იაკობ გოგებაშავილი – ენა და კილო
მოგეხსენებათ, რომ ყოველს ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მისს დედა-ენად, და თემური კილოები (наречия), რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ. ხალხის განათლებაში ამ მეტყველების ფაქტორებს კაცობრიობის კეთილ-გონიერებამ ასეთი დანიშნულება მისცა: ყველა სკოლებში სწავლება მოწყობილია დედა-ენაზედ და ადგილობრივს კილოებს ხმარობენ ასახსნელად და განსამარტივებლად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ ბავშვებს კარგად არ ესმით. ამ სახით ეფინება მთელს ხალხში დედა-ენის სრული ცოდნა და მასთან ერთად ვრცელდება განათლება. ასეთი წესია ევროპაში, ამერიკაში და ყველა კულტურულს ქვეყნებში.
ასეთივე წესი არსებობს რუსეთის ხალხთა შორის და სხვათა შორის, კავკასიაშიაც. კავკასიელს თათრებს, მაგალითად, აქვთ რამდენიმე პროვინციული ენა, ადგილობრივი კილო, რომელიც დიდად განირჩევა მათის დედა-ენიდგან, რომელსაც ჰქვიან ადერბეიჟანური ენა (адзербейджанский язык). სახელმძღვანელო წიგნები თათრულის ენისა და რუსულისა ყველა თათრულის სკოლებისათვის მხოლოდ ამ უკანასკნელს ენაზე არიან შემდგარი და ეს სახელმძღვანელოები იხმარებიან ყველა თათრულ თემთა სორის, სადაც კი სკოლები არსებობენ. თუ მკითხველი იფიქრებს, რომ ეს თათრული სახელმძღვანელოები რომელიმე პატრიოტ თათრისაგან იქმნებიან შედგენილნიო, ძალიან მოსტყუვდება. მათი ავტორი არის ბუნებრივი რუსი, ჩერნიაევსკი, რომელიც ჯერ ჩინოვნიკად იყო თათრულს პროვინციაში, სადაც კარგათ შეისწავლა თათრული ენა, მერმე გაპედაგოგდა, გახდა ინსპექტორად გორის საოსტატო სემინარიის თათრულის განყოფილებისა და სწორედ ამ დროს შეადგინა თათართათვის მათის დედა-ენია და რუსული ენის სახელმძღვანელოები, და ორივესი მხოლოდ საერთო ადერბაიჯანური ენა იხმარა. ახლა ვიკითხოთ: როგორ მიეგება ამ ნაბიჯს სასკოლო მთავრობა? დიდი სიამოვნებით, და არამც თუ მოიწონა ჩერნიავესკის წიგნები, არამედ საღსარიც მისცა, რომ თვითონ ავტორს გამოეცა ეს წიგნები და გაევრცელებინა სკოლებში. და ახლა ყველა თათრულს სკოლებში იხმარებიან ეს სახელმძღვანელოები, ადგილობრივის თათრულის კილოებისა დახმარებით და ავრცელებენ თათრულს დედა-ენას კავკასიელ თათარ თემთა შორის, მისი შუამავლობით ცოდნასა ჰფენენ ხალხში და აერთებენ, ერთად კუმშავენ ყველა თემის თათრებსა.
ასეთი წესია სომეხთა შორისაც. ამ ხალხსაც, მთავრის სომხურის გარდა, აქვს პროვინციალური ენებიც, მაგალითად ზოკური, რომელიც ისე განირჩევიან მათი დედა-ენისაგან, რომ ბევრგან ბავშვებს ძლიერ უჭირთ ამ უკანასკნელის გაგება. მიუხედავად ამისა, ყველა სომხურს სკოლებში იხმარებოდნენ და იხმარებიან სახელმძღვანელონი, რომელნიც შედგენილნი არიან ლიტერატურულ დედა-ენაზე. ამით მთელს სომხობაში ღრმად იდგამს ფესვებს ერთი და იგივე ლიტერატურული დედა-ენა, ერთი და იგივე ცოდნა და მჭიდროდ აერთებს ხალხსა.
