ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ცდუნება

ვერცხლი მისი არა მისცა აღსადგინებლად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
***
ოთო ხიდურელი, გამგებელმა ადმინისტრაციულ ერთეულში თავის წარმომადგენლად რომ დანიშნა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ყველამ იცოდა, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, წესიერი კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ხუთი შვილი ჰყავდა და მატერიალურად არ ულხინდა, ქრთამზე იოლად არ წაუცდებოდა ხელი. ვინც ჯერ არ იცნობდა მის მტკიცე ხასიათს, თავიდან კი შესთავაზეს 500, 700, 1000 ლარი, მაგრამ სულ წივილ-კივილით რომ გამოყარა კაბინეტიდან, მიხვდნენ, არაფერი გამოუვიდოდათ – “გიჟი ყოფილაო!”, თქვეს და შეეშვნენ.
მართალია, ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა, ბავშვებს საკვები აკლდათ, ცოლი სულ დებილს და ჩლუნგს ეძახდა და გაყრით ემუქრებოდა, მაგრამ ოთოზე ეს არ მოქმედებდა და ჯიუტად იდგა აზრზე, რომ იოლად არ გაიყიდებოდა.
ახალი წელი ახლოვდებოდა, ორმა ფერმერმა რომ მიაკითხა კაბინეტში. მეცხოველეობის ფერმის გასაფართოვებლად, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული რვა ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი სჭირდებოდათ, რაშიც 20,000 ლარს იხდიდნენ. იმ რაიონში, კვადრატული მეტრი მიწის სახელმწიფო ფასი 0,50 ლარი იყო. რადგან მიწა არსებული ბიზნესის გასაფართოვებლად სჭირდებოდათ, შესაძლებელი იყო, მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა სახელმწიფო ფასში – 4,000 ლარად. ასეც გადაწყვიტა, მაგრამ არაფერი უპასუხა, მეორე დღისთვის დაიბარა.
მთელი ღამე ბორგავდა, ვერ დაიძინა – 16,000 ლარი საახალწლოდ ისე დარჩებოდა, შემდავებელიც არ ეყოლებოდა. ფიქრებში, ახალი მანქანით დანავარდობდა.
***
– აბა, შენს ფრონტზე რა ხდებაო? – ჰკითხა ცდუნების დეპარტამენტის უფროსმა ტარტაროზმა მის წინ ატუზულ, კუდამოძუებულ, ინსტრუქტორ ჭინკას და ჩლიქში გარჭობილი სიგარეტი საფერფლეში ჩაბერტყა.
– 4,000 ლარიან საქმეში 20,000 ლარს სთავაზობენ. ახალი წელია, ფული სჭირდება, ალბათ აიღებსო! – უპასუხა ჭინკამ და შექების მოლოდინში გაინაბა.
– ცოდოა ბიჭი, მაგისთვის არ მემეტებაო! – უთხრა ტარტაროზმა და ჩლიქით მარცხენა რქა მოიფხანა.
– მაშ რა ვქნაო? – გაკვირვებული შეაცქერდა ჭინკა.
– ანგელოზებს აცალეო! – დაარიგა ტარტაროზმა.
***
– უკეთუ თვალი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გენიასა შინა!
***
მეორე დღეს, ოთომ ფერმერებს მტკიცე უარი სტკიცა და დაბნეულები გაუშვა სახლში.
ფერმერებმა იფიქრეს, ალბათ ცოტა შევაძლიეთო. იმსჯელეს, ითათბირეს და მესამე დღეს, 40,000 ლარით ხელდამშვენებულები მიადგნენ კაბინეტში. ისევ არაფერი უპასუხა, მეოთხე დღისთვის დაიბარა. მთელი ღამე ბორგავდა, ვერ დაიძინა – 36,000 ლარი საახალწლოდ ისე დარჩებოდა, შემდავებელიც არ ეყოლებოდა. ფიქრებში, სოფელში ახალი სახლი აიშენა.
***
– აბა, შენს ფრონტზე რა ხდებაო? – ისევ ჰკითხა ცდუნების დეპარტამენტის უფროსმა ტარტაროზმა მის წინ ატუზულ, კუდამოძუებულ, ინსტრუქტორ ჭინკას.
– ის ქრთამი არ აიღო, მაგრამ 4,000 ლარიან საქმეში 40,000 ლარს სთავაზობენ. ახალი წელია, ფული სჭირდება, ალბათ აიღებსო! – უპასუხა ჭინკამ და გუშინდელივით გაინაბა შექების მოლოდინში.
– ცოდოა ბიჭი, მაგისთვისაც არ მემეტებაო! – უთხრა ტარტაროზმა მარცხენა რქის ფხანით.
– მაშ რა ვქნაო? – გაკვირვებული შეაცქერდა ჭინკა.
– ანგელოზებს აცალეო! – დაარიგა ტარტაროზმა.
***
– უკეთუ მარჯუენა ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გენიასა შინა!
***
მეოთხე დღეს, ოთომ ფერმერებს ისევ მტკიცე უარი სტკიცა და დაბნეულები გაუშვა სახლში.
მეხუთე დღეს კითხვით მიადგნენ ფერმერები კაბინეტში:
– მაშინ, შენ გვითხარი, რამდენი გინდაო?
– 100,000 ლარზე ნაკლებს, ხელს არ მოვკიდებო! – უპასუხა ოთომ.
– მოვიფიქრებთ და პასუხისთვის ხვალ მოვალთო! – უთხრეს ფერმერებმა. მთელი ღამე ბორგავდა, ვერ დაიძინა – 96,000 ლარი საახალწლოდ ისე დარჩებოდა, შემდავებელიც არ ეყოლებოდა. ფიქრებში, დედაქალაქში სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა.
***
– აბა, შენს ფრონტზე რა ხდებაო? – ისევ ჰკითხა ცდუნების დეპარტამენტის უფროსმა ტარტაროზმა მის წინ ატუზულ, კუდამოძუებულ, ინსტრუქტორ ჭინკას.
– ის ქრთამი არ აიღო, მაგრამ 4,000 ლარიან საქმეში 100,000 ლარი თვითონ მოსთხოვა, ოღონდ შეიძლება ფერმერებმა არ გადაიხადონო! – გულდაწყვეტილმა უპასუხა ჭინკამ.
– ცოდოა ბიჭი, მაგისთვისაც არ მემეტებაო! – უთხრა ტარტაროზმა მარცხენა რქის ფხანით.
– მაშ რა ვქნაო? – გაკვირვებული შეაცქერდა ჭინკა.
– შეაგონე ფერმერები, რომ გადაუხადონო! – დაარიგა ტარტაროზმა.
***
– მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა!
***
მეექვსე დღეს გამოართვა ოთომ ფერმერებს 100,000 ლარი, 4,000 ლარი – მიწის საფასური ბიუჯეტში გადაარიცხინა და კმაყოფილები გაუშვა სახლში.
***
– აბა, შენს ფრონტზე რა ხდებაო? – ისევ ჰკითხა ცდუნების დეპარტამენტის უფროსმა ტარტაროზმა მის წინ ატუზულ, კუდამოძუებულ, ინსტრუქტორ ჭინკას.
– 4,000 ლარიან საქმეში 100,000 ლარი ქრთამი აიღოო! – უპასუხა ჭინკამ და შექების მოლოდინში გაინაბა.
– ცოდოა ბიჭი, ძვირადღირებული სული თავისი ხელით ჩაგვაბარა, ახლა მაგას ანგელოზებიც ვეღარ უშველიანო! – უთხრა ტარტაროზმა და მარცხენა თვალიდან ცრემლი მოიწმინდა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button