ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ბიზნესმენი

ამბობენ, ბიზნესმენს, თუ უნდა რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდეს, სამ რამეში უნდა დაემსგავსოს ზვიგენს.
***
ეს ის დრო იყო, როცა საქართველოში ყველაფერი მოიშალა. მაღაზიები გამოცარიელდა. პროდუქტი მხოლოდ ბაზარში იშოვებოდა და იმასაც ცეცხლის ფასი ედო.
ლაშა კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, მაგრამ რად გინდა, ხელფასი მანამდეც არ ყოფნიდა, მშობლების დახმარება რომ არა, ბავშვები შიმშილით დაეხოცებოდა, ახლა კი, ინფლაციას, მამამისის სამსახურის დახურვაც დაემატა. მამის “ნივაზე” დაჯდა და ტაქსაობა დაიწყო. იმ საგიჟეთში ეს ძალიან სარისკო იყო. მაინც გადიოდა ღამით სატაქსაოდ, მაგრამ სამხედრო ფორმიანებს რომ არ გაუჩერა, იმათ ავტომატის ჯერი მიუშვეს, დილით სამი ტყვია საბარგულში იპოვა და ერთიც სალონში, მიხვდა, რომ სიკვდილს გადაურჩა. ცხვარი შეუთქვა და საღამოს 6 საათის მერე, ავტომანქანა აღარ გაუყვანია.
ადრე, სამსახურში, ერთ ბიჭთან ძმაკაცობდა – ჯემალა ქისიევთან – კარგი ბიჭი იყო, მაგარი სპეციალისტი, სკოლაშიც ქართულად სწავლობდა და ინსტიტუტშიც. ოსური კი არა, რუსულიც არ იცოდა წესიერად, მაგრამ საქართველოში რომ ატყდა ამბები
– ოსები გამოვავლინოთ და საქართველოდან გავაძევოთ, როგორც ოსებმა გამოაძევეს ქართველებიო! – და სამსახურში ნაუცბათევად შექმნილმა ეროვნული მოძრაობის კომიტეტმა სამჯერ დაიბარა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა, მოკიდა თავის ცოლ-შვილს ხელი და ბესლანში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ვიღაც ადგილობრივებს “ჩაუსასტავდა” და არყის ჩამომსხმელ საამქროში დაიწყო მუშაობა.
– კარგად მოვეწყე, წამოიყვანე შენი ცოლ-შვილი და ჩამოდიო! – დაურეკა ლაშას.
– რომ ჩამოვიდე, მშობლები ვის დავუტოვო, დარდით დაიხოცებიან, თუ შეგიძლია, პროდუქტი ერგნეთში ჩამოიტანე, მე იქ დაგხვდები, თბილისში ჩამოვიტან, გავყიდი და ერთ კვირაში ფულს მოგაწვდიო! – შეთანხმდნენ, რამდენიმე რეისიც გააკეთეს. ოჯახმა ცოტა ამოისუნთქა, მაგრამ ერთხელ, ერგნეთიდან რომ მოდიოდა დატვირთული, შავშვებთან, ვიღაცებმა “ტროსი” გაუჭიმეს. გვიან შეამჩნია და ავტომანქანის მობრუნება ვერ მოახერხა, პირდაპირ მიადგა “ტროსს”. ფანჯრის აწევაც ვერ მოასწრო, “აბრეზკა” მიადეს, მანქანიდან გადმოაგდეს და ფეხით გაუშვეს სახლში. ავტომანქანა ერთი კვირის მერე იპოვა, თხრილში გადავარდნილიყვნენ და იქვე დაეტოვათ. რა თქმა უნდა, ერგნეთიდან წამოღებული პროდუქტი მანქანაში აღარ იდო. წამოათრია ავტომანქანა და სახლში დააგდო. ჯემალას დაურეკა
– ასე და ასე მომივიდა, არ შევირჩენ, ფულს შევაგროვებ და მოგაწვდიო!
