იაკობ გოგებაშავილი – დათვური სამსახური
ჩვენებური კალმოსანნი ხშირათ დათვის სამსახურს უწევენ საზოგადო საქმეებსა. აი ერთი ამისი ცხელ-ცხელი მაგალითი. “სახალხო გაზეთის” ამა წლის 88 ნომერში უჩინარი ავტორი ერთს თავის პატარა წერილში უმასპინძლდება მკითხველებს შემდეგი საოცარი სტრიქონებით:
“ამ უკანასკნელ დროს გაზეთებში ძლიერ გახშირდა ლაპარაკი სოფლის მასწავლებლის შესახებ, მათ ბევრი რამ დანაშაულობას უსაყვედურობენ სკოლაში სამშობლო ენის შესახებ. ბრალი უფრო მშობლებს უნდა დაედოთ, ვიდრე მასწავლებლებსა. მშობლები ხშიარდ ამბობენ სკოლისადმი საყვედურსა, რომ იქ რუსულის ენის სწავლებას ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე ქართულის ენისასა, რომელიც გამოუსადეგარი არისო. საქართველოს იმ კუთხეშიაც კი, რომელიც კულტურულათ, დაწინაურებულათ ითვლება, სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაში, ხშირად შეხვდებით ამის მაგალითსა: ქართული ენა და “დედა-ენის” კითხვა მე კაი ხანია კარგად ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის გამოუსადეგარია, ბავშვს სკოლაში იმიტომ ვაბარებ, რომ ორიოდე რუსული სიტყვა ისწავლოსო”.
ეს ნათქვამი რომ ნახევრობით მაინც მართალი იყოს, გურია დაწინაურებული აღმოჩნდებოდა არა კულტურით, როგორც ბრძანებს ავტორი, არამედ საარაკო სისულელით, რადგანაც ყველა ხალხს მშობლიური ენა მიაჩნია განათლების და განვითარების დედა-ბოძათ და მის ფართო დაყენებაზე სკოლებში დაუცხრომლად ზრუნავს. საბედნიეროთ, ეს მსჯელობა ჩვენის კალმოსანისა პიტალო სიცრუეს, ცილისწამებას შეადგენს. და აი, ამისი შეურყეველი საბუთებიც. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლოს წლებში ბევრი თხზულება იბეჭდება ქართულს ენაზე და ჩვენი ლიტერატურა დღითი-დღე მდიდრდება, წინააღმდეგ მრავლის დაბრკოლებისა. აბა, ახლა გამოიძიეთ, ჰკითხეთ გამომცემელთ და წიგნის მაღაზიებსა, სად უფრო მეტი რიცხვი ახლად გამოცემული წიგნებისა ეფინება, და თქვენ დარწმუნდედბით, რომ პატარა გურია ერთი სამად მეტს ქართულს წიგნსა ყიდულობს, ვიდრე დიდი ნაწილები საქართველოსი. თუ გურულებს ქართული წიგნი გამოუსადეგრათ მიაჩნიათ, მაშ, რად ხარჯავენ თავისი ღარიბი ჯიბიდან უკანასკნელს გროშებს ქართულის წიგნების შესაძენად? აი, სწორედ ამისთანა შემთხვევაზეა ზედგამოჭრილი ანდაზა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.
მეორე ფაქტიც ბრწყინვალედ ამტყუნებს ავტორის სიტყვებსა. ზოგს გურულს, გამოჩენილს ინტელიგენტს და სოციალ-დემოკრატს, რუსი ქალი ჰყავს ცოლათ და აბა, იკითხეთ, რუსდება იგი თვითონაც და შვილებსაც არუსებს, თუ ცოლს აქართველებს? აღმოჩნდება უკანასკნელი. ცოლს ბეჯითად ასწავლის ქართულსა და შემდეგ თხოულობს მისგან, რომ შვილებსაც მარტო ქართულად ელაპარაკოს პირველ წლებში მაინც. ამას ვერ დაიკვეხებს ყველა ქართველი ნაციონალისტი, მყვირალა პატრიოტი, ვერ დაიკვეხებს იმის გამო, რომ მათ შორის მოიპოვება არა ერთი იმისთანა მაგალითი, რომ რუსი ცოლი ქმარსაც არუსებს და შვილებსაც გადაგვარების და გადაშენების გზაზე აყენებს.
