ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ნანკინელი ქრისტე

1

შემოდგომის ღამე იყო ნანკინში, ძივან ძეს ქუჩაზე მდებარე სახლში, ძველ მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, მოწყენით იჯდა ფერმკრთალი ჩინელი გოგონა და გალაქულ ლანგარზე დაყრილ საზამთროს მარცვლებს აკნატუნებდა. ბჟუტავდა მაგიდაზე მდგარი ლამპა. მისი შუქი იმდენად სიბნელეს არ ფანტავდა, რამდენადაც უფრო ამძაფრებდა ოთახის მოწყენილობას. კუთხეში, შპალერჩამოხეულ კედელთან, ლერწმის საწოლს ზემოთ მტვრიანი მიჩიგანი ეკიდა. საწოლზე დაუდევრად გადაეფარებინათ შალის საბანი. მაგიდის მეორე მხარეს იდგა თითქოსდა ყველასაგან მივიწყებული ძველი სკამი. ამ ნივთებს გარდა, დაკვირვებული თვალიც კი ვერ შეამჩნევდა სხვა რამეს, ოთახის მორთულობისათვის გამოსადეგს.

დროდადრო გოგონა წყვეტდა მარცვლების კნატუნს და ნათელი თვალებით მიშტერებოდა მოპირდაპირე კედელს. იქ პირდაპირ მის წინ, კაუჭზე, მოკრძალებით ეკიდა ბრინჯაოს ჯვარცმა, რომელზეც ბუნდოვანი ჩრდილებით იხატებოდა ნახევრადწაშლილი სადა ბარელიეფი, ფართოდ ხელებგაშლილი ჯვარცმული ქრისტეს გამომსახველი.ყოველთვის, როცა კი გოგონა მას შეხედავდა, გრძელ წამწამებზე მყისვე უქრებოდა დარდის აჩრდილი, და თვალებში გულუბრყვილო იმედის სხივი უკიაფებდა. მაგრამ გოგონა მაშინვე მიმოიხედავდა, ღრმად ამოიოხრებდა, ძლივს შეარხევდა შავი აბრეშუმის კოფთით დაფარულ მხრებს და ისევ კნატუნს განაგრძობდა.

გოგონას სუნ ძინხუა ერქვა. ის თხუთმეტი წლის მეძავი იყო და იმისათვის, რომ როგორმე თავი ერჩინა, ამ ოთახში თითქმის ყოველ საღამოს იღებდა სტუმრებს. ცინვეის მრავალრიცხოვან მეძავთა შორის მისნაირი გარეგნობის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ საეჭვოა, მისგვარი სათუთი ხასიათისა სხვა ვინმე გენახათ. ძინხუა, სხვა მეძავებისაგან განსხვავებით, არ იყო მატყუარა და ხუშტურიანი; ის მხიარული ღიმილით ართობდა სტუმრებს, რომლებიც ყოველ საღამოს ეწვევოდნენ ხოლმე მის პირქუშ ოთახს. და თუ ხანდახან დაკანონებულზე მეტს უხდიდნენ, უხაროდა, რომ ამ ფულით შეეძლო ერთი ზედმეტი ჭიქა საკეთი გამასპინძლებოდა მამას, ერთადერთ მახლობელ ადამიანს.

ძინხუას ასეთი ქცევა, ცხადია, მისი ხასიათით აიხსნებოდა, მაგრამ იყო ერთი მიზეზიც, სახელდობრ: ის დედას ბავშობიდანვე კათოლიკურ რწმენაზე აღიზარდა. ამას ადასტურებდა კედელზე ჩამოკიდებული ჯვარცმა.

სიტყვამ მოიტანა და, ერთხელ ძინხუასთან ცნობისმოყვარეობის გამო ღამე გაატარა ახალგაზრდა იაპონელმა ტურისტმა, რომელიც იმ ზაფხულს ჩამოსულიყო შანხაის დოღის სანახავად და სამხრეთ ჩინეთის ხედებით დასატკბობად. კბილებში სიგარაგაჩრილი, ევროპულ კოსტუმში გამოწყობილი, უდარდელად ეხვეოდა მის მუხლებზე მჯდარ ძინხაუს პატარა სხეულს, როცა შემთხვევით შეამჩნია კედელზე ჩამოკიდებული ჯვარცმა და ძინხუას დაეჭვებულმა ჰკითხა დამტვრეული ჩინურით:

_ შენ რა, ქრისტიანი ხარ?

_ დიახ, სუთი წლისა მომნათლეს.

