ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ნაცარ ქექია

იყო, და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ნაცარა ერქვა იმ კაცს და ქექია იყო გვარად. ნაცარა იმიტომ დაარქვეს, რომ კურდღლის ტუჩი ჰქონდა, ცალი თვალი გვერდზე გაურბოდა და კურდღელივით მშიშარა იყო. ნაცარა, დღედაღამ ბუხართან იჯდა და ნაცარს ქექავდა. ძმებიც ჰყავდა ნაცარას – შმაგო და მახო. ისინიც ახლოს იყვნენ ნაცართან და ნაკვერჩხალთან – ტრასაზე ედგათ მაყალი. შმაგო ხორცს შამფურზე აცვამდა, მახო კი, შამფურზე აცმულ ხორცს მაყალზე ალაგებდა და მწვადებს წვავდა. ნაცარს კი, რიგრიგობით ქექავდნენ, რომ მწვადს სიმხურვალე თანაბრად განაწილებოდა და არ გამომშრალიყო. კლიენტებს, შმაგოს და მახოს საფირმო მწვადი მოსწონდათ და ამიტომ, მათ მაყალთან, მუდმივად ხალხი ირეოდა. საღამოს იქვე, გზისპირა მაღაზიაში შეიტანდნენ მაყალს, ერთ შამფურ მწვადს გამოიყოლებდმენ თავიანთი ბედოვლათი ძმისთვის და დაღლილები ბრუნდებოდნენ სახლში. სახლს კი – ერთ მინგრეულ, ხის ბოძებზე შემდგარ, ერთოთახიან, ყავრის სახურავიან, მამა-პაპურ ქოხს ეძახდნენ.
დილიდან გვიან საღამომდე მუშაობდნენ ძმები, რომ ფული შეეგროვებინათ და დიდი სახლი აეშენებინათ, თორემ ერთ ოთახში, სამ ძმას, ცოლები ვერ მოჰყავდათ. რამდენჯერმე უმცროსი ძმაც გაიყოლეს ტრასაზე, მაყალში ნაცრის საქექად, მაგრამ ნაცარას ხან დასცხა და მდინარეში ჩაწვა, ხან შესცივდა და გზისპირა მაღაზიაში შევიდა, ხან მოშივდა, ხან მოსწყურდა და მწვადი დაეწვა. მიხვდნენ ძმები, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა და შეეშვნენ.
ერთ საღამოს, სახლში დაბრუნებულ ძმებს სავარძელში მოკალათებული ნაცარა დახვდათ, რაღაც ეკრანით ხელში.
– ეგ რა არისო? – ჰკითხეს ძმებმა.
– ეს აიპადია, ნაცარქექიას აპლიკაცია ჩავწერე, ნაცარს ვქექავ და ქულებს ვაგროვებო! – უპასუხა ნაცარამ.
– საიდან გაქვსო!
– ვიყიდეო!
– რა მიეციო?
– 2300 ლარი, ბოლო მოდელიაო!
– ამას, ეტყობა, სახლისთვის დაგროვილი ფული დაუხარჯავსო! – იღრიალეს ძმებმა და ნაცარას გაეკიდნენ, მაგრამ რას დაეწეოდნენ, ისინი დაღლილები იყვნენ, ეს დასვენებული. გადაევლო ღობეს და ტრასისკენ მოკურცხლა.
– აქ აღარ დაგინახონ ჩვენმა თვალებმაო! – მიაძახეს ძმებმა.
ნაცარ ქექიამ, დევი ვერ იპოვნა, რომ კისერზე შეჯდომოდა და ქალაქში ჩასულიყო, ახლა სხვა დრო იყო და სულელი დევები ისე თავისუფლად ვეღარ დათარეშობდნენ, როგორც ადრე. ამიტომ ტრასაზე დადგა, ცერაწეული მარჯვენა ხელი გაიშვირა და ტრაილერით ჩავიდა ქალაქში “ავტოსტოპით”.
ქალაქში ჩასულ ნაცარას, ბინა სჭირდებოდა და, კიდევ, ჭამა. გადაშალა თავისი, დევების ეპოქაში კარაბადინს რომ ეძახდნენ და ახლა “აიპადი” ჰქვია და “გუგლში” აკრიფა სიტყვა “ბინა”. ამოყარა და რა ამოყარა, სულო და გულო – ფართის მიხედვით, ფასის მიხედვით, დროის მიხედვით და ოთახების რაოდენობის მიხედვით. აირჩია – ქალაქის ცენტრში, ოთხოთახიანი ბინა, მე-7 სართულზე, კარგი ხედით, ახლადგარემონტებული, ავეჯით გაწყობილი. დააწვა ჯადოსნურ ღილაკს და პირდაპირ ბინის პატრონთან გავიდა ზარი
– ალო, ბინის ქირაობის თაობაზე გირეკავთ, მე ნაცარა ვარო!
