პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პოეტის შეხვედრა მოჩვენებასთან რევოლიუციის მუზეუმის წინ 7 ნოემბერს, 1927 წ.

მძაფრი ორკესტრი ხმას ანაკადებს,
გრგვინავს ქუხილი წინანდელ მონის;
ლოზუნგებს, ისრებს, ფურცლებს, პლაკატებს
ისვრის მანქანა რატაციონის.
გრგვინავს ორკესტრი ვით წინანდელი
სამოქალაქო ომის ტეხილი,
ჰქრის მოგონებათ კორიანტელი
წარსულ დღეებთან გადაგრეხილი.
გრგვინავს ორკესტრი. სინათლეთ სვეტი
ხან გაიელვებს, ხან იქუფრება –
ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტი
ცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.
მძლავრი გამოდის ქუჩაზე მასსა,
რომ ხმამაღლა სთქვას გულისნადები.
მე ვიგონებდი სიმღერის ხმასა.
წარმოვიდგინე: გაჰქრა, გათავდა
შიმშილის გრძნებათ, სიცივის შვავთა
და დანგრევათა წელიწადები.
რევოლიუციის მუზეუმიდან
დაფიქრებული გვიან დავბრუნდი.
უეცრად თითქო ყრუ სიჩუმიდან
მოჩვენებათა შემომხვდა გუნდი.

ცოცხალი მოჩვენებები:

ჩვენ პოეტები
ვართ არეული,
ვართ შინაური
და გარეული,
ჩვენ დეპეშებით
მივიღეთ ომი
და ოქტომბერი
მზა-მზარეული.

ცოცხალ მოჩვენებათა
მეორე გუნდი:

არა! ჩვენია
ბედი მთოვარი,
მიწა და ზეცა
სწორუპოვარი,
ჩვენია ბინა
და ყოველგვარი
რევოლიუციის
მონაპოვარი.

პირველი მოჩვენება:

ნება მომეცით ბგერის,
ენა არა მაქვს მჭევრი,
ვიყავ მამულის – ერის
მხსნელ კომიტეტის წევრი.

მეორე მოჩვენება:

ვიყავ მეხური რიხი
და ფაბრიკანტი ძელქვა!

მესამე მოჩვენება:

მე ეკლესია ვიყავ…

მეოთხე მოჩვენება:

მე ადმირალი მერქვა!


ჩვენებათ გუნდი უეცრად გაჰქრა,
გაჰქრა! რიჟრაჟის საათმა დაჰკრა!
ისევ ორკესტრი… სინათლით სვეტი
ხან გაიელვებს, ხან იქუფრება,
ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტი
ცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button