– მაგაზე არ ინერვიულო, მოდი, გავაგრძელოთო! – უპასუხა ჯემალამ, მაგრამ ლაშამ არ ქნა
– სანამ ფულს არ გადაგიხდი, თვალებში ვერ შემოგხედავო!
ერთხელ, ღამით, მეზობელს ავტომანქანა მოპარეს. ქუჩაში აჩერებდა, თავისი ფანჯრების ქვეშ. ისე წაიყვანეს, ვერავინ გაიგო. მილიციაში რომ განაცხადა, იქ უთხრეს
– ჩვენ რა გიყოთ, შენი ავტომანქანა უკვე აზერბაიჯანში იქნება გადაყვანილი, სიგნალიზაცია რომ გქონოდა დაყენებული, ვერ წაიყვანდნენო! – ეს, ლაშამ რომ გაიგო,
– რა კარგი აზრიაო! – გაიფიქრა. დახაზა სქემა, იშოვა დეტალები, ააწყო სიგნალიზაციის ბლოკი. არ გაჭირვებია, რადგან ელექტრონიკის სპეციალისტი იყო, დეტალები კი, მშრალ ხიდზე, კაპიკებში იშოვებოდა. საცდელად, მეგობრის ავტომანქანაზე დააყენა. სიგნალიზაციამ კარგად იმუშავა, ჩავარდნა არ ჰქონია. ააწყო რამდენიმე სიგნალიზაციის ბლოკი, ეზოში, მამამისის ავტოფარეხიდან გამოიტანა რაც ნაგავი იყო და სახელოსნოდ გადააკეთა. დააბეჭდინა სავიზიტო ბარათები და პროფილაქტიკებში დაურიგა ავტომანქანის “ელექტრიკებს”. მათთან რომ მივიდოდნენ სიგნალიზაციის დაყენების მსურველები, ისინი კლიენტებს აძლევდნენ ლაშას სავიზიტო ბარათს და მასთან უშვებდნენ. ისიც, უყენებდა კლიენტს ავტომანქანაზე სიგნალიზაციას, ფულს ართმევდა და საღამოს 20%-ს აძლევდა გამომგზავნს. როგორც კი ფული ხელში მოიგდო, ჯემალას დაურეკა, ერგნეთში შეხვდა და ვალი დაუბრუნა.
საქმე კარგად წავიდა, რიგი დაუდგა. ვეღარ ასწრებდა სიგნალიზაციის ბლოკების აწყობას და მერე დაყენებას, ამიტომ, ბავშვობის მეგობარი გია და მისი ძმა დათო ჩართო საქმეში, რომლებიც მანამდე სახლში ისხდნენ და, უსაქმურობისგან, ყოველდღე სვამდნენ. თვითონ სიგნალიზაციის ბლოკებს აწყობდა, გია და დათო, ავტომანქანებზე აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ლაშას დაწყებული იყო, საწყისი ფული მან ჩადო, ფართიც მისი იყო და კლიენტებიც მისგან მოდიოდნენ, ფულს ძმაკაცურად, სამად ყოფდა.
თბილისში კიდევ ორი ძმა აყენებდა ავტომანქანებზე სიგნალიზაციებს. ლაშას შემოუთვალეს
– თუ გინდა, პრობლემები არ შეგექმნას, ამ საქმეს შეეშვიო! – ლაშა იმ ძმებიდან ერთ-ერთს შეხვდა, თითქოს მოილაპარაკეს, ერთიან ფასზეც შეთანხმდნენ, მაგრამ, ერთ ღამეს, ვიღაცამ ავტოფარეხს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. კიდევ კარგი, შიგნით ავტომანქანა არ იდგა, თორემ მაგარ ზარალში ჩავარდებოდნენ. კიდევ უნდოდა შეხვედრა, მაგრამ ძმებმა არ გაიკარეს. საქმის გაგრძელება სარისკო იყო. გია და დათო, ძველებურად, ლოთობას დაუბრუნდნენ. მარტო დარჩენლმა ლაშამ ხელი ჩაიქნია და ამ საქმეს შეეშვა.