– ოხ, თქვენ აგაშენათ ღმერთმა, მობრძანდით ბატონოო! – რატომღაც, თავიდანვე სიმპათიით განიმსჭვალა მის მიმართ ბინის პატრონი.
– რამდენად აქირავებთო? – ჰკითხა ნაცარამ.
– 1200 დოლარად, მაგრამ თქვენთვის 1000 დოლარი ეღირებაო!
– წინასწარ რამდენი თვისა უნდა დაგიტოვოო? – ისე ჰკითხა ნაცარამ, თითქოს ჯიბე ასდოლარიანებით ჰქონდა სავსე.
– რას ბრძანებთ, თქვენისთანა კაცს, წინასწარ როგორ გადავახდევინებო?! – სიყვარულით დადნა ბინის პატრონი. შევიდა ბინაში ნაცარა, ბატონივით გაიარ-გამოიარა, მერე ჩაკეტა, ჩაიდო გასაღები ჯიბეში და “დეზერტირების” ბაზრისკენ გაემართა ლუკმაპურის საშოვნელად.
***
იყო, და არა იყო რა, იყო მეორე კაცი. ხუტა ერქვა იმ კაცს და კუნჭულია იყო გვარად, და რადგან ხუტა კუნჭულიას მაისური ეცვა, გულზე ხუთიანით, ხუთკუნჭულა დაარქვეს. რვა ძმანი იყვნენ კუნჭულიები მაგრამ არც ერთი არ მუშაობდა. იკითხავთ – მაშ რას ჭამდნენო?! – რას ჭამდნენ და, მიადგებოდნენ საუზმის, სადილის და ვახშმის დროს, ძმები, ხუთკუნჭულას მეთაურობით, მეზობლის – ბაყბაყ-დევის სახლს და უყვიროდნენ
– ბინძურო დევო, მყრალო დევო, ცეცხლად შეგერგოსო! – მანამდე უყვიროდნენ, სანამ დევი არ გაბრაზდებოდა და საჭმელს ფანჯრიდან არ მოისრდა. ძმებსაც ეგ უნდოდათ, დაავლებდნენ საჭმელს ხელს და სახლში მიაცუნცულებდნენ. მოვიდოდა დევი აზრზე, გაეკიდებოდა და უყვიროდა
– ცოტა საჭმელი მაინც დამიტოვეთ, ვკვდები შიმშილითო! – მაგრამ წუწკი ძმები რას დაგიდევდნენ დევის შიმშილს. იმდენი ქნეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დევი შიმშილით მოკვდა. დარჩნენ ძმები ულუკმაპუროდ, შიმშილით კუჭი უხმებოდათ.
– მოდი, ვინმეს მოჯამაგირედ დავუდგეთო! – გადაწყვიტეს და დაადგნენ ქალაქის გზას. ნაცარასავით, არც იმათ შეხვედრიათ გზაზე დევი, ამიტომ მატარებელს შეახტნენ და ისე ჩამოვიდნენ ქალაქში, ვაგზლის მოედანზე. მატარებლიდან ჩამოსულები, ხალხის ნაკადს გაჰყვნენ და “დეზერტირების” ბაზარში ამოჰყვეს თავი.
***
იყო, და არა იყო რა, იყო ორი ქოსატყუილა – შალიკო და პალიკო. შალიკო მთიელი მეცხვარე იყო, პალიკო – იმერელი მეტყევე. ერთხელ შალიკომ ჩაალაგა ტომარაში სიმინდის ფუჩეჩი, ზემოდან მოაყარა ცოტა მატყლი და წაიღო ქალაქში გასაყიდად. პალიკომ, ჩაალაგა ტომარაში ნაძვის გირჩები, წააყარა ზედ ცოტა თხილი და იმანაც ქალაქში წაიღო გასაყიდად. ნატახტართან შეხვდნენ ერთმანეთს.
– შენ რა გქვიაო?
– შალიკოო!
– რა მიგაქვსო?
– მატყლი მიმაქვს ქალაქში გასაყიდადო!
– შენ რა გქვიაო?
