ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – წერილი

– ნათელა, მაღარიჩი თქვენზეა, ბიძაჩემის, სააგენტოს კარადის ქვეშ, შენი მამამთილის, გიგოს, ომიდან გამოგზავნილი წერილი ვიპოვნეო! – სამკუთხედად დაკეცილი წერილი გაუწოდა მეზობელმა.
***
გიგო და სააგენტო, როგორც იტყვიან, “ტრუსიკის მეგობრები” იყვნენ. გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობდნენ და სკოლაშიც, ერთ კლასში სწავლობდნენ. რატომ გიგოო? – იმიტომ, რომ ვიღაც წინაპარს ერქვა ეგ სახელი. აი, “სააგენტო” კი, მართალია წინაპარს არა, მაგრამ ვისაც ერქვა, ყველას დიდი პატივით მოიხსენიებდნენ: – ინგლისის სააგენტომ გადმოსცაო, გერმანიის სააგენტოს ცნობითო, ამერიკის სააგენტოზე დაყრდნობითო!
მზეში, ქარში, წვიმაში, თოვლში, დილაადრიანად, ქალამნებით, ერთად მიტანტალებდნენ სკოლაში, ერთ მერხთან ისხდნენ და შუადღით უკან მოტანტალებდნენ. გაკვეთილებსაც ერთად ამზადებდნენ და საღამოსაც ერთად მოერეკებოდნენ ნახირიდან დაბრუნებულ ძროხებს, სოკოზეც ერთად დადიოდნენ ტყეში, ფეხბურთშიც ერთად იცავდნენ სოფლის ღირსებას, ბალსაც ერთად იპარავდნენ კოლმეურნეობის ბაღიდან და მეველეც, თუ წაასწრებდა, ორივეს წყვილად აგინებდა დედებს. გოგოც ორივეს ერთი მოსწონდათ – თავიანთი კლასელი ციცინო. რაც დრო გადიოდა, მოწონება სიყვარულში იზრდებოდა, მაგრამ მათ მეგობრობას ეს ხელს არ უშლიდა, გოგონას მიანდეს არჩევანის გაკეთება.
რაიონში სამანქანო გზის გაფართოვება დაიწყეს. მთელი დღე ბათქა-ბუთქი გაუდიოდათ. დინამიტის აფეთქებით შლიდნენ კლდეს და მერე ნაშალი მიწა სატვირთოებით გაჰქონდათ. გიგო ამფეთქებლებს შეუჩნდა, “ცოცხალს” შეჰპირდა, და ცოტა ამონალი, ერთი დეტონატორი და პატრუქის ნაგლეჯი მისცეს. ამონალი შეახვია, დეტონატორი ჩაუდო, პატრუქი დაამაგრა, გამოსასმელ ბადეს წამოავლო ხელი და მტკვარზე გაიქცა დინამიტით თევზის დასაჭერად. გზაზე სააგენტო შემოხვდა, ისიც გაიყოლა. ბორანთან ჩავიდნენ. გიგო, გამოსასმელი ბადით, ცოტა ქვევით ჩავიდა. სააგენტო ბორნის კიდეზე გავიდა, მარცხენა ხელით დინამიტი დაიჭირა, მარჯვენათი ასანთი გაჰკრა, პატრუქს მოუკიდა, ასანთი ჯიბეში ჩაიდო, დინამიტი მარჯვენაში გადაიტანა, სასროლად მოემზადა
– ბიჭო, დროზე, მოკლე პატრუქი აქვსო! – დაუყვირა გიგომ, მაგრამ უკვე გვიანი იყო – აფეთქების ტალღამ უკან გადაისროლა. გონზე რომ მოვიდა და წამოდგა, დაინახა სააგენტო ხრიალებდა, ტანსაცმელს ცეცხლი ეკიდა და ხელი მაჯაში ჰქონდა მოწყვეტილი.
– ვაიმე, ძმაო, მოგკალიო! – დაიღრიალა გიგომ და დაბნეულმა, მოგლეჯილ მტევანს დაუწყო ძებნა. აზრზე მოვიდა, ძებნას შეეშვა. ბორნის კუთხეში ვედრო ეგდო. მდინარის წყლით აავსო და მიასხა. ცეცხლი ჩაქრა, მაგრამ მოგლეჯილი ხელიდან შადრევანივით ასხამდა სისხლი. ქამარი შეიხსნა, ხელზე გადაუჭირა, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო, ზურგზე მოიგდო და აღმართში აათრია. იქ, გზაზე, ცნობისმოყვარეები შეკრებილიყვნენ და დაბლა, ნაპირისკენ იყურებოდნენ. დააწვინეს სააგენტო საგზაოს სატვირთოზე და რაიონის საავადმყოფოში ჩაიყვანეს. შოკიდან გამოიყვანეს, მაჯის დარჩენილი ნაწილები მოაჭრეს, გაუკერეს და ორ კვირაში სახლში გამოწერეს. გიგო და ციცინო ყოველდღე მიდიოდნენ ავადმყოფის სანახავად, ამშვიდებდნენ, ართობდნენ, მაგრამ მათ ბედნიერ სახეებს რომ უყურებდა, ხვდებოდა, რომ საერთო ზრუნვამ გიგო ციცინოსთან დაახლოვა და სიყვარულის სასწორიც მისკენ გადაიხარა. გული სწყდებოდა, ერჩივნა, არ მისულიყვნენ სანახავად, მაგრამ არ იმჩნევდა.
