National Geographicსურათები

9/11-ის დაუვიწყარი ფოტოები National Geographic-სგან

2001 წლის 11 სექტემბერს დილის 9:03 სთ-ზე გაერთიანებული ავიახაზების რეისი 175-ის თვითმფრინავი Boeing 767-222 შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას. 4 თვითმფრინავის გატაცებით ტერორისტებმა დაახლოებით 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს ნიუ-იორკში, ვირჯინიასა და პენსილვანიაში. 9/11-ის ტრაგედიის 10 წლისთავზე National Geographic-ის ჯგუფმა ამოარჩია 25 ფოტო, რომლებიც გვიამობენ აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ისტორიულ ეპიზოდზე.

“10 წლის შემდეგ, ვფიქრობ, 9/11-ის ფოტოები ისევ აღვიძებენ იმ უმწეობის გრძნობას და მომხდარის სისასტიკის შეგრძნებას. მეჩვენება, რომ მათ ისევ აქვთ უნარი, შოკში ჩააგდონ დამთვალიერებლები.” – განაცხადა კლიფორდ ჩანინმა, 9/11-ის ეროვნული მემორიალისა და მუზეუმის ხელმძღვანელმა და 9/11-ის ფოტოების კრებულის, Memory Remains-ის რედაქტორმა.


კვამლისა და ცეცხლის ტალღა ფარავს კოშკებს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ეჯახება სამხრეთ შენობას. ამის შედეგად იღუპება ყველა მგზავრი ბორტზე და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანი. ალ-ქაიდას ტერორისტების მიერ გატაცებული 2 თვითმფრინავის შეჯახებითა და ტყუპი კოშკების ჩამოქცევით ნიუ-იორკში 2800 ადამიანი დაიღუპა.


ჩრდილოეთის ცათამბჯენში ცეცხლისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხალხი შენობის კიდეებს მიაწყდა, ზოგიერთი კი ფანჯრიდან გარეთ გადავიდა 400 მეტრის სიმაღლეზე.


იმ დროს, როცა ჩრდილოეთ შენობაში მყოფთა უმეტესობა კიბეს მიაწყდა საშველად, მეხანძრეები, მაგალითად მაიკ კეჰო, დაჭრილების დასახმარებლად გაეშურნენ. კეჰოს ჯგუფმა 6 ადამიანის გადარჩენა ვერ მოახერხა, თუმცა მამაცი მაშველი უნებლიედ მოხვედრილ ფოტოზე 9/11-ის მეხანძრეთა სიმბოლოდ იქცა.


9/11-ის ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, რომ ამერიკული ავიახაზების რეის 77-ის თვითმფრინავი ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში ეჯახება პენტაგონის დასავლეთ ნაწილს დილის 9:37 სთ-ზე, რითაც შეიწირა ბორტზე მყოფი 59 სიცოცხლე. შეჯახების გამო ადგილზევე დაიღუპა შენობაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო 125 პირი.


ნიუ-იორკის ფინანსური რაიონიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრის ორივე შენობაში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე წუთში ეს სცენა შეცვალა მასიურმა ნგრევამ და ქაოსმა, რადგან ტყუპი კოშკები ჩამოიქცნენ და ქალაქის ქუჩები მტვრითა და ნანგრევებით დაფარეს.


სავაჭრო ცენტრი იწვის ნიუ-იორკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის, ემფაიარ სთეით ბილდინგის, ფონზე.


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო ისტორიაში – კაცი, რომელიც ვარდება. მასზე ჩანს 9/11-ის უცნობი მსხვერპლი, რომელმაც სწრაფი სიკვდილი არჩია კვამლში გაგუდვასა და ცოცხლად დაწვას. 2001 წელს აქტიურად მიდიოდა განხილვა, მიეწოდებინათ ასეთი ფოტოები ფართო საზოგადოებისთვის თუ ცენზურაში გაეტარებინათ.


მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობა ჩამოიქცა 9:59 საათზე და კიდევ უფრო გაამძაფრა იმის შეგრძნება, თუ რამხელა კატასტროფა მოხდა ნიუ-იორკში. ამ ფოტოს “გაყინული წამი” უწოდეს.


შენობების ჩამოქცევის შემდეგ ხალხი გარბის ნიუ-იორკის ქუჩებში, რათა თავს უშველოს, მათ უკან კი ლურჯი ცა ფერფლისა და კვამლის უზარმაზარი ღრუბლით იფარება. ამ ტერორისტულ აქტს გლობალური ხასიათი ჰქონდა – იმ დილით 115 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დაიღუპა.


მეხანძრეები ებრძვიან პენტაგონის შენობაში გაჩენილ ცეცხლის ალებს. შეჯახებიდან 10 წუთის შემდეგ თეთრი სახლიდან და კონგრესის შენობიდან ევაკუაცია დაიწყო.


