ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – Amapola

Amapola – ხრიწინებს პატეფონი ჟოზეფ ლაკალლეს უკვდავ მუსიკას.
ცეკვავს გოგონა მიმობნეულ ფქვილის ტომრებს შორის, დებორა ჰქვია. ფეხის წვერებზე აიწევა, წელში გასწორდება და ხელებს თავს ზევით მორკალავს, ან ძირს დაეშვება, ხელებს მკერდზე გადაიჯვარედინებს და რევერანსს აკეთებს. ცეკვა და მუსიკა ერთმანეთს ერწყმის, თითქოს ნოტები შესაბამის “პას” პოულობენ, ხელს ჩაჰკიდებენ და სივრცეში ერთად განიბნევიან. ცეკვა მისია, მხოლოდ მას ეკუთვნის, მას, ერთადერთს – ჭუჭრუტანიდან მომზირალ ბიჭს!
ერთხელ, ამერიკაში – მშფოთვარე 30-იანი წლები…
***
Amapola – კვნესის ვიოლინო ჟოზეფ ლაკალლეს უკვდავ მუსიკას.
გოგონა უკრავს მიმობნეულ ნოტებს შორის, ნინიკო ჰქვია. ვიოლინო მარცხენა მხარზე დაუყრდნია, ზედ ნიკაპი ჩამოუდია, სიმებზე დარბიან მარცხენა ხელის თითები, იდაყვში მოხრილი მარჯვენა ნაზად უსვამს ხემს. სიმისა და ხემის ყოველი შეხება, ყოველი შეუღლება – ახალი კვნესაა, ახალი სევდა, ლამაზ მუსიკად გადმოფრქვეული. მუსიკა მისია, მხოლოდ მას ეკუთვნის, მას, ერთადერთს – ჭუჭრუტანიდან მომზირალ ბიჭს!
***
Amapola – ასხივებს ნახატი ჟოზეფ ლაკალლეს უკვდავ მუსიკას.
ბიჭი ხატავს მიმობნეულ ნახატებს შორის, სანდრო ჰქვია. მარცხენა ხელში საღებავებით მოსვრილი პალიტრა უჭირავს. მარჯვენათი მოზომილად უსვამს მოლბერტზე გადაჭიმულ ტილოზე ფუნჯს. ტილოსა და ფუნჯის ყოველი შეხება, ყოველი შეუღლება – ახალი ფერია, ახალი გამა ლამაზ ნახატად გადმოცემული – ყაყაჩოებით მოფენილ მინდორზე შავკაბიანი გოგონა სწორი, ყორნისფერი თმით, თეთრ ვიოლინოზე უკრავს, თითქოს, ცოტა ხნის წინ აკვნესებული მუსიკა, ჭუჭრუტანაში გამოძვრა და ტილოზე, ნახატად გარდაისახა. ნახატი მისია, მხოლოდ მას ეკუთვნის, მას, ერთადერთს – ჭუჭრუტანიდან მომზირალ გოგონას!
***
Amapola – აკვნესებს გოგონა ვიოლინოს, იმავე საღამოს, პეროვსკაიას ერთ-ერთ რესტორანში.
Amapola – ყიდის ბიჭი ნახატს, მეორე დილით, მშრალი ხიდის ქვეშ.
ბევრჯერ, საქართველოში – მშფოთვარე 21-ე საუკუნე…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button