არდაშელ თაქთირიძე – შენდობა
ბავშვობის მეგობარი მყავს – ზაზა. ზუსტად ტოლები ვართ, სამი დღით ჩემზე უფროსია. ერთ ეზოში გავიზარდეთ. მეორე სართულზე მე ვცხოვრობ, პირველზე ის. რაც თავი მახსოვს, ან ეზოში ვთამაშობდით ერთად, ან მეორე სართულის აივანზე. საბავშვო ბაღშიც ერთად შეგვიყვანეს და შემდეგ, სკოლაშიც, ერთ კლასში ვსწავლობდით. სანამ პატარები ვიყავით, სკოლაში დედაჩემს მივყავდით, იქიდან კი, დედამისს მოვყავდით სახლში. გაკვეთილებსაც ერთად ვამზადებდით და საჭმელსაც ერთად მივირთმევდით.
მეხუთე კლასში, კლასელი გოგო შემიყვარდა – თამრიკო, ერთ მერხთან ვისხედით. ზაზას გავანდე ჩემი საიდუმლო. მეორე დღეს, ატირებული თამრიკო მეცა
– შენ ჩემზე რა ჭორებს ავრცელებო?!
– რა ჭორებსო? – დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები.
– იცი შენ კარგადო! მეორე გაკვეთილზე, დირექტორთან დამიბარეს. იქ დირექტორი, კლასის დამრიგებელი, თამრიკო, დედამისი და ზაზა დამხვდნენ. ზაზა პირზე დამადგა, ვითომ მე ვთქვი,
– თამრიკო ფიზკულტურის გასახდელში შევიყვანე და ვაკოცეო! – სულ მატყუარა და ნაძირალა მიძახეს, ბოდიში მომახდევინეს და გამომიშვეს. თამრიკო გამებუტა და სხვა მერხთან გადაჯდა. კლასელები კი, ტრაბახას და ჭორიკანას მეძახდნენ და ჩემთან აღარ მეგობრობდნენ. მერე გავიგე, რომ თამრიკო ზაზასაც ჰყვარებია.
***
– შენ რა მოიმოქმედეო? – მკითხა მოძღვარმა.
– არაფერი, შევუნდეო!
– სწორად მოქცეულხარ, ქრისტიანს ცოდვების შენდობა უნდა შეეძლოსო! – მითხრა მოძღვარმა.
***
მეათე კლასში ვიყავი. იმ დროს, “Queen” იყო მოდაში. ზაზა ქუჩაში შემხვდა, თავის ორ უბნელ ძმაკაცთან ერთად.
– “Queen”-ის კასეტა ხომ არ გაქვს, მათხოვეო! – მაშინ, კასეტიანი მაგნიტოფონები ახალი შემოსული იყო.
– სახლში გამომყევი და მოგცემო!
– არა, დღეს არ მინდა, ხვალ მნახე და მომეციო!
– კარგი, გნახავო! – დანდობილად ვუპასუხე. მეორე დღეს, რამდენჯერმე შევძახე, მაგრამ სახლში არ იყო. დედამისმა
– ბიძამისთანაა, სოფელშიო!
მეოთხე დღეს შემომძახა
– ზემოთ, “პერეეზდზე” მივდივარ და გამომყევიო! – გავყევი. გზაში ვიცინოდით, ვხუმრობდით. იქ რომ ავედით, მაგის ძმაკაცები დამხვდნენ
– ბიჭო, რომ შემპირდი კასეტას მათხოვებდი, რატომ არ მათხოვეო?! – შემომიტია ზაზამ.
– სახლში არ იყავი და როგორ მომეცაო? – ვუპასუხე.
– ხომ თქვი, რომ მნახავდი, სიტყვას რომ იტყვი, შესრულება უნდაო! იმ ორმა ძმაკაცმა გამაკავა და ზაზამ სახეში გამარტყა. მერე გავიგე, ჩემი დაჩაგვრით, უბანში “მარკის” აწევა უნდოდა.
***
– შენ რა მოიმოქმედეო? – მკითხა მოძღვარმა.
– არაფერი, შევუნდეო!
– სწორად მოქცეულხარ, ქრისტიანს ცოდვების შენდობა უნდა შეეძლოსო! – მითხრა მოძღვარმა.