მამამისის დამტვრეული “ნივის” გარემონტება გადაწყვიტა. სავალი ნაწილი დაზიანებული არ იყო, მაგრამ მარჯვენა მხარეს ფრთა და კარი იყო გასასწორებელი. გაიკითხა თუნუქის ხელოსნები, მაგრამ შესადუღებლად ზოგს კარბიდი არ ჰქონდა და ზოგს ჟანგბადი. ისევ გაუნათდა გონება
– ძალიან კარგიო! – თქვა და საქმეს შეუდგა. იყიდა ორი, 160 ვატიანი ტრანსფორმატორი, 100 მეტრი 0,4 მმ-იანი ტრანსფორმატორის სადენი. ქავთარაძის დასაწყისში, ახლა გუდვილი რომ არის, მაშინ ტროლეიბუსების ტრესტი იყო, რომლის ეზოშიც ტროლეიბუსის სპილენძის სადენების მთები იდგა. იქიდან წამოიღო მსხვილი სადენები და დაიწყო აწყობა. ორ დღეში წერტილოვანი შედუღების აპარატი მზად ჰქონდა, რომელიც პირდაპირ, 220 ვოლტიანი ქსელიდან იკვებებოდა. ორ, 2მმ-იან თუნუქის ფურცელს, ისეთი წერტილით ადუღებდა, რომ მათ დასაცილებლად “ზუბილა” და ჩაქუჩი იყო საჭირო. ხელოსანთან რომ მიიყვანა ავტომანქანა და თავისი გაკეთებული წერტილოვანი შედუღების აპარატი აჩვენა, ხელოსანი გადაირია
– ოღონდ ეგ მომეცი და შენს ავტომანქანას უფასოდ გავარემონტებ და შევღებავო.
***
ზვიგენს იმდენად მგრძნობიარე ყნოსვის რეცეპტორები აქვს, რომ ძალიან დიდ მანძილზე გრძნობს საკბილოს.
***
პირველ რიგში, ფირმა დაარეგისტრირა – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “იმპულსი”. დამფუძნებლები სამნი იყვნენ – ლაშა, გია და დათო, თანაბარი წილით. თავისი ბინის სარდაფში გამართა სახელოსნო. ელექტრულ ნაწილს თვითონ აკეთებდა, მექანიკურს – გია და დათო. კვირაში სამ ცალს ამზადებდნენ და კვირის ბოლოს, ლაშას “ნივით” მიქონდათ პროფილაქტიკებში გასაყიდად. მალე, წასვლა აღარ სჭირდებოდათ, კლიენტები თვითონ მოდიოდნენ. კასპის ელექტროსაწარმოში მიაგნო ტრანსფორმატორებს, ჩადიოდა და გარკვეულ რაოდენობას ყიდულობდა, მაგრამ ერთხელაც რომ ჩავიდა, ტრანსფორმატორები გაყიდული დახვდა – სპილენძად ჩაებარებინათ. სპილენძის სადენების მთებიც სადღაც გამქრალიყო. წერტილოვანი შედუღების აპარატების წარმოება გაჩერდა. გია და დათო ისევ სახლში ჩასხდნენ და არყით ინუგეშებდნენ თავს.
ლაშა ჯემალას დაუკავშირდა
– მანდ გამიგე, ტრანსფორმატორები და ტროლეიბუსის სპილენძის ხაზები თუ იშოვებაო?! – ერთ კვირაში ჯემალამ შემოუთვალა
– ერგნეთში ჩამოდი და გამოგატანო! ლაშამ გიას და დათოს დაუძახა
– ბიჭებო, მასალა ვიშოვე, ფულია საჭიროო!
