Bitcoin-ის მესამე ჰალვინგი შედგა: კურსი ჯერჯერობით სტაბილურია
შედგა მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიოს კრიპტოენთუზიასტები ელოდნენ – 630 ათას ბლოკზე ორჯერ, 12,5-დან 6,25-მდე შემცირდა მაინერების მიერ ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის დამატების ჯილდო. კრიპტოვალუტის კურსი ბოლო საათებში სტაბილურია და დაახლოებით 8800 აშშ დოლარიან დონეზეა.
თავად ჰალვინგის იდეა ათ წელზე მეტი ხნის წინ პროგრამულად იყო ჩადებული Bitcoin-ის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს მიერ ბლოკჩეინის ქსელის მუშაობის პროტოკოლში. ჰალვინგი ხდება დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ (პირველი შედგა 2012 წელს, მეორე – 2016 წელს) და მისი მიზანია კრიპტოვალუტის ემისიის კონტროლი და მისი ინფლაციისგან დაცვა. თუმცა ამჟამად პრობლემას წარმოადგენს კრიპტოვალუტების მფლობელთა მიმბაძველების დიდი რაოდენობა, რაც Bitcoin-ის დეფიციტის იდეისკენ უბიძგებს.
მიზეზი, რომლის გამოც ჰალვინგი მეტად აღელვებს მაინინგსა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს, არის ის, რომ ეს მოვლენა განიხილება, როგორც მძლავრი დადებითი ფაქტორი კრიპტობაზრის ფლაგმანის ფასის ზრდისთვის. ლოგიკა გასაგებია – მთავარი ეკონომიკური პრინციპის შესაბამისად მიწოდების შემცირებისას ფასი იმატებს. თუმცა მიუხედავად ჰალვინგისა, კრიპტოვალუტის მიწოდება-შეთავაზება კიდევ მატულობს, თუმცა გაცილებით ნელი ტემპით. ხვალ ბრუნვაში უფრო მეტი Bitcoin-ი იქნება, ვიდრე დღეს არის.
იმ დროს, როდესაც მსოფლიო საფონდო ბაზარი კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალდა, Bitcoin-ი შესაძლოა ინვესტორებისთვის თავშესაფარი ყოფილიყო კრიზისის პერიოდში, თუმცა მისი პოპულარობა ჯერ ისე მაღალი არ არის, რომ ამ როლის პრეტენდენტად გვევლინებოდეს. ამჟამად კრიპტოვალუტა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია ვიდრე სხვა აქციები, თუმცა არ გამოიყურება ისე საიმედოდ, როგორც ოქრო და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები. ბევრი ანალიტიკოსი ამ აქტივის აშკარა სპეკულაციურ ბუნებაზეც მიუთითებს.
ასეა თუ ისე, კრიპტოენთუზიასტები იმედოვნებენ, რომ მომხდარი ჰალვინგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს Bitcoin-ის კურსზე. წინა ორ ჰალვინგს საკმაოდ გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა ციფრული აქტივის ფასზე. მონეტის ფასი ჰალვინგების შემდეგ სწრაფად არ გაორმაგებულა, თუმცა ფასი სტაბილურად იზრდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰალვინგამდე ერთი თვით ადრე Bitcoin-ის ფასი 26%-ით გაიზარდა, გასულ შაბათ-კვირას კი ფასის მაჩვენებელი 10 ათას აშშ დოლარიან ნიშნულამდე ავიდა.