ენიგმაუცნაური

თეორიები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

ბერმუდის სამკუთხედი გეოგრაფიული რეგიონია ატლანტის ოკეანეში, რომელიც მოიცავს ფლორიდის ქალაქ მაიამის, ბერმუდის კუნძულისა და პუერტო-რიკოს შორის მდებარე ტერიტორიას. ამ არეალში დროდადრო მრავალი გემი და თვითმფრინავი უჩინარდება, ისე რომ კვალიც კი არ რჩება, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით რაღაც უჩვეულო ხდება. ყველა შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ გაუჩინარებული ხომალდები სამუდამოდ ქრება, ხოლო თვითმფრინავების შემთხვევაში საწვავის კვალიც კი არ რჩება ოკეანეზე, რაც ავარიების შემთხვევაში ჩვეულებრივი ინდიკატორია უბედური მოვლენის ადგილის ამოსაცნობად. დროთა განმავლობაში ამ ავარიების ასახსნელად რამდენიმე განსხვავებული თეორია შეიქმნა.

● მეკობრეთა თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიის ხელაღებით გამორიცხვა არ შეიძლება, ის მაინც ვერ ხსნის თვითმფრინავების გაქრობის მიზეზს. ამ თეორიის მიხედვით, მიზეზი, რის გამოც უამრავი გემი უჩინარდება, ისაა, რომ აქ მეკობრეები განსაკუთრებით აქტიურები არიან. წარსულში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მეკობრეთა მიზეზით მრავალი გემი დაზიანებულა ან გამქრალა. თეორიის მომხრეთა ნაწილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საბრძოლო ხომალდის მიერ თავდასხმა და სამგზავრო გემების განადგურება.

● ძლიერი მაგნიტური ველი. ამ თეორიის მიხედვით, ბერმუდის სამკუთხედის ცუდი რეპუტაციის მიზეზი არის დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც ამ სპეციფიკურ რეგიონში განსაკუთრებით ძლიერია. დაკვირვება აჩვენებს, რომ ბერმუდის ტერიტორიაზე კომპასის ისრები სწრაფად რხევას იწყებენ, ხოლო სანავიგაციო მოწყობილობები ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ის ერთ-ერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა. ამის გამო ელექტრომაგნიტური შტორმები, რომლებიც დედამიწის ქერქის ქვეშ წარმოიშობიან, თავისუფლდებიან ატმოსფეროში და უკან ნისლს ტოვებენ. რეგიონის ძლიერი მაგნიტური ეფექტები შეიძლება ასევე იყოს მიზეზი მრავალ ადამიანთა უკვალოდ გაქრობისა.

● კომეტის ეფექტი. არის ვარაუდი, რომ ათასობით წლის წინ ამ რეგიონში ღია კოსმოსიდან შემოჭრილი კომეტა ჩამოვარდა. ადამიანებს, ვისაც ამ თეორიის სჯერათ, ასევე სჯერათ, რომ სადღაც ოკეანის სიღრმეებში კომეტის ნარჩენებია და სწორედ მისგან გამოწვეული ელექტრომაგნიტური მიზიდულობა იწვევს კატასტროფებსა და ხომალდიდან წამოსული სიგნალების ჩახშობას ბერმუდის სამკუთხედში. თუმცა ჯერჯერობით კომეტის ნარჩენები ან ჩამოვარდნის რაიმე კვალი არაა აღმოჩენილი და მტკიცებულებების არქონის გამო ეს თეორია მხოლოდ ვარაუდად რჩება.

● მეთანის აირი. რასაც ეს თეორია ამბობს, არის ის, რომ ბერმუდის მოვლენების გამომწვევი მიზეზი ჭარბი რაოდენობის მეთანის აირია. თეორიის მიხედვით, აირის ბუშტები მიიწევენ წყლის ზედაპირისკენ და ამცირებენ მის სიმკვრივეს, შესაბამისად მცირდება წყლის დაძაბულობის მაჩვენებელი, ანუ ის ძალა, რაც სხეულების ტივტივს უზრუნველყოფს. ამ მიზეზის გამო დიდი ხომალდები ვეღარ ახერხებენ წყალზე გაჩერებას და უკვალოდ იძირებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ოკეანე უნდა ინახავდეს ხომალდების ნარჩენებს. თუმცა თეორიას ამაზეც აქვს ახსნა – გოლფსტრიმის ძლიერი დინება მათ რეგიონისგან შორს მიაქანებს. ერთი შეხედვით ეს თეორია დამაჯერებელია, თუმცა ბერმუდის რეგიონის სიახლოვეს წყალქვეშა მეთანის არსებობის ფაქტი ჯერჯერობით არ გვაქვს.

