საკითხავისხვადასხვა

გიგი თევზაძე – სინქრონული ზურაბ კიკნაძე

(გიგი თევზაძემ ვერ მიიღო მონაწილეობა ზურაბ კიკნაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაში, თუმცა გამოგზავნა ხმოვანი და სლაიდური პრეზენტაცია. გთავაზობთ სლაიდებს და ხმოვანი ჩანაწერის ტრანსკრიპტს).

მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. დღეს მე ამ სხდომაში ფიზიკურად ვერ ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ვმონაწილეობ ელექტრონულად, როგორც გესმით და ხედავთ, და მინდა წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია სათაურით: „სინქრონული ზურაბ კიკნაძე“.

ამ დარბაზში განსხვავება _ რას ნიშნავს სინქრონული და დიაქრონული, იცის ყველამ, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ, პირდაპირ დავიწყებ იმით, რაც არის პრეზენტაციის შინაარსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვართ დიაქრონულები, იმიტომ რომ, ვართ დროში განფენილები, გაშლილები და ვმოძრაობთ დროში. გვგონია, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დახასიათება. თუმცა ასე უკვე აღარ არის.

მსოფლიო ქსელის გაჩენასთან ერთად ჩვენ დაგვემატა კიდევ ერთი არსი, კიდევ ერთი „მე“, იმის გამო, რომ ჩვენ დავიწყეთ საკუთარი თავის გადატანა, ატვირთვა ინტერნეტში: ამიტომაც ჩვენ გავხდით სინქრონულები. ის, რასაც ჩვენ ვტვირთავთ ინტერნეტში, იმისდა მიუხედავად, რომ ამას ჩვენ ვტვირთავთ დიაქრონული სამყაროდან, იქ ის არსებობს სინქრონულად. იქ აწმყო, წარსული, და გარკვეული აზრით, მომავალიც, არსებობს დროის ერთ მომენტში, ერთად. ამით არის გამოწვეული ის, რომ ჩვენ დაგვემატა მეორე „მე“ და ამის გამო ჩვენ დღეს ვართ არა მარტო დიაქრონულები, არამედ სინქრონულებიც.

ამ ვითარების შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენ ვხდებით ორი „მე“-ს მფლობელი – სინქრონულის და დიაქრონულის. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც გვაქვს შეხება ინტერნეტთან. იცით, რომ ინტერნეტთან ურთიერთობა და ინტერნეტთან შეხება ყოველ წელს მთელს მსოფლიოში ძალიან იზრდება. ეხლა ის, რაც საინტერესოა ჩვენთვის, არის ამ ორი „მე“-ს ურთიერთობა – სინქრონული და დიაქრონული „მე“-ების, რა ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან და როგორც გვცვლის ეს ჩვენ: ანუ, ჩვენი მეორე „მე“-ს გაჩენა.

ბარემ, იმ ახალი სამყაროს ორ კანონსაც გაგანდობთ, რომლის ნაწილიც ჩვენ ვხვდებით: ეს არის კანონები თვით-ატვირთვის და ატვირვთვის შესახებ: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არა მარტო ჩვენ ვტვირთავთ იმას, რასაც ვაკეთებთ, არამედ ჩვენც გვტვირთავენ სხვები. ეს ორივე კანონი, რომლესაც ხედავთ ეკრანზე, იმას მიუთითებს, რომ თქვენ განწირული ხართ სინქრონული „მე“-ს ქონისათვის.

ანუ, ახალი პარადიგმა, რომელსაც, ძალიან დიდი ხანია, კულტურის ისტორიკოსები, ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლები, ფილოსოფოსები ელოდებოდნენ, არის, მე ვფიქრობ, იმის გაცნობიერებაში (იმიტომ, რომ კულტურული პარადიგმა ყოველთვის რაღაცის გაცნობიერების შედეგად დგინდება), რომ სინქრონიზაცია გარდაუვალია და მიმდინარეობს, გვინდა ეს ჩვენ, თუ არ გვინდა. პარადიგმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ხომ არის მისი, რაღაცა ტიპის, გარდაუვლობა და აუცილებლობა.

ამიტომ, ტექნოლოგიურად შორს არ არის ის დრო, რომ ინფორმაციის ის მასა, რომელსაც ჩვენ ვტვირთავთ და ჩვენზე ტვირთავენ, სისტემატიზირდება, მოხდება მისი რობოტიზაცია და ჩვენ ყველას გვეყოლება არა მარტო ჩვენი მეტაფორული „მე“, არამედ ძალიან რეალური რობოტი „მე“, სინქრონული „მე“, რომელსაც შეგვეძლება გავესაუბროთ, ვკითხოთ რაღაცეები, და ეს დრო სულაც არ არის შორს.

