ეკონომიკა

მარი როთბარდი – “ლუდვიგ ფონ მიზესი”

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი IV.

“ეკონომიკა საზოგადოებაში არსებულ იმ ძირითად პრობლემებს და თავისებურებებს იკვლევს, რომელიც განურჩევლად ყველა მოქალაქეს ეხება.”

ლუდვიგ ფონ მიზესმა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ეკონომისტმა და სოციალურმა ფილოსოფოსმა, ხანგრძლივი და მეტად ნაყოფიერი ცხოვრების მანძილზე, ეკონომიკურ მეცნიერებაში ინტეგრირებული, დედუქციური მეთოდი განავითარა. ეს მეთოდი ფუნდამენტურ აქსიომას ემყარებოდა, რომლის თანახმადაც, ადამიანები განზრახ მოქმედებენ მიზნების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მისეული ანალიზი პიროვნული ღირებულებითი შეფასებებისგან თავისუფალი იყო იმ გაგებით, რომ ისეთ დებულებებს ეფუძნებოდა, რომლებიც ცალკეული ეკონომისტების პირადი ფასეულობათა სისტემისადმი ნეიტრალური იყო, მიზესი ასკვნიდა, რომ ადამიანთა მოდგმისთვის ერთადერთ შესაფერის ეკონომიკურ პოლიტიკას სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ ბაზარში სრული ჩაურევლობა და კერძო მესაკუთრეობის უფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მისი აზრით, მთავრობის უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოფარგლულიყო დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცალკეული პიროვნებების და მათი საკუთრების დაცვით.

მიზესმა შეძლო წარმოეჩინა, რომ

ა. ადამიანთა კეთილდღეობის და აყვავების ერთადერთ გზას თავისუფალი ბაზრების გაფართოვება, შრომის საყოველთაო დანაწილება და კერძო კაპიტალდაბანდებები
წარმოადგენდა;

ბ. თანამედროვე ეკონომიკისთვის სოციალიზმი დამანგრეველი იქნებოდა, რადგან მიწასა და კაპიტალურ საქონელზე კერძო საკუთრების არარსებობა რაციონალურ საფუძველს გამოაცლიდა დანახარჯების ანგარიშსა და ფასების დაწესებას;

გ. მთავრობის ინტერვენცია, გარდა იმისა, რომ აფერხებს და ამახინჯებს საბაზრო ურთიერთობებს, დასახული მიზნების სრულიად საწინააღმდეგო შედეგებს იწვევს. თუ არ გაწყდება ინტერვენციონიზმის ჯაჭვი, მაშინ ეს პროცესი სოციალიზმის დამკვიდრებით დამთავრდება.

მიზესმა, რომელიც ამ მოსაზრებებს თანმიმდევრულად და დაუცხრომლად იცავდა მაშინ, როცა მსოფლიოში სტატიზმი და კოლექტივიზმი იყო გაბატონებული, სახელი გაითქვა, როგორც არა-ინფლაციური ოქროს სტანდარტის და ჩაურევლობის პოლიტიკის “მტკიცე” მომხრემ.

მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს მიეცა საშუალება, ანაზღაურებადი თანამდებობები დაეკავებინა უნივერსიტეტებში როგორც მშობლიურ ავსტრიაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიზესი მაინც გაბედულად მიჰყვებოდა არჩეულ კურსს. მან “კერძო სასემინარო” პრაქტიკას მიჰყო ხელი, რამაც მრავალი გამოჩენილი ახალგაზრდა ეკონომისტი, საზოგადოებრივი მკვლევარი და ფილოსოფოსი დააინტერესა ჯერ ევროპაში და შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიშანდობლივია, რომ 1920-იან წლებში მან, როგორც ავსტრიის მთავრობის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, უდიდესი გავლენა იქონია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შედეგადაც ავსტრიაში ინფლაცია შენელდა.