_ და ასეთ საქმიანობას კი ეწევი?

შეკითხვისას ხმაში დაცინვა გაერია. მაგრამ ძინხუამ მის ხელებში ჩარგო თავი, მოლურჯო-შავი თმით დამშვენებული, გაუღიმა თავისი ნათელი ღიმილით, რომელიც მის პატარა, სწორ კბილებს აჩენდა, და უთხრა:

_ მე რომ ამ ხელობას არ მოვკიდებოდი, მაშინ მამაც და მეც შიმშილისაგან დავიხოცებოდით.

_ მამაშენი მოხუცია?

_ დიახ… ძლივსღა დგას ფეხზე.

_ მაგრამ… თუკი მაგ ხელობას გააგრძელებ, შენ ხომ ვეღარ მოხვდები ზეცაში. არ ფიქრობ ამაზე?

ძიხუამ თვალი შეავლო ჯვარცმას და ფიქრიანად თქვა:

_ ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში თვითონ ხვდება ჩემს გულისნადებს, ასე რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაძაიკოს პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნება.

ახალგაზრდა იაპონელმა ტურისტმა გაიღიმა, მოჩხრიკა პიჯაკის ჯიბეები, ამოიღო ორი ცალი ნეფრიტის საყურე და ძინხუას ყურებზე გაუკეთა.

_ ეს საყურეები საჩუქრად უნდა წამეღო იაპონიაში, მაგრამ შენ გაჩუქებ ამ ღამის სამახსოვროდ.

და მართლაც, იმ ღამის შემდეგ, როცა მან პირველი სტუმარი მიიღო, ძინხუას ყოველთვის ამშვიდებდა თავისი რწმენა.

მაგრამ ერთი თვის შემდეგ ეს მორწმუნე მეძავი, საუბედუროდ, დასნეულდა. მას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიფილისის წყლულები. ეს რომ მისმა ამხანაგმა, ჩენ შანჩამ გაიგო, ოპიუმიანი არყის სმა არჩია, არწმუნებდა, რომ გაუყუჩებდა ტკივილს. შემდეგ მეორე ამხანაგმა, მაო ინჩუნმა გულკეთილად მოუტანა “გუნლავანის” და “ძიალუმის” აბების ნარჩენები, რომლებითაც თვითონ ემკურნალა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძინხუა ჩაკეტილში იჯდა და არ იღებდა სტუმრებს, მისი ჯანმრთელობა რატომღაც სრულებითაც არ გაუმჯობესებულა.

და აი ერთხელ, მოსანახულებლად მოსულმა ჩენ შანჩამ დამაჯერებლად ურჩია მკურნალობის ერთი წესი, რომელსაც აშკარად ცრუმორწმუნეობის სუნი ასდიოდა:

_ რახან ავადმყოფობა სტუმრისაგან შეგეყარა, შენც სასწრაფოდ გადასდე ვინმეს, და ორ-სამ დღეში გამოჯანმრთელდები.

ძინხუა იჯდა მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, დათრგუნვილი, გამომეყველება არ შეცვლია. მაგრამ, ეტყობა, შანჩას სიტყვებმა რამდენიმე გაუღვიძა ცნობისმოყვარება და მოკელდ იკითხა:

_ მართლა?

_ მაშ რა, გატყუებ? ჩემმა დამაც ვერაფრით ვერ მოირჩინა თავი, მაგრამ როგორც კი გადასდო სტუმარს, მაშინვე გამოჯანმრთელდა. საწყალი სტუმარი, როგორც ამბობენ, დაბრმავებულა კიდევაც.

როცა შანჩა წავიდა, მარტო დარჩენილმა ძინხუამ ჯვარცმის წინ დაიჩოქა, მიაპყრო თვალი ჯავრზე გაკრულ ქრისტეს და მხირვალე ვედრება დაიწყო:

_ იესო მაცხოვარო, უზენაესო! მამა რომ ვარჩინო, ბინძურ ხელობას ვეწევი, მაგრამ ჩემი ხელობა გამანადგურებს მხოლოდ მე, სხვას კი არას ვავნებ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუკი მოვკვდები თუნდაც ასეთივე, როგორიც ვარ, სულ ერთია, მაინც ზეცაში მოვხვდები. მაგრამ ახლა მხოლოდ მაშინ შემიძლია განვაგრძო ჩემი სამიანობა, თუკი ამ სენს სტუმარს გადავდებ. დაე მოვკვდე შიმშილით! მაშინ ჩემი ავადმყოფობა ჩემთან ერთად გაქრება. არავის გავუზიარებ ლოგინს ამიერიდან. სხვაგვარად, იძულებული გავხდებოდი, საკუთარი ბედნიერების გულისათვის გამეუბედურებინა ადამიანი, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია. მაგრამ მე მაინც ქალი ვარ და შეიძლება წამიერად ავყვე ცდუნებას. იესო მაცხოვარო, უზენაესო! გევედრები, დამიფარე! შენს გარდა აღარავისგან ველი შველას.

