც გვეხუმრება და დაიწყებს თავისი ტლანქი ფეხებით და ხელებით სხვადასხვა პას გამოყვანას და ჩვენც გაგიჟებით ვიცინით.“ ამხანაგებმა სასწავლებელში „ბალიც“ მოაწყვეს, სადაც დაპატიჟეს პოეტები, მსახიობები, მომღერლები. მათ შორის აქტიურობდა პაოლო იაშვილი, რომელიც გოგონებს ახალისებდა. საერთო ჯამში წვეულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე: „მე პირველად ვიყავი საღამოზე და ისე ნასიამოვნები არასოდეს არ დავრჩენილვარ.“ ამ ყოფით განცდებთან ერთად ყოველთვის აფასებს საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. „ეჰ, რა დროს წინანდელზე ფიქრია და პირად გრძნობებზე ლაპარაკია. ამ დღეებში წყდება საქათველოს ბედ–იღბალი.“ დამოუკიდებლობა: „ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს“; „დაწვრილებით აღვსწერ, როცა ვნახავ ამ უდიდეს დღესასწაულს ქართველთა ცხოვრებაში“; „1 წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა მართლაც რომ იშვიათი მოვლენაა“; „გულში მწამს სამშობლოს თავისუფლება. უსათუოდ წითელი ბაირაღები უნდა გამოვკიდო?“ შინა პოლიტიკა: „1 მარტს გამოცხადდა დამფუძნებელი კრება“; „ყოველი სოციალისტის ლაპარაკში ეხლა ნაციონალისტურ–პატრიოტული ელემენტებიც შეიპარა. ყველამ იგრძნო, რომ საქართველოში სოციალისტობა შეუძლებელია, მაგრამ სოციალისტებს არ უნდათ, რომ სხვებმა ჩააჩუმონ ისინი და მაინც მაგ პარტიას აღმერთებენ.“ ომი: „ამ უკანასკნელ დროს მტრებმა არ დაგვაყენეს. ყოველ მხრიდან თავს გვესხმიან. იქ ახალციხე თათრებმა აიღეს, აქ სოჭი მოხალისეთა რაზმმა დენიკინის მეთაურობით“; „ომი, მერე რა ომი. ათასობით იღუპება ხალხი. ევროპა დაწყნარდა, მსოფლიო სტიქია ჩაწყდა. თითქოს ყველამ მოისვენაო. ჩვენ კი უბედურება დაგვატყდა თავს. ბინძურმა ხალხმა გამოგვიცხადა ომი“; უცხოეთი: „გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. ვილჰელმი გადადგა. თავისი მანიფესტი გამოაცხადა. თბილისიდანაც მიდიან გერმანელი ჯარისკაცები“; „რამდენი სტუმარი მოდის, რამდენი და ნეტა როგორები არიან? რა მიზანი აქვთ ერთმა ღმერთმა იცის“; ხშირად მისდის ფიქრი აქამდე: „როცა მეფე ერეკლეს ჯარი ამ მთებს გადაივლიდა, მაშინ მთებიც ბანს აძლევდნენ, თავის სიხარულს მარტო მაშინ გამოხატავდნენ. ერეკლე, პატარა კახი, სდუმს, მთაც ხმას არ იღებს. მასთან ერთად შესწყდა საქართველოს კეთილდღეობა. ორთავა არწივი აღარ ასვენებს. ბოლოს ეს არწივიც მოკლული იქნა. მისი კლანჭები აღარავის აღარ აშინებს. თითქო ძილისგან გამოიღვიძა ბუნებამაც, ქედმაც გაიღიმა. მიზეზი ამ ყველაფრისა, საქართველო აღდგა“; აფასებს ისტორიას: „სამშობლო საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი?“ (პირველ მსოფლიო ომზეა ლაპარაკი); ზოგჯერ მხოლოდ ემოციები: „ეგ (რუსეთი ი.ს.) ერთია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისგან დაწყევლილი. ღმერთო მოგვიმართე ხელი.“ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ციტატებია და თავად დღიურების შემორჩენილ მცირე ნაწილშიც კი ბევრად ხშირია მსგავსი მსჯელობა. ის აფასებს ყველაფერს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. ხშირად ეროვნული იდეები პოლიტიკასთან იკვეთება. ამის გამო ის შეფასებაში თავს არ იკავებს, თან ამ დროს ის სულ რაღაც 16–17 წლისაა.

დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალგაზრდას არ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა. ეს არაჯანსაღ ინტერესად ითვლება, ძვირფასი დროის დაკარგვად. ვფიქრობ, რომ აქ საკმაო ინფორმაციაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ახალგაზრდას შეიძლება აინტერესებდეს კინო, თეატრი, ლიტერატურა, ჰქონდეს მეგობრებთან, ახლობლებთან კარგი ურთიერთობა და თან იყოს დაინტერესებული პოლიტიკით. ეს ხელს არც უშლის ახალგაზრდას სხვა საქმით დაკავებას და საკმაოდ წარმატებითაც კი (მარო მაყაშვილს შესანიშნავ სამწერლობო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ). მე ვთვლი, რომ ეს უფრო ბუნებრივია ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ხომ საომარ მდგომარეობაში ვართ რუსეთის დაპყრობის გამო. ახალგაზრდას, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს ცხოვრებაში გამორკვევას, უნდა აინტერესებდეს თავისი ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებაც და ამ ძიებაში რა თქმა უნდა ეროვნული იდეების დღევანდელობასაც ვერ აუვლის გვერდს. აქ პრიორიტეტი სწორედ ეროვნული იდეებია და როდესაც ისინი პოლიტიკასთან იკვეთება არამცთუ საზიანო, არამედ საჭიროც კია პოლიტიკასთან შეხება.