მიზესი ცნობილი იყო, როგორც “ნეოავსტრიული სკოლის” ფუძემდებელი, ხოლო ბიზნესციკლების მიზესისეული თეორია, რომელიც ფულადი ინფლაციის და დეპრესიის წყაროდ ცენტრალური ბანკის მიერ წახალისებულ საბანკო კრედიტის ინფლაციას ასახელებდა, 1930-იან წლებში მრავალმა ახალგაზრდა ინგლისელმა ეკონომისტმა, დიდი დეპრესიის საუკეთესო ახსნად აღიარა.

მიზესმა გერმანელ ნაცისტებს აშშ-ში გადახვეწით დააღწია თავი და რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი უკვე იქ დაწერა. აშშ-ში ორ ათეულ წელზე მეტი
მოღვაწეობის შედეგად მან ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევრები ამერიკაშიც მოამრავლა.

1973 წელს, მიზესის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ყველაზე გამოჩენილმა მიმდევარმა ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა ეკონომიკის დარგში ნობელის პრიზი სწორედ მიზესის მიერ 1920-30-იან წლებში შემუშავებული ბიზნესციკლების თეორიის შევსება-განვითარებისთვის მიიღო.

მიზესი 1881 წლის 29 სექტემბერს გალიციის ქალაქ ლემბერგში (ამჟამინდელი ლვოვი) დაიბადა, სწორედ ამ ქალაქის რკინიგზაში მუშაობდა მისი მამა, რომელიც პროფესიით მშენებელი ინჟინერი იყო. მიზესის მშობლები წარჩინებული ვენური ოჯახებიდან იყვნენ; დედის ბიძა, დოქტორი იოაჰიმ ლანდაუ, ავსტრიის პარლამენტში ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი იყო.

ვენის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას მიზესი მემარცხენე ინტერვენციონისტი იყო. მას შემდეგ რაც ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლურ ნაშრომს, კარლ მენგერის “ეკონომიკის პრინციპებს” გაეცნო, სწრაფად შეიცვალა აზრი და ავსტრიული მიდგომა გაიზიარა, რომელიც ეკონომიკურ ანალიზში ინდივიდუალური ქმედებების ლოგიკის კვლევას ანიჭებდა უპირატესობას აგრეგირებული ეკონომიკური მაჩვენებლების მექანიკური მანიპულირების საპირისპიროდ და თავისუფალი ბაზრის უდიდეს მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

მიზესი ვენის უნივერსიტეტში იმ სახელგანთქმული სემინარების მსმენლად ჩაეწერა, რომელსაც ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტი ეუგენ ფონ ბემ-ბავერკი უძღვებოდა. ამ უკანასკნელის ნაშრომების უმეტესობა მარქსისეული ღირებულების შრომითი თეორიის უარყოფას ეძღვნებოდა.

მიზესმა თავის პირველ მნიშვნელოვან ნაშრომში – “ფულის და კრედიტის თეორია” (1912) – გააკეთა ის, რაც მანამდე შეუძლებელ ამოცანად მიიჩნეოდა: ფულის თეორია ზღვრული სარგებლიანობის ზოგად თეორიასა და ფასების თეორიასთან შეაჯერა (რასაც ახლა “მაკროეკონომიკის” “მიკროეკონომიკასთან” ინტეგრირება შეიძლება ეწოდოს). იმის გამო, რომ ბემ-ბავერკი და მისი სხვა ავსტრიელი კოლეგები არ იზიარებდნენ მიზესის “ნაზავს” და არ აღიარებდნენ მონეტარულ თეორიას, მიზესი იძულებული გახდა, დამოუკიდებლად ემოქმედა და “ნეოავსტრიული” სკოლა დაეარსებინა.

მიზესმა ახლად შემუშავებულ მონეტარულ თეორიაში დიდი ხნის წინ მივიწყებული, 1850 წლამდე ცნობილი ბრიტანეთის სავალუტო სკოლის პრინციპი გააცოცხლა, რომლის თანახმადაც საზოგადოება სრულიადაც არ ხეირობდა ფულის მარაგის გაზრდით, ფულის მასისა და საბანკო კრედიტის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციას და ბიზნესციკლებს იწვევდა, შესაბამისად, სამთავრობო პოლიტიკა მიმართული უნდა ყოფილიყო 100 პროცენტით უზრუნველყოფილი ოქროს სტანდარტისკენ.

