ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ნუგზარ შატაიძე – გიო

განა ქალაქში კი არ არი წესივრობა, ქალო! აგე, ენაცვალოს ბებო ჩემს გიოსა – ჭკვიანი, ჭკვიანი, რო მეტი არ იქნება! ნეტა ვისა ჰგავს, ქა?!

ჩემები, ხო იცი, რანაირებიც არიან – უნორმოები! სულ ერთთავად გაშლილ სუფრას უსხედან სულ ერთთავად ვართალალოს გაიძახიან, ნახადი ჯერ არ გაციებულა და არყის ჟღინთი აღასად უდგათ!

ეს არა… ეს კარგია – გიოი, ენაცვალოს ბებო!

პატარაც ეგეთი იყო ქა?! – რო დაგესვა სკამზე და გეთქვა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო, საღამომდე ეგრე იჯდებოდა!

ამ გაზაფხულით შემეხვეწა – ბებოო, ერთი კვალის ალაგი დამიტოვე ბოსტანში, რაღაც უნდა დავთესოო.

დავუტოვე, ქა, – ოღონდაც მაგათ მოიწადინონ რამე და!

დაბარა, დაამასმასა… დათესა!

ამოვიდა რაღაცნაირი ბალახი, გაიზარდა, გამშვენიერდა, იმსიმაღლე გახდა, კაცი დაიმალება შიგა…

უვლის, უვლის, რო სუ ზედ დაჰფათფათებს! ქალაქიდა მოსული, ჯერ იქ უნდა მივიდეს, მიუგურგუროს, ხმელი ფოთოლი შეაცალოს, ძირები გამოუთოხნოს…

ახლა სრისავს იმ ფოთლებს, სუნავს, ილაგებს ჯიბე-უბეებში, მერეღა ჩამოდის პურის საჭმელად შინა.

მაგისი ხნისები რომ იყვნენ ჩემი შვილები, მარტის კატებივით დადიოდნენ, დადიოდნენ – მთელი ღამე იმათ მოსვენება არ იყო. მოვიდადნენ დილით ნაჩხუბრები, თავპირდასისხლიანებულები!

ეს არა… გიოი… ეს კარგია ენაცვალოს ბებო!

სამელს ხომ ზედ არ ეკარება. მოდი, ბიჭო, მოდიო, ერთი ჭიქა მაიც დაგვილიეო! – ეძახიან პაპა-ბიძები.

არაა, არ ერევა იმათ მარაქაში, ზის ფეჩთან წყნარად, დაშლის ამ პაპიროსს – ააწყობს, დაშლის – ააწყობს.

ეჰჰ, ეგღა არი ჩემი იმედი… ჩემი დამტირებელი… გულზე მიწის დამყრელი… ენაცვალოს მაგას ბებო!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button