National Geographicფლორა & ფაუნა

ზღვის შხამიანი და ნესტრიანი არსებები (National Geographic)

ყვითელტუჩა ზღვის კრაიტის სასიკვდილო შხამი სიძლიერით ათჯერ აღემატება ჩხრიალა გველისას, მაგრამ საბედნიეროდ ეს ქვეწარმავლები იმდენად წყნარები არიან, რომ ადამიანისთვის კბენა ძალიან იშვიათია. კრაიტები თავთხელ ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ მარჯნის რიფებსა და მანგროს ჭაობებში. თუმცა სხვა ზღვის გველების მსგავსად ისინიც წყალხმელეთა ცხოველები არიან და შეუძლიათ, მიწაზე 10 დღე გაძლონ. ზღვის კრაიტები სანაპიროზე მიდიან, როცა სურთ საჭმლის (ძირითადად გველთევზები და თევზები) მონელება, შეწყვილება და კვერცხების დაყრა.


როცა მოკლეკუდიანმა ზღვის კატამ სასიკვდილო ზიანი მიაყენა სტივ ირვინს (ცნობილი როგორც “ნიანგებზე მონადირე”), ამ არსების ყველა სახეობამ დაუმსახურებლად მიიღო დაუნდობელი მკვლელის სტატუსი. ირვინის უბედური შემთხვევის მიუხედავად, ძალიან იშვიათია ზღვის კატის მიერ ადამიანზე თავდასხმა – მათი მიზეზით წელიწადში 1-2 ადამიანი კვდება. ეს ცხოველები იყენებენ კუდზე არსებულ ხანჯლის მსგავს გამონაზარდს, რათა თავი დაიცვან ისეთი მტაცებლებისგან, როგორებიც არიან ზვიგენები და მკვლელი ვეშაპები.

მოკლეკუდიანები ყველაზე დიდ სახეობას წარმოადგენენ ზღვის კატებში. მათ შეიძლება სიგრძეში მიაღწიონ 4.25 მეტრს, წონით კი 340 კგ-მდე ავიდნენ.


რბილი ზღვის ლოქორები, ცნობილი როგორც შიშველშტოიანები უმოლუსკო არსებები არიან და მტაცებლების წინაშე დაუცველნი ხდებიან, თუმცა ეს ერთი შეხედვით ჩანს ასე. სინამდვილეში მათ შხამების მთელი არსენალი გააჩნიათ, რომელთაგან ზოგს მათი ორგანიზმი გამოიმუშავებს, ზოგს კი სხვა შხამიანი სახეობების (ზღვის ღრუბლები და ფრინტები) დაგემოვნებისას იღებენ. შიშველშტოიანების უმეტესობა გამოირჩევა გასაოცარი სილამაზითა და ფერადი გარეგნობით, რაც მათ ადვილად შესამჩნევს ხდის რიფებსა და ოკეანის ფსკერზე, თუმცა პოტენციური მტაცებლებისთვის ეს არის მესიჯი – მე გემრიელი არ ვარ!


ფერად თევზ-ზებრას მიმზიდველი გარეგნობა აქვს, მაგრამ ნემსისებური ზურგის ფარფლები რეალურად დიდი საფრთხის მატარებელია. ცნობისმოყვარე ადამიანები ამ გამონაზარდებით შეიძლება დაისუსხონ, რაც საკმაოდ მტკივნეული და საშიშია. თევზი-ზებრა წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში ბინადრობს მარჯნის რიფებში, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელდნენ სხვა თბილ წყლებშიც, მაგალითად კარიბის ზღვაში. აქ ისინი გამოირჩევიან დამპყრობლური თვისებებით და ადგილობრივ ეკოსისტემას დიდ ზიანს აყენებენ.


უწყინარი შესახედაობის გაბერილი თევზი სინამდვილეში ფუგუა (იგივე ბუშტი-თევზი), რომელიც ინდოეთში, კარნატაკას სანაპიროზე გამოირიყა. ეს თევზი ცდილობს, საჭმელად უვარგისი იყოს და ამისთვის ყლაპავს უზომოდ დიდი მოცულობის წყალს ან ჰაერს, რის გამოც თავის რეალურ ზომას რამდენჯერმე აჭარბებს. ბედნიერია ის მტაცებელი, რომელიც ამ გაფრთხილებას გულისყურით მოეკიდება, თუ არადა საშუალება აღარ მიეცემა, რომ ჭკუა ისწავლოს და მომავალში ეს შეცდომა აღარ დაუშვას.

ფუგუ შეიცავს ტეტროდოქსინს, რომელიც თევზების უმეტესობისთვის და ასევე ადამიანებისთვის მომაკვდინებელია, რადგან ანტიდოტი არ არსებობს. იაპონიაში ფუგუ დელიკატესად ითვლება, თუმცა ერთ თევზში საკმარისი შხამია 30 ადამიანის დასახოცად.