მიზესმა ამ მოსაზრებას ბიზნესციკლების თეორიის ელემენტები დაამატა: ბანკების მიერ განხორციელებული საკრედიტო ექსპანსია ინფლაციას იწვევს და, მცდარი ინვესტიციების გამო, დეპრესია გარდაუვალი ხდება, ე.ი. კრედიტი ბიზნესმენებს აქეზებს, რომ მათ მეტი დააბანდონ “მაღალი რიგის” კაპიტალურ საქონელში (მანქანა-დანადგარები, უძრავი ქონება და სხვ.) და ნაკლები – სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბიზნესმენს ეძლევა ბანკის ინფლაციური კრედიტი, ეს უკანასკნელი აღიქმება, როგორც ფსევდოდანაზოგი. ეს ბიზნესმენს არწმუნებს, რომ კაპიტალური საქონლის წარმოებაში დასაბანდებლად მეტი დანაზოგი არსებობს, ვიდრე, სინამდვილეში, მომხმარებლები ზოგავენ ან სურთ, რომ დაზოგონ. ამიტომ, ინფლაციურ ბუმს გარდაუვლად უნდა მოსდევდეს რეცესია, რაც, მართალია, მტკივნეული პროცესია, მაგრამ აუცილებელია. ამით ბაზარი აუქმებს სუსტ ინვესტიციებს და თავიდან აყალიბებს ინვესტიციების და პროდუქციის წარმოების სტრუქტურას, რომელიც უკეთ ერგება მომხმარებლის არჩევანს და მოთხოვნებს.

მიზესმა და მისმა მოწაფე ჰაიეკმა ბიზნესციკლების თეორია 1920-იან წლებში განავითარეს. ამ თეორიით მიზესი აფრთხილებდა უყურადღებო მსოფლიოს, რომ 1920 წელს ფართოდ გაფეტიშებული მუდმივი კეთილდღეობის “ახალი ერა” უბრალოდ ტყუილი იყო და იგი მხოლოდ საბანკო პანიკას და დეპრესიას გამოიწვევდა. მიზესის კერძო სემინარების ყოფილმა მსმენელმა, ლაიონელ რობინსმა 1931 წელს ჰაიეკი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სამუშაოდ მიიწვია.

მეცნიერმა შეძლო და ახალგაზრდა ინგლისელ ეკონომისტთა უმეტესობა საკუთარ ხედვაზე მოაქცია. ქემბრიჯის უნივერსიტეტში საპაექრო კურსის დროს, სადაც ჰაიეკი ჯონ მეინარდ ქეინზსა და მის მოწაფეს ხვდებოდა, მან საქვეყნოდ გააცამტვერა ქეინზის “ტრაქტატი ფულის შესახებ”. სამწუხაროდ, ჰაიეკმა ეს პაექრობა წააგო და მისი მიმდევრების უმეტესობა ქეინზიანური რევოლუციის ტალღაში მოექცა. ეს ის ტალღა იყო, რომელმაც ეკონომიკურ სამყაროს 1936 წელს ქეინზის “ფულის და კრედიტის ზოგადი თეორიის” გამოქვეყნების შემდეგ წარღვნასავით გადაუარა.

ბიზნესციკლების შესახებ მიზეს-ჰაიეკისა და ქეინზის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური რჩევები სრულიად ურთიერთსაპირისპირო იყო. მიზესი, ბუმის პერიოდის დროს ბანკების საკრედიტო და მონეტარული ექსპანსიის შეწყვეტას, ხოლო რეცესიის დროს, ჩაურევლობის პოლიტიკის მკაცრად გატარებას მოითხოვდა, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად რომ მორგებულიყო ახალ ვითარებას.

