ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშავილი – დღევანდელი კვერცხი ხვალინდელი ქათამი

(ვუძღვნი ამერ-იმერ თავად-აზნაურობასა)

იყო დრო, როდესაც ქართველი თავისს ცხოვრებაში მისდევდა ანდაზას: დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელს ქათამსაო. ეს ის დრო გახლავთ, როდესაც ქართველმა არ იცოდა, მეორე დღეს ცოცხალი გამოიღვიძებდა, თუ მას საიქიოს გაამგზავრებდნენ ან ლეკები, ან სპარსელები, ან თურქები და სხვა მტრები, და დაიჩემებდნენ მთელს მისს სარჩო-საბადებელს. მაშინდელს დროში მხოლოდ დღევანდელი დღე ეკუთვნოდა ქართველს, ხვალინდელი კი სხვის ხელში იყო, და რად უნდა გვიკვირდეს, თუ ძველი ქართველი დღევანდელს მცირე სიამოვნებას ამჯობინებდა ხვალინდელს დიდ სიკეთესა, დღევანდელი კვერცხი ერჩივნა ხვალინდელს ქათამს. როდესაც ამისთანა უდიერი მდგომარეობა ხშირია და ხანგრძლივი რომელსამე ერის ისტორიულ ცხოვრებაში, ეს ერი არ შეიძლება არ გადაეჩვიოს ზრუნვას ხვალინდელის დღისათვის, არ იცხოვროს მხოლოდ დღევანდელი წამით, არ მიეჩვიოს დაუდევრობას, დაუზოგველობას, ბედოვლათობას. სწორედ ამ გვარს მდგომარობაში ჩავარდა საქართველო მეცამეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის დაწყებამდე და აკი ამიტომ გაგვიჯდა ძვალსა და რბილში ქართველობას უზრუნველობა მომავალზე და მონაობა წუთიერის სიამოვნების წინაშე.

დრონი იცვალნენ და ახლა ჩვენ აღარ გვაწუხებენ უწინდელი გარეშე მგტრები; მაგრამ ჩვენ კი უცვლელნი ვრჩებით. მიზეზნი გაჰქრნენ, შედეგი კი ისევ არსებობს და ჰმოქმედებს; სათავე ავადმყოფობისა დაშრა, მაგრამ სენი კი ისევ შეგვრჩა და გვაწუხებს. ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ახალი სავსებით ჩვენს ხელშია; მაგრამ ისე-კი ვიქცევით, თითქოს იგი უწინდებურად სხვის ხელში იყოს, თითქოს ხვალ გამოღვიძების იმედი არა გვქონდეს. დღესაც, როგორც ძველს დროში, ვამჯობინებთ დღევანდელს კვერცხს ხვალინდელს ქათამსა, და აი სწორედ აქ არის ერთი მთავარი მიზეზი ჩვენის სიღარიბისა.

დროა შევიგნოთ ჟამთა ცვლილებანი, ჩვენც შევიცვალნეთ შესაფერად და დავადგეთ იმ გზას, რომელსაც წამის მაგიერ გავამეფოთ ჩვენს ცხოვრებაში პრინციპი მომავლისა, პატარა დღევანდელს სიამოვნებას ვამჯობინოთ ყოველთვის ხვალინდელი დიდი სიკეთე, ხსენებული ქართული ანდაზა წაღმა მოვაბრუნოთ და შევცვალოთ სიტყვითა და საქმითა ასე: ხვალინდელი ქათამი მირჩევნია დღევანდელს კვერცხსაო.

სწორედ ამ დედა აზრით უნდა განიზომოს და გადაიჭრას ერთი საზოგადო საკითხი, რომლის შესახებ ამ ჟამად დიდი ბაასია გამართული ქართველს საზოგადოებასა და ლიტერატურაში და რომელიც მდგომარეობს შემდეგში: რაგვარი მოხმარება უფრო სასარგებლო იქნება ქართველი თავად-აზნაურობისათვის და ქვეყნისათვის იმ თანხისა, რომელიც ამ ცოტა ხანში დაუბრუნდებათ უკანვე სააზნაურო ბანკიდგან მის დამფუძნებელთ.

რამდენადაც ჩვენ ვიცით, დამფუძნებელთა რიცხვი აღემატება 2000 ოჯახსა, ანუ 10,000 სულსა, ხოლო მისაღები ფული უდრის 100, 000 მანეთსა. ეს ფული, ერთს რომელსამე სამერმისო, საშვილი-შვილო საქმეზედ მოხმარებული, დიდს ნაყოფს, დიდს სიკეთეს მოუტანს თავად-აზნაურობას და ქვეყანას. ათი-ათასად-კი დანაწინებული და დაფხვნილი, გაწყალდება და გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი, და ბევრი-ბევრი თუ წამის სიამოვნებას გამოაცდევინებს პატრონებსა.

