ნუგზარ შატაიძე – წერილი ძმას
ძმაო სერგო! მე კარგად ვარ. ამჟამად ვიმყოფები ფშავში და ამ წერილსაც მაღაროსკარიდან გწერ. ეს არის პატარა, საცოდავი სოფელი თავისი უბადრუკი დუქნითა და ფოსტის შენობით. აქ მე პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოვედი, სადაც ვიმუშავე ძალზედ ნაყოფიერად – გავაკეთე მრავალი ესკიზი და ჩანახატი.
შენ ალბათ გიკვირს და ფიქრობ: რა მინდა მე ამ მივარდნილ მხარეში ან რამ მაიძულა აქ წამოსვლა. ვეცდები ყველაფერი წვრილად აგიხსნა: შენ იცი, რომ ჩემმა გამოფენამ, რომელიც ტფილისის სატუმრო “ორიანტში” ამა წლის მაისში მოეწყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს გასაგებია, ტფილისი ხომ პატარა და ჭორიკანა ქალაქია. უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ან არ ისურვა გაეგო ჩემი ნახატები. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოფიციალური პრესაც. მაგალითად, გაზეთი “კომუნისტი” 9 მაისის ნომერში წერდა: “გამოფენილი სურათები მნახველთა გაკვირვებას იწვევენ. გასაგებიც არის, რადგან ასეთი გამოფენა, ჩვეულებრივი ევროპიული გაგებით, ტფილისში პირველად ეწყობა და კედლებზე არ ჩანს გართობის, ნუგეშის და მორალის გადმომცემი სურათები. სამწუხაროა, რომ მნახველმა დავით კაკაბაძის შემოქმედებაში ვერ აღმოაჩინა დიდი გემოვნების მხატვარი”. კერძო გამოსვლებში ჩემს შემოქმედებას უწოდეს “უსაგნო”, მე კი – “ფორმალისტი”.
დღევანდელ პირობებში ასეთი შეფასება არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ ძალზე საშიშიც. მით უფრო, რომ ბოლშევიკური მთავრობა დიდად მადლიერი არ უნდა იყოს ჩემი ერთი საქციელის გამო: პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო განათლების კომისარიატმა დეპეშით სასწრაფოდ დამიბარა ტფილისში და ამასთან სამგზავრო ხარჯისთვის გამომიგზავნა 50 გირვანქა სტერლინგი. ეს ფული მივიღე ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების “ჩემო”-ს წარმომადგენლის ჯაყელისაგან დეკემბრის დამლევს, 1922 წელს. მაგრამ იმხანად საქართველოში დაბრუნება ვერ მოვახერხე და, საუბედუროდ ის ფულიც მალევე შემომეჭამა (მოგეხსენება, რა ძალა აქვს პარიზში 50 სტერლინგს).
შენ იცი, რომ ჩემი საფრანგეთში წასვლის მიზანი იყო მხატვრული საქმის შესწავლა. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველოს ყოფილი მთავრობა სტიპენდიას მაძლევდა, მე სისტემატურად და გულმოდგინედ ვმუშაობდი მხატვრობაში, მაგრამ როდესაც 1921 წლის მარტში დახმარება აღარ მომივიდა, იძულებული გავხდი მეცადინეობა შემეწყვიტა და მთელი ჩემი ღონე იქით მიმემართა, რომ თავი კერძო მუშაობით დამერჩინა. ამის გამო მხატვრული საქმის, ერთხელ შეწყვეტილის, დამთავრება ვერ მოვახერხე, შეუსწავლელი დამრჩა მხატვრობის ზოგიერთი უმთავრესი საკითხი. დაუმთავრებელი სწავლით კი საქართველოში დაბრუნება არ მივიჩნიე მიზანშეწონილად.
ვფიქრობ, ეს გარემოება საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ საბჭოთა საქართველოს მთავრობა ჩემზედ გაღიზიანებული იყოს. ამიტომ ავიკარ გუდა-ნაბადი, გადავიკიდე მხარზედ ჩემი “ეტიუდნიკი” და აქაურობას მოვაშურე.
მე ნამყოფი ვარ ბრეტანში – საფრანგეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ლამანშისპირა რაიონში, სადაც ბატონი ნიკო მარის რჩევით ჩავედი. ეს კუთხე საფრანგეთისა შესანიშნავია, მაგრამ ფშავსა და განსაკუთრებით, ხევსურეთს ვერ შეედრება.
არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოგცე მისი მშვენიერება. ამაში რომ დარწმუნდე, ერთხელ მაინც უნდა ახვიდე “დათვის ჯვრის” უღელტეხილზე და პირიქითა ხევსურეთს იქიდან გადაჰხედო.
ეს არის მკაცრი და შემაშინებელი სილამაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება ნაზი და თბილი იმერული პეიზაჟისაგან. გამოგიტყდები, იმან, რაც ამ პირველყოფილ ბუნებაში ვიხილე, ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მე ფეხით გავიარე ას ვერსზე მეტი მაღაროსკარიდან სოფელ შატილამდე და უკან. მრავალჯერ დავსველდი მთის ჩქარ და ყინულივით ცივ მდინარეში, ზოგჯერ მშიოდა და, შენ წარმოიდგინე, მციოდა კიდეც, ამ გაგანია შუაზაფხულში, განსაკუთრებით, ღამით. ვინახულე ანატორის თავზარდამცემი აკლდამები და აგრეთვე ციხესიმაგრე შატილი, რომლის სახელწოდება, ჩემი ვარაუდით, ფრანგული სიტყვიდან – Chateau-დან (“შატო” – ციხესიმაგრე) უნდა მომდინარეობდეს. ეს აზრი უფრო განმიმტკიცდა, როდესაც შატილში ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მაჩვენა მისი წინაპრების ნაქონი ძველი ხმალი, რომელსაც თვითონ ქართულ “დავითფერულს” ეძახდა და რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა შუასაუკუნეების მარსელში დამზადებული იარაღი შესაბამისი დამღით: “David Ferari”.
მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ გადამხდა.
რადგან არც კარავი გამაჩნდა და არც სხვა რამ საძილე საშუალება, იძულებული ვიყავი ღამე რომელიმე სოფელში გამეთია. ერთხელ, როდესაც უკვე ღამდებოდა, სოფელი კი არსად ჩანდა, დავინახე ვიღაც კაცი, რომელიც ბალახს თიბავდა და ვთხოვე, ჩემთვის ღამე გაეთენებინა, რაზედაც იგი სიამოვნებით დამთანხმდა.
ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ხირჩლა ჭინჭარაული, დაახლოებით ორმოცი წლისა.
ჩემმა მასპინძელმა ბალახის თიბვა მიატოვა და წინ გამიძღვა. ავიარეთ ფერდობი, ავედით ერთ მოშიშვლებულ მთაზე და გამოჩნდა ფუნის უზარმაზარი გროვა, ხოლო იმ გროვას რომ შემოვუარეთ, დავინახე მიწური სახლი, რომლის წინაც, მოტიტვლებულ ეზოში, 5 თუ 6 ბავშვი თამაშობდა. ჩემს დანახვაზე ისინი დაფრთხნენ და გაიქცნენ.
შევედით მიწურში, სადაც დაგვხვდა მასპინძლის ცოლი – ნაადრევად დაბერებული, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი ქალი.
დიასახლისმა დაგვსხა ტახტზე, წინ დაგვიდგა პატარა ტაბლა და შეუდგა ვახშმის სამზადისს.
მე ინტერესით ვათვალიერებდი ოთახს: გაშავებულ, პატარა ბუხარს, მის თავზე შემოდებულ, გამურულ ფანდურს, წყლის რამდენიმე თუნგს და ხის დერგებს, სადაც ჩემი მასპინძლები ყველსა და ერბოს ინახავდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დამავიწყა ერთმა საკვირველმა თექამ, რომელიც მოპირდაპირე კედელზე იყო გაკრული.
ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი მახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები. ცნობილია, რომ გეომეტრიული ანუ ხაზოვანი პერსპექტივა იტალიურმა რენესანსმა აღმოაჩინა და აქედან მოყოლებული ევროპულ მხატვრობაში სიბრტყეზე სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია სწორედ ამ ხაზოვანი პესპექტივით მიიღწევა. მაგრამ ხევსურულ მიწურში ნანახმა თექამ მე დამარწმუნა, რომ სივრცის გადმოცემა ხაზების სისტემის გარეშე, მარტო ფერების საშუალებითაც ყოფილა შესაძლებელი.
ეს იყო ფანტასტიური აღმოჩენა!
მე ამ აღმოჩენამ იმდენად შემძრა, რომ დამავიწყდა სად ვიყავი და ვინ ვიყავი. გონს რომ მოვეგე, უკვე ფეხზე ვიდექი და ჩემი გაოცებული მასპინძლების თვალწინ იმ საკვირველ თექას ხელით ვსინჯავდი.
ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს – არც ფერით, არც კომპოზიციით და არც, მითუმეტეს, სიუჟეტით, მაგრამ მასში მე ვრძნობდი საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერსა და მის გამაოგნებელ კოლორიტს.
უნდა გითხრა, რომ ჩვენი წარსული ხელოვნების ფორმები ჯერ კიდევ შეუსწავლელია: ვერსად ნახავ დამაჯერებელ აზრს მათი ესთეტიური ღირებულების შესახებ. ჩვენში ყველანაირ სიძველეს ერთნაირ მნიშვნელობას აძლევენ და ხელოვნების ფორმის დაფასება მარტო იმით ისაზღვრება, რომ ის ძველია.
ეს ფარდაგიც ძველი იყო, მაგრამ მთელი ჩემი პარიზში ყოფნის დროს ასეთი ახალი და ორიგინალური არაფერი მენახა. თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, ეს თექა ლუვრის საუკეთესო დარბაზში უნდა გამოეფინათ, რათა მისი ხილვით დატკბობის საშუალება მილიონობით ადამიანს მისცემოდა.
ამ ფიქრებიდან მასპინძლის ხმამ გამომიყვანა, რომელიც სუფრასთან მეპატიჟებოდა. ტახტზე ჩამოვჯექი თუ არა, ხირჩლამ ჟიპიტაურით სავსე პატარა ყანწი მომაწოდა და მე, როგორც აქ არის მიღებული, დავლოცე მისი ჯალაბი და საქონელი, შემდეგ კი ფრთხილად შევაპარე, რომ თექა ძალიან მომეწონა და რასაც დამიფასებდა, უყოყმანოდ გადავუხდიდი.
მან თავი გააქნია და მთხოვა, რომ ამ საკითხზე აღარ გვესაუბრა.
დავლიეთ კიდევ რამდენიმე ყანწი და ამასობაში დაღამდა კიდეც. არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ კედელში ჩამაგრებული ჭრაქის მოლიცლიცე შუქისა – ხელოვნების იმ ნაწარმოებმა სულ სხვა, იდუმალი ფერი მიიღო და ჩემს თვალწინ სრულიად ახალი ღირსებებით წარმოსდგა.
ქალმა ბავშვები დააწვინა და მალე ჩვენც დასაძინებლად მოვეწყეთ, მაგრამ თითქმის მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სულ იმ თექაზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე აქედან წასვლა ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს შედევრი ხელში ჩემეგდო, რისთვისაც, მთელი ღამის განმავლობაში, საკმაოდ მარჯვე და ეშმაკური გეგმა მოვიფიქრე.
მეორე დილით ადრე ავდექით. დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა. ჩვენ დავსხედით და დავიწყეთ იმ საზიზღარი ჟიპიტაურის სმა.
სამ-სამი ყანწი რომ დავლიეთ, მე ისევ თექაზე ჩამოვაგდე ლაპარაკი. მასპინძელმა მითხრა, რომ ის მისი ბებიის დედის, ვინმე გულქან არაბულის ნახელავი იყო.
ჩემის მხრივ მე ვუამბე საკუთარი თავგადასავალი – ვუთხარი, რომ მხატვარი ვიყავი და ამ საქმეს საფრანგეთში ცხრა წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ველაპარაკებოდი, რა თქმა უნდა, მისთვის სრულიად გაუგებარ თემაზე: პარიზის ხელოვნების დღევანდელ მდგომარეობაზე, იქ არსებულ ორ უმთავრეს დაჯგუფებაზე, რომელთაგან ერთი განაგძობს კუბიზმის მონაპოვართა გაღრმავებას, მის ორგანიზაციას, სინთეზს, ახალი პირობების მიხედვით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას (პიკასოდან დაწყებული ანდრე ლოტამდე), ხოლო მეორე ჯგუფი ან სარგებლობს უკვე მოცემული მხატვრული ფორმულებით (Andre Derain, Risling, Favori, Suzane Valadon, Marie Laurensin, Frie, Waroquier ) ან ფიქრობს ბუნების უშუალო გადმოცემაზე (Dunoger de Segonsas, Gromaire, Van Dongen, Vlamich, Grosz). ამასთან, არ დავუმალე, რომ ეს თექა ძირეულად განსხვავდება ამ ორივე ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციისაგან და წარმოადგენს სრულიად ახალ, ჯერ კიდევ უცნობ მიმდინარეობას, რომელმაც, შესაძლებელია, რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს თანამედროვე ევროპის მხატვრულ რეალობაში. დასკვნის სახით კი ვუთხარი, რომ ჩვენი ვალია, ეს ნამუშევარი უსათუოდ გავაცნოთ ევროპელ მხატვრებს, რაც ორმხრივ სასარგებლო საქმე იქნება – ჯერ ერთი, რომ ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას, არამედ, თვალნათლივ დაინახავენ მხატვრობის განვითარების პერსპექტივებს და მეორეც, ჩვენი პატარა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საამაყო იქნება ის, რომ ამ პერსპექტივას გენიალური ქართველი შემოქმედი, ანუ მისი დიდი ბებია დაუდებს სათავეს.