გარდა ამისა, მიზესისთვის ინტერვენციის ყველაზე უარეს გამოვლინებებს ფასების ფიქსირება, მინიმალური სახელფასო განაკვეთების დაწესება, ფულის მიწოდების ზრდა და მოხმარების სტიმულირებისთვის სახელმწიფო ხარჯების ზრდა წარმოადგენდა. მიზესის აზრით, რეცესიის პრობლემა ნაკლები დანაზოგებით და ჭარბი მოხმარებით იყო გამოწვეული, მაშასადამე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო დანაზოგების კლების ნაცვლად მისი ზრდის წახალისება და, ასევე, სამთავრობო ხარჯების შემცირება მათი ზრდის მაგივრად. ნათელია, მიზესი 1936 წლიდან მსოფლიოს მოდად ქცეულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას აქტიურ ოპონირებას უწევდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ რუსეთსა და ევროპის უდიდეს ნაწილში სოციალიზმმა და კომუნიზმმა გაიმარჯვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიზესმა გამოაქვეყნა ცნობილი სტატია “ეკონომიკური გათვლები სოციალისტურ სახელმწიფოში” (1920). ნაშრომში იგი ასაბუთებდა, რომ სოციალისტური საგეგმო კომიტეტისთვის შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ეკონომიკის დაგეგმარება.

უფრო მეტიც, ხელოვნური ბაზრის შექმნის მცდელობა უშედეგო იქნებოდა და ვერ იმუშავებდა, რადგან ფასების და დანახარჯების დათვლის ჯანსაღი სისტემა კერძოსაკუთრებითი უფლებების გაცვლას, ანუ წარმოების საშულებებზე კერძო საკუთრებას საჭიროებდა.

ამ თემაზე მსჯელობა მიზესმა “სოციალიზმში” (1922) გააღრმავა. ეს ნაშრომი სოციალისტური სისტემის ამომწურავი ფილოსოფიური, სოციოლოგიური და, ამავდროულად, ეკონომიკური კრიტიკაა, რომელიც დღესდღეობითაც მის ყველაზე სრულყოფილ და გამანადგურებელ მხილებად მიიჩნევა. მიზესის “სოციალიზმმა” მრავალ გამოჩენილ ეკონომისტს და საზოგადო მოღვაწეს შეუცვალა თვალსაზრისი, რომელთა შორის ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, გერმანელი ვილჰელმ როპკე და ინგლისელი ლაიონელ რობინსი იყვნენ.
1936 წელს ამერიკაში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულმა “სოციალიზმმა” გამოჩენილი ეკონომიკური ჟურნალისტის, ჰენრი ჰეზლითის ყურადღება მიიპყრო. მან ამ ნაშრომზე ნიუ იორქ თაიმსში სტატია გამოაქვეყნა, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ამერიკის იმ პერიოდისთვის ყველაზე ცნობილ და სწავლულ კომუნისტ-მოგზაურზე, ჯეი ბი მეთიუზე. ამ უკანასკნელმა სოციალიზმის ყველანაირი სახესხვაობა უარყო და ცალსახად მიზესეული პოზიციის მიმდევარი გახდა.

ევროპასა და ამერიკაში ბინადარი სოციალისტები თითქმის 15 წლის განმავლობაში წუხდნენ იმაზე, რომ სოციალიზმის დროს ეკონომიკური გათვლების პრობლემა არსებობდა. ამ პრობლემის გადაწყვეტას 1936 წელს პოლონელი ეკონომისტის ოსკარ ლანგეს მიერ შემუშავებული “საბაზრო სოციალიზმის” მოდელის აღიარებით შეეცადნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლანგე პოლონეთში კომუნიზმის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. თუმცა, პოლონეთსა და სხვა კომუნისტურ ქვეყნებში სოციალისტური დაგეგმარების კრახმა, რომელიც 1989 წელს სოციალისტური ბანაკის დაშლით დაგვირგვინდა, ეკონომიკური ელიტა, რომელსაც ლანგეს მიერ შემოთავაზებული მოდელი “გამოსავლად” მიაჩნდა, დიდ გაურკვევლობაში დატოვა.