ნიუ-იორკის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე კატასტროფული მოვლენების დღედ გადაიქცა. კვამლიანი და ქაოსური მანჰეტენიდან გამოქცეული ხალხი ბრუკლინის ხიდზე მირბის.


პენტაგონის დასავლეთ შესასვლელთან დაჭრილ ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მკურნალობენ, მღვდელი კი ლოცვას კითხულობს. პენტაგონის ინციდენტის გამო 125 ადამიანი დაიღუპა, 106 კი სერიოზულად დაშავდა ცეცხლისგან, რომელიც აშშ-ის სამხედრო ეპიცენტრის შენობაზე შეჯახებიდან მალევე გაჩნდა.


სავაჭრო ცენტრიდან გამოქცეული და ახლომდებარე ოფისში შეფარებული მერსი ბორდერსი ფერფლშია გახვეული. სამხრეთის კოშკი დაახლოებით 1 საათი იწვოდა, სანამ ჩამოიქცეოდა, შეიწირა შენობაში და მის გარეთ მყოფი 600 ადამიანის სიცოცხლე. ჩრდილოეთის კოშკი კი იგივე ბედის გაზიარებამდე 1.5 საათი იყო ცეცხლის ალში, ამ შენობამ 1400 ადამიანი იმსხვერპლა.


ტყუპების ჩამოქცევის შემდეგ ქუჩაში ერთადერთი ადამიანი დგას. 10 წლის შემდეგაც კი სურათებზე ისევ იგრძნობა ის მოულოდნელობის განცდა, რაც 9/11-ის დროს ხალხს დაეუფლა. 10 წლის შემდეგაც კი ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს რეალურად მოხდა.


სავაჭრო ცენტრის ჩამოქცევის შემდეგ დარჩენილი ნანგრევები ტერიტორიაზე, რომელიც მოვლენის “ნიშნული ნული” (Ground Zero) გახდა.


მეხანძრეები – ტოდ ჰანი და ფრენკი დილეო – ეხმარებიან მათ კოლეგას, რომელიც ხალხის გადარჩენისას დაშავდა. მეხანძრეების ქმედება იმ დღეს შთამბეჭდავი იყო – ისინი შეუპოვრად მიიკვლევდნენ გზას ზევით, რათა რაც შეიძლებოდა, მეტი სიცოცხლე ეხსნათ. ზოგიერთი მათგანი მე-80 სართულამდეც კი ავიდა.


ორივე კოშკის ჩამოქცევის შემდეგ ქვემო მანჰეტენის შენობები მტვრისა და ფერფლის ღრუბლებშია შთანთქმული, ჰორიზონტმა შავი და ნაცრისფერი ფონი მიიღო.


მკვლევარები ათვალიერებენ პენსილვანიის ველს, სადაც გაერთიანებული ავიახაზების რეისი 93-ის თვითმფრინავმა მარცხი განიცადა. ეს უკანასკნელიც ტერორისტებმა გაიტაცეს, თუმცა მგზავრთა წინააღმდეგობის გამო მათი მიზანი სისრულეში ვერ მოვიდა და სოფელ შენკსვილში ჩამოვარდა.


სამაშველო სამსახურის მუშა ნანგრევებში მოყვა და დაშავებულია. მთლიანობაში, 2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპა 343 მეხანძრე და ექიმი, ასევე პოლიციის 60 თანამშრომელი.


გაერთიანებული ავიახაზების რეისი 93-ის თვითმფრინავის ნაწილი პენსილვანიის ველზე. ის გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად ტერორისტ ზაქარიას მუსაუისა და ზოგადად ალ-ქაიდას წინააღმდეგ სასამართლო პროცესებზე. ზაქარიასს 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შეწყალების უფლების გარეშე.


14 სექტემბერს, ინციდენტის ადგილის სტუმრობის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამხნევებს ნიუ-იორკელ მეხანძრეს, ლენარდ ფელანს. ლენარდის ძმა, კენეტი, ასევე მეხანძრე, იყო იმ ასობით ადამიანს შორის, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს.


14 სექტემბერს გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს ტერაქტის შედეგად დაზიანებული ქვემო მანჰეტენის ერთ-ერთი შენობა. ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინათ, რადგან კატასტროფამ ისინი საცხოვრებლად უვარგისი გახადა.


28 სექტემბერს ნიუ-იორკის ქუჩებში გამოკრულია იმ მეხანძრეთა და პოლიციელთა სურათები, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.


9 ოქტომბერს, თითქმის ერთი თვის შემდეგ 9/11-იდან, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობის ნანგრევების გატანა ჯერაც არ დასრულებულა. დღეს, 10 წლის შემდეგ, ამ ადგილას ახალი სავაჭრო ცენტრი შენდება, რომელიც 2013 წელს გაიხსნება, თუმცა 2001 წლის მოვლენების მოგონებები ისევ ცოცხლობს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button