მარო მაყაშვილის ბიძაშვილი, ციალა გაბაშვილი იხსენებს: „ჩვენი ქალთა პირველი სკოლა სამხედრო ტაძართან ახლოს იყო. წლისთავზე, 26 მაისს რამდენიმე მოსწავლემ გაკვეთილები მივატოვეთ, ყვავილები ვიყიდეთ და მაროს საფლავზე მივიტანეთ. ხომ პატარები ვიყავით, მაგრამ უკვე ვიცოდით რატომ დაიღუპა მარო. რომ მან ამ დღისთვის შესწირა თავი.“ ეს ოჯახში აღზრდის შედეგი იყო. საბჭოეთში კი ბუნებრივია ხალხის დიდი ნაწილისთვის უცხო იყო მსგავსი აზროვნება. დღეს რაღა უშლის ხელს ოჯახს, სკოლას, უნივერსიტეტებს, საერთოდ ხალხს, რომ თავისუფალ საქართველოში ისევ იბადება თაობები სავსე ეროვნული საკითხებით დაუინტერესებელი რუსოფილი, ურა–პატრიოტი და კომუნისტი ახალგაზრდებითაც კი?

„ერი, რომლის ბედი „ბეწვზე ჰკიდია“, სოციალური საკითხების გადაჭრას ვერ მიუდგება. მან ჯერ თავის თავი უნდა დაიმკვიდროს და განამტკიცოს და მხოლოდ შემდგომ ექნება მას შეძლება შემოქმედი ხელი მიჰყოს შენებას“ (გ.რობაქიძე) ერი სოციუმის ორგანიზების უმაღლესი საფეხურია. ერიდან გამოდის მმართველი, რომელიც ერთან ერთად ქმნის ეკონომიკურად, კულტურულად, პოლიტიკურად განვითარებულ სახელმწიფოს. თავად ერი კი ეროვნული აზროვნების გარეშე არ არსებობს. ვფიქრობ სწორედ მარო მაყაშვილის მსგავს მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობები, რომ ზედაპირული საერთო ნიშნებით დაკავშირებული ადამიანების ერთობიდან ერად ჩამოვყალიბდეთ. ისინი იმდენად კარგად უნდა იცნობდნენ ასეთ ბიოგრაფიებს, რომ ერთი ჩემი ნათესავივით არ თქვან მოეშვი რუსეთის ლანძღვას და ჯობს ასათიანზე, რომ ხეებს ჭრიან იმას მიხედეო. ამას უნდა დაემატოს აკაკი ბაქრაძის და მისი მსგავსი ადამიანების თხზულებები. ისინი ხომ ადამიანურ, გასაგებ ენაზე, ყოველგვარი ურა–პატრიოტიზმის გარეშე ხსნიდნენ მოვლენებს. ურა–პატრიოტიზმი კი გაუაზრებლობაა და მხოლოდ უსაფუძვლო ეიფორია, რომელიც, როგორც რამდენიმე საუკუნის გამოცდილებამ გვაჩვენა ერის უაზროვნობას და შესაბამის ქმედებებს იწვევს. საქართველო რუსეთის ურთიერთობის ყველაზე მძიმე მოვლენები კი მთელი სიმძაფრით უნდა ისწავლებოდეს, არა მხოლოდ მე–12 კლასში, როდესაც სკოლაში თითქმის არავინ დადის. და ბოლოსდაბოლოს საკუთარი თავის დაცინვაა დამპყრობლის ენის სწავლება სკოლაში, დაბალი საფეხურიდანვე, რაც ისევ ამ საკითხისადმი გულგრილობაზე მეტყველებს.

„რაკი ქართველი ხალხი, მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, უფრო ხშირად სხვათა ქვეშევრდომი ყოფილა, ჩანს ნიჰილისტები სჭარბობდნენ ჩვენში ოპტიმისტებს. მაგრამ რაკიღა ქართველი ხალხი დღესაც ცოცხალია, ქმნის, იღწვის, შრომობს და მომავალს აშენებს, ეტყობა, ოპტიმისტები უფრო ღონიერი და ძლიერი იყვნენ“ (ა.ბაქრაძე) ამიტომ იმედი მაქვს მარო მაყაშვილის სიტყვები გამართლდება: „როგორც გაზაფხულმა გაიღვიძა, ისე ქართველი ერი იფშვნეტს თვალს. უნდა ველოდოთ, რომ სულ გამოფხიზლდება.“

ირაკლი სალია

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button