საზოგადო მოთხოვნილება ჩვენს თავად-აზნაურობას ბევრი აქვს, ბევრი წოდებრივი ნაკლულევანებ აწუხებს, ბევრი დაბრკოლება ეღობება გზაზედ. რომელს საზოგადო ნაკლს უნდა დაუდოს ეს ფული წამლად?

ჩვენა გვგონია, რომ აქ არც ბევრი ფიქრი უნდ და არც ბევრი ბაასი. იმაზე უკეთესს საზოგადოებრივს დანიშნულებას, რომელიც ჰქონდა ამ თანხას დღEმდე, ჩვენ ვერ მოვიგონებთ და ვერც დავასახელებთ. ამ თანხის სარგებელი, როგორც ყველამ უწყის, ყოველ წლივ იხარჯება მოზარდის თაობის სასწავლებლად და აღსაზრდელად. ეს თანახა მთელის ოცის წლის განმავლობაში შეადგენდა ნება ყოფლობითს შეწირულობას, რომელსაც მეტად სანაქებო და სასიქადულო დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ა ჰქონდა.: დახმარებოდა სინათლის მოფენაც ჩვენს ქვეყანაში.

არა გვგონია, რომ თავად-აზნაურობას დღეს ნაკლებად უჭირდეს სწავლა-განათლება, ვიდრე იგი უჭირდა გუშინ და გუშინ წინ. პირიქით, გუშინდელზე ბევრად მეტი ზრუნვა ჰმართებს ამ მხრივ. თუ ჩვენი მეზობელნი წინად ხარებით მიდიოდნენ განათლების გზაზედ, ახლა ცხენებით მიჰქროლავენ, და ჩვენმა აზნაურობამ რომ ურმის ტაატით იაროს უწინდებურად, უფრო დიდ მანძილზედ დარჩება უკან და მთლად გაირიყება. ამიტომ ბანკიდგან მისაღები ფული მისმა დამფუძნებლებმა უნდა მიუცილებლად მოახმარონ ფეხის აჩქარებას სწავლა-განათლებაში.

მაგრამ მოხმარებაც არის და მოხმარებაც. დიდი ფული კაცმა შეიძლება ისე უხერხული და უხეიროდ დახარჯოს კარგს საქმეეზედაც, რომ პატარა სარგებელი ნახოს; ისიც შეიძლება, რომ პატარა ფულით დიდს სიკეთეს ეწიოს. უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველები ღარიბნი ვართ ფულით, მდიდარნი დაუკმაყოფილებელის მოთხოვნილებით, ნაკლებულობით. ჩვენ მაშინ გამოვალთ გაჭირვებულ მდგომარეობიდგან, როდესაც პატარა ფულს ისე ოსტატურად მოვიხმარებთ, რომ დიდი ნაყოფი მოვიმკოთ.

ქართველ თავად-აზნაურობას აქვს თავისი საკუთარი და ძვირფასი დაწესებულება – სააზნაურო სკოლა, რომელიც ახლავე შესდგება თერთმეტი კლასიდგნა, თუ პარალელულ განყოფილებებს სათვალავში არ ჩავაგდებთ. ამ სკოლაში სწავლობს ექვსასამდე ქართველი ყმაწვილი. სკოლას არა აქვს დღემდე თავისი საკუთარი და შესაბამი შენობა და ამის გამო შევიწროებულს მდგომარეობაში არის ყოველ მხრივ, რათა ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარება ყმაწვილებისა დაადგეს ჯეროვანს გზას და ამ ქართულმა დაწესებულებამ მოიტანოს ის დიდი სიკეთე, რომელიც მისგან მოსალოდნელია, მიუცილებლდ საჭიროა საკუთარი სახლი, აგებული თანახმად ახლადელის ჰიგიენის და პედაგოგისა.

ამისთანა სახლის აშენებას გზაზედ ეღობება მხოლოდ ერთადერთი მიზეზი – ფულის უქონლობა. ეს მიზეზი თითქმის უძლეველი იქნებოდა, რომ ფულის ჩუქების გარედ ხსნა არ იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. აქ სრულიად საკმარისია დროებითი სესხი. ნასესხი ფულით სკოლის სახლი აშენდება, დაგირავდება ბანკში და მასესხებელს ისევ უკან დაუბრუნდებათ თავისი საკუთარი ფული.