ამის შემდეგ ძინხუა, მიუხედავად შანჩას და ინჩუნის მცდელობისა, ხელი აეღებინათ გადაწყვეტილებაზე, მაინც აღარ იღებდა სტუმრებს და თუ ხანდახან შემოივლიდნენ მისი მუდმივი კლიენტები, ის ნებას აძლევდა მხოლოდ მეგობრულად ემუსაიფათ მასთან, ხოლო მათ სურვილს არასოდეს აკმაყოფილებდა.

_ საშინელი ავადმყოფობა მჭირს. თუ ჩემთან დაწვებით, თქვენც გადაგედებათ, _ ამბობდა ძინხუა და არც ერიდებოდა, ეჩვენებინა თავისი სნეულების დამადასტურებელი ნიშნები, როცა მთვრალი კლიენტი ცდილობდა ძალით დაუფლებოდა მას… ამიტომ სტუმრებმა თანდათანობით შეწყვიტეს მასთან სიარული და მისი ცხოვრება დღითი დღე ძნელდებოდა.

ამ საღამოს ძინხუა დიდხანს იჯდა მაგიდაზე დაყრდნობილი, არაფერს აკეთებდა და დაფიქრებული მიშტერებოდა სივრცეს. სტუმარი ისევ არ ჩანდა. ნელა ახლოვდებოდა შუაღამე. ყველაფერი სიჩუმეს მოეცვა. ძინხუას სმენამდე მხოლოდ ჭრიჭინობელის ჭრიჭინი აღწევდა საიდანღაც. გაუთბობელ ოთახში ქვის იატაკიდან სიცივე ამოდიოდა, წყალივით ჟონავდა მის ნაცრისფერ აბრეშუმის ფეხსაცმელებში და კოხტა ფეხებს უთოშავდა.

ძინხუა ერთხანს კიდევ დაფიქრებული უყურებდა ლამპის უღიმღამო შუქს, შემდეგ შეაჟრჟოლა, მოისრისა ყური, რომელზედაც ნეფრიტის საყურე ეკიდა და მთქნარება შეიკავა. თითქმის იმავე წამს შეღებილი კარები მკვეთრი ბიძგით გაიღო და ოთახში უცნობი უცხოელი შემოიჭრა. ალბათ იმის გამო, რომ კარები ბოლომდე გაიღო, ლამპა აალდა და ოთახი უცნაური წითელი მბოლავი შუქით განათდა. თავიდან ფეხებამდე ამ შუქით განათებული სტუმარი ბორძიკით ჩამოეყრდნო მაგიდას, მაგრამ იმწამსვე გასწორდა, უკან დაიხია და მძიმედ მიეყუდა კარებს, რომელიც ის-ის იყო დაიხურა.

ძინხუა ანგარიშმიუცემლად წამოდგა და გაოცებული მიაჩერდა უცნობს. სტუმარი ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. მზემოკიდებული, წვერიანი მამაკაცი იყო, დიდთვალება, ყავისფერზოლებიან პიჯაკსა და ასეთივე კეპით გამოწყობილი. ოღონდ საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად მისი აშკარად უცხოელობისა, მაინც თმაჩამოყრილი და კბილებში ჩამქრად ჩიბუხგაჩრილი შემოსასვლელში რომ იდგა და მთელი ტანით ფარავდა კარს, შეიძლებოდა უგონო მთვრალად ჩაგეთვალათ, რომელმაც შეცდომით შემოაბოტა აქ.

_ რა გნებავთ? _ თითქმის საყვედურით ჰკითხა ცოტა არ იყოს შეშინებულმა ძინხუამ, ისე, რომ მაგიდას არ მოშორებია. სტუმრებმა თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ ჩინური არ ესმოდა. შემდეგ პირიდან ჩიბუხი გამოიღო და უცხო ენაზე წარმოთქვა რაღაც გაუგებარი სიტყვა. ამჯერად ძინხუას დასჭირდა თავის გაქნევა, რის გამოც მისმა ნეფრიტის საყურეებმა ლამპის სინათლეზე გაიციალეს.