ზოგ გამოჩენილ სოციალისტს, მაგალითად რობერტ ჰეილბრონერს, სინდისი ეყო, საჯაროდ ეღიარებინა, რომ “მიზესი მართალი იყო” (ფრაზა “მიზესი მართალი იყო”
1990 წელს ჩრდილოეთის ეკონომიკური ასოციაციის მიერ ახალ ორლეანში ჩატარებული ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის სათაური იყო). მთავრობის ინტერვენცია ვერ მუშაობს და სოციალიზმის დამკვიდრების ტენდენცია გარდაუვალი ხდება, რაც ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასია.

მიზესმა ეს მოსაზრებები “ინტერვენციონიზმის” (1929) კრიტიკაში განავითარა, ხოლო ნაშრომში “ლიბერალიზმი” (1927) მკაფიოდ ჩამოაყალიბა ლიბერალიზმის,
როგორც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის საკუთარი პოლიტიკური ფილოსოფია.

იმის გარდა, რომ მიზესი აქტიურად დაუპირისპირდა მეცხრამეტე საუკუნის პოლიტიკურ ტენდენციებს, ისეთივე ძალისხმევით და მჭერმეტყველებით ებრძოდა
იმას, რასაც თავად გამანადგურებელ დომინანტ ფილოსოფიურ და მეთოდოლოგიურ ტენდენციებს უწოდებდა. ეს ტენდენციები შეინიშნებოდა როგორც ეკონომიკაში, ასევე სხვა მეცნიერულ დისციპლინებშიც. ეს მოიცავდა პოზიტივიზმს, რელატივიზმს, ისტორიციზმს, პოლილოგიზმს (იდეა, რომ თითოეულ რასას და სქესს საკუთარი “ლოგიკა” გააჩნია და, ამიტომ, მათ სხვა ჯგუფებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ), ირაციონალიზმის ყველა ფორმას და ობიექტური სიმართლის უარყოფას. მიზესმა განავითარა ის, რასაც თავად ეკონომიკური თეორიისთვის მართებულ მეთოდოლოგიად მიიჩნევდა – აშკარა აქსიომების ლოგიკური დედუქცია. ახალ მეთოდოლოგიას “პრაქსეოლოგია” უწოდა. მან მკაცრად გააკრიტიკა ეკონომიკასა და სხვა დისციპლინებში არსებული მზარდი ტენდენცია, რომელიც პრაქსეოლოგიისა და ისტორიული შემეცნების ჩანაცვლებას
მათემატიკური მოდელირებით და სტატისტიკური მანიპულაციებით ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც მიზესი 1940 წელს ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, ინგლისურ ენაზე დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება. მისი პირველი ორი წიგნი ძალზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი აღმოჩნდა. “ყოვლისშემძლე მთავრობა” (1944) პირველი ნაშრომი იყო, რომელიც აბათილებდა მაშინდელი მარქსიზმის სტანდარტულ თვალსაზრისს, რომ ფაშიზმი და ნაციზმი დიდმა ბიზნესმა და “კაპიტალისტთა კლასმა” მოახვია თავს მოსახლეობას. მისი “ბიუროკრატია” (1944) იმის ღრმა ანალიზი იყო, თუ რატომ იყო საჯარო სამსახური აუცილებლად “ბიუროკრატიული” და, შესაბამისად, ყველანაირი ბიუროკრატიული სნეულებებით დაავადებული.