ამ გამსესხებლის როლი უნდა იკისრონ სააზნაურო ბანკის დამფუძნებელთ, რომელნიც უკვე მიიღებენ 100,000 მანეთს ფულსა, ეს ფული საკმარისია სკოლის სახლის შავად აგებისათვის, რომლის შემდეგ სახლს ყოველი ბანკი მიიღებს გირაოდ, და დაუყოვნებლივ დაუბრუნდებათ დამფუძნებელთ მათი თანხა. ეს პირველი სიკეთე იქნება.

მაგრამ, უფრო დიდს სიკეთეს შესძღვნის თავად-აზნაურობას ხსენებული ფული, თუ იგი სახლის აშენების შემდეგ უკვდავ თანხად დაიდება იმ აზრითა და პირობით, რომ მისის სარგებლით ყოველ წლივ იზრდებოდნენ სტიპენდიატებად ნიჭიერნი და ღარიბნი ჩვენის ქვეყნისანი. მაგრამ სად? იმისთანა სასაწვლებლებში, რომელთაც შეუძლიათ გამოუზარდონ ჩვენს ქვეყანას ახალის ტიპის ქართველები.

საქმე ის გახლავთ, რომ ახლანდელი ტიპი განათლებულის ქართველების ძალიან მდარე არის. მათ აკლიათ გონებრივი ძალა, ცხოველი ჭკუა, ნამდვილი ცოდნა, მტკიცე ხასიათი, მხნეობა, თაოსნობა და ეხერხებათ მხოლო ერთად-ერთი ასქმე – კანცელარიაში სამსახური, ოფიციალურ ქაღალდების წერა, მოხელეობა, “ჩინოვნიკობა”. მაგრამ ბალა ეს არის, რომ ეს “ჩინოვნიკობაც” ბოლოს წლებში დაემსგავსა იმ მაღლა დაკიდულს ძეხვებს, რომელსაც მშიერი კატა ვერა სწვდებოდა. სამს ქართველში ერთი ძლივსღა ეღირსება ხოლმე კანცელარიის შუშაბანდში ადგილის შოვნად. უმეტესობა ამ შუშაბანდის გარედ რჩება, და რადგან მხოლოდ იმ შუშაბანდისათვის არის მომზადებული, ვარდები საცოდავს მდგომარეობაში, და… ხშირად თავისს ჯავრსა ყრილობს ქართულის ლიტერატურის საწყალ მკითხველებზედ, რომელთათვის აცხობს ცარიელ-ტარიელ წერილებსა.

თუმცა ბლომად გვყავს აღზრრდილნი ჩვენში, რუსეთში, საფრანგეთსა და გერმანიაშიაც; მაგრამ აქამდინ არც ერთს არ გამოუჩენია იმდენი ცხოველი ცოდნა და უნარი, რომ გაეკვლია ახალი გზა და ეჩვენებინა საქმით, მაგალითით, რა ნაირად უნდა იმოქმედოს ნასწავლმა ქართველმა, რომ თავი დაახწიოს კანცელარიის ყმობას, გახდეს ბატონი ჩვენის მდიდარის ბუნებისა, გადააქციოს იგი დაუშრობელ წყაროდ ქონებისა და იცხოვროს ღირსეულად, დამოუკიდებლად და სასარგებლოდ ქვეყნისათვის.

მაგრამ განა ქვეყანაზედ ამ ჟამად მოიპოვება სკოლა, რომელსაც შეუძლიან ამისთანა ღირსეულნი შვილნი აღგვიზარდონ? დიახ, მოიპოვება. სულ თხუთმეტი წელიწადი არ იქნება, რაც ინგლისმა შექმნა სრულიად ახალი ტიპის სკოლა, რომელშიაც განახორციელა სავსებით ძველ ბერძენთა ნატვრა: საღი სულის საღს სხეულშიო. ეს ახალი ტიპის სკოლა საოცარის ოსტატობითა და სიადვილით უმდიდრებს მოწაფეებს გონებას ნამდვილ კონკრეტულისა და ცოცხალის ცოდნით, ასწავლის ზედმიწევნით ბუნების ძალთა მოხმარებას, გულს უვსებს მაღალის ადამიანური გრძნობებით, ანიჭებს მტკიცე ხასიათსა, ზრდის მასში თაოსნობას, უნარსა, თავისის თავისს იმედსა, თავაზიანობას, დარბაისლობას და ამზადებს სულით და ხორცით საღს ადამიანებს, შეუპოვარ მეომართ ბუნებისა და უკუღმართის ცხოვრების წინააღმდეგ. ეს ნაყოფი ინგლისურის სკოლისა იმდენად ცხადია ახლა ყველასათვის, რომ თვით საფრანგეთიდან და გერმანიიდგან პედაგოგები თავისს შვილებს სასწავლებლად ბოლოს წლებში ინგლისში ჰგზავნიან. თუ გნებავთ შეიტყოთ, რა პროგრამით და სისტემით, რა მოწყობილობით მოაქვს ინგლისის სკოლას ამისთანა ბრწყინვალე ნაყოფი, სხვათა შორის, მოიპოვეთ წიგნი პობედონოსცევისა, გადაიკითხეთ გულ-დადებით და შეიტყობთ ყოველ გარემოებას ამ საიდუმლოისას.