● ქალაქი ატლანტიდა. ამ თეორიას ის ადამიანები უჭერენ მხარს, რომელთაც სჯერათ, რომ ჩაძირული მიწა, სახელად ატლანტიდა, ერთ დროს ბაჰამის კუნძულების სიახლოვეს მდებარეობდა ატლანტის ოკეანეში. მათ ასევე სჯერათ, რომ მისტიკური ქალაქი ატლანტიდა ამჟამად ოკეანეში განისვენებს, ლეგენდა კი გვიამობს, რომ ატლანტიდაზე ენერგიით მომარაგების წყარო მძლავრი კრისტალები იყო. ამ თეორიის მიხედვით, ოკეანეში არსებული კრისტალების ნარჩენები არიან პასუხისმგებელნი მოწყობილობების არევასა და წყობიდან გამოსვლაზე. ერთ-ერთ მტკიცებულებად თეორიის მომხრეებს მოაქვთ ბიმინის გზა, რომელიც ბაჰამის კუნძულების სიახლოვეს არსებულ წყალქვეშა ლოდების უცნაურ სტრუქტურას წარმოადგენს და ძალიან ჩამოჰგავს უძველეს ნავსაშენს.

● დროის გამრუდება. ეს თეორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიაა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს მის მხარდასაჭერად. დროის გამრუდების თეორიის მიხედვით, ამდენი ხომალდის გაუჩინარების მიზეზი დროში მოგზაურობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თეორია ამბობს, რომ როცა რაიმე ობიექტი ქრება ბერმუდის სამკუთხედის რაიონში, ან წარსულში გადაინაცვლებს, ან მომავალში გარკვეული დროით. არიან ადამიანებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იხილეს უზარმაზარი, გვირაბის ფორმის ღრუბელი, რაც სავარაუდოდ დროში გასასვლელი კარიბჭე იყო.

● ადამიანური შეცდომა. ცხადია, არიან ადამიანებიც, რომლებიც გახშირებულ კატასტროფებში ვერაფერ მისტიკურს ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ეს პილოტთა მიზეზით ხდება. არეალი ბერმუდის სამკუთხედის გარშემო შედგება კუნძულების რიგისგან, რომელთაგან თითოეული ძალიან ჰგავს დანარჩენებს. ამის გამო ხშირად რთულდება და ძალიან ძნელი ხდება გზის გაგნება. გარდა ამისა, ცუდი ამინდი და შტორმებიც თავიანთ როლს თამაშობენ. როცა ასეთ პირობებში იკარგებით, თითქმის შეუძლებელი ხდება უკან დაბრუნება. ბერმუდის კუნძულების თავზე მდებარე საჰაერო არეალიც გადატვირთულია ავიარეისებით, რაც ზრდის კატასტროფების მოხდენის ალბათობას.

● უცხოპლანეტელთა აქტიურობა. არსებობს ამ თეორიის ორი ვერსია უმნიშვნელო სახეცვლილებით, თუმცა იდეა ერთია – ბერმუდის სამკუთხედის ამბების უკან არამიწიერი ცივილიზაცია დგას. პირველი ვერსიით, ეს ხდება იმიტომ, რომ სხვა პლანეტებზე მობინადრე უცხოპლანეტელები იტაცებენ ადამიანებს, მეორე ვერსიით კი ზოგჯერ გემები და თვითმფრინავები მაშინ გადიან ამ რეგიონს, როცა უცხოპლანეტელები სტუმრობენ დედამიწას და ადამიანთა ხომალდებიც ავტომატურად სხვა განზომილებაში გადადის, შესაძლოა უცხოპლანეტელთა მშობლიურ პლანეტაზე. მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, ეს თეორია ყველაზე მეტადაა პოპულარული და მისი უამრავ ადამიანს სჯერა. თეორიის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი სტივენ სპილბერგის ფილმმა “Close Encounters of the Third Kind/მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები”.

● აშშ-ის სამხედრო ბაზა. გსმენიათ რამე ზონა 51-ზე (Area 51)? ესაა აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზა, სადაც სამხედრო ხომალდების გამოცდა ხდება და სადაც, გადმოცემით, ხშირია ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა სტუმრობის შემთხვევები. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ზონა 51 გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ იარაღის გამოსაცდელი ტერიტორია და მისი მეშვეობით აშშ-ის მთავრობა უცხო ცივილიზაციებს ეკონტაქტება. სავარაუდოდ სწორედ ამ მოწინავე ტექნოლოგიების მიზეზით ხდება გემებისა და თვითმფრინავების გაქრობა.

● ცუდი ამინდი. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და სკეპტიკოსების საყვარელი თეორიაა, რომელიც ხსნის ბერმუდის სამკუთხედის უცნაურობებს. ატლანტის რეგიონი ცნობილია შტორმებით, ქარიშხლებითა და საშინელი ამინდით. მძვინვარე შტორმების მეშვეობით ხშირად წარმოიქმნება ტალღები, რომელთა სიმაღლე 25 მეტრს და მეტსაც აღწევს ხოლმე. ამას ემატება გოლფსტრიმის მძლავრი დინებაც და იქმნება პირობები, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. ოკეანის სიღრმეში კიდევ ერთი საფრთხე იმალება: აქვე არის ატლანტის ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილი – პუერტო-რიკოს ღრმული, რომელიც 8605 მეტრს აღწევს. ასე რომ თუკი გემი ან თვითმფრინავი ჩაიძირება, სრულიად შესაძლებელია, უკვალოდ გაუჩინარდეს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button