ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მარიტა

ცირკის ჩამოსასვლელის მეორე მხარეს, შიშველი პრომეთეს ძეგლი რომ იდგა და მერე ბორჯომის პარკში გადაიტანეს, ხიდის თავში, სკამზე, მოკლე, წითელ კაბაში ჩაცმული, ძალიან გამხდარი შუახნის ქალი ქუჩისკენ ზურგით იჯდა და მტკვარს გადაჰყურებდა.
***
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ცხოვრობდნენ ოთარა და ნაზი ალადაშვილები. ხუთი შვილი ჰყავდათ – ხუთივე გოგო. მეექვსეზე იყო ნაზი ფეხმძიმედ. დანამდვილებით იცოდა ოთარამ, რომ ამჯერად ბიჭი იქნებოდა. სახელიც ჰქონდა შერჩეული – ნოდარა – მამამისის სახელი.
– ესეც რომ გოგო გამოვიდეს, მოვიჭრი, მაგის დედა ვატირეო! – ქეიფის დროს, ბიჭებთან დაიქადნა ოთარამ.
ბიჭის რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდთავა გოგო კი დაიბადა – ქეთო. წლინახევრისამ აიდგა ფეხი და პირველი სიტყვა სამი წლისამ წარმოსთქვა.
ვერ შეიყვარა ოთარამ ნაბოლარა შვილი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გოგო იყო, მეორე იმიტომ, რომ დიდთავა იყო და გავლა-გამოვლაზე თავში წამოუტყაპუნებდა ხოლმე, მესამე იმიტომ, რომ სიტყვა ვერ შეასრულა, ვერ მოიჭრა და ამიტომ სოფელში, “უნაკლო ოთარა” შეარქვეს.
გაიზარდა ქეთო. ტანი აიყარა, თავს დაეწია და პროპორციები შეავსო. “საძაგელი იხვის ჭუჭული” მშვენიერ გედად გადაიქცა: – თხელი, აშოლტილი ტანი; სწორი, წაბლისფერი თმა; ხორბლისფერი კანი; გადაკალმული წარბები; პატარა ცხვირი; ვარდისფრად შეფაკლული ლოყები; ლამაზი ტუჩ-კბილი, მოკლედ, სოფელში ამბობდნენ
– გოგლა ლეონიძის “მარიტა” გაცოცხლებულაო! – და ზედმეტსახელადაც მარიტა შეარქვეს. ისე შეეჩვია ამ სახელს, რომ ქეთოს დაძახებაზე აღარც იხედებოდა.
მარიტა, მართალია დიდი ჭკუით არ გამოირჩეოდა, ან როგორ იქნებოდა ჭკვიანი, რაც მაგას თავში ტყაპუნი ჰქონდა, მაგრამ მის სისულელემდე გულუბყვილობას მისი სილამაზე ანეიტრალებდა. თანატოლებში გამოირჩეოდა და მთელი სოფლის ბიჭებს თვალი მასზე ეჭირათ, რაც გოგოებში უკმაყოფილებას იწვევდა და აშკარად თუ ფარულად მტრობდნენ – მის გულუბყვილობას იყენებდნენ და ისეთ სიტუაციებს უწყობდნენ, რომ ყოველდღე ნამტირალევი მიდიოდა სახლში.
ერთ დღესაც, გაღიმებული მივიდა მარიტა სახლში. დედას მოუყვა
– ერთმა ბიჭმა მთხოვა მანქანაში ჩავჯდომოდი და გავყოლოდი, ალიოშას გოგომ – ლალიმ მითხრა
– ნუ გეშინია, ჩემი მეგობარიაო! – ჩავუჯექი მანქანაში. იმან კიდევ
– ჟურნალის რედაქტორი ვარ, სტუდიაში წავიდეთ, შენი სურათი უნდა დავბეჭდო ჟურნალის გარეკანზეო! ამიყვანა ბინაში
– ჩემი სტუდიააო! – მერე მითხრა
– ცოლად მინდა მოგიყვანო, უნდა შეგამოწმო, ქალიშვილი ხარ თუ არაო! – მეც, ხომ ვიცოდი, რომ ქალიშვილი ვიყავი,
– შემამოწმეო! – ვუთხარი. შემამოწმა და რომ ნახა ქალიშვილი ვიყავი, დაწყნარდაო. გაგიჟდა ნაზი, შემოიკრა თავში ხელები. სახლში მისულ ოთარას მოუყვა.