აი რა გვარს სკოლებში უნდა გამოზარდონ სტიპენდიანტები, თუ გვინდა, რომ იგინი გამოვიდნენ სწორედ ღირსეულნი ადამიანები ყოველი მხრით და შეეძლოთ ახალი სახელმძღვანელო პრინციპები დაამყარონ ჩვენს ცხოვრებაში, ახალი მიმართულება შეიტანონ ჩვენს საზოგადოებრივს სკოლებში და ახალი ხანა დაუყენონ ჩვენს სამშობლოს. ფული, რასაკვირველია, მეტი წავა ამ ახალი ტიპს ქართველების გამოზრდაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაყოფსაც, სარგებლობასაც შეუდარებელს მივიღებთ. ამ აღმატებულის სარგებლობის უტიყარი თავდები ის გახლავთ, რომ ინგლისი ეხლანდელს დროში პირველი ქვეყანაა, ყველა ქვეყანაზედ ბევრით დაწინაურებული, არა მარტო სამაგალითო სწავლის სისტემით, არამედ ყოველ მხრივ და მის უპირატესობას ერთ-ხმივ აღიარებენ თვით დაწინაურებულთა ერთა წარმომადგენელნი: განათლებულნი ფრანციელნი და გერმანელნი. ევროპულს ენებზედ ამ ჟამად ამისთანა თხზულებებიც კი გამოდის: რისგან წარმოსდგება უაღრესობა და უპირველესობა ინგლისელთა ტომისაო? ამისთანა აყვავებულს ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა ქართველი ყმაწვილებისა რამდენსამე წლის განმავლობაი არ შეიძლება არ გახდეს წყაროდ მრავალის მათის ღირსებისა და ჩინებულად არ აღჭურვონ იგინი ცხოვრებისა და ბრძოლისათვის.

მაგრამ საქმე ის არის, რა დროიდგან ვიწყოთ გაგზავნა სტიპენდიანტებისა? მხოლოდ იმ დროიდან, როდესაც ახლანდელს სააზნაურო სკოლას უზრუნველად ჰყოფენ სააზნაურო ბანკი თავისი წლიური მოგებით და სააზნაურო ქარვასლა თავისი შემოსავლით. მანამდინ-კი სარგებელი 100, 000 უკდავ თანხისა უნდა ხმარდებოდეს ამ სკოლას, რომელიც ერთის წლის შემდეგ სრულ რვაკლასიან გიმნაზიად შეიქმნება.

არც ერთი კეთილ-გონიერი კაცი არ დაიწყებს მეორე სახლის შენებას, თუ პირველი სახლი ვერ დაუმთავრებია ხელ მოკლეობის გამო.

მესამე სიკეთეც შეიძლება მოატანინოს თავად-აზნაურობამ ამ ფულსა. ეს სიკეთე იმაში მდგომარეობ, რომ რვა ათასი თუმანი ფული შეტანილ იქმნას სასარგებლოდ არა სხვა რომელსამე ბანკში, არამედ ქართულს სამეურნეო ბანკში, რომელიც მკვიდრს საფუძველზედ დგას და სარგებელსაც მეტს იძლევა. ეს ფული ხელს გაუშლის თვით ბანკსა, ახლა ძალაუნებურად ხელ-მოჭერილსა, და შეძლებას მისცემს უფრო მეტს გაჭირვებულს ქართველ მეურნეთ, მეტადრე გლეხებს გაუმართოს ხელი, ვიდრე აქამდინ უმართავდა.

მაგრამ საქმე ის არის, რა სახით უნდა მოხდეს გადაცემა ამ ფულისა ბანკიდგან სააზნაურო სკოლის კომიტეტში?

