უცნაური

კომასთან დაკავშირებული უცნაური ისტორიები

კომა – მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო, უგონო მდგომარეობა, რაც ღრმა ძილს მოგვაგონებს. ხშირად გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. იწვევს ცნობიერების ღრმა დარღვევასა და გარე გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის მკვეთრ შესუსტებას ან სრულ დაკარგვას. ახასიათებს რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრულ გაქრობამდე, სუნთქვის სიღრმისა და რიტმის დარღვევა, მაჯისცემის შენელება ან აჩქარება, ტემპერატურული რეგულაციის მოშლა, არტერიული სისხლის წნევის დაცემა და ა. შ.

***

როცა მენინგიტით დაავადების შედეგად პატარა ლაილა ტოუსი კომაში ჩავარდა, ექიმებს მისი გამოკეთების იმედი არ ჰქონდათ და მშობლებს შვილთან დამშვიდობება ურჩიეს, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ. გოგონამ გაიღვიძა და ჯგუფ აბბას ცნობილი სიმღერის, მამა მიას, მღერა დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ლაილამ ხუთი დღე კომაში გაატარა, გაღვიძებისას კი თავთან დედა ეჯდა, რათა ენახა, მისი შვილი როგორ იყო. მალე გოგონამ თავისუფლად სუნთქვა დაიწყო და გადაადგილებაში ხელს მხოლოდ ფეხებზე მოწამლული სისხლისგან დარჩენილი ნაიარევები უშლიდა.

***

3 წლის ია ვენი საგზაო ავარიაში მოყოლის შემდეგ კომაში ჩავარდა, გამოღვიძებისას კი ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ გახდა მიდრეკილი. გოგონას სწრაფად მომავალი ფურგონი შეეჯახა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კი აქტიურად დაიწყო მოწევა. მისი მშობლები ამბობენ, რომ მას ხასიათიც შეეცვალა იმის მერე, რაც 5 დღიანი კომიდან გამოვიდა. ვენმა ზრდასრული ადამიანივით მოქცევა დაიწყო და ერთხელაც დედამ წაუსწრო, ტუალეტში დამალული როგორ ეწეოდა მამის სიგარეტს. თავიდან მამას პარავდა, შემდეგ კი მაღაზიიდან სესხება დაიწყო. გარდა ამისა, გოგონამ ჩაცმულობაშიც შეიტანა სიახლე – ახლა მას მხოლოდ ბიჭის ტანსაცმელი მოსწონს. ვენის მამამ მოწევა შეწყვიტა და ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, თუმცა მშობლებს მაინც უჭირთ შვილის ახალ ახირებებთან გამკლავება.

***

ჯოან ჰოპკინსი 41 დღის განმავლობაში მოთმინებით უცდიდა მისი შვილის, ჯოის, კომიდან მობრუნებას, რომელიც მანქანის დაჯახების შემდეგ მძიმედ იყო დაშავებული. როგორც იქნა, 22 წლის ჯოი გამოფხიზლდა, მაგრამ პირველი სიტყვები, რაც თავის 39 წლის დედას უთხრა, იყო – Fuck Off! ამის მიუხედავად, დედამისმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ნახა, რომ მისი შვილის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა. მისი თქმით, ჯოიმ ამგვარად უთხრა მას, რომ თავს კარგად გრძნობდა. ავარიის გამო ჯოის ტრავმები ჰქონდა თავის არეში, მოტეხილობები კისერში და ზურგის მიდამოში. მას რეაბილიტაციის ორწლიანი კურსის გავლა მოუწია გამოსაჯანმრთელებლად.