რასაკვირველია, ნიჭიერს გურიაში შეიძლება მოიპოვებოდეს ზოგიერთი რეგვენი, რომელსაც არ ესმოდეს, რომ მშობიურის ენის და წიგნის უარყოფა, გამოუსადეგარ რადმე ჩათვლა, თავისი თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირებაა, მაგრამ ჩვენ რომ ამის გამო გურულებს საზოგადოთ სირეგვენე დავაბრალოთ, დავემსგავსებით იმ სულელს მოგზაურსა, რომელიც, როცა ესპანიის ქალაქს ბარსელონას მიუახლოვდ და ერთ კოჭლს შეხვდა ქალაქის პირში. ცხენი ფიცხლავ უკან გამოაბრუნა და თავის მოგზაურობაში ჩასწერა: ქალაქი ბარესლონა იმითია შესანიშნავი, რომ მისი მცხოვრებლები ყველანი კოჭლები არიანო. ნამდვილად კი ბარსელონაში თითქმის სრულიად არ მოიპოვებოდა კოჭლი, თითო-ოროლას გარდა.
სამწუხაროდ, ავტორის სიცრუე მარტო სასაცილო როდია. მას შეუძლია დიდი ვნება მოუტანოს ჩვენს ბედკრულს ხალხსა, სახელდობრ: ხელი შეუწყოს უკიდურესათ დაჩაგვრას ჩვენი სახალხო სკოლისა. ამისთანა ცნობებს შავრაზმელი ნაწილი სამოსწავლო ბიუროკრატიისა ზეციური მანანასავით მოელის, მაშინვე სთარგმნის და გზავნის იქ, სადაც იჭედება ყოველი შემავიწროებელი ჭახრაკები. ამ სიცრუის ძალით ვოსტორგოვებს, ვალია მარკოვებს, გიორგიევსკებსა და ბნელეთის სხვა გმირებს სრული საბუთი ეძლევათ უკანასკნელად შეავიწროვონ ჩვენებურს სკოლებში ქართულის წიგნის სწავლება, სრულიადაც გააუქმონ იგი და ასე იმართლონ თავი: თვითონ ქართველს ხალხს მიაჩნია გამოუსადეგრათ ქართულის წიგნის სწავლება და ცოდნა, იყოს ნება მისიო.
მაგრამ ამ შორეულს გმირებს სიბნელისას უსათუოდ დაასწრობს გურიის სახელოვანი “განმანათლებელი” და იმ მასწავლებლებს, რომელთაც კარგათ, სვინდისიერად აქვს დაყენებული მშობლიური ენა სკოლებში, მოსთხოვს: შეამცირეთ გაკვეთილები და სწავლება ქართულის წიგნის, რადგანაც ამას გურული ხალხი გამოუსადეგრად სთვლის და ეს მასწავლებლები ან უნდა დამორჩილდნენ ანტიპედაგოგიურს და კანონის წინააღმდეგ განკარგულებასა, ან არა და გამოეთხოვონ თავისს საყვარელს სკოლასა და ადგილი დაულოცონ ყურმოჭრილს ყმებსა, რომელთაც აქნობამდი რცხვენოდათ თავისი მონობისა, ახლა კი შეუძლიანთ თავი მაღლა აიღონ და სთქვან: ჩვენ ვასრულებთ ხალხის ნებასა და სამარცხვინოს არაფერს ჩავდივართო.
ჩვენ გვერდით მცხოვრებმა სომხის ერმა, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მოიპოვა სრული უფლება – ასწავლოს თავისი ღვიძლი ენა ყოველ დღეს და ყველა საგნები ამ ენაზე არამც თუ ერთ-კლასიანს სკოლებში, არამედ ორს კლასშიაც მთელის რვა წლის განმავლობაში და ჩვენ კი ხელს ვუწყობთ თითქმის მოსპობას ქართულის ენისას და წიგნისას ერთკლასიანს სკოლაშიაც.
მოდი და გულ-ამოსკვნით ნუ იტყვი უკვდავ პოეტან ერთად: “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი!”