მიზესის შემოქმედების გვირგვინი არის 1949 წელს გამოქვეყნებული “ადამიანური მოქმედება”, ეკონომიკურ თეორიაზე დაწერილი პირველი სრულყოფილი ტრაქტატი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ამ ნაშრომზე მუშაობისას მიზესმა საკუთარი მეთოდოლოგია და კვლევის ხერხი გამოიყენა, რომ მის მიერვე ჩამოყალიბებულ დედუქციურ, “პრაქსეოლოგიურ” პრინციპებზე დაყრდნობით, ეკონომიკური თეორიის ინტერგირებული და სრული სტრუქტურა შეექმნა. ეს ნაშრომი გამოქვეყნდა მაშინ, როცა ეკონომისტები და მთავრობები მასობრივად სტატიზმის და ქეინზიანიზმის გავლენას განიცდიდნენ და, ამიტომ, ადამიანური მოქმედების ლოგიკა ეკონომისტების მიერ დამოუკიდებლად შესწავლილი არ იყო. 1957 წელს მიზესმა გამოაქვეყნა საკუთარი ბოლო და მნიშვნელოვანი ნაშრომი სახელწოდებით “თეორია და ისტორია”, რომელიც გარდა იმისა, რომ ძირფესვიანად აკრიტიკებდა მარქსიზმს და ისტორიციზმს, ეკონომიკასა და სხვა დისციპლინაში თეორიის და ისტორიის ძირითად განსხვავებებსა და ფუნქციებს უსვამდა ხაზს.

აშშ-ში, ისევე, როგორც მშობლიურ ავსტრიაში, მიზესმა ვერ იპოვა ანაზღაურებადი სამუშაო. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც იგი 1945 წლიდან 1969 წლამდე, პენსიაში გასვლამდე (88 წლის ასაკში) ასწავლიდა, მხოლოდ მოწვეული პროფესორის სტატუსით სარგებლობდა. ხელფასს 1962 წლამდე კოსერვატორლიბერალი უილიამ ვოლკერის ფონდი უხდიდა. ამის შემდეგ მას თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდები და ბიზნესმენთა კავშირები აფინანსებდა. არახელსაყრელი გარემო პირობების მიუხედავად, მიზესი სტუდენტების და თაყვანისმცემლების მზარდ რიცხვს შთააგონებდა, რომ თანმიმდევრულად დამკვიდრებულიყვნენ სამეცნიერო ასპარეზზე და თავადაც
ძალზე ნაყოფიერ მოღვაწეობას აგრძელებდა.

მიზესი თავისუფალი ბაზრის და ლიბერტარიანიზმის მოყვარულებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. ნიუ იორკში მდებარე ეკონომიკური განათლების ფონდში მისი შექმნის დღიდან, ანუ 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა. 1950-იან წლებში მწარმოებელთა ეროვნული ასოსციაციის ეკონომიკური მრჩეველი იყო და მის წიაღში ჩაურევლობის პოლიტიკის მიმდევარ ფრთასთან თანამშრომლობდა.

კობდენის, ბრაითის და სპენსერის ტრადიციის მიხედვით მიზესი თავისუფალი ვაჭრობის მომხრე და კლასიკური ლიბერალი იყო. ამავდროულად, მიზესი ლიბერტარიანელადაც ითვლებოდა, რადგან ადამიანურ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ საქმიანობაში გონივრულობას და ინდივიდუალურ თავისუფლებას იცავდა. როგორც რაციონალისტი და სტატიზმის მოწინააღმდეგე, მიზესი საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებდა და არა “კონსერვატორს”. ტერმინ “ლიბერალიზმს” ის მე-19 საუკუნეში გავრცელებული მნიშვნელობით ხმარობდა.

