ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – არჩევანი

საღამოს, სამსახურიდან გამოსული, სახლამდე, სანაპიროს გაუყვა.
***
უკვე ათი წელია, ასე დადის – მას შემდეგ, რაც ერთხელ, სიონის ტაძარში შეიარა. გაუბედავად შედგა ფეხი. სიმშვიდე იგრძნო. საკმევლის სურნელმა ცხვირში შეუღიტინა. ხარბად შეისუნთქა, ეამა. მარჯვენა ყურში ჩურჩულის ხმა ჩაესმა
– სამი სანთელი იყიდე, ერთი ღვთისმშობლის ხატთან დაანთე და ოჯახის ბედნიერება, მეორე – წმინდა გიორგის ხატთან და საქართველოს სიძლიერე, ხოლო მესამე – ჯვარცმასთან და მიცვალებულთა სულების სიმშვიდე შესთხოვეო! – მარჯვნივ გაიხედა, მხარზე თეთრებში ჩაცმული ანგელოზი აჯდა – თეთრი ფრთებით. გაშვერილი ხელით მიმართულებას უჩვენებდა.
ტაძრიდან გამოსულმა სიმსუბუქე იგრძნო, მოეწონა. ამას მოჰყვა ყოველ საღამოს სიონში შესვლა, მერე მოძღვრის არჩევა, მარხულობა, აღსარება, ზიარება… სამსახურიდან გამოსულს, თეთრი ანგელოზი მხარზე შეაჯდებოდა და არიგებდა, ცხოვრების ლაბირინთებში გზას ასწავლიდა, ბნელს უნათებდა. ღვთის შემწეობით, კარგი ოჯახი შექმნა, სამსახურშიც კარგად მისდიოდა საქმე, ყოველ წელს აწინაურებდნენ, დღესაც გაზრდილი ხელფასი აიღო.
***
ამჯერად მარცხენა ყურში ჩაესმა ჩურჩული
– მარჯვნივ გადაუხვიე, “შანგრილა” ნამდვილად მოგეწონებაო! – მიიხედა, მარცხენა მხარზე ჭრელფრთებიანი ანგელოზი აჯდა, მთლად ჭრელად მორთული. ტკბილი, შემპარავი ხმით უჩურჩულებდა
– ეკლესია და ლოცვა სად გაგექცევა, ჯერ აქ შევიდეთ და მერე ილოცეო!
– შენ ვინ ხარო? – ჰკითხა.
– მე მოციქული ვარო! – უპასუხა ჭრელმა ანგელოზმა.
– ვისიო?
– მბრძანებლისო!
– არ შეხვიდეო! – აწრიალდა თეთრი ანგელოზი, მაგრამ, მისი არც თეთრი სამოსი, არც სადა ფრთები და არც მბრძანებლური კილო აღარ მოეწონა, ხელი აუქნია.
ჭრელ ფერებში განათებულ შენობას წითლადმანათობელი ასოებით ეწერა – “სამორინე შანგრილა”.
– შეუშვით, ჩემთან არისო! – მიმართა ჭრელმა ანგელოზმა მცველებს.
– არ გაჰყვე, შეგაცდენსო! – შორიდან მოისმა თეთრი ანგელოზის გამკივანი ხმა.
შენობა სიგარეტის ბოლში გახვეულ, დიდ, უფანჯრო, უსარკო და უსაათო დარბაზს წარმოადგენდა. აქ დრო ჩერდებოდა, ჩრდილები იკარგებოდნენ, ანარეკლები ქრებოდნენ. ჩანდნენ მხოლოდ უჯიბო სამოსში გამოწყობილი კრუპიეები და ზოგი წაგების სევდით ჩამქრალი და ზოგიც მოგების სიხარულით ანთებული თვალები.
ჭრელმა ანგელოზმა სალაროსთან მიიყვანა
– ფული ამოიღე და ჟეტონები იყიდეო! – მარჯვენა მხარზე გადმოსულიყო.
– რამდენის ვიყიდოო?
