ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

მაია ჯოლბორდი – დაუმთავრებელი ანკეტები

ბავშვი №

არ ახსოვს როგორ დაიბადა.

მამის მრისხანე სახიდან იწყებდა ყოფიერების აღქმას. დედის მოკივარი მზერა კუდამოძუებული ძაღლივით დაჰყვებოდა უკან.

მერე ბავშვობა გაითამაშა. როცა მშობლები ჩხუბობდნენ, ყვავილების გულში იმალებოდა.

ასე გაუცისფრდა თვალები.

სამაგიეროდ ყვავილები ჭკნებოდნენ. ასე გახდა ეგოისტი.

ბავშვი №

როცა მამამ მანქანა იყიდა, ახსოვს.

ის წითელი იყო. ოთხი ბორბალი ჰქონდა და ოთხივე ერთდროულად ბრუნავდა.

მამა მთვრალი იყო.

დედა სველ ცხვირსახოცს აფარებდა სახეზე და ახსენებდა მარჯვნივ გადაეხვია, თუ მარცხნივ. პირდაპირ იშვიათად დადიოდნენ და ღიმილით უყვარდათ ერთმანეთი.

ასე გახდა მგრძნობიარე.

ბავშვი №

ბუნდოვნად ახსოვს თავისი დაბადება. მკრთალი იყო მთვარე. არ ელოდნენ.

მაინც მოვიდა.

მერე თეთრი ,,სალამანდრები” ინატრა. ეძვირათ და არ უყიდეს. გული დასწყდა.

გულჩათხრობილი გახდა და ჩრდილების თვალიერება დაიწყო კედლებზე.

ბიბლიოთეკიდან მომავალს ხშირად აშინებდა თეთრი ნაგაზი, რომელსაც მარცხენა სარძევე ჭიანაჭამი კბილი სტკიოდა და უფრო მეტად ტკივილს უყეფდა, ვიდრე წიგნებიან ბავშვს.

ის ჩერდებოდა და ასველებდა უკანასკნელი ფრაზის წერტილს.

ასე გახდა მოფიქრალი.

ბავშვი №

ვერ მიხვდა, რატომ გააჩინეს. კითხვის ნიშნებზე აიდგა ფეხი. ახსოვდა დედის გაწეწილი თმები, მსუქანი მზერა და გაუთავებელი ჩხუბი მამაზე.

ასე გაიცნო მამა. არასასურველი და შეუმდგარი. გადაწყვიტა დამეგობრებოდა.

სანაგვეზე ნიჩაბი მოძებნა და ცდილობდა ამოეთხარა საყვედურებში ჩამხრჩვალი მშობელი.

ასე გახდა მაძებარი.

ბავშვი №

დაბადებამდე განებივრდა. ალოდინა და ლოდინის შემდეგ შეხედა ნათურას, რომელიც ნაცნობ ხვრელს უნათებდა.

მერე სისხლიანი თმებით იტირა. გარესამყარო ნაკლებსაინტერესო მოეჩვენა და ადამიანები შეიძულა. კედლის პირისპირ დგომას და კედლის ყურებას შეეჩვია.

ასე გახდა მდგრადი.

ბავშვი №

მას ახსოვს ასფალტი, შავი თითები და კუზი, ცხოვრებამ რომ უსახსოვრა. თავისი კუზის ჩრდილში უყვარს ჯდომა. ზის და კევების ფულს აგროვებს. წვიმის დროს ცელოფნის პარკის მეშვეობით ინარჩუნებს თმების სიმშრალეს.

აქაქანებული ქალაქის მტვრით იკვებება. მარტოხელაა. დამბადებელი დაუნახავად გაუქრა. არ უყვარს წუხილი. უყვარს, როცა მზეს თვალებს უჭუტავს და ხურდას პოულობს.

ბუნებით შემგროვებელია.

ბავშვი №

ახსოვს ტკივილი, დაბადებისას რომ იგრძნო. შესაბამისად, დაბადებაც ტკივილად ექცა.  ფეხი აიდგა თუ არა, განმარტოებით დაიწყო სიარული.

უხილავი, უცნაური გრძნობა აეკიდა. ფილტვები აუვსო და სუნთქვაში შეუშალა ხელი. არ ჰყოფნის ჰაერი, რის გამოც პირს ხშირად აღებს.

ახსოვს ექიმთან პირველი ვიზიტი. ვარდისფერ კოფთაში გამოწყობილ დედას ხელებში ესვენა. თეთრი ხალათი მორიგეობით უმოწმებდა ხელისა და ფეხის თითებს. ყიფლიბანდი ედიდა ექიმს. ჭკვიანი იქნებაო—ახსოვს და მას მერე ცდილობს საკუთარ თავში ბრძენი აღმოაჩინოს.

ბავშვი №

ახსოვს მწვანე მინდორი და ჭადრების ხეივანი.

ახსოვს დახატული თვალები და დასჯა. გაჩენისთანავე დაიწყო თამაში. ჭინჭრებში იჯდა და თავი ტომ სოიერი ეგონა.

ჭვავის ყანაშიც ხშირად დარბოდა ფეხშიშველი. მშობლები აგურებზე აწვენდნენ და კარებს უხურავდნენ. ის კი კედლებზე შიშის დასაძლევად ობობებს ხატავდა.

ახსოვს ბებოს დანთებული ღუმელი და ხბოს შეჭმული ყვავილი.

ბებოსაც ყვავილის ბედი ერგო. სიბნელეში გაუჩინარდა, დღის სინათლეზე დიდხანს ეძინა და მოკვდა.

ასე გახდა მოშიშარი.

ეს ჩანაწერები ჩემი უბნის ექიმის ხალათში აღმოვაჩინე. ბავშვს დიდი ყურადღებით სინჯავდა.

მერე ჯიბეში ხელი ოსტატურად ჩაიცურა და წამლის გამოსაწერად ამოღებულ ქაღალდს შეუმჩნევლად ამოაყოლა გაკრული ხელით ნაწერი ფურცლები. წამოვკრიფე, სულმა წამძლია და უნებართვოდ ჩავკარი თვალი…

ბავშვი ტიროდა. მამამისი ბოთლით ხელში მორბოდა და გზაში საკვებს სინჯავდა, ჩვილისთვის პირი რომ არ დაეწვა.

დედას მაგიდის ქვეშ ეძინა.

თოკზე შემშრალი სიზმრები ქანაობდნენ..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button