ჩვენი აზრით, ყველას ის ემჯობინება, რომ რამდენმამე ბანკის დმფუძნებელმა შეადგინოს საერთო ქაღალდი ბანკის მართველობის სახელობაზედ, მასში განაცხადოს თავისი სურვილი, რომ მისაღები ფული გადაცემული იქმნას სააზნაურო სკოლის კომიტეტში და ამ ქაღალდზე ყველა დამფუძნებელს მოაწერინოს ხელი. ქაღალდში მოხსენებული იქნება, რომ ეს ფული გადეცემა კომიტეტს იმ პირობით, რომ მან ჯერ იგი მოიხმაროს სახლი აშენებაზე, მერე ისევ დაიბრუნოს, უკვდავ თანხად გადასდოს, შეინახოს ქართულს სამეურნეო ბანკში და მისის სარგებლით აღზარდოს სტიპენდიატები.

ამ სახით მოხმარებული ფული ემსგავსება იმ ლუკმას, რომელიც პატრონს პირიდან გაუვარდა, მაგრამ მისსავე ჯამში კი ჩავარდა. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ანდაზის ლუკმა ისევ ლუკმად დარჩა და რამდენსამე წამის უკანჰ გაქრა, ეს ფული კი ყოველ წლივ ახალ-ახალს ნაყოფს გამოიღებს, გადაიქცევა დიდის სიკეთის დაუშრეტელ წყაროდ თავად-აზნაურობისა და მთელის ჩვენის ქვეყნისათვის. მთელი ჩვენის ქვეყნისათვის-მეთქი, ვამბობ, იმიტომ, რომ სრული იმედია, რომ ამ თანხის სარგებელს დამფუძნებელნი მთლად არ მიცემენ ვიწრო წოდებრივის დანაშაულებას, რადგანაც ამ ფულს ბანკის დაარსებიდგანვე ჰქონდა უფრო სასიქადულო ფართო დანიშნულება და მისი სარგებელი, ბანკის წესდებით, უნდა მოხმარებოდა როგორც მამულის მეპატრონეთ, ისე მხვნელ-მთესველთა.

მაგრამ თავად-აზნაურობამ არ უნდა იფიქროს, რომ ხსენებულის თანხის გადადებით დაკმაყოფილდება წყურვილი განათლებისა. მისი სარგებლით შეიძლება ყოველ წლივ იზრდებოდეს მხოლოდ რამდენიმე სტიპენდიატი და ეს ხომ საკმარისი არ არის. რუსეთში თავად-აზნაურობა ნივთიერულად არა ნაკლებს გაჭირვებაშია, მაგრამ მოზარდ თაობის მომავლისათვის-კი თავისს ღარიბ ჯიბეს ძალას ატანს. მაგალითად, მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურობამ კაი ხანია სასკოლო ხარჯი ნება-ყოფლობით დაიდო, ყოველ-წლივ ჰკრეფს ფულსა, შეადგინა თანხა და ეს თანხა დღითი-დღე ჰმატულობს. ამ ჟამად სამოსწავლო თანხა მოსკოვის თავად-აზნაურობისა შეადგენს სამოცი ათას თუმანსა (600,000). ჩვენმა თავად-აზნაურობამაც უნდა მიჰბაძოს ამ ჩინებულს მაგალითს, მოიგონოს თავისი დადგენილება შესახებ სასწავლო ხრჯი გაწერისა თავის შორის და აღსრულებაში მოიყვანონ ეს სასიქადულო დადგენილება. უამისოდ არამც თუ ქართველ ქალთა ეროვნული განათლება დარჩება ოცნებად, თვით სავაჟო ჩვენი გიმნაზია კლდეზედ არ იქნება აშენებული.

ყველა ის, რაც წინად ვსთქვით, მიმართულია აღმოსავლეთის საქართელოს თავად-აზნაურობისადმი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობას, მას ამ შემთხვევაში ბევრად მეტი კეთილი და საშვილიშვილო საქმის გაკეთება შეუძლია იმ თანხით, რომელსაც მიიღებს ბანკიდან. ეს თანხა, როგორც ვიცით, ერთი ხუთად მეტია აქაურზედ და ადის ნახევარ მილიონამდინ. ამ ფულის სარგებელიც მთელის ოცის წლის განმავლობაში ხმარდებოდა სავსებით და მთლიანად სწავლა-განათლების საქმესა, – და შემდეგშიაც ამას უნდა მოხმარდეს განუყოფელად. ეს ფული უკლებლივ უნდა დაიდოს უკვდავ თანხად, რომლის სარგებელი ყოველ-წლივ უნდა ემსახურებოდეს ცოდნის მოფენას. უკეთესი დანიშნულება მას ვერ მიეცემა.

