ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ხმა

ბავშვობიდან ჩამესმოდა მისი ხავერდოვანი, ოდნავ ბოხი, იდუმალების ბურუსით მოცული ხმა. – ის, ხან გმირი აივენჰო იყო, ხან ჯულიეტას სიყვარულით ანთებული რომეო, ხან ეჭვისგან განრისხებული ოტელო, დედის გამბახებელი ოიდიპოსი, გვადი ბიგვა, მეფე გიორგი, თარაშ ემხვარი, არსენა მარაბდელი, მამელუქი, პლატონ სამანიშვილი და კიდევ, ვინ მოთვლის… თითოეული სიტყვა, თითოეული ბგერა სხეულის გავლით სულში აღწევდა, ცარიელ ადგილს პოულობდა და იქ იბუდებდა. რა იყო ეს ხმა, მთელ ერს რომ იპყრობდა, ერთი საათით რადიოს მიაჯაჭვებდა და გადაცემის შემდეგ მისი სიტყვებით ალაპარაკებდა?!
მეც შევდიოდი ნაწარმოებში, მისი გმირი ვხდებოდი, მისი ხმით ვლაპარაკობდი. სახე კი, საკუთარი არ ჰქონდა, მრავალსახიანი იყო – აბჯარში ჩამჯდარი გმირი აივენჰო; ლამაზი, მოსიყვარულე, და ამავე დროს, ცოლისძმის, ტიბალტის განმგმირავი რომეო; ეჭვით შეპყრობილი, გაცოფებული ხარივით მქშინავი, ჩასისხლანებულთვალებიანი ოტელო; თვალებდათხრილი, ხელების ცეცებით მოარული ოიდიპოსი; გაიძვერა გვადი ბიგვა, კაცის მკვლელი, კაცი რომ გახდა; დაუნდობელი მეფე გიორგი, ხის ფესვებისა რომ ეშინოდა; თამარის ნახვის სურვილით, ენგურის ტალღებში გადაშვებული თარაში; თავისუფლებისთვის მებრძოლი არსენა; პირამიდებთან, ნაპოლეონის არმიასთან შეჭიდებული მამელუქი; ბერწი დედინაცვლის საძებნელად წასული პლატონ სამანიშვილი და კიდევ, ძალიან ბევრი…
***
დილით ადრე ადგა. პირი დაიბანა, ტანთ ჩაიცვა, ისაუზმა და დაიწყო საბოლოო რეპეტიცია – მაგნიტოფონთან ტექსტის კითხვა. ხელში წამზომი დაიჭირა, რომ ეშხში შესულს დრო, არ გაქცეოდა. მაგიდაზე ჭიქით წყალი დადგა. შესავალი დიდი არ ჰქონდა
– მოგესალმებით, ისევ შევხვდით ერთმანეთს გადაცემა “ლიტერატურულ საათში”. დღეს დავიწყებთ დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას რომან “დიდოსტატის მარჯვენასო”
– სწორედ იმ წელს, როცა გიორგის ბრძანებისამებრ, სამი ეკლესია მოათავა ფარსმან სპარსმა სამცხეში, საქართველოს ჭილყვავი შემოესიაო… კითხულობდა და ირგვლივ აღარაფერი არსებობდა, ვერაფერს ხედავდა, გარდა წამზომის ისრებისა და მაგნიტოფონის მბრუნავი ბაბინებისა. ხანდახან წყალს მოსვამდა, პირს გაისველებდა.
– … იმ შაბათს, მწუხრის ლოცვა განგებ გააგრძელა კათალიკოსმა. მოსაბოდიშებელი მზად ჰქონდა: აღაპები დაგვიგროვდა და მწუხრის შემდეგ გვიანხლებას მოვერიდეო. – დაასრულა კითხვა. მსმენელს მეორე დღემდე დაემშვიდობა. წამზომს დახედა. მაგნიტოფონი გადაახვია, თავიდან ჩართო. ნეტარებაში ჩაიძირა. კარგი გამოვიდა. ჯერ არ ყოფილა, არ მოსწონებოდა. ბინიდან გამოვიდა, კიბეები ჩაიარა, ქუჩაში ტაქსი გააჩერა და რადიომაუწყებლობაში წავიდა.
***
რადიომაუწყებლობის პრველ არხს, ლენინის ქუჩაზე მდებარე ტელევიზიის შენობაში, მეორე სართული ეკავა. აქედან ხდებოდა რადიოსიგნალის ანძაზე გადაცემა. იქიდან კი, 1600მ სიგრძის რადიოტალღის საშუალებით, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება.
