პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რაა ახალი?

შავად გაშლილი ღამის იჭვით შემოხვეული
გამძვინვარებულ ქარიშხლისას ვისმენდი კვნესას,
გულში არ ვგრძნობდი მე დაფარულს და ტკბილ ოცნებებს,
არცა ღიმილით გავცქეროდი სევდიან ზეცას,
არც მოგონებებს ქარიშხლიან გარდასულისას,
არც უსაფუძვლო და უმიზნო სიცოცხლის ნაყოფს,
არც მომავალის ვაი-ვაგლახს წარმოვიდგენდი –
მაინც არ ჰქონდა მოსვენება ჩემს სულს ავადმყოფს.
შხამი, ოდესმე მეგობრული ხელით მოწვდილი,
წყლული, ცხოვრების სისასტიკით ერთხელ ჩნეული,
შეუმჩნეველად მიწამლავდა უკეთეს წამებს,
რადგან სიხარულს არ ვიყავი, სულო, ჩვეული.
ტყვიისფერ ღრუბლებს, ცას და მიწას შუა დაკიდულთ,
მძიმე ცრემლები ჩაბნელებულ თვალთგან ცვივოდა.
აღარა ჰქონდა მოსვენება ჩემს სულს ავადმყოფს,
და ჩემს გულშიაც შვების ცეცხლი აღარ ღვივოდა.
გაივლის ჟამი და, ვინ იცის, იქნებ ზეცაზე
მწუხრის დემონმა ვერ დასტოვოს ის ძველი კვალი,
მაგრამ, ეჰ, სულო, ერთფეროვან ბრწყინვალებაში,
თუნდაც ედემში რა იქნება შენთვის ახალი?
რაც ოცნებებში განგიცდია მთელის არსებით,
სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?
კმარა! ვერ ჰპოვებ მოსვენებას, ჩემო ბედკრულო,
დასცალე ბარემ… სულ დასცალე წამების თასი…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button