იმერმა თავად-აზნაურობამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ხსენებული თანხის გადაება მთლად მათთვის ბევრად მეტ საჭიროებას შეადგენს, ვიდრე ამერ თავად-აზნაურობისათვის. აქურებს აქვთ დიდი ბანკი, რომელიც დიდ მოგებას იძლევა სკოლის შესანახად, იქაური ბანკი კი, ავის მამინაცვალის წყალობით, წრამოადგენს დალეულს, დაპატარავებულს და გამხდარს საკრედიტო დაწესებულებას, რომლის მცირე მოგება ახლანდელს როგიმნაზიასაც ძლივს ინახავს. აქაურებს აქვ თმილიონად ღირებული ქარვასლა, რომელიც რვა-ცხრა წლის განმავლობაში მთლად გადაიხდის ბანკის ვალსა და თავის ვეებერთელა შემოსავალს, იმედია, მოახმარებს უმეტესად განათლების საქმესა. იქაურები-კი ამისთანა ქონებას სრულიად მოკლებულნი არიან.

ამის გამო, თუ დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობამ თავის ბანკიდამ მისაღები ფული სავსებით და ხელუხლებლად არ გადასდო, როგორც უკვდავი თანხა განათლების სასარგებლოდ, იგი არამც თუ ვერ მოესწრება თავის საკუთარს საქალო სასწავლებელს, რომელიც ისე საჭიროა, არამედ თვით ახლანდელი პროგიმნაზიაც გაირიყებ, და ამითი დასავლეთი დიდი მანძილით უკან ჩამორჩება აღმოსავლეთს, იმ აღმოსავლეთს, რომელსაც ოცი წლის წინად აშკარად აჯობა, რადგანაც, აქაური ათი ათასი თუმნის ნაცვლად, ნახავარ მილიონი ფული ამოიღო თავისი ღარიბი ჯიბიდან და დასდო საზოგადო საქმისათვის. მაშინ იმერებზედ აცხადდებდა ძველი თქმულება: “წინანი უკანა და უკანანი წინაო”.

რათა ამ თანხას, პირდაპირი სარგებლის გარდა, სხვა სიკეთეც მოვატანინოთ, საჭიროა ამით დაარსდეს ახალი საკრედიტო დაწესებულება ქუთაისში, მაგალითად, სამეურნეო ბანკი, თბილისის ქართული სამეურნო ბანკის მსგავსი. თანხა იმოდენაა, რომ ერთს კი არა რამდენსამე ბანკს ეყოფა. ახალის ბანკების დაარსებით ადგილობრივი თავად-აზნაურობა გაიჩენს ახალს წყაროებს იაფის კრედიტისას, შექმნის ახალს ორგანოებს თვითმმართველობისას, ახალს ცენტრს ქართული ცხოვრებისად და ადგილებს გაუჩენს განათლებულ ქართველებს, რომელთაც გული ერჯით საზოგადო სამსახურისათვის.

მაგრამ ეშველება კი რამე საზოგადო ჩვენ გაჭირვებულ თავად-აზნაურობას? ზოგიერთა ვაჟბატონთა აზრით, იგი მთლად და სავსებით დაცემულია, სიკვდილის გზაზედ სდგას, პირი სამარისაკენ უქნია და მისი გამობრუნეწბა რაიმე სასწაულით თუ მოხერხდება, თორემ ქვეყნიური ძალანი ვერას გააწყობენო. ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ეს აზრი მართალი იყოს. იმისთანა პატარა ერი, როგორიც არის ქართველობა, მხოლოდ მაშინ დაიცავს თავის არსებობას და უკან არ ჩამორჩება სხვა ერებს წარმატების გზაზე, როცა ყოველი მისი ნაწილი საღი და მომქმედი იქმნება. მარტო ერთს რომელსამე წოდებას ვერ ძალუძს გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა დაცემას, დაჩაგვრას და მიწასთან გასწორებას. საჭიროა შეერთებული ძალა ყოველთა წოდებათა. ყოველი ვიწრო დოქტრინა, რომელიც ერის რომელსამე ჯგუფის მსხვერპლად ხდის დანარჩენს მის ნაწილებს, ჩვენთვის სწროედ საწამლავია. მომაკვდინებელი შხამია აგრეთვე გამწვავება ბრძოლისა წოდებათა შორის. ამ გამწვავებას მოჰყვება მომეტებული დაუძლურება ჩვენის ერის ყოველის ნაწილისა, მთელი ჩვენის ქვეყნისა, წაგება საარსებო ბრძოლისა და გამარჯვება ჩვენზე ჩვენის მოცილებისა, რომელნიც მტკიცედ არიან შეერთებულნი ეროვნულის დროშის ქვეშ და საერთოდ იბრძვიან. დამოუკიდებელ ქვეყნებში კლასთა და წოდებათა ბრძოლას მოსდებს უფლებისა და ქონების გადასვლა ერის ერთი ნაწილიდან იმავე ერის მეორე ნაწილის ხელში, და ქვეყანა ამით არას ჰკარგავს. ჩვენში კი შიანურის ბრძოლის გამწვავებას მოჰყვება ის სავალალო შედეგი, რომელიც დაემართა ორს მოჩხუბარს მამლაყინწას გურამიშვილის პოემაში. ორივე მოქანცულნი მოჩხუბარნი, როგორც მოგხსენებათ, ქორმა წააწიალა თავის ბუდეში გდასაყლაპავად.

