გველისმჭერი (ზოდიაქოს ნიშანი)
გველისმჭერი (ლათ. Ophiuchus) — ასტროლოგიაში იშვიათად გამოყენებული მე-13 ზოდიაქოს ნიშანი, სიმბოლურად შეესაბამება გველისმჭერის თანავარსკვლავედს. 30 ნოემბერი — 17 დეკემბერი.
ასტროლოგების უმრავლესობა აღნიშნულ შესაბამისობას არაკორექტულად მიიჩნევს. მათი აზრით „გველისმჭერის სიმბოლოს“ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა (მაგ: ოკულტიზმი). აღსანიშნავია, რომ ასტროლოგია არ წარმოადგენს სამეცნიერო მიმართულებას; თანამედროვე მეცნიერება მას განხილავს, როგორც ფსევდომეცნიერებას.
ტრადიციული ასტროლოგია ეკლიპტიკას ჰყოფს თორმეტ 30 გრადუსიან სექტორად, რომლებიც შეესაბამება წელიწადის თვეებს. თითოეულ სექტორს 2,5 ათასზე მეტი წლის წინ შეუსაბამეს კონკრეტული ზოდიაქალური თანავარსკვლავედი, სადაც იმყოფება მზე შესაბამის თვეში. ძველ დროში, როცა აღნიშნული სისტემა შეიმუშავეს, თანავარსკვლავედის ცნება არ იყო ზუსტად განსაზღვრული, რის გამოც ისინი ფაქტობრივად კულტურულად გამოყოფილ ასტერიზმებად მიიჩნეოდნენ.