ეს ჩვენი სინქრონული რობოტი „მე“ იქნება მთელი იმ ინფორმაციის და მონაცემების მომცველი, რომელიც ჩვენს შესახებ არსებობს ინტერნეტში. რაღაცა აზრით ის, შეიძლება, უმეტესობა დიაქრონულ ადამიანზე უფრო მრავალმხრივი და მრავლისმომცველი იყოს, იმიტომ, რომ ის არის სინქრონული და მას ექნება მთელი ცოდნა და მოცემულობა იმისა, რაც ოდესმე ჩვენ გაგვიკეთებია და ექნება ამის პრეზენტაციის საშუალება ერთდროულად. ანუ, რაღაცა აზრით, ის იქნება ჩვენზე უფრო მომცველი, ჩვენზე უფრო ბრძენი, ჩვენზე უფრო შემწყნარებელი, რაღაცა აზრით.

ყოველ შემთხვევაში იმ რობოტ, სინქრონულ „მე“-ს, ბევრად უფრო მეტი რამე ეცოდინება და ემახსოვრება ვიდრე ჩვენ, დიაქრონულებს, იმიტომ, რომ ჩვენ, უბრალოდ, რაღაცეები გვავიწყდება. იმ რობოტისათვის, მაგალითად, 10 ან 20 წლის წინანდელი ქმედება და აზრი იქნება რეალური და იმდროული. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი პასუხები რაღაც კითხვებზე, იყოს უფრო ჭკვიანური, ვიდრე ჩვენი.

მაგრამ, ყველა ადამიანის შემთხვევაში ასე არ იქნება, და ის ხალხი, ვინც ძალიან ბევრ მონაცემებს დააგროვებს ინტერნეტში და ამავე დროს არ შესწყვეტს განვითარებას, ახალ-ახალი მონაცემების, მეგა და ტერა-ბაიტების ატვრითვას, იქნებიან უფრო მეტნი, ვიდრე მათი სინქრონული ორეულები.

მე ვფიქრობ, რომ ზურაბ კიკნაძე სწორედ ასეთი ადამიანია. ანუ, ის არის ადამიანი, რომლის დიაქრონულობაც მუშაობს მისი სინქრონულობის სასარგებლოდ და დარწმუნებული ვარ, იმუშავებს კიდევ დიდხანს.

ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ისეთი დიაქრონული ტერმინები და ცნებები, როგორიცაა „ღვაწლი“, „ღვაწლმოსილება“, არის ყოველად შეუსაბამო ზურაბ კიკნაძის მიმართ, იმიტომ, რომ ის საკუთარ სინქრონულ პროფილს დღესაც ამდიდრებს. ის არის ჩვენი მასწავლებელი, და სწორედ ის, რომ ხშირად არ ვეთანხმებით, მიუთითებს იმას, რომ ის არის ჩვენი მასწავლებელი. მის ლექციებს და წიგნებს, რომელთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს, ასობით მაყურებელი, მკითხველი და მსმენელი ჰყავს. ამიტომ, ზურაბ კიკნაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავახიასიათებთ დიაქრონული ტერმინების საშუალებით.

ბატონ ზურაბს არ აქვს შემოქმედებითი პერიოდები: ის არის ერთსა და იმავე დროს, და არა დროში, არის „გილგამეშის“ მთარგმნელი, „ოდისეას“ მთარგმნელი, ქართული მითების და ეთნოგრაფიული მასალის მკვლევარი, „ვეფხვისტყაოსანის“ მკვლევრი, ბიბლიის მკვლევარი და მთარგმნელი. ეს ყველაფერი არის მასში ერთად. არ არის ის ვითარება, რომ ზურაბ კიკნაძე იყო „გილგამეშის“ მთარგმნელი და დავუშვათ, მისი ბოლო წიგნი არის ეთნოგრაფიაზე. თუ იცნობთ მის შემოქმედებას, ნახავთ, რომ მის შემოქმედებაში ეს ყველაფერი მასში ერთად არის მოცემული. არანაირი დიაქრონულობა.

აქედან გამომდინარეობს ერთი დასკვნა: რომ თუ ადამიანი ასე ავითარებს საკუთარ სინქრონულობას, მის დიაქრონულობას არ აქვს მნიშველობა.

ბ-ნო ზურაბ
მე თქვენგან ველოდები თქვენი სინქრონული „მე“-ს განვითარებას და გისურვებთ, რომ თქვენი დიაქრონულობა გაგხსენდეთ მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მაშინ, როდესაც დაბადების დღეს მოგილოცავთ. დიდი მადლობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სემიოტიკის კვლევითი ცენტრი. სემიოტიკა. XIII. სამეცნიერო ჟურნალი. თბილისი. 2013 წ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button