ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – გუგული

– ოთარ, გენაცვალე, ჩემმა ბიჭმა, პაატამ, პოლიტექნიკური დაამთავრა, ამასწინათ რომ შემპირდი, იქნებ შენთან მოაწყოო! – გაახსენა კოლეგამ სიმთვრალეში დანაპირები. რა გაეწყობოდა, ნათქვამია – პირობა კაცს ცოლს წაართმევსო! – დატრიალდა ბატონი ოთარი და კვლევით ინსტიტუტში, თავის ლაბორატორიში მიაღებინა მესამე კატეგორიის კონსტრუქტორად.
***
გუგული საკუთარ ბუდეს არასდროს აგებს, ამიტომ, კვერცხს, იმავე სახეობის ფრინველის ბუდეში დებს, რომელშიც თვითონ გაიზარდა.
***
ლაბორატოიის გამგე – ბატონი ოთარი, 65 წელს გადაცილებული კაცი იყო. მშრომელი, მცოდნე, თან ყველას უყვარდა. ამიტომ, პატივს სცემდნენ და პენსიაზე გასაშვებად ვერ იმეტებდნენ. ბატონი ოთარის ლაბორატორია, განყოფილებაში ყველაზე მოწესრიგებული და მეგობრული იყო.
მთავარი კონსტრუქტორი დათო, ძირითადად, ტექნიკური დავალებების შედგენით და პროექტების შემოწმებით იყო დაკავებული. კირკიტა ხასიათის პატრონს, ერთი შეცდომა არ გაეპარებოდა. განყოფილებაში ავტორიტეტით სარგებლობდა და ლაბორატორიის გამგის მოადგილედ ითვლებოდა.
წამყვანი კონსტრუქტორი ლევანი, ლაბორატორიის სული და გული იყო. დათოსგან მიღებული ტექნიკური დავალების მიხედვით, პრინციპიალურ სქემას ხაზავდა და სამონტაჟო ნახაზების შესრულებას მეორე კატეგორიის კონსტრუქტორს – ნათიას, ხოლო პანელის და პულტის ნახაზების შესრულებას, მესამე კატეგორიის კონსტრუქტორს – ლიკას ავალებდა.
***
გუგულის კვერცხიდან, მასპინძელი ფრინველის კვერცხზე ადრე იჩეკება ბარტყი, რომელსაც ინსტინქტი დაჰყვება – გამოუჩეკავი კვერცხები ბუდიდან გადმოყაროს.
***
ახლადმიღებული პაატა, ბატონმა ოთარმა, ლევანს ჩააბარა. პაატა ნიჭიერი ბიჭი გამოდგა. ჯერ, პანელის და პულტის ხაზვით დაიწყო, მერე სამონტაჟო სქემებზე გადავიდა. ექვს თვეში, უკვე პრინციპიალურ სქემებს ხაზავდა და ექსპერიმენტულ საამქროშიც ჩადიოდა საცდელი დანადგარების გასაშვებად. მალე, მეორე კატეგორიის კონსტრუქტორად დააწინაურეს და, კიდევ ცოტა ხანში, პირველი კატეგორიის კონსტრუქტორად გადაიყვანეს. ლიკასთან რომანი გააბა, ნათიას დაუმეგობრდა, ლევანთან დაძმაკაცდა.
– ბიჭო, ოჯახი გყავს, მეორე სამსახურს რატომ არ იშოვი, შენს საქმეს მე მივხედავო?! – დახმარება შესთავაზა პაატამ ლევანს. ლევანს რჩევა ჭკუაში დაუჯდა, შეთავსებით მეორე სამსახური იშოვა და ლაბორატორიაშიც ორი საათით თუ შემოირბენდა. პაატა წამყვან კონსტრუქტორად დააწინაურეს. დათოს მიერ უკვე შემოწმებული ნახაზების გადაკეთება დაიწყო. ბოლო დროს, საამქროში ჩაშვებული ყველა დანადგარი არასწორად მუშაობდა და ყველაფერი დათოს ბრალდებოდა. “ბრაკოდელი” შეარქვეს და მთელი განყოფილების დასაცინი გახდა.
– დათო, დალევ რამესო? – ჰკითხავდა პაატა.
– ჰო, რა ვიციო?! – უპასუხებდა დაბნეული დათო. დანარჩენებს დაპატიჟებდა. თუ იკითხავდნენ
– დათო რატომ არ არისო?
– მე დავპატიჟე, მაგრამ არ გვიკადრაო! – პასუხობდა. ბატონ ოთარს თამადად აირჩევდნენ, კარგად იქეიფებდნენ, დათოზე იშაყირებდნენ.
– ბატონო ოთარ, “ბრაკოდელი” დავითა თქვენი საყრდენიაო? შეუცვლელიაო? ბურჯიაო? – წკეპლას მოიქნევდნენ ბატონი ოთარისკენაც.
– გუშინ გიქეიფიათ, რატომ არ მითხარიო?! – დათო თუ ჰკითხავდა,
– ხომ გითხარიო?! – პასუხი მომზადებული ჰქონდა.
– ერთი დათოს დედაც, სულაც, გავუშვებ სამსახურიდანო! – ერთ საღამოს თქვა შეზარხოშებულმა ბატონმა ოთარმა და რადგან სიტყვის კაცი იყო, მეორე დღეს, დათოს სამსახურიდან განთავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. პაატა დააწინაურეს, დათოს ადგილზე დანიშნეს და ლაბორატორიაში, ვაკანტურ ადგილზე, მეგობრის მოყვანის ნებაც დართეს.
მოუხშირა პაატამ ქეიფების გამართვას. თვითონ, სასმელს წრუპავდა, სხვებს აძალებდა. მოსწონდა ბატონ ოთარს ახალგაზრდებთან ერთად ქეიფი და თამადობა, მაგრამ მეორე დღეს, ნაბახუსევზე უჭირდა სამსახურში გასვლა. პაატა კი, ზუსტად იმ დღეს ისეთ პრობლემას წააწყდებოდა, რომ განყოფილების გამგე – ბატონი როლანდი, იძულებული ხდებოდა თათბირი ჩაეტარებინა. რა თქმა უნდა, თათბირს, ბატონი ოთარის მაგივრად, პაატა ესწრებოდა.
– დაგვიბერდა ოთარიო! – ფხუკუნებდნენ თათბირის მონაწილეები.
– რას ამბობთ, ბატონი ოთარი შეუცვლელიაო! – პასუხობდა მათ პაატა. მეორე დღეს, ბატონი ოთარი ამ ამბავს იგებდა და სულ უფრო ენდობოდა და ემადლიერებოდა პაატას. მალე, ბატონმა ოთარმა, პენსიაზე გასვლაზე დაწერა განცხადება და ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე, თავის შემცვლელად, პაატა დაასახელა. არავის გაუპროტესტებია.
***
– დროებით, ჩემი მოვალეობის შემსრულებლად პაატას ვტოვებო – ერთ-ერთ თათბირზე გამოაცხადა ბატონმა როლანდმა და დამშვიდებული გულით, რომ პაატა ცუდს არაფერს იკადრებდა, შვებულებაში გავიდა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button