– პალიკოო!
– შენ რაღა მიგაქვსო?
– თხილი მიმაქვს, ჩემო ბატონოო! – უპასუხა პალიკომ.
– მოდი, გავცვალოთ, შენ მატყლი წაიღე იმერეთში გასაყიდად, მე თხილს წავიღებ მთაში და გავყიდი. დროც დაგვეზოგება და ქალაქში ცხოვრების ხარჯიცო! – შესთავაზა შალიკომ. შეთანხმდნენ, გაცვალეს ტომრები და წავდნენ ერთი მთისკენ და მეორე იმერეთისკენ, მაგრამ პალიკომ ვერ მოითმინა, წეროვანთან მოხსნა ტომარას პირი, ამოურია ხელი, ნახა, რომ მატყლის მაგივრად ტომარაში ფუჩეჩი იდო და დაბრუნდა უკან. შალიკომაც ვერ მოითმინა, მისაქციელთან მოხსნა ტომარას პირი, ნახა, რომ თხილის მაგივრად ტომარაში გირჩები იდო და ისიც დაბრუნდა უკან. ისევ ნატახტართან შეხვდნენ ერთმანეთს.
– ყოჩაღ ძამიკო, შენც, ჩემსავით მაგარი ყოფილხარო! – უთხრა პალიკომ შალიკოს.
– ჩემი ხელობაა, მთელი ცხოვრება ხალხს ვატყუებო! – უპასუხა შალიკომ პალიკოს.
– მოდი დავმეგობრდეთო! – შესთავაზა პალიკომ.
– დავმეგობრდეთო! – დასთანხმდა შალიკო. აიკიდეს ტომრები და ქალაქში ჩამოვიდნენ, “დეზერტირების” ბაზარში, თხილის და მატყლის გასაყიდად.
***
“დეზერტირების” ბაზრის გვერდით ქუჩა რომ ჩამოდიოდა, იმ ქუჩაზე იყო ერთი მაღაზია, რომლის ვიტრინაშიც, ხის ყუთებში დახარისხებული უამრავი სახეობის მცენარის თესლები იყო გამოფენილი. რა გინდოდა, სულო და გულო! – კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა, ქონდარი, ნიახური, საზამთრო, გოგრა და სხვა ურიცხვი და უთვალავი. მაგრამ მერე, სახეობები შემცირდა, შემცირდა, შემცირდა და ბოლოს მარტო აბრა დარჩა, ხოლო ვიტრინის შუშაზე გამოკრული განცხადება იუწყებოდა – “იყიდება, ან ქირავდება” და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი. ეს განცხადება მოხვდა თვალში ბაზარში მოსულ ნაცარას, დააძრო თავისი აიპადი, აკრიფა მითითებული ნომერი და პირდაპირ მაღაზიის მეპატრონეს დაელაპარაკა
– მე ნაცარა ვარ, თქვენი ფართი მჭირდება ოფისად და რამდენად მომაქირავებთო?
– მოვრიგდებითო! – უპასუხა მაღაზიის მეპატრონემ. მართლაც მორიგდნენ – თვეში 2000 დოლარად. ჩამოხსნა ნაცარამ ვიტრინიდან გაქირავების განცხადება და ახალი განცხადება გააკრა – “ვიღებ სამსახურში: ინტრიგნებს, აფერისტებს, მატყუარებს და მოძალადეებსო”. მოაწყდნენ სამსახურში მოწყობის მსურველები მაღაზიას, ხალხით გაივსო ქუჩა, მაგრამ ტესტებს, რომელსაც თვითონ ნაცარა ადგენდა, ყველა ვერ პასუხობდა. მესამე ტურის შემდეგ მარტო თერთმეტი კაციღა დარჩა: – თვითონ ნაცარა, რვა ძმანი კუნჭულიები, შალიკო და პალიკო.
***
იმ ქალაქში, მთაზე შემომდგარ ციხე-სიმაგრეში ცხოვრობდა დევი-უბაყბაყესი, დევების დევი და ქალაქის მბრძანებელი. უჭკვიანესი, უმდიდრესი და უძლიერესი, ტანად მცირე და ლოგიკა დახვეწილი. გარეთ რომ გამოდიოდა, მზეს ეშინოდა და ჩადიოდა, ამიტომ მისი დამნახავი არავინ იყო. თუ მისი სახელის ხსენება გინდოდა, ორივე ხელი მაღლა უნდა აგეწია, თვალები უკან გადაგეტრიალებინა და “ოოო!” აღმოგხდენოდა.
