ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მწვერვალი

დიდი ხნის წინ, როცა ბრძენი კაცები კასრებში და გამოქვაბულებში ბინადრობდნენ, ერთ სოფელში ცხოვრობდა ღარიბი კაცი. ისეთი ალალი იყო, ჭიანჭველასაც კი, ფეხს არ ადგამდა. ლამაზი ცოლი ჰყავდა და როგორც ალალ-მართალი კაცების უმრავლესობას, მასაც, შიმშილით, კუჭი უხმებოდა.
მდიდარი მეზობელი ჰყავდა იმ ღარიბ კაცს, რომელსაც ფული იმდენი ჰქონდა, რომ არ იცოდა, სად წაეღო. ერთ დღესაც, ფულის სასესხებლად მიადგა ღარიბი მდიდარს, 10 მარჩილი სთხოვა. უარი არ უთქვამს მდიდარს, ასესხა. ერთ თვეში უნდა დაებრუნებინა, ვერ დაუბრუნა. ისევ მიადგა
– 10 მარჩილი კიდევ მასესხე და ერთ თვეში ერთად დაგიბრუნებო! – სთხოვა. უარი არ უთქვამს მდიდარს, ასესხა. ვერ დაუბრუნა, დამალვა დაიწყო. მდიდარმა კაცმა შეამჩნია, რომ ემალებოდა და სახლში მიადგა
– 20 მარჩილისთვის ნუ დაიმალები და ყოველ თვე, 10 მარჩილს მოგცემ. როცა ბევრ ფულს იშოვნი, მაშინ დამიბრუნეო!
გადმოდიოდა ყოველთვე მდიდარი მეზობელი ღარიბთან და ფულს უტოვებდა. დაფიქრდა კაცი, კითხვამ გააწვალა
– რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – პასუხი ვერავინ გასცა. მიასწავლეს
– თეთნულდის მთის ძირში ბრძენი ცხოვრობს, ყველაფრის მცოდნეა და მეცნიერი. თუ ეცოდინება, იმას ეცოდინებაო! – იმ ბრძენთან წავიდა ღარიბი კაცი. ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიარა და მიადგა თეთნულდს, რომელსაც მწვერვალი მოხუცის სპეტაკი თმასავით გასთეთრებოდა. მთის ძირში, გამოქვაბულიდან, მოხუცი კაცი გამოვიდა. ისეთი მოხუცი იყო, თეთრ თმაზე და წვერზე ხავსი მოსდებოდა.
– რა გაგჭირვებიაო?!
– ყოველთვე ფულს მაძლევს და, რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – ჰკითხა ღარიბმა კაცმა.
– ამაზე პასუხი ჩემს უფროს ძმას – მთის შუაწელის ბრძენს ეცოდინება – ჩემს ზემოთ ცხოვრობს, მაგრამ იქ ასასვლელად, ცოდვებისგან უნდა გათავისუფლდე. რა გამძიმებსო?!
– მაგ მუცელგასახეთქს, რამდენი ფული აქვს, რომ ჩემს თვიურ სამყოფს დაუნანებლად მაძლევს. ბოღმამ დამახრჩო, ძილი გამიკრთაო.
– დახმარების მიღება მანამდეა სასიამოვნო, სანამ სამაგიეროს გადახდის უნარი გაქვს.
მაგრამ, თუ დახმარება შენს შესაძლებლობებს გადააჭარბებს, მადლიერების მაგივრად სიძულვილს იწვევს შენში. დახმარება ბევრი მოსვლიაო – ტაციტუსის ნათქვამი გაიხსენა ბრძენმა.
გაეხსნა გონება ღარიბს. სახლში წამოვიდა. ბოღმა გაიქარვა. მდიდარ მეზობელთან გადავიდა
– მაგ ფულის სანაცვლოდ, შენი მამულის მოვლა-პატრონობაში დაგეხმარებიო! – შესთავაზა. გაიხარა მდიდარმა კაცმა, მიიღო დახმარება, მაგრამ…
– რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – კვლავ სტანჯავდა ღარიბს კითხვა.
მთის შუაწელის ბრძენთან წავიდა. ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიარა და მიადგა თეთნულდს, რომელსაც მწვერვალი მოხუცის სპეტაკი თმასავით გასთეთრებოდა. აუყვა აღმართს, შუაწელს რომ მიაღწია, გამოქვაბულიდან მოხუცი კაცი გამოვიდა. ისეთი მოხუცი იყო, თეთრ თმაზე და წვერზე უფრო მეტი ხავსი მოსდებოდა, ვიდრე მთის ძირის ბრძენს.
