ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – შვილი მომავლიდან

უსიამოვნო ხმაურმა გააღვიძა. ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ვერ მიმხვდარიყო, ასე რამ ააღელვა, თითქოს, არაფერი იყო უჩვეულო, თუმცა, გული ცუდს უგრძნობდა.
– იქნებ გადაიფიქროო?! – გარედან შემოესმა უცხო ხმა.
– ყველაფერი გადაწყვეტილიაო! – დედის ხმა იყო. გულზე მოეშვა. დაწყნარდა. ინსტინქტმა კარისკენ მიაბრუნა. ღია კარში უშველებელი მარწუხი შემოდიოდა. გვერდზე გახტა, კედელს შეეჯახა. მარწუხი გამოეკიდა, დაჭერას ცდილობდა. ყვიროდა, შველას ითხოვდა, მაგრამ მისი ყვირილი არავის ესმოდა. ბოლოს, მარწუხმა კედელთან მიიმწყვდია, მთელი ძალით ბეჭებზე მოუჭირა…
***
– შენი შვილი გაიცანიო! – უთხრა ხმამ სიბნელიდან.
– მე შვილი არ მყავსო! – უპასუხა ქალმა.
– ის შენს წინ დგასო! – უთხრა იგივე ხმამ. ქალმა მხედველობა დაძაბა. მის წინ, 40-ოდე წლის უცხო მამაკაცი იდგა. სახეს დააკვირდა და შიშისგან უკან გადახტა – საკუთარი ახალგაზრდობის ანარეკლი შემოჰყურებდა.
– ნუ გეშინია, დედა, შენი შვილი ვარო! – უთხრა უცხო მამაკაცმა.
– აქამდე სად იყავიო? – ჰკითხა ქალმა.
– რაც ერთმანეთს დავშორდით, აქ ვცხოვრობ, მაგრამ სულ შენ გვერდით ვიყავიო! – უპასუხა შვილმა.
***
ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვაო, მეგიზე არ გავრცელებულა, რადგან მისი კვერი ადრე გამოცხვა, და ისიც კუტი – 20 წლით უფროსმა, ლოთმა მეზობელმა მოიტაცა, საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა და, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის ცემა-ტყეპა, ქმრის უზენაეს მოვალეობად გაიხადა. ხვდებოდა ქმარი, რომ ცოლმა ვერ შეიყვარა, შვილიც არ გაუჩინა და ამიტომ, საღამოობით, ნაბახუსევზე დედის გინება და აყალმაყალი, დანის ტრიალით მთავრდებოდა. რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს – მეზობელთან დაიმალა.
***
– დედა, გახსოვს, მთვრალი მამაჩემი მოსაკლავად რომ დაგდევდა და მეზობელი თავისთან გმალავდა, ის ქალი, ჩემი აქაური მეგობრის დედა იყოო!
***
მეგი ქმარს გაექცა. ჯერ მეგობარმა შეიფარა, მერე ბინა იქირავა, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა და ქირა რითი უნდა გადაეხადა?! თავის თავთან დიდი ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტა ღამით ქუჩაში გასულიყო. ძველმანებში იპოვა ახალგაზრდობის დროინდელი მოკლე კაბა, მოკლე მაისური, შედგა მაღალ ქუსლებზე და ქუჩაში გავიდა. ტროტუარზე, ფეხებში რაღაც გაებლანდა. დაიხედა. საფულე ეგდო. ქუჩა ცარიელი იყო, საფულეს პატრონი არ ჩანდა. აიღო, ჯიბეში ჩაიდო. სახლში დაბრუნდა. გახსნა. საფულეში საჭმელზე ორი კვირის და ბინის ქირის სამყოფი ფული იდო.
***
– ძალიან რომ გაგიჭირდა, ღამით ქუჩაში გასვლა გადაწყვიტე და ტროტუარზე დაგდებული საფულე იპოვე, ის საფულე, ჩემი აქაური მეგობრის ძმამ დაგიგდოო!
***
გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა სამსახურის დაწყებაზე. არავინ გამოხმაურებია. შიმშილით კუჭი უხმებოდა. ისევ ქუჩაში გასვლა გადაწყვიტა, ოღონდ, ახლა სამათხოვროდ. შესაბამის ტანსაცმელს რომ ირგებდა, ტელეფონმა დარეკა – დიდ ორგანიზაციაში შესთავაზეს ბუღალტრის თანაშემწის ადგილი. სიხარულით დასთანხმდა.
***
– ბატონმა ტარიელმა რომ დაგირეკა და თავისთან სამსახურში მოგაწყო, ბატონი ტარიელი ჩემი აქაური მეგობრის მამააო!
***
გათხოვების ეშინოდა, ქმარი რომ გამოჩენილიყო, მოკლავდა. მერე გაიგო, რუსეთში წასულიყო ვითომ სამუშაოდ და იქ, მთვრალს, ქუჩაში დასძინებოდა, ზედ დაეთოვა და გაყინულიყო. გაზაფხულზე იპოვეს, ყინული როცა დადნა.
***
– ამას წინათ, მამაჩემი იყო მოსული, შემცივნებული იყო. მაღაროში დააწყებინეს მუშაობა – ცეცხლფარეშადო!
***
დაბერდა. გათხოვებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. თუმცა სამსახურში დადიოდა, მაგრამ სახსრების ტკივილმა შეაწუხა, მთელი ღამე კვნესოდა, თეთრად ათენებდა. შვილი მაინც დარჩენოდა, პატრონი ეყოლებოდა, შვილიშვილებში გაიხარებდა. ბოლო ერთი კვირა სახლიდან არ გასულა, თავის ლოგინში მიიცვალა მარტოსულად. მეზობლებმა დამარხეს სამადლოდ.
***
– ეჰ, დედი, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, მამაჩემის ჯიბრით, ჩემთვის დაბადებამდე სიკვდილი არ მოგესაჯაო!

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button