ზღვის ჩიქვების ოჯახის წევრი თევზები ცხოვრობენ ზღვის ფსკერზე, სადაც არაჩვეულებრივად ერწყმიან გარემოს და ნადირობენ ჩასაფრებულად. ამ მომთმენ მტაცებლებს კამუფლაჟის იმდენად კარგი უნარი აქვთ, რომ მათ მახეში გაბმულები ვერასდროს ხვდებიან, რა დაესხათ თავს. ზღვის ჩიქვები აღჭურვილნი არიან შხამიანი ზურგის ფარფლებით, რაც ნებისმიერი აბეზარი ცხოველისთვის საკმაოდ საშიში და უმეტესად სასიკვდილოა.


მყვინთავებს, ვისაც შეხება ჰქონიათ ცეცხლის მარჯანთან, იციან, რომ მათ დასახელებაში ცეცხლი ტყუილად სულაც არ ფიგურირებს და მათ ეკლებთან კონტაქტი დამწვრობის საშინელ შეგრძნებას იწვევს. თუმცა მარჯნის დაძახება ამ ჰიდროიდებისთვის (წყლის უხერხემლო ნაწლავღრუიანი ცხოველები) ცოტა არ იყოს, უზუსტობაა – ისინი მედუზებთან უფრო ახლოს დგანან. ცეცხლის მარჯნები სწრაფად ვრცელდებიან თბილ წყლებში რიფების მიდამოში, სადაც ნესტრავენ სხვა ცხოველებს და ამით აგებინებენ, რომ მათი ტერიტორია დატოვონ.


ლურჯრგოლებიან რვაფეხას საინტერესო სიმბიოზური ურთიერთობა აქვს ბაქტერიების კოლონიასთან, რომლებიც მის სანერწყვე ჯირკვალში ბინადრობენ. ბაქტერია გამოყოფს ძლიერ ნეიროტოქსინს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში მოკლას ადამიანი, რვაფეხაზე კი არანაირი უარყოფითი გავლენა არ აქვს. ამ ტოქსიკურ ნერწყვს რვაფეხა უშვებს მსხვერპლის ნიჟარის შიგნით, რომელსაც ჩიტის მსგავსი ნისკარტით ამსხვრევს. შხამის მეშვეობით ის წარმატებულად ნადირობს კიბორჩხალებსა და მოლუსკებზე.


ეკლის გვირგვინიანი ზღვის ვარსკვლავი ბიბლიურ სახელს ატარებს. ეს უხერხემლო ცხოველი ძველი აღთქმისეული დაავადებებივით სწრაფად ვრცელდება მარჯნის რიფებში. ცალკეული მდედრი, აღჭურვილი ტოქსიკური ფარფლებით, წელიწადში 100 მილიონამდე კვერცხს ყრის. ნადიმობისას ეს ზღვის ვარსკვლავი იღებს კუჭს, აფარებს მარჯნებს ზემოდან და გამოყოფს ფერმენტებს, რათა გაათხიეროს მარჯნის ქსოვილები. ზოგჯერ ისინი სხვა ტერიტორიებზეც გადადიან და ლეკავენ წყნარი და ინდოეთის ოკეანის რიფებს.


რიფის მეჭეჭიანა კამუფლაჟის ოსტატია, რომელიც ხშირად ერევათ ფერად ქვაში ან მარჯნის ნატეხში. სწორედ ეს თვისება ეხმარება მას, მოინადიროს თევზები და კიბოები. შიშის დროს მეჭეჭიანა ქვემოთ მიიწევს და იარაღად იყენებს ზურგის ფარფლებს, რომლებშიც ერთ-ერთი უძლიერესი შხამია, რაც კი თევზების ორგანიზმში მოიძევება, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამია ადამიანისთვის.


მკერდის ფარფლები ნიჩბის მაგივრობას უწევს ვარსკვლავთმრიცხველს, რომელიც უმეტესად ფსკერის ქვიშაშია ჩაფლული და მხოლოდ პირსა და თვალებს ტოვებს ზემოთ, რათა მსხვერპლი დროულად შეამჩნიოს და პირი წაავლოს. ამ თევზს ასევე შეუძლია დამცავი ელექტროშოკის გამოყენება, სიძლიერით 50 ვოლტამდე. ამისთვის ვარსკვლავთმრიცხველი იყენებს სპეციფიკურ ორგანოს, რომელიც თვალების უკან მდებარეობს.


მალაიზიის წყლებში მობინადრე გველთევზასკუდიანი ლოქო ერთადერთი ლოქოა, რომელსაც მარჯნის რიფებში შეხვდებით. თუმცა ისინი ასევე კარგად გრძნობენ თავს შესართავებში, მიქცევა-მოქცევის ადგილებსა და ღია სანაპირო წყლებში ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში. ნებისმიერი გველთევზასკუდიანი ლოქო აღჭურვილია ზურგისა და მკერდის შხამიანი ფარფლებით, რომლებთან შეხებაც ძალიან მტკივნეულია, თუმცა ადამიანთათვის იშვიათადაა სასიკვდილო.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button