– თავი მომჭერი, შე ძაღლიშვილოო?! – ნაჯახით გაეკიდა ოთარა. დაიწყეს მაგიდის გარშემო სირბილი. ნაზი კიოდა და მეზობლებს უხმობდა საშველად. ამ დროს, მათი სახლის წინ შავი “მერსედესი” გაჩერდა, იქიდან წარმოსადეგი მამაკაცი გადმოვიდა და სახლში შევიდა
– დაჯექიო! – უთხრა ოთარას. ისიც დაემორჩილა.
– შენს შვილთან ჩემი ბიჭი ყოფილა, ცოლად შერთვას არ აპირებს, თუ ბიჭი შეეძინება, 20000 დოლარს მოგცემ, თუ გოგო – 10000 დოლარს, ოღონდ ბავშვს მე წავიყვანო! – ყველა გაკვირვებული მისჩერებოდა მოსულს.
ცხრა თვე ცივ ნიავს არ აკარებდნენ მარიტას. ცხრა თვის თავზე გოგო შეეძინა. აიღო 10000 დოლარი ოთარამ, 2000 ლარი მშობიარობის საფასური დაამატებინა, ბავშვი გადასცა, მარიტას კი, ხელწერილი დააწერინეს, რომ ბავშვს არ მოითხოვდა.
სოფლის ბიჭები აღარ ასვენებდნენ მარიტას – ზოგი ცოლად მოყვანას პირდებოდა, ზოგი ფუფუნებას და ზოგიც – საქართველოს დედოფლობას. იჩხუბა ოთარამ, მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, ამოარტყა წიხლი
– ჩემთან ვეღარ იცხოვრებ, მარცხვენ სოფელშიო! – და სახლიდან გამოაგდო.
დაადგა მარიტა ქალაქის გზას, ავტობუსით ჩამოვიდა თბილისში, ვაგზლის მოედანზე. ფული არ ჰქონდა, რომ ღამის გასათევი ეშოვნა და ამიტომ ქალაქში დაიწყო სეირნობა. თამარ მეფის გამზირს ჩაუყვებოდა გმირთა მოედნამდე და მერე უკან ამოუყვებოდა. ცირკთან “ოპელმა” წაუჩერა
– რამდენი გინდაო? – ჩაწეული ფანჯრიდან ჰკითხა მძღოლმა.
– რაო? – დაიბნა მარიტა.
– ფული რამდენი გინდაო?
– არ ვიციო! – სულმთლად გაშტერდა.
– კარგი, დაჯექი, მოვრიგდებითო! – უთხრა მძღოლმა, გადაიწია და მარჯვენა კარი გაუღო.
– ალბათ, ასეა საჭიროო! – მარიტა არც დაფიქრებულა, ისე ჩაჯდა. მძღოლმა მანქანა ცირკის ასასვლელში აიყვანა, მარცხენა მხარეს შეაყენა, შარვალი ჩაიწია და მარიტასაც უთხრა
– გაიხადეო!
– ალბათ, ქალაქის წესიაო! – გაიხადა მარიტამაც. მძღოლმა თავისი საქმე მოათავა, 5 ლარი მისცა
– ეს გამომართვი, გეყოფაო! – და მანქანიდან გადმოსვა. იმ ღამით კიდევ გაუჩერეს მანქანა. რომ ჰკითხეს
– რადენი გინდაო?
– 5 ლარიო! – უპასუხა მარიტამ. უკვე 10 ლარი ჰქონდა, ვაგზალზე დაბრუნდა, “დეზერტირების ბაზართან”, სასტუმროში. 5 ლარად იშოვნა ღამის გასათევი და მეორე 5 ლარი საჭმლისთვის დაიტოვა.
მეორე ღამესაც გაისეირნა თამარ მეფის გამზირზე, მესამე ღამესაც, და მერე, ყოველ ღამე სეირნობდა.
ერთხელაც ჯიპი გაჩერდა. მანქანას მინები დაბურული ჰქონდა და ნომრის მაგივრად “ბიცოლა” ეწერა. მძღოლის გვერდით მსუქანი ქალი იჯდა. ჩამოწეული ფანჯრიდან
– ჩაჯექიო! – უბრძანა მარიტას.
– მე კაცებთან ვმუშაობ, ქალები არ მაინტერესებსო! – შეეწინააღმდეგა მარიტა.
