ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ბირჟა

თბილისის ქუჩებში, სადარბაზოს წინ გაწოლილი, თლილი ქვის საფეხური, ბირჟების აუცილებელ ატრიბუტს და დასაყრდენს წარმოადგენდა.
ჩემს ქუჩაზე, ოთხი ბირჟა იყო: – უსაქმურების ბირჟა – სადაც დღედაღამ სიცოცხლე სჩქეფდა და ქვის საფეხური მუდმივად დაკავებული იყო; “სტარიკების” ბირჟა – სადაც მეორე მსოფლიო ომს არჩევდნენ, ყველაზე მაგარ მანქანად “ვოლგა” ГАЗ-21 მიაჩნდათ და ბორის პაიჭაძის თამაშებს იხსენებდნენ; “შავების” ბირჟა – სადაც უბნის შავი საქმეები ირჩეოდა და მშრომელების ბირჟა – სადაც საღამოობით, სამსახურიდან მოსული, დაღლილი ბიჭები, ვახშმის შემდეგ, გვიან ღამემდე, სადარბაზოს წინ ქვაზე ჩამოსხდებოდნენ, ზოგიც იქვე ჩაიკუზებოდა და უყვებოდნენ ერთმანეთს ათას ჭორსა და მართალს – ფეხბურთზე, მანქანებზე, ვის ვინ უყვარდა, ვინ ვისთან დადიოდა…
***
სამველა ნერსესიანი და მუსა ბაბახანოვი, ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, ისევე, როგორც მათი მამები და სავარაუდოდ პაპებიც. სამველა, თბლისელი სომეხი იყო, მუსა – თბილისელი აზერბაიჯანელი. მუსა “ჟეშტიანჩიკი” იყო, სამველა – მანქანების “მალიარი”. საზიაროდ, იაფად, ყიდულობდნენ ნაავარიებ ჟიგულებს, არემონტებდნენ, “სპიდომეტრს” ჩამოჰყრიდნენ და “კუკლას”, საკმაოდ ძვირად ჰყიდდნენ გაჩიანის მანქანების ბაზრობაზე.
ირაკლი ამბობდა – მერე ანეკდოტად გავრცელდა, თორემ ამათ შეემთხვათო: – სამველას მუსა თავის ეკლესიაში წაუყვანია, უნდა მოგნათლოო! თავის მღვდელთან მისულა
– აზერბაიჯანელი ძმაკაცი მყავს და მონათვლა მინდაო!
– მოიყვანეო! – უთვამს მღვდელს.
– მაჰმადიანი რომ არისო?
– არა უშავს, მოიყვანეო!
– დაცვეთილი რომ აროსო? – არ შეშვებია სამველა.
– მაშინ, შენ კანი მოქაჩე, და მე “ავერლოკს” დავარტყამო! – უპასუხია გაბეზრებულ მღვდელს. არავინ იცის, დაარტყეს თუ არა მუსას “ავერლოკი”, რადგან სამველას და მუსას, ბირჟაზე, ამ თემაზე არ უსაუბრიათ.
ვალოდია პილიევი, თბილისელი ოსი იყო. დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა “კატაფალკაზე” მძღოლად. ერთხელ, ვალოდია, ქორწილში ყოფილა, კარგად დამთვრალა და წამოსვლისას ოჯახი უდღეგრძელებია
– გაიხარეთ თქვენი წილიმე, გამრავლდით! მე კიდევა, ღმერთმა ქნას, ამ ოჯახში ხშირად მოვიდეო!
– მოიცა, შენ “კატაფალკაზე” არ მუშაობო? – იცნო ერთმა.
– კიო! – მიცნესო, გაიხარა ვალოდიამ.
– მერე ვის სწყევლი, ვის ოჯახში აპირებ ხშირად მისვლასო?! – გაიგდეს ვალოდია წიხლქვეშ და რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცეს.
სამველა ყვებოდა:
– მე და ვალოდია ავტობუსით მივდიოდით, ვალოდიას ხურდა არ ჰქონდა და უბილეთოდ მოინდომა ჩასვლაო.
– ფული გადაიხადეო! – დაუძახა მძღოლმა.
– არა მაქვს, სენი წილიმეო! – უპასუხა ვალოდიამ.