რომ დაინახა, თუ როგორ დაბნეულად შეჭმუხნა ძინხუამ თავისი ლამაზი წარბები, სტუმარმა უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა, შინაურულად დააგდო კეპი და ბორძიკით გასწია ქალისაკენ, შემდეგ კი ძალაგამოცლილი დაეშვა მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მდგარ სკამზე. უცებ ძინხუას მოეჩვენა, რომ ეს კაცი რაღაცით ახლობელი იყო, თითქოს ოდესღაც უკვე ენახა, თუმცა ვერაფრით გაეხსენებინა, სად და როდის. სტუმარმა უცერემონიოდ მოხვეტა მუჭით ლანგარზე დაყრილი საზამთროს მარცვლები, მაგრამ ჭამა არ დაუწყია, მხოლოდ დაჟინებით მიაცქერდა ძინხუას და კვლავ ხელების უცნაური ქნევით დაიწყო ლაპარაკი უცხო ენაზე. ძინხუამ ვერ გაიგო ნათქვამის აზრი, მაგრამ ბუნდოვნად მიხვდა, რომ სტუმარმა იცოდა მისი საქმიანობის შესახებ.

გრძელი ღამეების გატარება უცხელებთან, რომელთაც არ ესმოდათ ჩინური, ძინხუასათვის უჩვეულო არ იყო. ამიტომ კვლავ დაჯდა და ალერსიანი ღიმილით, უკვე ჩვევად რომ გადაქცეოდა, დაიწყო საუბარი, შიგადაშიგ უცხოელისათვის სრულიად გაუგებარ ხუმრობებს ურევდა. მიუხედავად ამისა, სტუმარი ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ ისე გემრიელად ხარხარებდა, თითქოს ყველაფერი გაეგებოდა, თან უფრო და უფრო აქნევდა ხელს.

სტუმარს არყის სუნი ასდიოდა, მაგრამ მის მთვრალ, აჟინჟღილებულ სახეზე იმდენი ვაჟკაცური სიცოცხლის ძალა იყო დაფრქვეული, გეგონებოდათ, ამ პირქუშ ოთახს სინათლეს ჰფენსო. ყოველ შემთხვევაში, ძინხუას თვალში ის იყო ყველა უცხოელზე მშვენიერი, ვინც კი აქამდე ენახა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ნანკინელ თანამემამულეებზე. მით უფრო ვერაფრით ვერ შეძლო მოეცილებინა ის აზრი, რომ ეს კაცი სადღაც ჰყავდა ნანახი. უყურებდა მის შუბლზე ჩამოშლილ ხუჭუჭა თმას, მხიარულად უცინოდა და ყოველნაირად ცდილობდა მოეგონებინა, სად ენახა ეს სახე.

“ის ხომ არ არის, თავის სქელ ცოლთან ერთად რომ მოგზაურობდა კარჭაპით? არა, არა, ის გაცილებით წითური იყო. იქნებ ის ფოტოგრაფია, კუნ-ძის მავზოლეუმს სურათს რომ უღებდა ცინვეიში? მარამ ის, მგონი, უფრო ხნიერი იყო. ჰო, ჰო! ერთხელ როგორღაც დავინახე, როგორ ირეოდა ხალხი ლიტაციაოს ხიდთან მდებარე რესტორნის წინ და ვიღაც მამაკაცი, ზუსტად ასეთი იერის, როგორ ურტყამდა მსხვილ ჯოხს ზურგზე რიქშას. ალბათ ისაა… თუმცა იმას, მგონი, თვალები უფრო ცისფერი ჰქონდა.

სანამ ძინხუა ამაზე ფიქრობდა, უცხოელმა წადიერად დატენა ჩიბუხი, მოსწია და სურნელოვანი კვამლი გამოაფუტა. შემდეგ კვლავ რაღაც თქვა, გაიცინა, ამჯერად წყნარად, ორი თითი ასწია, ძინხუას თვალებთან მიუტანა, რითაც აუხსნა, რომ ორი თითი ორ დოლარს ნიშნავდა. ეს, რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, მაგრამ რადგან ძინხუა უკვე აღარ იღებდა სტუმრებს, ამიტომ მშვიდად განაგრძო მარცვლების კნატუნი და უარის ნიშნად ღიმილით ორჯერ გააქნია თავი. მაშინ სტუმარი კადნიერად გადმოეყუდა მაგიდას, ლამპის სუსტ შუქზე სახე მიუახლოვა ძინხუას სახეს და დაჟინებით დააცქერდა, შემდეგ კი უსიტყვო მოლოდინით აჩვენა სამი თითი.