– აჰა, თუ კაცები გინდაო! – ორი ვერზილა კაცი გადმოხტა, მარიტა ოთხად დაკეცეს და მანქანაში შეაგდეს.
***
აბანოთუბანში, სანამ ჭრელ აბანოსთან მიხვალ, ხელმარცხნივ, გრიშაშვილის ქუჩაზე, “გულოს აბანოს” კუთხეში, კიდევ ერთი აბანო იყო. მერე დაანგრიეს და იმ ადგილზე სასტუმრო ააშენეს, მაგრამ მაშინ, სამსართულიანი შენობა იწონებდა თავს, ნაირ-ნაირ ფერებში მოციმციმე წარწერით – “პოსეიდონი”.
ცოლიანი თუ უცოლო, ხნიერი თუ ახალგაზრდა, თბილისელი თუ ჩამოსული, ნასვამი თუ ფხიზელი, ყველა მამაკაცი, ვისაც “ინსტრუმენტი” გამართულად უმუშავებდა და ავხორცობის ჟინი მოუვლიდა, “პოსეიდონში” იყრიდა თავს. იქ საბანაოდ არავინ მიდიოდა, ამიტომ საფასურის გადახდის შემდეგ, მოლარე, პირსახოცთან და საპონთან ერთად, ყოველი შემთხვევისთვის, ორ ცალ პრეზერვატივსაც გაწვდიდა. ამის შემდეგ, იწყებოდა ახალი ეტაპი – ქალის არჩევა.
– რა ღირს ქალიო? – შეეკითხებოდი კუთხეში მჯდომ ბებოს, რომელსაც როზა ბაბოს ეძახდნენ.
– მარიტა – 100, ლარისა – 70, დანარჩენები – 50 ლარიო!
– მარიტა მინდაო!
– მარიტას დააგვიანდება, ახალი შესულიაო!
– მაშინ, დაველოდებიო! – და ასე ელოდებოდნენ მარიტას რიგში ჩამდგარი კაცები. აუცილებლად VIP-ნომერი უნდა აგეღო მეორე სართულზე, რომელიც ორჯერ ძვირი ღირდა, თორემ ქვემოთ, ჩვეულებრივ ნომრებს, მარიტა არ ემსახურებოდა. ნომერში შესვლამდე, მესამე სართულზე, ბარში უნდა ასულიყავით, და გასაცნობად, შამპანურსა და შოკოლადზე დაგეპატიჟა.
ღამეების თენებამ, კაცების მომსახურებამ, სასმელმა და სიგარეტმა თავისი კვალი დაასვა მარიტას. 27 წლისამ “ინფლაცია” განიცადა, VIP-მომსახურებიდან გამოაგდეს და დაბლა ნომრებში ჩაუშვეს. ცოტა ხანში საერთოდ გამოუშვეს “პოსეიდონიდან”. საღამოობით გამოდიოდა პავლოვზე, ტაქსის ქირაობდა და იქ ელოდებოდა 30 ლარად კლიენტებს. მალე მუშაობა შეუმცირდა, მერე სულ გაჩერდა. ვაგზალთან გადავიდა, 10 ლარად ემსახურებოდა “დეზერტირების ბაზრის” გამყიდველებს. ბოლოს 5 ლარად, ცირკთან დაბრუნდა, ისევ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო მისი “კარიერული აღმასვლა”.
***
ამ ბოლო დროს, ის ქალი ვეღარ დავინახე პრომეთეს ძეგლთან ხიდის თავში მჯდომარე. მის ადგილას მოკლეკაბიანი და ქალის პარიკიანი ბიჭები ისხდნენ.
– აქ შუახნის გამხდარი ქალი რომ “მუშაობდა”, სად არისო? – ვკითხე მე.
– ა, მარიტა? დაბერდა, ვეღარ “მუშაობდა”, ჩვენ ვუყოფდით ლუკმას, ამბობენ, მტკვარში გადახტაო! – მიპასუხეს ქალის კაბაში გამოწყობილმა ბიჭებმა.
***
შობის ლიტანიობაზე ვიყავი ქაშვეთის ეკლესიაში. ერთმა, შავებში ღრმად მობურულმა, ძალიან გამხდარმა მონაზონმა მიიქცია ჩემი ყურადღება – მუხლმოყრილი, ანთებული კელაპტრით ხელში, წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხატთან აღავლენდა ლოცვას…
ღმერთო, ძლიერო, შეგვინდე ჩვენ, ცოდვილთ! ამინ!

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button