– უხ, შენი მუქთა დედაო! – მძღოლის კაბინიდან გამოვიდა და წიხლი ამოარტყა მძღოლმა.
– სენი წილიმე, ერთიც ამომარტყიო! – სთხოვა ვალოდიამ.
– აჰაო! – ამოარტყა მძღოლმა მეორედ.
– სამველ, სენიც გადახდილიაო! – დაუძახა სამველას. ვალოდიამ სამველას მოყოლა აცალა, მაგრამ, მერე, ისეთი ამბავი აუტეხა
– ტყუილად რატომ მაბრალებ, გამკეთებლის დედაც და დამბრალებლისაცო! – რომ ბიჭებმა, ეს ამბავი, არ დაიჯერეს.
მერაბა კამკამიძე, მე-3 მასივში მუშაობდა, სათამაშოების ფაბრიკაში, ზეინკლად. მერაბი, ენაბლუ იყო და ამიტომ, ბირჟაზე, ხმას არ იღებდა, მარტო უსმენდა. უბანში, მერაბა, ყრუ-მუნჯი ეგონათ, არ ერიდებოდნენ და მისი თანდასწრებით ყველაფერს ჰყვებოდნენ. ამიტომ უბნის ამბებს ვერ გამოაპარებდი, ყველას საიდუმლო იცოდა. სახლში უყვბოდა ამ ამბებს თავის ძმას – ირაკლის, რომელიც შემდეგ, ბირჟაზე ახმოვანებდა.
ბავშვობაში, სოფელში, მერაბასთვის ჩაუბარებიათ კრუხი წიწილებით
– ყურადღებით იყავი, ქორმა არ წაიყვანოსო! მერაბას დასძინებია, ქორი მოფრენლა და სათითაოდ წაუსხამს წიწილები. სახლში მოსული მამამისი გადარეულა
– შე შობელძაღლო, ხომ გითხარი, ყურადღებით იყავიო!
– სსსანამ ერთ “ჰჰჰაუს” დდდავიძახებდი, ქორი სამ რრრეისს აააკეთებდაო! – თავი იმართლა მერაბამ. ოჯახში, მერაბა პურზე გაგზავნეს
– ერთი თეთრი პური მოიტანეო! – მერაბა მისულა პურის გამყიდველთან და
– ერთი თეთეთე….თეთეთე, შავი მომეცი მმმაგის დედაც ვვვატირეო!
მერაბას ძმა – ირაკლი, იმავე ფაბრიკაში მუშაობდა, რომელშიც თავისი ძმა, ოღონდ ჩემოდნების საამქროში – ჩემოდნის კუთხეებზე ამაგრებდა ლითონის დამცავებს. ირაკლი ახლომხედველი იყო და სქელ ლინზებიან სათვალეს ატარებდა, თან ქათმის ავადმყოფობა სჭირდა, საღამოს ბრმავდებოდა და თავის ძმას მიჰყავდა სახლში. დაავადების გამო, მართვის მოწმობას არ აძლევდნენ, თუმცა, მანქანებზე რომ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, მაგარი “რალისტივით”, ტრაბახით იკლებდა ბირჟას:
– ხოდა, გუშინ, პეტრიაშვილზე რომ ჩამოვდიოდი, ქვევით ინსპექტორი დავინახე, გადავრთე “ზადნიში” და 40კმ/სთ სიჩქარით ავედი უკანა სვლითო! – დაიტრაბახა ირაკლიმ.
– უკანა სვლით, ფეხით ახვედიო? – ეს მანქანაზე არავის უნახავს და რას გვატყუებსო?! – ბიჭებს მიუბრუნდა მუსა.
ვასო ბადალოვი, თბილისელი აისორი იყო, კუკიაზე მსახურობდა, სამხედრო ნაწილში – “პროპორშჩიკად”. სამხრეებს ორი პატარა ვარსკვლავი უმშვენებდა. ბიჭები დასცინოდნენ
– კონიაკს, ყოველ წელს, ვარსკვლავი თავისით ემატება, შენ რა მოგივიდა, ორ ვარსკვლავზე რომ გაიყინეო?!
ვასომ, ლაპარაკის დროს, სიტყვების გამეორება იცოდა მაგალითად, რამე რომ არ მოეწონებოდა, იტყოდა
– ეგ საქციელი კაცური-კაცური არ არისო!