მართლაც, პოლიტიკურად მიზესი ჩაურევლობის მომხრე რადიკალი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტარიფები, საემიგრაციო შეზღუდვები და სამთავრობო რეგულირება მორალზე ახდენდა გავლენას. მეორე მხრივ, მიზესი მტკიცე კულტურული და სოციალური კონსერვატორი იყო, რომელიც ებრძოდა ეგალიტარიანიზმს და სასტიკად გმობდა პოლიტიკურ ფემინიზმს, როგორც სოციალიზმის გამოვლინებას. კაპიტალიზმის კონსერვატორი კრიტიკოსებისგან განსხვავებით, მიზესი ამბობდა, რომ პიროვნული ზნეობა და ოჯახის, როგორც საზოგადობის დედაბოძის, შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმის სისტემის ხელშეწყობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მიზესისეული ეპისტომოლოგიური და პოლიტიკური ხედვები მეტად არაპოპულარული იყო, მეცნიერს მაინც საკმაო ავტორიტეტი გააჩნდა. მისი 1920-იანი წლების სტუდენტები, ისინიც კი, რომლებიც შემდგომ ქეინზიანელები გახდნენ, მუდმივად მიზესისეულ გავლენას განიცდიდნენ. მისი სტუდენტების რიცხვში, ჰაიეკის და რობინსის გარდა, ფრიც მახლუპი, გოთფრიდ ფონ ჰაბერლერი, ოსკარ მონგერშტერნი, ალფრედ შუთცი, ჰიუ გაითსკელი, ჰოვარდ ს. ელისი, ჯონ ვან სიკლი და ერიხ ფოეგელინი შედიოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტ გენერალ დე გოლის მთავარი ეკონომიკური და მონეტარული მრჩეველი, რომელმაც საფრანგეთი სოციალიზმს ჩამოაშორა, ჟაკ რუეფი იყო. რუეფი მიზესის დიდი ხნის მეგობარი და მოტრფიალე გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იტალიის სოციალიზმისგან ჩამოშორება ნაწილობრივ პრეზიდენტ ლუიჯი ეინაუდის დამსახურებაა, რომელიც გამოჩენილი ეკონომისტი და ასევე მიზესის ძველი მეგობარი და კოლეგა იყო. აშშ-ში მიზესი არ ყოფილა ესოდენ გავლენიანი, როგორც ევროპაში. ნაკლებად ხელსაყრელი აკადემიური პირობების მიუხედავად, მის სტუდენტებს და თაყვანისმცემლებს შეადგენდნენ ჰენრი ჰეზლითი, ლოურენს ფერთიგი, პერსი გრეივსი ჯუნიორი, ბეტინა ბიენ გრეივსი, ჰანს ფ. სენჰოლცი, უილიამ ჰ. პეტერსონი, ლუის მ. სპადარო, ისრაელ მ. კირცნერი, რალფ რაიკო, ჯორჯ რაისმანი და მარი ნ. როთბარდი. მიზესმა შეძლო და ძლიერი და ლოიალური მიმდევრები შემოიკრიბა ბიზნესმენთა და სხვა არააკადემიურ წრეებში: მისი სქელტანიანი და კომპლექსური “ადამიანური მოქმედება” გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა. მიზესი 1973 წლის 10 ოქტომბერს ქ. ნიუ-იორკში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის შემდეგ მიზესისეულმა დოქტრინამ და გავლენამ რენესანსი განიცადა. მომდევნო წლებში ვიხილეთ არა მხოლოდ ჰაიეკის ნობელის პრიზი მიზესის ბიზნესციკლების თეორიისთვის, არამედ აშშ-ში პირველი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის კონფერენცია. მიზესის წიგნები ხელახლა დაიბეჭდა, ხოლო მისი სტატიების ნაკრებები ითარგმნა და კვლავ გამოიცა. ავსტრიული ეკონომიკის კურსების და პროგრამების სწავლება მთელი ამერიკის მასშტაბით დაიწყეს.

მიზესის დოქტრინის შესწავლა და გავრცელება (ლეველინ როქველის მიერ 1982 წელს ალაბამას ქალაქ ოუბურნში დაარსებულმა) ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტმა დაიწყო. მიზესის ინსტიტუტი სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებს გამოსცემს. იგი სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ელემენტარულ, საშულო და მაღალი დონის ავსტრიულ ეკონომიკაში კურსებს სთავაზობს. ამ კურსებმა პროფესორთა და სტუდენტთა მზარდი რიცხვი უკვე დააინტერესა.

ეჭვგარეშეა, სოციალიზმის მარცხმა და თავისუფალი ბაზრის პოპულარობის ზრდამ განაპირობა, მიზესი მე-20 საუკუნის მიწურულს გავლენიანი მეცნიერი რომ გახადა.

წყარო:

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი VI.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button