თავის ოთახში შევიდა. მაგიდაზე დახვავებულ თაყვანისმცემელთა წერილებს წამოავლო ხელი და წაუკითხავად ჩაყარა ნაგვის ურნაში. სტუდიაში გავიდა. მიკროფონთან დაჯდა, ყურსასმენები ჩამოიცვა და ოპერატორის ხელის ჩამოქნევისთანავე კითხვა დაიწყო. მისი გადაცემა ყოველთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მსმენელს ჩანაწერს არ აკადრებდა. ერთი ასო არ შეეშლებოდა, ერთხელ ტაქტიდან არ ამოვარდებოდა. როლებში შესული, ხელებს იქნევდა. ხან მბრძანებელი მეფე გიორგი იყო, ხან ახალგაზრდა კონსტანტინე არსაკიძე, ხან კდემამოსილი მელქისედექ კათალიკოსი და ხანაც, სახედაღრეჯილი და ცბიერი ფარსმან სპარსი… კითხვა დაასრულა, მსმენელს დაემშვიდობა.
– ტელევიზიის საბავშვო გადაცემის რეჟისორი იყო ჩამოსული, შენ გკითხულობდაო! – უთხრა ოპერატორმა. ერთი სართულით მაღლა ავიდა და საბავშვო გადაცემების განყოფილების უფროსთან შევიდა.
– შენ დაგაწინაურეს, ჩვენთან გადმოდიხარ, ახალ გადაცემას წაიყვან – ძილისპირულს, შესძლებო? – ესიამოვნა, დასთანხმდა.
– მაშინ, უკვე გადაწყვეტილია, გილოცავო! – უთხრა განყოფილების გამგემ, ხელი ჩამოართვა და სელექტორით რეჟისორი გამოიძახა.
– თოჯინა ზურიკოსთან ერთად წაიყვან გადაცემას. ეს ზღაპარი წაიკითხე და ჩაწერისთვის მოემზდეო! – დაბეჭდილი ტექსტი გაუწოდა რეჟისორმა. ტექსტს გადახედა. არ წაუკითხავს, “კომბლეს” ზღაპარი იყო, ზეპირად იცოდა. თვალებდაჭყეტილ თოჯინას მიუსვეს გვერდით, რომელსაც მაგიდის ქვეშ დამალული კაცი მართავდა და ახმოვანებდა.
ჩაწერამ კარგად ჩაიარა. რეჟისორს და ოპერატორს მოეწონათ.
– ამ საღამოსვე გავა ეთერშიო! – შეჰპირდნენ. კმაყოფილი წამოვიდა სახლში.
საღამოს, ტელევიზორი ჩართო. საქანაო სკამი ახლოს მიაჩოჩა, მოხერხებულად მოეწყო. მეორე სამამულო ომზე გადიოდა კინო, უკვე მთავრდებოდა. დამთავრდა. ძილისპირული დაიწყო. კამერამ ახლო ხედით მოიტანა და აი, ისიც! შერცხვა, თვალები დახუჭა, რომ თავისი თავი არ დაენახა. ხმაც ვეღარ იცნო, თითქოს გაბზარვოდა.
***
– ძია დავით, რა ზღაპარს მომიყვებიო? – ჰკითხა თოჯინა – ზურიკომ და წვრილ კისერზე შემოდგმული თავი მისკენ მიატრიალა.
– “კომბლეს” ზღაპარს მოგიყვები ზურიკოო! – და დაიწყო:
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებსა თლიდა და ჭერში აწყობდაო… – შემზარა – ეს პირმრგვალი კაცი იყო აივენჰო? დავიჯერო, ამ მობულულებული ტუჩებით უხსნიდა სიყვარულს რომეო ჯულიეტას? ამ ნავთის ბიდონივით დაჭეჭყილ, მელოტ თავზე ედგა გიორგის საქართველოს სამეფო გვირგვინი? ან, ახლომხედველის ლინზებიდან იყურებოდნენ ეჭვისგან გაცოფებული მავრის ჩასისხლიანებული თვალები?
– ჭირი – იქა, ლხინი – აქა,
ქატო – იქა, ფქვილი – აქაო! – დაასრულა ზღაპრის კითხვა.
– ოჰ, როგორ მეძინებაო! – ისე დაამთქნარა ზურიკომ, ლამის თავი კბილებში გადაეხსნა.
***
ღამით ვერ დაიძინა, სირცხვილი სტანჯავდა. ნანობდა. აქამდე ეგონა, რომ კაცი იყო – სასიამოვნო ხმით. თურმე, ხმა ყოფილა – უსიამოვნო გარეგნობით.
– ტელევიზიაზე უარს ვიტყვი და ისევ რადიოში დავბრუნდებიო! – მტკიცედ გადაწყვიტა. ცოტა გულზე მოეშვა, ჩაეძინა. დილით კანკალმა გააღვიძა. მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. სამსახურში ვერ წავიდა. შუადღით რადიომიმღები ჩართო. კონსტანტინე გამსახურდიას რომან “დიდოსტატის მაჯვენას” გაგრძელებას, სხვისი ხავერდოვანი ხმა კითხულობდა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button