ან კიდევ ყბედს მიმართავდა
– რამდენს ლაპარაკობ-ლაპარაკობო! – ამიტომ ვასოს – ვასო-ვასო შეარქვეს. ისე, სხვა მხრივ, ვასო-ვასოს სიტყვა, ბირჟაზე, ყველაზე მეტად ჭრიდა, ეჭვი არ შეჰქონდათ და შემდავებელიც არავინ ჰყავდა.
იოსება შათაშვილი, თბილისელი ებრაელი იყო, აი, ისეთი, 26 საუკუნე აქ რომ ცხოვრობდნენ, საქართველოს მზეს იფიცებდნენ და ქართულის მეტი ენა არ იცოდნენ. იოსება გლდანში მუშაობდა – ფეხსაცმელების საამქროში – რეალიზატორად. ერთხელ, “ლევი” ფეხსაცმელები გადაჰქონდა სატვირთო მანქანით. ინსპექტორს გაუჩერებია
– რა მიგაქვსო? – ჰკითხა.
– ფეხსაცმელები, დაგენაცვლეო! – უპასუხა იოსებამ.
– “ლევი” რამდენი გაქვსო? – დაინტერესდა ინსპექტორი.
– შვილებს გეფიცები, რამდენიც “ლევია”, იმდენი “პრავიაო”! – უპასუხა იოსებამ.
იოსება, დიდი მჭერმეტყველებით არ გამოირჩეოდა, არითმეტიკაშიც – ნოდარ დუმბაძის “დიდროსი” არ იყოს, ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის იყო გაჭედილი, მაგრამ, საკმარისი იყო, საქმე ფულის დათვლაზე მისულიყო, რომ ერთვებოდა დამატებითი ენერგია, გონება ეხსნებოდა, თითებს აათამაშებდა და გამომთვლელი მანქანა ხდებოდა.
თემურა ფეროიანი, თბილისელი ქურთი იყო. ნაგავტრესტში მუშაობდა – ნაგვის მანქანაზე. რომ ჰკითხავდი
– “ხალტურა” რა გაქვსო?
– ბოლო რეისი სახლში მიმაქვსო! – გიპასუხებდა. ერთხელ, უფროსს თემურას დაჩაგვრა მოუნდომებია – ხელფასზე 6 მანეთი დაუკლია.
– მომეცი ჩემი ექსი მანეთიო! – არ დაუთმო თემურამ.
– თქვი – “ექვსი” და მოგცემო!
– მომეცი ჩემი ექსი მანეთიო! – გაუმეორა თემურამ.
– ხომ გითხარი, თქვი – “ექვსი” და მოგცემო! – უპასუხა უფროსმა.
– მომეცი ჩემი ხუთი მანეთი, მანეთის დედაც ვატირეო! – იპოვა თემურამ გამოსავალი.
– ბიჭებო, თუ გინდათ, სიგარეტს მოგიტანთო! – შუაღამისას, თვალების ფშვმეტით შესთავაზებდა ბიჭებს თემურა, პასუხს არ დაელოდებოდა, ისე მიდიოდა, მაგრამ აღარ ბრუნდებოდა. მერე, ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ ბიჭები თემურას მოსაძებნად და აღარც ისინი ბრუნდებოდნენ. იხურებოდა ბირჟა მეორე დღის საღამომდე.
***
თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა ბირჟა, თბილისის ერთ ძველ უბანში. ცხოვრობდა, რომ სილამაზე შეეტანა თბილისელების ყოველდღიურ, ერთფეროვან ცხოვრებაში. ბიჭებიც არ ღალატობდნენ ბირჟას და საღამოობით, თლილი ქვის საფეხურზე ჩამომსხდრები, ახალ-ახალი ჭორების მოყოლით “ამაგრებდნენ”.
***
1989 წლის აპრილში, ტრიბუნიდან ვუყურებდი მიტინგს. თვალში მომხვდნენ, ამაყად მდგარი, ჩვენი ბირჟის ბიჭები: – სამველა, მუსა, ვალოდია, მერაბა, ირაკლი, ვასო-ვასო, იოსება, თემურა – მაღლა აწეული პლაკატით – “თბილისი თქვენთანაა!”

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button