***

ახალდაბადებული ბავშვის მოვარდისფრო სახე ის პირველი მოგონებაა, რომელიც მშობლებს თვეების მანძილზე გაჰყვებათ ხოლმე. თუმცა ვალერი ლიას ეს მოგონება არ აქვს, რადგან მისი ვაჟი ოლივერი მაშინ დაიბადა, როცა დედამისი კომაში იყო. 35 წლის ორსული ვალერი 27-ე კვირაზე ღორის გრიპით გახდა ავად. იმისთვის, რომ ორივე გადაერჩინათ, ექიმებმა დედა კომაში გაგზავნეს და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მშობიარობიდან მხოლოდ 3 კვირის შემდეგ მოახერხა ვალერიმ ბავშვის ხელში აყვანა. ოჯახში ღორის გრიპი ყველას დაემართა, ვალერი კი ბოლო იყო და სწრაფად გაურთულდა, სუნთქვის გაძნელების გამო საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ოლივერი დაბადებისას 1200 გრამი იყო და მაშინვე ინკუბატორში გადაიყვანეს. კომიდან გამოსული ვალერისთვის გამაოგნებელი იყო ცარიელი მუცლის ნახვა და იმის გაგება, რომ უკვე იმშობიარა.

***

23 წლის ლიზ საიკსი კვირების განმავლობაში იყო კომაში და ტვინის ტრავმისგან იტანჯებოდა. 2008 წელს ის სახლიდან სამსახურში მიეშურებოდა, როცა მოულოდნელად ორიენტაცია დაკარგა და დაავიწყდა, ვინ იყო ან სად უნდა წასულიყო. 1 კვირის შემდეგ მას შეტევების სერია ჰქონდა და მისმა პარტნიორმა შელტონმა ჰადერსფილდის საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ დიაგნოზის დასმას, შემდეგ კი 3 კვირით კომაში გაგზავნეს, რომ მისი სიცოცხლე ეხსნათ. ლიზის დაუდგინეს ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), რასაც ვირუსი იწვევს და კოღოს კბენით ვრცელდება. კომიდან გამოსვლისას ლიზის მეხსიერება წაშლილი იყო, მას არ შეეძლო უმნიშვნელო რამის შესრულებაც კი – თუნდაც სიარული ან ლაპარაკი. ამ ყველაფრის შესწავლა მას თვეების განმავლობაში ხელახლა მოუწია.

***

იშვიათი და უცნაური რამ სჭირს 53 წლის ვენდი რიჩმონდს – რამდენჯერაც ის ბავშვებს ეტყვის “მიყვარხარ”, იმდენჯერ კომაში ვარდება. რამდენჯერაც ის ემოციური გახდება და სიცილი ან ტირილი მოუნდება, იმდენჯერ გადადის ე.წ. ფხიზელი ძილის მდგომარეობაში, რაც თითქმის მთლიანად უკეთებს პარალიზებას მის სხეულს. წამლები, რომლებიც მდგომარეობას ამსუბუქებს, ძვირადღირებულია და არ ფინანსდება ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ადგილობრივი განყოფილების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენდის მუდმივად ემოციების მოთოკვა უწევს. ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ის ტანჯებოდა კატაპლექსიითა (კუნთების ტონუსის უეცარი სისუსტე) და ნარკოლეფსიით (დაუძლეველი ძილის ხანმოკლე შეტევები), თუმცა დიაგნოზი მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაუსვეს. ასეთი დაავადებებით ტანჯულ ადამიანთა რიცხვი უცნობია, რადგან შემთხვევების უმეტესობის ექიმებისთვის შეტყობინება არ ხდება. სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში 30 000 მოქალაქე იტანჯება ნარკოლეფსიით.

***

13 წლის ხორვატიელი გოგონას სანდრა რალიკს უცნაური რამ დაემართა – კომაში ჩავარდნამდე ის მშობლიურ ენაზე, ხორვატიულზე საუბრობდა, 24 საათის ხანგრძლივობის კომის შემდეგ გამოღვიძებისას კი სრულიად სხვა ენაზე, გერმანულზე ამეტყველდა, თანაც თავისუფლად. რაც შეეხება ხორვატიულს, ის მისთვის უცხო ენა გახდა. სანდრას მშობლების თქმით, გერმანულის სწავლა მას სკოლაში ახალი დაწყებული ჰქონდა, ამიტომ გაუგებარია, ასე უცებ როგორ “ისწავლა” ან მშობლიური ენა რატომ აღარ ახსოვს.