ძინხუამ, რომელსაც კნატუნი ჯერაც არ ჰქონდა შეწყვეტილი, უკან დასწია შეცბუნებული სახე. სტუმარს ალბათ ეგონა, რომ ქალი ორ დოლარად არ დანებდებოდა. ამავე დროს კი, რახან ჩინური არ იცოდა, ყოვლად შეუძლებელი იყო, მისთვის საქმის ვითარების ახსნა. ძინხუა მწარედ ნანობდა თავის ქარაფშუტობას, მან სტუმარს მოაშორა თვალები და ძალაუნებურად კიდევ ერთხელ გააქნია თავი.

მაგრამ უცხოელმა კვლავ გაიღიმა, მცირე ყოყმანის შემდეგ ოთხი თითი ასწია და კვლავ რაღაც დაილაპარაკა უცხო ენაზე. სრულიად დაბნეულმა ძინხუამ უკვე გაღიმებაც ვერ შეძლო, მაგრამ ამ წუთს გადაწყვიტა, რომ რახან საქმე ასე შეტრიალდა, მანამდე ექნია უარის ნიშნად თავი, სანამ სტუმარს არ მოსწყინდებოდა. ამ დროს კი, თითქოს რაღაც უხილავის ჩაჭერა სურსო, სტუმარმა ხუთივე თითი გაშალა.

შემდეგ ისინი კარგა ხანს საუბრობდნენ მიმიკისა და ჟესტების დახმარებით. სტუმარი დაჟინებით უმატებდა თითო-თითო თითს. ბოლოს და ბოლოს ყველა თითი გაშალა, მაგრამ ათმა დოლარმაც კი, მეძავისათვის ესოდენ დიდმა თანხამ, ვერ შეარყია ძინხუას გადაწყვეტილება. ადრევე ზეზე წამომდგარი, გვერდულად იდგა მაგიდასთან და როცა სტუმარმა ათივე თითი აჩვენა, მან გულმოსულად დააბაკუნა ფეხები და რამდენჯერმე ზედიზედ გააქნია თავი. იმავე წამს კედელზე ჩამოკიდებული ჯვარცმა რატომღაც კაუჭს მოწყდა და მსუბუქი ჟღარუნით დაეცა ქალის ფეხებთან, ქვის იატაკზე.

ძინხუა სწრაფად დაიხარა და ჯვარცმა სათუთად აიღო. ამ დროს შემთხვევით შეხედა ჯვარცმული ქრისტეს სახე და, ჰოი, საოცრებავ! ეს სახე აღმოჩნდა ცოცხალი გამოსახულება უცხოელისა, იქვე რომ იჯდა მაგდასთან.

“აი, თურმე, რატომ მეცნაურებოდა მისი სახე! ეს ხომ უფალი ქრისტეს სახეა!”

ძინხუამ სასოებით მიიხუტა ჯვარცმა შავი აბრეშუმის კოფთით დაფარულ მკერდზე და განცვიფრებული მოაჩერდა მის წინ მჯდარ სტუმარს. სტუმარი, რომლის შეზარხოშებულ სახეს ძველებურად ანათებდა ლამპა, დროდადრო არტყამდა ნაფაზს და მრავალმნიშვნელოვნად იღინებოდა. მისი თვალები სრიალებდნენ ქალის სხეულზე, მის თეთრ ყელზე, ყურებზე, რომლებზეც ნეფრიტის საყურეები უციალებდა. მაგრამ ძინხუას ეგონა, რომ ამ სახითაც კი მისი სტუმარი აღსავსე იყო რაღაც თბილი დიდებულებით.

სტუმარმა ცოტა შეიცადა, მერე პირიდან ჩიბუხი გამოიღო, მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თავი ძინხუას და მხიარული ხმით რაღაც თქვა. ამ სიტყვებმა დახელოვევნებული ჰიპნოზიორის ჩურჩულივით იმოქმედა ძინხუაზე. ხომ არ დაივიწყა მან თავისი დიდსულოვანი გადაწყვეტილება? მოცინარი თვალები დახარა და ბრინჯაოს ჯვარცმით ხელში დარცხვენილი მიუახლოვდა საიდუმლოებით მოცულ უცხოელს.

