ზღაპარისაბავშვო

ლეგენდა ლიანაზე – ინდური ზღაპარი

უძველეს დროში უჯაინი* (* უჯაინი — უძველესი ქალაქია ინდოეთში, მალვას ზეგანზე.) ერთ ხელმწიფეს ეკუთვნოდა. იმ ხელმწიფეს ვიკრამადიტია* (* ვიკრამადიტია — ინდოეთის ლეგენდარული მეფე. მისი პიროვნება დღემდე არ არის დადგენილი. გადმოცემით ის ცხოვრობდა I საუკუნეში ქ. წ. ან I საუკუნეში ქ. შ.) ერქვა. ეს ხელმწიფე განთქმული იყო თავისი სიბრძნითა და სიკეთით. ხალხი ამბობდა, ჩვენი ხელმწიფე ძალიან სამართლიანია და ყველა გაჭირვებული სასახლეში ნუგეშს იღებსო.

მაგრამ ქვეყანაში წესრიგი რომ ყოფილიყო, ხელმწიფეს მძიმე სასჯელიც ჰქონდა შემოღებული. ყველგან დაძრწოდნენ მისი ჯაშუშები, იჭერდნენ და სიკვდილით სჯიდნენ ქურდებს, მეამბოხეებსა და და მშვიდობიანობის დამრღვევთ.

მაშინ უჯაინში ორი ვაჭარი ცხოვრობდა. ერთს სამარსენი ერქვა, მეორეს — ნიმაკრაჯი. ისინი ძალზე შორეული ქვეყნებიდან ეზიდებოდნენ საქონელს, თვით დიდი ოკეანის ქვეყნებთანაც კი ვაჭრობდნენ.

ერთხელ ნიმაკრაჯმა გადაწყვიტა, თავისი გემები არაბეთის ზღვაში გაეგზავნა. ძალიან დიდხანს ვივაჭრე წყნარი ოკეანის ქვეყნებში და ჩემი საქონელი იქ ისე აღარ გასაღდებაო, — გაიფიქრა.

მაგრამ არაბეთის ზღვაშიც არ გაუღიმა ბედმა. იქაურ ბაზრებზე უამრავი უცხოური საქონელი იყო და ვერაფრის გაყიდვა ვერ მოახერხა. ამას ისიც დაემატა, რომ ქარიშხალში მას მრავალი გემი დაეღუპა.

უბედური ნიმაკრაჯი სასოწარკვეთილებას მიეცა. მთელი მისი იმედი ამ გემებზე იყო დამოკიდებული და იმათი დაღუპვის შემდეგ გაკოტრება ელოდა. რა უნდა ვქნა? დახმარება თავის მეგობარს, სამარსენს სთხოვა. სამარსენი კი ძუნწი კაცი იყო, დახმარებაზე ჯერ უარი უთხრა, მერე, მართალია, ფული ასესხა, მაგრამ სარგებელიც დიდი მოსთხოვა.

ნიმაკრაჯს არც ახლა მოემართა ხელი, ამასობაში სამარსენმა ვალის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ ნიმაკრაჯმა იმხელა სარგებლის გადახდა ვერ შეძლო.

ერთხელაც სამარსენი ბაზარში შემთხვევით შეხვდა თავის ძველ მეგობარს და ვალი მოსთხოვა: — თუ ჩემს ვალს არ დამიბრუნებ, სამარეშიც არ მოგასვენებო, — ყვიროდა.

ყვირილზე ხალხი შეიყარა,  ამ ხალხში ერთი ხელმწიფის ჯაშუში აღმოჩნდა.

ჯაშუშმა ეს ყველაფერი იმავე დღეს მოახსენა ხელმწიფეს. ვიკრამადიტიამ ბრძანა:

— ნიმაკრაჯი და სამარსენი სასამართლოში მოიყვანეთო.

მეორე დღეს ორივენი სასახლეში გამოცხადდნენ. როცა დამტკიცდა, რომ ისინი ბაზარში ჩხუბობდნენ, ხელმწიფემ ორივეს სიკვდილით დასჯა ბრძანა. იმ დროს უმნიშვნელო დანაშაულზეც კი მძიმედ ისჯებოდნენ. საცოდავი ვაჭრები ღრმა ჭაში ჩაყარეს და ჩაქოლეს.

გავიდა წლები. იმ ადგილას, სადაც ვაჭრები ჩაქოლეს, ერთი ხე ამოვიდა. ამ ხეს სხვა მცენარე ჰქონდა შემოხვეული და მისი წვენით იკვებებოდა. ეს იყო ლიანა. ხალხს მაშინ კი მოაგონდა სამარსენის სიტყვები: თუ ჩემს ფულს არ დამიბრუებ, სამარეშიც

არ მოგასვენებო, და დაასკვნეს, ლიანაშემოხვეული ხე ეს ის ნიმაკრაჯი არის, რომელსაც სამარსენი წვენსა სწოვსო.

იმ დღიდან ლიანად ქცეული გაუმაძღარი სამარსენი ხეს ეხვევა და იმისი წვენით იკვებება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button