***

შვეიცარიაში მცხოვრები 81 წლის მოხუცი ფრაილ ანჯელო დე ლუკა ქლიავის ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ 4 დღე იყო კომაში, გამოსვლისას კი ისეთი რამ დაემართა, რომ ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ, მასზე მუდმივი მეთვალყურეობა დაეწესებინათ. საქმე იმაშია, რომ ანჯელო სექსისადმი მიდრეკილი გახდა. დაქვრივებული წყნარი მოხუცი კომის შემდეგ უხეშ მოზარდს დაემსგავსა. თავისი დანაზოგიდან მან 3000 დოლარი დახარჯა ადგილობრივ საროსკიპოში ერთ ვიზიტზე, თავისი შვილიშვილის თანატოლ მეძავებთან გართობისას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სექსზე დამოკიდებულების გამო ანჯელოს ფინანსების გონივრულად განკარგვა არ შეეძლო, ამიტომ ეს ფუნქცია მისმა ვაჟმა, დანიელმა ითავა.

***

კომაში ჩავარდნილმა მამაკაცმა, ტერი ვოლისმა, 19 წლის შემდეგ გაიღვიძა, მის გვერდით მდგომ დედას მიმართა: “დედა”, შემდეგ კი ამოილუღლუღა “პეპსი” და “რძე”. 1984 წლის 13 ივლისს, როცა ტერი 19 წლის იყო და გოგონას დაბადება ცოტა ხნის ეზეიმა, მანქანით საგზაო ბარიერს შეეჯახა და 8 მეტრი სიღრმის ტბორში ჩავარდა. ავარიის შედეგად ტერი კისრის ქვემოთ პარალიზებული გახდა და კომაში ჩავარდა. იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა გამოჯანმრთელების დაბალი შანსი მისცეს, მისმა მშობლებმა და ცოლმა უკან არ დაიხიეს და ტერი რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს. ყოველ უიკენდზე მათ ტერი მიჰყავდათ 42 კმ-ის მოშორებით მდებარე ფერმაში და ესაუბრებოდნენ იმ იმედით, რომ ეს მას დაეხმარებოდა აღდგენაში. ერთხელაც ტერის დედა ჩვეულებრივ ესტუმრა შვილს და სწორედ ამ დროს იხილა მისი გამოჯანმრთელებაც. ტერიმ მალე სიარულიც შეძლო და თავისი 19 წლის გოგონა გაიცნო. თუმცა კომამ თავისი ქნა და ტერი 1984 წელში ჩარჩა – მას პრეზიდენტი ისევ რონალდ რეიგანი ეგონა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავარიის თარიღიც და ამეტყველებაც ემთხვევა პარასკევ 13 დღეს.

***

წლების განმავლობაში აუტანელი ტკივილების ქონის გამო, რასაც თვითმკვლელობამდე მიჰყავდა, 50 წლის ჯონ როუჩმა გადაწყვიტა, კეტამინი მიეღო და ხელოვნურად ჩავარდნილიყო კომაში. მკურნალობის ამ ახალი და იშვიათი ფორმის მომხრეები ამბობენ, რომ მრავალი პაციენტისთვის ხელოვნური კომა ღმერთის საჩუქარია. თუმცა ის არაა აღიარებული მკურნალობის ფორმად საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. დაახლოებით 200 000 ადამიანი იტანჯება ჯონის მსგავსად პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიით, რომლის დროსაც ტკივილი მწვავდება და უკიდურეს ფორმაში გადადის. ჯონმა სცადა ოპერაციები, თერაპიები, უამრავი სხვადასხვა წამალი, მათ შორის ოქსიკონტინი, კოდეინი და ფენტალინი. ყველა ცდა რომ ამაო გამოდგა, ჯონმა ეს მეთოდი აირჩია და ამჟამად რეგულარულად იკეთებს კეტამინის დოზებს, რაც ფაქტობრივად, ტკივილს მთლიანად აშორებს მას.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button