– რა გაგჭირვებიაო?!
– ყოველთვე ფულს მაძლევს და, რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – ჰკითხა ღარიბმა კაცმა.
– ამაზე პასუხი ჩემს უფროს ძმას – მთის ბექობის ბრძენს ეცოდინება – ჩემს ზემოთ ცხოვრობს, მაგრამ იქ ასასვლელად ცოდვებისგან უნდა გათავისუფლდე. რა გამძიმებსო?!
– ვეხმარები, ბევრს ვმუშაობ და თვეში 10 მარჩილზე მეტს არ მაძლევს, ბოღმამ დამახრჩო, ძილი გამიკრთაო!
– შენ სიხარბე მოგძალებია. თვითონ ხომ არ უთხოვია დახმარებაო?
გაეხსნა გონება ღარიბს. სახლში წამოვიდა. ბოღმა გაიქარვა. მდიდარ მეზობელთან გადავიდა
– რაც დაგეხმარე, მეზობლური იყო, ამის მერეც უანგაროდ დაგეხმარებიო! – შესთავაზა. გაიხარა მდიდარმა კაცმა, მიიღო დახმარება, მაგრამ…
– რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – კვლავ სტანჯავდა ღარიბს კითხვა.
მთის ბექობის ბრძენთან წავიდა. ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიარა და მიადგა თეთნულდს, რომელსაც მწვერვალი მოხუცის სპეტაკი თმასავით გასთეთრებოდა. აუყვა აღმართს, ბექობს რომ მიაღწია, გამოქვაბულიდან მოხუცი კაცი გამოვიდა. ისეთი მოხუცი იყო, თეთრ თმაზე და წვერზე უფრო მეტი ხავსი მოსდებოდა, ვიდრე მთის შუაწელის ბრძენს.
– რა გაგჭირვებიაო?!
– ყოველთვე ფულს მაძლევს და, რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – ჰკითხა ღარიბმა კაცმა.
– ამაზე პასუხი ჩემს უფროს ძმას – მთის მწვერვალის ბრძენს ეცოდინება – ჩემს ზემოთ, მწვერვალზე ცხოვრობს, მაგრამ იქ ასასვლელად ცოდვებისგან უნდა გათავისუფლდე, რა გამძიმებსო?!
– ასე მგონია, მდიდარ მეზობელს უნდა, ჩემი სახლ-კარი ხელში ჩაიგდოს, ბოღმამ დამახრჩო, ძილი გამიკრთაო!
– შენ ეჭვი მოგძალებია, თუ ასეთი მდიდარია, რასაც გაძლევს, იმაზე იაფად იყიდდა შენს სახლ-კარსო!
გაეხსნა გონება ღარიბს. სახლში წამოვიდა. ბოღმა გაიქარვა. მდიდარ მეზობელთან გადავიდა
– ჩემი სახლ-კარი შენთვის დამითმია, მაინც არ მაქვს შენახვის თავიო! – შესთავაზა. გაიხარა მდიდარმა კაცმა, მიიღო საჩუქარი, მაგრამ…
– რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – კვლავ სტანჯავდა ღარიბს კითხვა.
მთის მწვერვალის ბრძენთან წავიდა. ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიარა და მიადგა თეთნულდს, რომელსაც მწვერვალი მოხუცის სპეტაკი თმასავით გასთეთრებოდა. აუყვა აღმართს, მწვერვალზე რომ ავიდა, გამოქვაბულიდან მოხუცი კაცი გამოვიდა. ისეთი მოხუცი იყო, თეთრ თმაზე და წვერზე მთლიანად მოსდებოდა ხავსი.
– რა გაგჭირვებიაო?!
– ყოველთვე ფულს მაძლევს და, რატომ აკეთებს ამას მდიდარი კაცი, ჩემთვისო?! – ჰკითხა ღარიბმა კაცმა. ბრძენმა მწვერვალიდან გადმოახედა. იქიდან ხელისგულივით მოჩანდა ყველაფერი. აგერ, მისი სახლი. მისი საწოლი. საწოლზე მისი ცოლი იწვა, გვერდით მდიდარი კაცი მისწოლოდა.
– ვაიმე, ოჯახოო! – დაიყვირა და მწვერვალიდან უფსკრულში გადაეშვა.
– უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშიაო! – გზაში დაეწია მწვერვალის ბრძენის ხმა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button