ბუნება & სამყაროენიგმამეცნიერება

შავი ხვრელი შეიძლება თეთრ ხვრელად გარდაიქმნებოდეს

სახელის მიუხედავად, შავი ხვრელი ცარიელ ადგილს არ ნიშნავს. შავი ხვრელების უმეტესობა მაშინ წარმოიქმნება, როცა ვარსკვლავი ზეახლად აფეთქებისას კვდება და საკუთარი გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის. მაგალითად, მზეზე 10-ჯერ მასიური ვარსკვლავის სიკვდილისას მასა შეიძლება შეიკუმშოს ბურთად, რომლის დიამეტრიც ნიუ-იორკის ზომის იქნება. შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ უსხლტება.

ათეულობით წლების განმავლობაში ასტროფიზიკოსები ცდილობდნენ გაეგოთ, შავი ხვრელი ანადგურებს თუ არა ინფორმაციას – ანუ რაც მათში ხვდება, სამუდამოდ იკარგება თუ არა. ახალი მოდელის მოხედვით, როდესაც შავი ხვრელი სიცოცხლეს ასრულებს, გარდაიქმნება მის საპირისპირო „თეთრ ხვრელად” და გამოტყორცნის იმ ყველაფერს, რაც სივრცისგან შეისრუტა.

მოდელი ექს-მარსელის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მეცნიერებმა კარლო როველმა და ჰალ ჰაგარდმა წამოაყენეს და მის მიხედვით, შავი ხვრელიდან თეთრ ხვრელამდე ტრანსფორმაცია შავი ხვრელის ჩამოყალიბებიდანვე იწყება. მოდელი ეფუძნება მარყუჟის კვანტური გრავიტაციის თეორიას, რომელშიც გრავიტაცია და დრო-სივრცე დაკვანტულია, შედგება პატარა ინდივიდუალური მარყუჟებისგან, რომელთა კიდევ უფრო მეტად დაყოფა შეუძლებელია.

როცა მომაკვდავი ვარსკვლავი თავისივე გრავიტაციისგან კოლაფსირდება, გარს ერტყმის ზღვარი, რომელსაც „მოვლენების ჰორიზონტი” ეწოდება. აქედან უკან დაბრუნება შეუძლებელია, რაც მას გაცდება, შავი ხვრელის მიზიდულობის ძალის ტყვეობაში აღმოჩნდება. ვარსკვლავი განაგრძობს შეკუმშვას, მაგრამ საბოლოოდ მიაღწევს დონეს, როცა უფრო დაპატარავება შეუძლებელია, რადგან მარყუჟების მეტად კომპრესირება ვეღარ ხერხდება.

ამ მომენტში მარყუჟები აძლიერებენ ზედაპირულ წნევას, რაც შავ ხვრელს თეთრ ხვრელად გარდაქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფორმაცია თითქმის წამიერია, მკვლევარები ამბობენ, რომ ჩვენთვის შავი ხვრელი მაინც მილიარდობით წლების განმავლობაში გამოჩნდება, რადგან მათმა გრავიტაციამ სინათლის ტალღები გაწელა და დრო შეანელა.

თუკი ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ მუდმივი მოვლენების ჰორიზონტის ნაცვლად შავი ხვრელი გარშემორტყმული იქნება დროებითი „ხილული ჰორიზონტით”. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან მოვლენების ჰორიზონტი შეიძლება ფიზიკის კანონებს არღვევდეს.

1970-იან წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა დაადგინა, რომ შავი ხვრელი მოვლენების ჰორიზონტიდან რადიაციას უნდა გამოყოფდეს, რის გამოც ნელ-ნელა კარგავს ენერგიას და ზომაში იკლებს მანამდე, სანამ სრულად არ გაქრება. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც შავ ხვრელში მოხვედრილი მატერია ინახავდა, სამუდამოდ გაუჩინარდება. „კლასიკურ თეორიაში შავი ხვრელისგან თავის დაღწევა შეუძლებელია”, აღნიშნა ცნობილმა ფიზიკოსმა რამდენიმე თვის წინ. „მაგრამ კვანტური თეორია საშუალებას იძლევა, ენერგია და ინფორმაცია გამოთავისუფლდეს”.

შავი ხვრელის თეთრ ხვრელად გარდაქმნის შესახებ მოსაზრებამ შეიძლება ფუნდამენტური ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი გადაჭრას.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button