ჩემი საწყალი მასპინძელი მთელი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ ვეჭვობ, ჩემი ამ გრძელი ტირადიდან ნიშანდობლივ რაიმე გაეგოს, ამიტომ არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი, თექა უნდა მომყიდო-მეთქი.
არაო, – მიპასუხა, – გუშინაც ხო გითხარი, რო ვერ გავყიდიო.
მაშინ, მაჩუქე-მეთქი!
ეს მზაკვრული ხერხი წინასწარ მოვიფიქრე და ჩემი გეგმის კულმინაციად დავსახე, რადგან ვიცოდი, რომ მთიელი კაცი სტუმარს ასეთ თხოვნაზე უარს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყოდა. მართლაც, ჩემს სიტყვებზე ძალიან მოიწყინა, სახე ხელისგულებში ჩამალა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა ეგრე. მე ვხვდებოდი, რომ მის არსებაში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს: ვერც თექას ელეოდა და არც სტუმრის წყენინება უნდოდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, მაგრამ ოღონდაც ის დაუძლეველი სურვილი ამესრულებინა და იმ წუთში ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
ბოლოს, როდის, როდის თავი აიღო და შემომხედა. შევცბი: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მერე არაყი დაისხა, დალია და დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: “მე ადრე დავვობლდი. ექვსი წლისას დედა მომიკვდა, რვისას – მამა. ბებია მზრდიდა, მაგრამ თორმეტისა რო შევსრულდი, ისიც მომიკვდა. დავრჩი მარტო. საქონელს ვუვლიდი, თივას ვამზადებდი, ტყიდან შეშას ვეზიდებოდი. აქ მკაცრი ზამთარი იცის – თოვლი, ყინვა, ზვავები. კარგად რომ მოვიზარდე, ეს ჩემსავით ობოლი, ბოგანო ქალი შევირთე და ოჯახი კომლად ვაქციე. ექვსი ბალღი გვეყოლა, სულ ერთმანეთის მიმდევნოები. მამლის ყივილზე ვდგები, ვწვალობ, ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ჯალაბი როგორმე გამოვკვებო, მაგრამ მაინც მშივრები და შიშველ-ტიტვლები ვყრივართ. ზოგჯერ ისე შემჯავრდება ყველაფერი, რო თავის მოკვლა მინდება. მოვალ დაღლილ-დაქანცული და ტახტზე მივეგდები – არ ვიცი, თოფი დავიცე თუ ხანჯალზე დავეგო, მაგრამ ამ თექას რო შევხედავ, გულში ნათელი მიდგება, ყველაფერი მავიწყდება, ისევ კაცი მგონია ჩემი თავი, – ერთხანს იყუჩა, მერე ყანწი ისევ შეავსო და თქვა, – ეხლა, როგორც შენ იტყვი, თუ ეგრე გულით გინდა, ადექი, ჩამოხსენი და წაიღე”.
მე ვეღარაფერი ვაწამე, ერთხანს გაოგნებული ვიჯექი, მერე ავდექი, გადავეხვიე, ორთავ მხარზე ვაკოცე, დავემშვიდობე და წამოვედი.
ახლა მაღაროსკარის ფოსტაში ვზივარ და ამ წერილს გწერ. სრულიად არ ვნანობ, რომ ის თექა არ წამოვიღე. ალბათ, ისევ იმ გამურულ კედელზე ჰკიდია და მის პატრონს, ერთ უბრალო ხევსურს, ცხოვრების ამაოებისაგან აწეწილ სულს უმშვიდებს. ხელოვნების უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის.
მარად შენი მოყვარული ძმა დავით კაკაბაძე.
4 აგვისტო. 1928 წელი.