სტუმარმა მოიქექა შარვლის ჯიბე და ვერცხლის ფული მოაგროვა, მერე კი ძველებურად მოცინარე თვალები მიაპყრო ძინხუას და ერთხანს მისი ცქერით ტკბებოდა. მაგრამ უცებ ღიმილი მხურვალე ბრწყინვით შეეცვალა, იგი წამოხტა სკამიდან, მოეხვია ძინხუას და მაგრად მიიხუტა არყის სუნით გაჟღენთილ პიჯაკზე. ლამის გრძნობადაკარგულ ძინხუას ნეფრიტის საყურეებით დამშვენებული თავი უკან გადაედო, ფერმკრთალი ლოყები ალეწოდა და მოჯადოებული უყურებდა თითქმის თვალებთან მობჯენილ მის სახეს. რა თქმა უნდა, უკვე აღარ ჰქონდა იმის ფიქრის თავი, დანებებოდა ამ უცნაურ უცხოელს, თუ აერიდებინა მისი კოცნა, მისივე კეთილდღეობისათვის. ძინხუამ ტუჩები დაახვედრა წვეროსანს და იგრძნო, მხურვალე სიამით ევსებოდა გული, პირველად განცდული სიყვარულის სიამით.

2

რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე ჩაბნელებულ ოთახში, ძლივსგასაგონი ჭრიჭინი ჭრიჭინობელისა შემოდგომის ნაღველით მოსავდა ორ მძინარე ადამიანის სუნთქვას, საწოლიდან რომ მოისმოდა. მაგრამ სიზმარი, რომელსაც ამ დროს ძინხუა ხედავდა, მაღლდებოდა მტვრიანი მიჩიგდანით დაფარული საწოლიდან და მიიწევდა სულ მაღლა და მაღლა, სახურავს ზემოთ, ვარსკვლავებით გაბრწყინებულ მთვარიან ღამეში.

ძინხუა იჯდა წითელი სანდლის ხის სკამზე და ჩხირებით შეექცეოდა მაგიდაზე დახვავებულ ნაირნაირ კერძებს. აქ იყო მერცხლის ბუდეები, ზვიგენის ფარფლები, მოშუშული კვერცხი, შებოლილი ჭანარი, შემწვარი ღორის ხორცი, ტრეპანგით მომზადებული უხა _ ყველაფერს ვინ ჩამოთვლის. ოჰ, ჭურჭელი კი _ მშვენიერი სინები და ჯამები _ ათასფრად იყო მოხატული ცისფერი ლოტოსებითა და ოქროსფერი ფენიქსებით. ზურგს უკან, ფანჯარაზე, მარმაშის ფარდები ეკიდა. იქიდან კი, _ ალბათ ახლოს მდინარე თუ ჩადიოდა, განუწყვეტლივ ისმოდა წყლის ჩქრიალი და ნიჩბების ჩქაფუნი. ძინხუას თავის ბავშვობისდროინდელ მშობლიურ ცივეიში ეგონა თავი. მაგრამ, უეჭველია, ის ახლა ციურ ქალაქში იმყოფებოდა, ქრისტესთან.

დროდადრო ძინხუა მაგიდაზე აწყობდა ჩხირებს და გარშემო იხედებოდა, მაგრამ ფართო ოთახში ჩანდა მხოლოდ დრაკონის ფიგურებიანი ბოძები და ქოთნები უზარმაზარი ქრიზანთენებით, საჭმელების ოშხივარში გახვეული. მის გარდა კი არავინ იყო იქ სულიერი.

და მაინც, როგორც კი სინი ცარიელდებოდა, ძინხუას თვალწინ იგი მაშინვე ივსებოდა საიდანღაც გაჩენილი სურნელოვანი საჭმელებით. უცებ შემწვარმა ხოხობმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიჰკარებოდა, ფრთები ააფათქუნა, ღვინაინი დოქი გადააყირავა და ჭერისაკენ აფრინდა.

ამ დროს ძინხუამ იგრძნო, ვიღაც უხმაუროდ მოუახლოვდა ზურგიდან, ამიტომ სწრაფად მიხედა უკან, ისე, რომ ჩხირები ძირს არ დაუშვია. იქ, სადაც ძინხუას რატომღაც ფანჯარა ეგულებოდა, სანდალის ხის სკამზე იჯდა დიდებულებით მოსილი უცნობი უცხოელი, კბილებში გაჩრილი ბრინჯაოს გრძელი ჩიბუხიანი ატლასის საბურველმოსხმული.

ძინხუამ პირველი შეხედვისთანავე იცნო იგი. ეს ის უცნობი იყო, რომელიც წუხელ მოვიდა მასთან. ოღონდ ახლა მის თავს ზემოთ, ერთი სიაკუს მანძილზე, ჰაერში ეკიდა თხელი მანათობელი შარავანდი, რომელიც სამდღიან მთვარეს ჰგავდა.