***
სტუდენტი ვიყავი, სიგარეტის მოსაწევად ეზოში ჩავედი. ზაზა ეზოს ბოლოში, სკამზე იჯდა და მცირეკალიბრიან შაშხანას – “გეკოს” ათამაშებდა.
– ვა, საიდან გაქვსო? – გავიკვირვე. იმ დროს, შაშხანებს არ აფორმებდნენ და მხოლოდ არალეგალურად შეიძლებოდა შეძენა.
– მაჩუქესო!
– აბა, მაჩვენეო! – ვთხოვე.
– მოიცა, ახლავეო! – 40-50 მეტრში, ეზოს ონკანთან, მეზობლის ქალი იყო წაკუზული. დაუმიზნა, ესროლა, თოფი ხელში შემაჩეჩა, “გარაჟის” უკან შეძვრა, იქიდან გალავანს გადაევლო და გაიქცა. დავრჩი გაოგნებული. სროლის ხმაზე, მთელი ეზო ხალხით გაივსო. ყველამ დამინახა, სკამზე მჯდომი, თოფით ხელში.
– რას ამბობთ, ამ თოფს პირველად ვხედავო! – საღამოს განაცხადა ზაზამ. კიდევ კარგი, ტყვიამ ბარძაყის კუნთში გაიარა და იმ ქალმა, მამაჩემის ხათრით, არ იჩივლა, თორემ ციხე არ ამცდებოდა.
***
– შენ რა მოიმოქმედეო? – მკითხა მოძღვარმა.
– არაფერი, შევუნდეო!
– სწორად მოქცეულხარ, ქრისტიანს ცოდვების შენდობა უნდა შეეძლოსო! – მითხრა მოძღვარმა.
***
მერე, ცოლი მოიყვანა – ნონა. კარგი გოგო იყო, ვმეგობრობდით, საღამოობით, ერთად ვეძებდით ზაზას. ნონამ ზეპირად იცოდა ის ადგილები, სადაც ბიჭები იკრიბებოდნენ სათამაშოდ. ხან რომელი ბუნაგიდან გამოვათრევდით და ხან რომლიდან. ჩემი ხელფასი მაგის ვალების დაფარვას ხმარდებოდა. ერთ საღამოს, ნონა ამოვარდა ჩემთან გადარეული
– მაგ არაკაცს, ჩემი თავი, კარტში წაუგიაო! ნონა ქმარს გაექცა და აღარ დაბრუნებულა. ალბათ, ზაზასაც აწყობდა
– ცოლი აღარ მყავს და თავანი როგორ ჩაგაბაროთო?! – უთხრა მოგებულებს. ერთი-ორი მოარტყეს და შეეშვნენ. უბანში არავინ ელაპარაკებოდა ჩემ გარდა. დღედაღამ ჩემთან იყო. ცოტა ხანში, ქურდობაზე დაიჭირეს. 4 წელი იჯდა. რომ გამოვიდა, მე უკვე დაოჯახებული ვიყავი.
ერთ დღეს, სამსახურიდან მოვედი, ეზოში დამხვდა
– ჩემთან შემოდი, რაღაც უნდა გითხრაო! – შევყევი.
– ბიჭო, ძმაკაცი რომ არ იყო, არ გეყტოდი, შენი ცოლი, ქეთი, არ მომწონს, შენთან ამოვედი, სახლში შემიყვანა და ჩალიჩი დამიწყო, მაგრამ მე მაგას ხომ არ ვიკადრებდიო?! გადარეულმა ავირბინე მეორე სართულზე.
– ის არაკაცი იყო ამოსული, ბღლარძუნი დამიწყო. საშველად რომ ვიყვირე, შეეშინდა და გაიქცაო! – მითხრა ნამტირალევმა ქეთიმ.
***
– შენ რა მოიმოქმედეო? – მკითხა მოძღვარმა.
– არაფერი, შევუნდეო!
– ამდენის შენდობის უფლება ვინ მოგცა, შენი თავი ღმერთი ხომ არ გგონიაო?! – მითხრა გაბრაზებულმა მოძღვარმა.
არდაშელ თაქთირიძე