National Geographicფაქტებიფლორა & ფაუნა

National Geographic: რეკორდსმენი ცხოველები

აფრიკული სპილო. ათასწლეულების მანძილზე ადამიანი იყენებდა აზიური და აფრიკული სპილოების არაჩვეულებრივ ძალას თითქმის ყველაფერში, დაწყებული ომიდან და დამთავრებული ტრანსპორტირებით. აფრიკულ სპილოს მხოლოდ ხორთუმში 100 000 კუნთი აქვს და 270 კგ-მდე წონის ტვირთის აწევა შეუძლია.


მარტორქა ხოჭო. სპილოსთან შედარებით არარაობად ჩანს, არა? მაგრამ სხეულის პროპორციები რომ გავითვალისწინოთ, ეს მწერი გაცილებით ძლიერია სპილოზეც და ნებისმიერ ცოცხალ არსებაზეც. მამრს თავზე გამოზრდილი რქის (სახელიც აქედან მოდის) მეშვეობით შეუძლია აწიოს თავის სხეულზე 850-ჯერ (!) მძიმე ტვირთი. ადამიანს რომ იგივე შესაძლებლობა ჰქონდეს, დაახლოებით 65 ტონას აწევდა, რაც საბრძოლო მძიმე ტანკის წონას უდრის, მაგალითად მერკავასი.


ნერწყვის ხოჭო. ეს არსება სიაში მოხვდა ხტუნვის განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო, რამაც გინესის რეკორდების წიგნშიც შეიყვანა. პაწაწინა არსების სხეულის სიგრძე 6 მმ-ს აღწევს, მაგრამ შეუძლია საკუთარი თავი ჰაერში გატყორცნოს 70 სმ-ის სიმაღლეზე. ადამიანურ მონაცემებში რომ გადავიყვანოთ, 210 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის სახურავზე გადახტომას შეძლებდით.


იმპალა. იმპალა აფრიკული ანტილოპაა, რომელსაც გრძელი, წერწეტა ფეხები და დაკუნთული ბარძაყები აქვს, რაც სირბილისა და ხტუნვისას დიდ დახმარებას უწევს. როცა შეშინებულია, შეიძლება 33 ფუტის (10 მ) სიგრძეზე გადახტეს, სიმაღლეში კი ნახტომმა 3 მეტრს მიაღწიოს. ეს უნარი გაცილებით აღემატება თავდაცვისთვის საჭირო მაჩვენებელს. ხშირად იმპალები უბრალოდ, გასართობადაც დანავარდობენ.


ზოლიანკუდა ლია. 2007 წელს ზოლიანკუდა ლიებმა რეკორდი მოხსნეს – მათ შეასრულეს ყველაზე ხანგრძლივი გადაფრენა დასვენების გარეშე – 9 დღეში 11 500 კმ-იანი მაჩვენებლით მშობლიური ალიასკიდან ახალ ზელანდიამდე. გზაში კი არც სასმელზე და არც საკვებზე არ გაჩერებულან. ამ ყველაფერმა ფრინველებში სხეულის მასის 50%-ის დაკარგვა გამოიწვია.


გამურული ქარიშხალა. მისი გადაფრენა ღირსეულ კონკურენციას უწევს ზოლიანკუდა ლიისას. ამ მარათონელ ფრინველთა მარშრუტი 64 000 კმ-ს შეადგენს, ახალი ზელანდიიდან ჩრდილოეთ ნახევარსფერომდე. თუმცა ცხადია, შესვენებებიც აქვთ, რომ დაისვენონ და დანაყრდნენ.


დიდი თეთრი ზვიგენი. 2005 წელს ამ ზვიგენმაც შეაბიჯა რეკორდების სამყაროში მიგრაციის უგრძესი მაჩვენებლის გამო. ზვიგენმა, რომელსაც მკვლევარებმა ნიკოლი უწოდეს, 9 თვეში 20 000 კმ-იანი მანძილი დაფარა აფრიკიდან ავსტრალიამდე. ამ მონაცემით ნიკოლმა არამარტო დანარჩენ ზვიგენებს აჯობა, არამედ ოკეანეების ყველა მობინადრეს. სათვალთვალო სისტემით დადგინდა, რომ ნიკოლი დიდ დროს ატარებდა ზედაპირთან, რის გამოც მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზვიგენები ნავიგაციისთვის ციურ მინიშნებებს იყენებენ.


აფროსანი. ოფიციალურად ყველაზე სწრაფი თევზია. მისი სიჩქარე ხანმოკლე პერიოდებში საათში 68 მილს (109 კმ/სთ) აღწევს. ხშირად ნადირობენ ჯგუფურად, იყენებენ თავიანთ სისწრაფესა და შთამბეჭდავ ზურგის ფარფლებს სარდინებსა და ქაფშიებზე სანადიროდ.


ავაზა. მას ეკუთვნის პირველობა სისწრაფეში ხმელეთზე მობინადრე ცხოველებს შორის. ხშირად ავაზას სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს და სიჩქარის მაქსიმუმამდე 3 წამში ადის. ამხელა მონაცემებს ჩემპიონი ავითარებს მოქნილი სხეულისა და გრძელი, დაკუნთული ფეხების საშუალებით. მაგრამ სირბილისას ენერგიის დიდ რაოდენობას კარგავენ, ამიტომ დაახლოებით 900 ფუტის (274 მ) შემდეგ ჩერდებიან.


ტირანოზავრი რექსი. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში დავობდნენ ამ პრეისტორიული გიგანტის სისწრაფესა და სიმარჯვეზე. ზოგი მიიჩნევდა, რომ მას მხოლოდ მსუბუქად ძუნძული შეეძლო, თუმცა ნამარხების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ 6 ტონიან მტაცებელს შეეძლო განევითარებინა 18 მილი საათში (29 კმ/სთ), რითაც ბევრ თანამედროვე ოლიმპიურ მორბენალს გაასწრებდა.


შევარდენი. შევარდენს ცხოველთა სამყაროში ყველაზე სწრაფი ფრინველის სტატუსი აქვს. თუკი შეამჩნევს საკბილოს, მაგალითად მტრედს, მთელი ძალით ეშვება და მისი სისწრაფე საათში 200 მილს (322 კმ/სთ) სცდება, ჯერ კიდევ ჰაერში ეჭიდება მსხვერპლს ბასრი კლანჭებით და ეშვება მიწაზე, რის შემდეგაც მშვიდად მიირთმევს მას.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button