უეცრად, ძინხუას წინ, თითქოს პირდაპირ მაგიდიდან გადმოეშვაო, დიდ სინზე გემრიელი, სურნელოვანი საჭმელი გაჩნდა. მან მაშინვე გაიწოდა ჩხირები, რათა აეღო ნუგბარი ნაჭერი, მაგრამ უცებ მოაგონდა ზურგს უკან მჯდომი უცხოელი, მიიხედა და მორცხვად უთხრა:

_ ხომ არ დაჯდებოდით თქვენც აქ?

_ არა, ჭამე მარტოკა. თუ შეჭამ ამას, მაშინ შენი ავადმყოფობა ამ ღამესვე გაქრება.

_ შარავანდმოსილმა უცხოელმა, ისე, რომ ჩიბუხი არ გამოუღია, გაიღიმა უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველი ღიმილით.

_ ესე იგი, თქვენ არ გინდათ მიირთვათ?

_ მე? მე არ მიყვარს ჩინური კერძები. ნუთუ აქამდე ვერ მიცანი? იესო ქრისტეს ჯერ არასოდეს უჭამია ჩინური კერძები.

ნანკინელი ქრისტე წამოდგა სანდალის ხის სკამიდან, ზურგიდან მიუახლოვდა თავბრუდახვეულ ძინხუას და ნაზად აკოცა ლოყაზე.

როცა ძინხუა სამოთხის ძილიდან გამოერკვა, ვიწრო ოთახში უკვე შემოდგომის ცივი განთიადი შემოჭრილიყო. მაგრამ მტვრიანი მიჩიგდანით დაფარულ საწოლში, რომელიც ნავსა ჰგავდა, ჯერ ისევ თბილი ბინდბუნდი მეფობდა. ამ ბინდბუნდში ოდნავ ისახებოდა თვალგაუხელელი ძინხუას უკან გადაგდებული სახე, გახუნებულ, ძველ შალის საბანში ნიკაპამდე ჩამალული. ფერმკრთალ ლოყებზე, ალბათ ღამის ოფლისაგან, მიჰკრობოდა დაბურდული თმა. ოდნავ გახსნილ ბაგეებს შორის კი ბრინჯის მარცვლებივით თეთრად ულექავდა წვრილი კბილები.

ძინხუამ თუმცა გაიღვიძა, მისი სული ჯერ კიდევ ნანახ სიზმარში დაბორიალობდა: ქრიზანთემების ყვავილები, წყლის ჩქრიალი, შემწვარი ხოხბები, იესო ქრისტე… მიჩიგანის ქვეშ კი თანდათან ნათდებოდა და მის ზმანებებში ნელ-ნელა იჭრებოდა ცხოვრების უხეში სინამდვილის აშკარა შეგრძნება, შეგრძნება იმისა, რომ წუხელ ამ ლერწმის საწოლში იდუმალ უცხოელთან ერთად იწვა.

“ვაითუ ავადმყოფობა გადაედო…”

ძინხუამ მოიშორა ჭუჭყიანი საბანი და წამოდგა. შემდეგ ორივე ხელით მოისრისა თვალები, ასწია მძიმედ ჩამოწოლილი მიჩიგანი და ჯერ კიდევ ნამძინარევი თვალებით მოათვალიერა ოთახი.

ოთახში, დილის ცივ ჰაერში, ყველა საგანი შეუწყნარებელი სიმკვეთრით იხატებოდა. ძველი მაგიდა, ჩამქრალი ლამპა, სკამები _ ერთი იატაკზე ეგდო, მეორე კედლისკენ იყო მიბრუნებული, _ ყველაფერი ისევე იყო, როგორც წინა საღამოს. მეტიც, მაგიდაზე მიმოფანტულ საზამთროს მარცვლებს შორის ისევ ისე მკრთალად ბზინავდა ბრინჯაოს პატარა ჯვარცმა. მკვეთრი სინათლისაგან თვალებმოჭრილი ძინხუა კარგა ხანს იჯდა არეულ საწოლზე, გათოშილი იბუზებოდა, მაგრამ ადგილიდან არ იძროდა, ისე ათვალიერებდა ოთახს.