“ჩვენ ისე მცირენი ვართ რიცხვით, რომ საზარელს კაცის მკვლელსაც კი უნდა ვაპატიოთ და მივანიჭოთ სიცოცხლეო”, სთქვა ნახევარ საუკუნის წინედ უნგრეთის გამოჩენილმა პატრიოტმა სეჩენიმ, რომელიც სხვა მამულიშვილებთან ერთად ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ ერთის დროშის ქვეშ შეერთებინა ყველა კლასი, ყველა წოდება თავისი ქვეყნისა, და საერთო ძალით ებროლნათ სამშობლო დაცვისა და მომავლისათვის. და რა შედეგი მოჰყვა ამ ფართო ეროვნულ მიმართულებას, ამის პასუხს იძლევა ახლა გაძლიერებული, აყვავებული და იმედით სავსე უნგრეთი. ჩვენში-კი მზათ არიან ერთის კალმის მოსმით გააუქმონ მთელი წოდება, გაანახევრონ ჩვენი ქვეყანა, უიმისოდაც პატარა და ადვილად გადასაყლაპავ ლუკმად გადააქციონ. შორს მჭვრეტელებაც ამასა ჰქვიან.

მაგრამ საქმე იმაშია, რომელი დროშის, რომელი ბაირაღის ქვეშ უნდა მოხდეს ეროვნული შეერთება ქართველ წოდებათა? რასაკვირველია, ამ დროშად უნდა გახდეს პრინციპი შორმისა, ის პრინციპი რომლის გარეშე ჩვენს დროში არც ერთს წოდებას სიცოცხლე და წარმატება არ შეუძლიან. მაგრამ განა შესაძლებელია ესა? არამც თუ შესაძლებელია, ნამდვილ ფაქტსაც შეადგენს არამც თუ ეხლა, არამედ კაი ხანია.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენებური მაღალი წოდება შესდგება თავადებისა და აზნაურებისაგან. ამასთან აზნაურობა ერთი ათად და ოცად მეტია თავადობაზე. რითი ცხოვრობს ეხლა ჩვენი აზნაურობა? უმეტეს ნაწილად, თავისი მარჯვენით, თავისი ოფლით. აზნაურები ჩვენში თავისი ხელით ხნავენ, სთესავენ, ფარცხავენ, მკიან, ლეწავენ, ყელენ ვენახებსა და აკეთებენ ყოველგვარ სამეურნეო საქმესა. ისინი გლეხებს ჯაფასა და შრომაში სრულიად არ დაუვარდებიან. ქალაქებშიაც ბოლოს წლებში დღითი დღე მრავლდება რიცხვი ქართველი ხელოსნებისა, დაბალი ტექნიკოსებისა, ვაჭრებისა. რომელ წოდებას ეკუთვნიან ესენი? ამავე აზნაურთა წოდებას უმეტესობით. ჩვენ დროში აზნაურები მხოლოდ იმითი განირჩევიან გლეხებისაგან,. რომ თავის ადამიანურ ღირსებას უკეთ იცავენ. ასე, რომ ჭეშმარიტებას იოტის ოდენად არ ვუღალატებთ, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი მრავალ რიცხოვანი აზნაურობა წარმოადგენს არა ნაკლებ საღს წოდებას, ვიდრე გლეხობა.