ამასობაში სკოლაც დაამთავრეს და ცხოვრების გზაზე ფეხის შესადგმელად მოემზადნენ. გიგომ ტრაქტორის მართვის კურსებზე დაიწყო სიარული. მალე მართვის მოწმობა აიღო და კოლმეურნეობის ახალთახალ ტრაქტორზე შემოსკუპდა. სააგენტოს, სახელი შესაბამისი აქვსო და სოფლის ფოსტალიონის ჩანთა ჩააბარეს.
– ხომ შეიძლებოდა, მეც ტრაქტორისტი გამოვსულიყავიო?! – ფიქრობდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
გიგო და ციცინო შეუღლდნენ. მეჯვარედ სააგენტო წაიყვანეს და პირველი შვილი – ამირანიც მას მოანათვლინეს.
მეორეზე იყო ციცინო ფეხმძიმედ, ომი რომ დაიწყო. გაიწვიეს ომში გიგო. ჩააბარა ცოლ-შვილი სააგენტოს, მოიგდო ზურგჩანთა და რაიონის კომისარიატში გამოცხადდა. იქ, როგორც ტრაქტორისტი, სატანკო დივიზიაში გაამწესეს.
– ხომ შეიძლებოდა, ომში მეც გავეწვიეთო?! – ფიქრობდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
ყოველ კვირა მოჰქონდა სააგენტოს გიგოს წერილი. როგორც შეეძლო, გვერდში ედგა მეგობრის ოჯახს. თავის წილ პროდუქტს უნაწილებდა. მეორე, გოგო დაიბადა – ლამარა დაარქვეს.
1942-ის ზაფხულში, მტერი კავკასიონს მოადგა. გერმანელები მარუხის უღელტეხილის დაკავებას და სოხუმში შემოჭრას ცდილობდნენ. ამ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი გიგო სოხუმის ჰოსპიტალში გადაიყვანეს საოპერაციოდ. ერთ თვეში გამოწერეს და ორი კვირით სახლში გამოუშვეს. ამირანი უკვე ორი წლის იყო. აქამდე, ლამარა მარტო სურათში ჰყავდა ნანახი. მესამე დღეს სააგენტო გადმოვიდა:
– კომისარიატიდან შემოგითვალეს, თავისი ბარგით გამოცხადდესო! – აიღო თავისი ზურგჩანთა, გამოემშვიდობა ცოლ-შვილს და ჩავიდა კომისარიატში. სად წაიყვანეს, არავინ იცის. იმ დღიდან გიგოს წერილი აღარ მოსულა, მისი კვალი დაიკარგა.
– ჩემი გიგოსგან ხომ არაფერიაო? – ყოველდღე ეკითხებოდა ციცინო. უარყოფის ნიშნად, მძიმედ გადააქნევდა თავს სააგენტო. ისევ ეხმარებოდა, როგორც შეეძლო, მეგობრის ოჯახს. ისევ უყოფდა ყოველდღიურად ლუკმას.
გავიდა წლები. დამთავრდა ომი. დაიზარდნენ ამირანი და ლამარა. სააგენტო ისევ ფოსტალიონად მუშაობდა. ცოლი არ მოუყვანია, ომში დაღუპული ძმის შვილს ზრდიდა.
2002-ში გარდაიცვალა ციცინო.
– ჩემი გიგოსგან ხომ არაფერიაო? – სიცოცხლის ბოლომდე ეკითხებოდა სააგენტოს.
2005-ში სააგენტოც გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე ლუკმას უყოფდა მეგობრის ოჯახს.
***
ნათელამ სამკუთხედად დაკეცილი წერილი გაშალა – “ციცინო, როგორ ხარ, ამირანი და ლამარა როგორ მყვანანო?… ვნერვიულობ, უკვე მერამდენე წერილს გწერ და პასუხი არ მიმიღია. თუ აღარ მელოდები, ის მაინც გამაგებინე, რომ ცოცხლები ხართ. შენი გიგოო!”

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button