***
ააწყო ნაცარამ საქმე – იპოვნიდა აიპადში ვინმე ბიზნესმენს და პალიკოს გაგზავნიდა მოსალაპარაკებლად. მივიდოდა პალიკო ბიზნესმენთან
– ნაცარ ქექიამ შემოგითვალა, ბიზნესის წილში ჩამსვი, თორემ აგაოხრებო! – ბიზნესმენებს წაკითხული ჰქონდათ ნაცარქექიას ზღაპარი
– მაგან დევებს რა უყო, და ჩვენ რას გვიზამსო?! – ფიქრობდნენ ბიზნესმენები და შეშინებულები თანხმდებოდნენ. თუ არ დათანხმდებოდნენ, შალიკო მიადგებოდა მის სახლს და უწყებდა ყვირილს
– ხალხის შრომით გამდიდრებულო ბიზნესმენო, მუცელგასახეთქო ბიზნესმენო, წაეთრიე აქედანო! – თუ ესეც არ უშველიდა, მიდიოდნენ რვა ძმა კუნჭულიები, ხუთკუნჭულას თამადობით და ისე “დაამუშავებდნენ” ურჩ ბიზნესმენს, რომ “თავისი ნებით” უფორმებდა ნაცარას მთელ ქონებას. თუ ფული მოაკლდებოდათ და მოშივდებოდათ, წავიდოდნენ სამნი ძმანი კუნჭულიები – ხუთკუნჭულა, გიგილო და გივილო უბაყბაყესთან შემოწირულობის სათხოვნელად. გიგილოს თვალების გადატრიალება ეხერხებოდა, გივილოს – “ოოო!”-ს სათქმელად ჰქონდა პირი მოწყობილი, ხუთკუნჭულა კი – ორატორული ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მიადგებოდნენ უბაყბაყესის გალავანს, შეავედრებდნენ თავს უზენაესს და იღებდნენ სარჩო-საბადებელს.
ერთხელ, შალიკოს მოშივდა. ისუნსულა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. ბედად, კუნჭულიებიც ბიზნესების “ასახევად” იყვნენ წასულები. გადაწყვიტა შალიკომ, თვითონ მისულიყო უბაყბაყესთან და საჭმელი მოეთხოვა. მართლაც, მიადგა მის გალავანს, მაგრამ რადგან არც თვალების გადატრიალება ეხერხებოდა, არც “ოოო!”-ს სათქმელად ჰქონდა პირი მოწყობილი და მხოლოდ ყვირილი გამოსდიოდა კარგად, პირდაპირ შეტევაზე გადავიდა
– ხალხის შრომით გამდიდრებულო დევო, მუცელგასახეთქო დევო, წაეთრიე აქედანო! – გაგიჟდა უბაყბაყესი, სულ ცოფები ჰყარა. ნაცარა დაიბარა თავის ციხე-კოშკში. შეეშინდა ნაცარას, არ შემჭამოსო და არ მივიდა. უბაყბაყესმა, ქვეშევრდომები – იუსუფა და ალხანა გაგზავნა ნაცარას ოფისში, მაგრამ იქ ძმები კუნჭულიები დახვდნენ და სულ პანჩურების რტყმით გამოჰყარეს. მაშინ კი, გადაირია უბაყბაყესი დევთა-დევი, ღრიალით გამოვარდა გარეთ. მზე შეშინებული დაიმალა, უკუნი ჩამოწვა. ცაზე, ტყვიისფერ ღრუბლებში, ელვამ გაანათა და გამოჩნდა, ის, რომლის სახელია… ხალხი მუხლებზე დაეცა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აღმოხდა “ოოო!”
***
…და მართავდა ქალაქს, კიდევ დიდხანს, უბაყბაყესი. გვერდში აღარ ედგნენ იუსუფა და ალხანა, სამაგიეროდ ჰყავდა ირმისა, რომელიც, სხვები თუ წლობით იზრდებოდნენ, ის დღეობით იზრდებოდა.
“დეზერტირების” ბაზრის გვერდით კი, სადაც ცოტა ხნის წინ სიცოცხლე სჩქეფდა და “ახეული” ბიზნესების გადაფორმება მიმდინარეობდა, მაღაზიის ვიტრინის ზემოთ, მარტო აბრა დარჩენილიყო, რომელზეც, თეთრ ფონზე წითელი ასოებით ეწერა – “თესლები”.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button