უცხოპლანეტელები

უცხოპლანეტელების აღმოჩენაში პლანეტის დაბინძურებაზე დაკვირვება დაგვეხმარება

ეგზოპლანეტა გარს უვლის თავის დედა-ვარსკვლავს, მის ატმოსფეროში გაფილტრული სინათლე კი, რომელიც ჩვენამდე აღწევს, შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს მის შემადგენლობაზე და შესაბამისად დასახლებადობის სტატუსზე. ჯერჯერობით სიცოცხლის აღმოსაჩენი ქიმიური ნიშნები მოიცავს წყლის ორთქლსა და ნახშიროჟანგს, თუმცა მომავალში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შეიძლება მოახერხოს ინტელექტუალური სიცოცხლის სამწუხარო ეფექტის – გარემოს დაბინძურების – აღმოჩენა.

კვლევას, რომელიც ახალი ნაბიჯია არამიწიერი ინტელექტის ძიებაში (SETI), ხელმძღვანელობდა ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერი ავი ლოები. „სამრეწველო დაბინძურებას განვიხილავთ, როგორც გონიერი სიცოცხლის არსებობის ნიშანს, მაგრამ ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც საკუთარი სეტის პროგრამები აქვს, გარემოს დაბინძურებას სავარაუდოდ განუვითარებელი სიცოცხლის მაჩვენებლად აღიქვამს, რადგან არაგონივრულია, საკუთარი ჰაერი გააჭუჭყიანო”, ამბობს პროფესორი ჰენრი ლინი.

ქლორფტორნახშირბადები (ქფნ) ფართოდ გამოიყენებოდა გამაგრილებელ, გამხსნელ და შესასხურებელ საშუალებად, თუმცა რეგულარული ხმარებიდან 1987 წელს ამოიღეს ოზონის შემამცირებელი ეფექტის გამო. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2018 წელს უნდა ამოქმედდეს, სავარაუდოდ შეძლებს ორი ტიპის ქფნ-ი აღმოაჩინოს ათასობით სინათლის წლის მოშორებით მდებარე ადგილებში, თუკი ატმოსფეროში მათი შემცველობა დედამიწისაზე 10-ჯერ მაღალი იქნება.

„ადამიანები უცხოპლანეტელებს ხშირად აღიქვამენ, როგორც «პატარა მწვანე კაცუნებს», მაგრამ ამ მეთოდით აღმოჩენილ უცხოპლანეტელებს «მწვანეებს» ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მათ გარემოსთან არამეგობრული დამოკიდებულება ექნებათ”, ხუმრობით აღნიშნა ავი ლოებმა.

გარდა იმისა, რომ დაბინძურების აღმოსაჩენად ქფნ-ის ძალიან მაღალი კონცენტრაციაა საჭირო, ეგზოპლანეტები თეთრ ჯუჯა ვარსკვლავებს უნდა უვლიდნენ გარშემო. თეთრი ჯუჯა ისეთი ვარსკვლავის სიკვდილის შედეგად წარმოიქმნება, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი მასა, რომ ნეიტრონულ ვარსკვლავად იქცეს. საბედნიეროდ, „ირმის ნახტომის” გალაქტიკის ვარსკვლავების 97% ამ მოცემულობას ესადაგება. სამწუხარო კი ისაა, რომ სანამ ვარსკვლავი თეთრი ჯუჯა გახდება, ჯერ წითელი გიგანტის ფაზას გადის, რა დროსაც მკვეთრად მატულობს ზომაში და შეიძლება პლანეტის ატმოსფერო შეტრუსოს.

თუმცა თუკი ასტრონომები აღმოაჩენენ თეთრ ჯუჯას დასახლებადი პლანეტით, რომელიც გადაურჩა წითელი გიგანტის ფაზას და მისი გარემო ძალიან დაბინძურებულია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პლანეტა სავსეა გონიერი სიცოცხლის ფორმებით.

ატმოსფეროში ქფნ-ის სხვადასხვა ტიპები სხვადასხვანაირი სიხშირით კლებულობს. დედამიწაზე ზოგიერთი პოლუტანტი ათწლეულში ქრება, ზოგს კი შეიძლება ათობით ათასი წელი დასჭირდეს. თუკი აღმოაჩენენ პოლუტანტების ნარევს, დიდი ალბათობით, წყარო ისევ იქ იქნება. ხოლო თუკი არ შეგვხვდება ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მოლეკულები, ეს ორიდან ერთს ნიშნავს.

„ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უცხოპლანეტელები უფრო დაჭკვიანდნენ და თავიანთი შეცდომა გამოასწორეს. უფრო უსიამოვნო სცენარის მიხედვით კი ეს იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი, რა შედეგი მოაქვს პლანეტისადმი დაუდევარ მოპყრობას”.

ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნები აქვს უცხოპლანეტელების მიერ გამოწვეული დაბინძურების აღმოსაჩენად. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შემდეგი თაობის ტელესკოპები იმავე ქიმიკატების აღმოჩენას ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემოც შეძლებენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button