სამწუხაროდ, თავადობაზედ საზოგადოდ ეს არ ითქმის. უმეტეს ნაწილად იგი სრულიად მოშორებულია შრომის პრინციპს, უსაქმობაში არის ჩაფლული, სცხოვრობს ფეოდალური ტრადიციებით და გადაბირების გზას ადგია. მეტადრე მსხვილი თავადიშვილობა მოგვაგონებს იმ ბურბონებს, რომელთაც ვერაფერი ვერ დაივიწყეს, ვერაფერი ვერ ისწავლეს, დარჩნენ ძველის პრინციპების ნაკლულებისა ამარა და თავი დაღუპეს. ჩვენი მსხვილი თავადები, თითო ოროლას გარდა, თვითონ არაფერს აკეთებენ, ცხოვრება კი მდიდრული უყვართ. ამის გამო, მამა-პაპეული უძრავი თანხა – დედულ-მამული თანდათან ხელიდან ეცლებათ და შორს არ არის ის დრო, როდესაც სრულიად ცარიელი დაჯდებიან თავისი მიწა-წყლიდან. იმოდენი ადამიანობც ვერ გამოუჩენიათ, რომ ეს მიწა-წყალი იმათთვის მიეყიდნათ, ვისაც მამა-პაპა მრავალის საუკუნოების განმავლობაში ზედ აკვდებოდა აუარებელს მტრებს ამ მიწა-წყლის დასაცავად. ეს მიწა-წყალი, ჩვენდა სავალალოდ, გადადის სრულიად უცხო კაცთა ხელში და საუკუნოდ ეკარგება ჩვენს სამშობლო ქვეყანასა.

უბედურობა ამითი არა თავდება. ამ დამჭკნარს და გამხმარს ტოტებს ჩვენის ერისას, მათი სიმაღლის გამო, ყველა ხედავს, საღი დაბალი ტოტები, საღი ტანი და ფესვები თვალში არავის ეჩხირება, – ამით სარგებლობენ ჩვენი მტრები და მომაკვდავ ერად გამოვყავართ. ამ სახით, ეს მაღალი გამხმარი ტოტები მთელს ერს უტეხენ სახელს, მომაკვდავად გამოჰყავთ და ყვავ-ყორანს აჩხავლებენ ანდერძ ასაგებ კილოზე. ამიტომ, სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს ერთი ჩვენი სახელოვანი მწრალი, ჩამომავლობით დიდი ფეოდალი, მიმართულებით კი ეროვნული დემოკრატი, როდესაც ამობობს: რაც უფრო ადრე გადაჰკაფავს ცხოვრების ჩარხი ამ გამხმარ ტოტებს, მით უფრო სარგო იქნება ჩვენის ქვეყნისათვისაო.

ჩვენდა სანუგეშოდ, საქართველოში გაყვითლებულ-გამხმარი ფეოდალების რიცხვი მცირეა და მათი გამოკლება ცოცხალ ქართველთ რიცხვიდან დიდ ზიანს არ შეადგენს ქვეყნისათვის, თუ სხვა წოდებანი აღიჭურვებიან ჭეშმარიტი განათლებით, შეერთდდებიან ძმურად შრომის დროშის ქვეშ და მტკიცედ დაადგებიან ეროვნულის პროგრესის გზასა.

დასასრულ, ერთს წამს კიდევ დავუბრუნდეთ პირდაპირს საკითხს. ამ საკითხს ორი მხარე აქვს: უცვლელი და ცვალებითი. უცვლელი უნდა იყო ის, რომ თბილისის და ქუთაისის სააზნაურო ბანკების დამფუძნებელთ არ უნდა გამოსწირონ მისაღები ფული იმ წმინდა და საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც აქამდე ხმარდებოდა მისი სარგებელი მთელის ოცი წლის განმავლობაში, ე. ი. სწავლას და აღზრდას მოზარდი თაობისას – ვაჟებისას და ქალებისას. ეს დანიშნულება უნდა იყოს სამუდამო, შეურყეველი, უცვლელი, ფული უნდა გადიდოს უკვდავ თანხად და მხოლოდ მისი სარგებელი იხმარებოდეს. რაც შეეხება მას, თუ როგორ ასარგებლონ ეს თანხა, რა გვარს სწავლას მოახმარონ მისი სარგებელი ან რომელ შტოს განათლებისას მისცენ უპირატესობა, ეს ცვალებითი მხარეა საქმისა და უნდა სწყდებოდეს მომენტის მოთხოვნილებათა შესაბამისად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button