_ არა, ეს არ იყო სიზმარი… _ ჩურჩულებდა ძინხუა, თან უცხოელის უცნაურ გაქრობაზე ფიქრობდა. რა თქმა უნდა, შეეძლო ეფიქრა, რომ უცხოელი მისი ძილის დროს წავიდა, მაგრამ ვერ დაეჯერებინა, რომ ის, ვინც ასე ვნებიანად ეალერსებოდა, ერთი სიტყვითაც არ გამოეთხოვებოდა წასვლის ჟამს. უფრო სწორად, მისთვის აუტანელი იყო ამის დაჯერება. ამასთან, მას დაავიწყდა, ამ საიდუმლოებით მოცული უცხოელისათვის შეპირებილი ათი დოლარი გამოერთმია.

“ნუთუ მართლა წავიდა?”

გულდამძინებულმა საბანზე დაგდებული შავი აბრეშუმის კოფთის ჩაცმა დააპირა, მაგრამ უცებ გაწვდილი ხელი გაუშეშდა და სახე ვარდისფრად აელეწა. ხომ არ გაიგონა შეღებილ კარს უკან იდუმალი უცხოელის ფეხის ხმა? ან იქნებ არყის სუნით გაჟღენთილი ბალიშისა და საბნის სუნმა გააღვიძა მასში ამ ღამის ამაღელვებელი გრძნობები? არა, ძინხუამ იგრძნო, რომ სასწაულის ძალით, რომელიც მის სხეულში მომხდარიყო, ავთვისებიანი წყლულები ერთი ღამის განმავლობაში უკვალოდ გაქრობოდა.

“ესე იგი ის იყო ქრისტე!”

თავდავიწყებული, პერანგისამარა ძინხუა ლამის ჩამოვარდა საწოლიდან, მუხლებით დაეშვა ცივ იატაკზე და ვითარცა მშვენიერმა მარიამ მაგდალინელმა, მკვდრეთით აღმდგარ ღმერთთან მოსაუბრემ, მხურვალე ლოცვა აღავლინა.

3

ერთხელ, მომდევნო წლის გაზაფხულის საღამოს, ახალგაზრდა იაპონელი ტურისტი, რომელიც ოდესღაც უკვე სტუმრებოდა ძინხუას, კვლავ იჯდა მის წინ, მბჟუტავი შუქით განათებულ მაგიდასთან.

_ ჯვარცმა ისევ გიკიდია? _ შენიშნა მან საუბრისას ოდნავ დამცინავი ტონით. და მაშინ, იმწამსვე დადინჯებულმა ძინხუამ უამბო მას თავისი არაჩვეულებრივი თავგადასავალი, თუ როგორ განკურნა იგი ერთხელ ღამით ნანკიკში ჩამოსულმა ქრისტემ.

უსმენდა მის მონათხრობს ახალგაზრდა იაპონელი ტურისტი და თავისთვის ფიქრობდა:

“ვიცნობდი ამ უცხოელს. იაპონელ-ამერიკელი მეტისი იყო. მგონი ჯორჯ მერი ერქვა. ჩემს ნაცნობთან, რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტთან ტრაბახობდა, რომ ერთხელ ნანკინში გაუტარებია ღამე ერთ ქრისტიან მეძავთან, და როცა მას ტკბილად ჩასძინებია, ჩუმად ათესილა. ამას წინათ რომ ნანკინში ვიყავი, ის სწორედ ჩემს სასტუმროში გაჩერდა, ასე რომ, მისი სახე აქამდე მახსოვს. ადგილობრივი ინგლისური გაზეთის კორესპონდენტად ასაღებდა თავს, მაგრამ სრულიად უღირსი და გაფუჭებული კაცი იყო. შემდეგ სიფილისისაგან ჭკუიდან შეიშალა… გამოდის, რომ ამ ქალისაგან დაავადებულა. ეს კი ამ უკეთურ მეტისს აქამდე ქრისტედ თვლის! გავუმხილო ეს ამბავი, თუ გავჩუმდე და სამუდამოდ დავტოვო თავის სიზმარში, რომელიც ძველებურ დასავლურ ლეგენდებსა ჰგავს?..”

როცა ძინხუამ თავისი ამბავი დაასრულა, იაპონელმა ტურისტმა, თითქოს გონს მოეგოო, ასანთი გაკრა და სურნელოვან სიგარეტს მოუკიდა. შემდეგ საგანგებო ინტერესით იკითხა:

_ მაშ ასე… საოცარია… და შენ არც ერთხელ არ გიავადმყოფია ამის შემდეგ?

_ არა, არც ერთხელ, _ უყოყმანოდ უპასუხა სახეგანათებულმა ძინხუამ, ისე, რომ არ შეუწყვეტია საზამთროს მარცვლების კნატუნი.

ივლისი, 1920წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button