– ფული არა გვაქვს და საერთოდ გავდივართ მაგ საქმიდანო! – უპასუხეს გიამ და დათომ. ირბინა, სესხება-სესხებით მოაგროვა ფული, ჩავიდა ერგნეთში, ქართულ ტრაილერში გადმოცალა მასალა და თბილისში ჩამოიტანა. სახლის გვერდით ავეჯის ფაბრიკა იყო. იქ იქირავა ფართი და მასალა დაასაწყობა. უკვე იწყებდა დამხმარეს ძებნას, გია და დათო რომ მოადგნენ
– მოდი, საქმე გავაგრძელოთო! – ბავშობის ძმაკაცები იყვნენ, მეზობლები, ერთად გაზრდილები. რა უნდა ექნა?!
– კარგი, ოღონდ ყოველი თვის ბოლოს, მოგების ნახევარი გავიყოთ, მეორე ნახევარი, ბიზნესის განვითარებისთვის გადავდოთო! – განაახლეს საქმე, ისევ დაუდგათ რიგი. მალე, ლითონის საჭრელი დანადგარი იყიდეს, მერე წნეხი – სპილენძის ელექტროდების დასაწნეხად, ავტომატური სახვევი – პირველადი სადენების დასახვევად.
“იმპულსის” დირექტორად ლაშა დაინიშნა. წარმოების უფროსი მიიღეს, ბუღალტერი და მომმარაგებელი. მუშა პერსონალი დაიქირავეს დანადგარებზე სამუშაოდ. გია და დათო მარტო ფულის ასაღებად მიდიოდნენ წარმოებაში, დანარჩენ დროს, ან სახლში ისხდნენ და კონიაკით ებრძოდნენ უსაქმურობას, ან კიევში მიფრინავდნენ, უკრაინელ გოგოებთან გასართობად. ბინები იყიდეს, ახალი მანქანები დაიყენეს.
დაინახა ლაშამ, რომ საწარმოს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე წერტილოვანი შედუღების აპარატები. მუდმივი დენის რკალური შედუღების აპარატების გამოშვება დაიწყო. მერე “კემპის” აპარატი დააპროექტა და წარმოებაში ჩაუშვა. ვოლფრამის ელექტროდებიანი ფერადი ლითონების შესადუღებელი აპარატი გამოუშვა. ვაჟაზე, პირველ სართულზე იქირავა ფართი და შედუღების აპარატების მაღაზია გახსნა.
***
ზვიგენი სულ მოძრაობს. მას ისე აქვს ლაყუჩები მოწყობილი, რომ თუ გაჩერდა, დაიხრჩობა.
***
აქამდე, გია და დათო, თუ თვის ბოლოს მიდიოდნენ საწარმოში და კუთვნილს იღებდნენ, მერე თვეში ორჯერ, ან სამჯერ დაადგებოდნენ თავზე მოლარეს და სეიფს უსუფთავებდნენ. ითმინა ლაშამ, ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ და წყენინება არ უნდოდა
– ალბათ, რაღაცაზე დასჭირდათ და მერე ანგარიშს გაასწორებენო! – მაგრამ, რომ აღარ გაჩერდნენ, ბოლოს, დაუძახა და უთხრა
– ორგანიზაციაში სამოძრაო ფული აღარ რჩება, რამდენიც გეკუთვნით, იმაზე მეტს ნუ იღებთო!
– შენ ვინ ხარ, ფულს რომ გვინაწილებ? თუ ბევრს იხტუნავებ, ხმათა უმრავლესობით, გაგათავისუფლებთ დირექტორობიდანო! – უთხრეს გიამ და დათომ.
დაფიქრდა ლაშა, ან ბიზნესი უნდა დაეთმო, ან ძმაკაცები და ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ბიზნესის დათმობა არჩია. გადაუფორმა გიას და დათოს თავისი წილი და წავიდა ახალი ბიზნესის დასაწყებად.
***
ზვიგენს, მეგობრები არ ჰყავს.
***
ერთ წელიწადში, “იმპულსს” დიდი ვალები დაედო და დაიხურა.
– ხედავ, თვითონ თავს უშველა, ნაყინის საწარმოთი მილიონებს შოულობს, წამგებიანი ბიზნესი კი, ჩვენ დაგვიტოვაო! – წუწუნებდნენ გია და დათო.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button