– ხელფასი ხომ გაგეზარდა, რას კარგავ, რომც წააგო, გუშინდელზე უარესად არ იქნები, სხვაობით იყიდეო! – უთხრა ჭრელმა ანგელოზმა. 300 ლარის ჟეტონები იყიდა.
– მოდი, სათამაშო ავტომატებით დავიწყოთ, ამ ავტომატში ჩააგდე ჟეტონიო! – დაუჯერა, ჩააგდო, მოიგო…
გვიან ღამით გამოვიდა სამორინედან. 1400 ლარი ჰქონდა მოგებული. სახლში წავიდა. კმაყოფილი იყო. გზად სიონში არ შეუვლია. ძილში ჭრელი ანგელოზი დაესიზმრა.
მეორე დღეს სამსახურში ვერ ისვენებდა, ცმუკავდა, საათზე იხედებოდა. დამთავრდა სამუშაო დრო, გარეთ გამოვარდა და სირბილით გაიქცა სამორინესკენ. ხელის აქნევით ჩამოიცილა მარჯვენა მხრიდან თეთრი ანგელოზი. მისი ადგილი, ჭრელმა ანგელოზმა დაიკავა.
– მოდი, “რულეტკა” ვცადოთ, 18-ზე დადეო! – ურჩია ჭრელმა ანგელოზმა. დადო, მოიგო… შემდეგ დღეს სამსახურში არ მივიდა, კარგად გამოიძინა და შუადღით მივიდა სამორინეში. ისევ მოიგო. არც შემდეგ დღეს მისულა სამსახურში, არც იმის შემდეგ დღეს… ერთი კვირის თავზე, განთავისუფლებაზე დაწერა განცხადება, სამსახურიდან წამოვიდა და ხელმძღვანელობა გაკვირვებული დატოვა. ორი კვირის თავზე, პირველი წაგება იგემა.
– ნუ გეშინია, ხვალ მოიგებ, თუ ძალიან გაგიჭირდება, მბრძანებელი გიშველისო! – დააწყნარა ჭრელმა ანგელოზმა. მეორე დღესაც წააგო, მესამე დღესაც და მერე, უფრო მეტს აგებდა, ვიდრე იგებდა.
– ფული აღარ მაქვსო! – შესჩივლა ჭრელ ანგელოზს.
– ოჯახში ძვირფასი ნივთები ხომ გაქვს, ისინი “დაალომბარდეო”! – გამოიტანა სათითაოდ: – ოქროს საათი, ბრილიანტის ბეჭედი, ოქროს ჯაჭვი, თავისი და ცოლის საქორწინო ბეჭდები, ნათლობის ჯვარი… სათითაოდ წააგო. ცოლმა ბავშვებს მოჰკიდა ხელი და საცხოვრებლად დედამისთან გადავიდა.
– ახლა რა ვქნაო?
– მეგობრები ხომ გყავს, იმათ ესესხე, რომ მოიგებ, დაუბრუნებო! – დაარიგა ჭრელმა ანგელოზმა. ჩამოუარა მეგობრებს, ესესხა ფული, ისიც წააგო.
– მიჭირს, მიშველოს მბრძანებელმაო!
– ბინა ხომ გაქვსო?! – უპასუხა ჭრელმა ანგელოზმა. დააგირავა ბინა. აიღო ფული და სამორინეში მიიტანა.
– მთლიანად “Zero”-ზე დადეო! – ურჩია ჭრელმა ანგელოზმა. დადო. წააგო.
– ახლა რა მეშველებაო?
– მბრძანებელმა საშველად ეს გამოგიგზავნაო! – თოკი გაუწოდა ჭრელმა ანგელოზმა…
***
თოკით ხელში, სახლში მიმავალს, მარჯვენა ყურში ჩურჩულის ხმა ჩაესმა
– მარჯვნივ გადაუხვიე, ახლა მაინც დამიჯერეო! – გაუბედავად შედგა ფეხი. სიმშვიდე იგრძნო. საკმევლის სურნელმა ცხვირში შეუღიტინა. ხარბად შეისუნთქა…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button