ასეთი გონივრული წესი იყო ჩვენს საქართველოშიაც მას უკან, რაც ქრისტიანობა მიიღო ჩვენმა ერმა და დაარსა სკოლები. მეოთხე საუკუნიდგან დაწყებული დღეინდელ დღემდე ყველა ჩვენებურს სკოლებში, შავი ზღვიდგან მოკიდებული დაღესტნის საზღრამდე, იხმარებოდა მხოლოდ წიგნები, საერთო ლიტერატურულ დედა-ენაზე დაწერილნი. განსამარტავად ადგილობრივ გაუგებარ სიტყვებისა და ფრაზებისა, მასწავლებლები ხმარობდნენ სიტყვიერად ადგილობრივს ტერმინებსა და ფრაზებსა, მაგალითად, სამეგრელოში და სვანეთში, და სწავლასთან ერთად ავრცელებდნენ დედე-ენის სრულს ცოდნასა. ვინ მოიფიქრებდა, თუ ამ გონივრულს წესს, ღვთისაგან დალოცვილს და კაცთაგან მოწონებულს, მოწინააღმდგენი გამოუჩნდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. მაგრამ მოულოდნელი ახდა, შეუძლებელი აცხადდა. და აცხადდა მხოლოდ ჩვენში და სხვაგან არსად, არც სომეხთა შორის, არც თათართა შორის და არც სხვა კავკასილებში არ აღმოჩენილა იმისთანა ჭკუა-მოკლე და უკუღმართი ადამიანი, რომელსაც ეთქვას, სკოლებში სწავლება თემურს კილოებზე უნდა იყოს და არა დედა ენაზეო.
ჩვენში-კი აღმოჩნდნენ იმისთანა ჭკუით გლახანი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოსთქვეს, რომ სამეგრელოს და სვანეთის სკოლებიდგან დედა-ენა უნდა იქმნას გამორიცხული, რადგან ააქ ხალხი ადგილობრივს კილოებს ხმარობსო.
რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში მოყვანა, განხორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსა. ერთმა კავკასიელმა ერმა კაი ხანია მოჰგლიჯა ჩვენს სამშობლოს აღმოსავლეთის ვეებერთელა კუთხე, სახელდობრ ზაქათალის მაზრა, საინგილო, ყარაიასი, მეორემ ერტის საუკუნის განმავლობაში ხელთ იგდო სამი დიდი მაზრა საქართველოსი: ახალქალაქისა, ახალციხისა, ბორჩალოსი, და ამას გარდა გაბატონდა აღმოსავლეთის საქართველოს ყველა ქალაქებში. ჩვენმა სამშობლომ დაჰკარგა თითქმის მესამედი თავისი ტერიტორიისა, მიწა-წყლისა. აღმოსავლეთის საქართველო საკმაოდ შესუსტდა; მაგრამ დასავლეთის საქართველო თავისის ერთიანობით, თავისი სრული ქართველობით ღონიერი იყო და ბოლოს ხანს მისი გამჭრიახი, უნარიანი, მოხერხბული და მხნე ერი გაძლიერბის გზას დაადგა. სრული იმედი იყო, რომ გაძლიერებულნი იმერნი გაჭირვებულს ამერებს მოეშველებოდნენ, ზურგს მისცემდნენ და შეერთებული ძალით დაუბრუნდებოდნენ ძვირფასს დანაკარგსა, როგორც თვითონ იბრუნებდნენ წინა საუკუნეებში თავისას ამერთა შემწეობით. მაგრამ ეშმაკს როდი ეძინა. იმან მოიწადინა თვით იმერთა სამშობლოც დაენაწილებინა, დაექუცმაცებინა, მოეწყვიტნა შავის ზღვის ნაპირებიდგან და დაეუძლურებინა. სახსრებიც მალე იპოვნეს: სამეგრელოსა და სვანეთის მოწყვეტა, მოშორება საერთო ნიადაგიდგან…
რა მოელით თვით იმ მხარეეებს, რომელთაც მოწყვეტას უპირებენ? იინი იმავე სიკეთეს მომკიან, რა სიკეთეც მოელის ტოტებსა, ხიდგან მოჭრილებსა. დაჭკნობა და გახმობა აუცილებელი შედეგია მათის მოწყვეტისა საერთო ნიადაგიდან. ნუ ვინ მოიყვანს აქ საწინააღმდეგო საბუთად მყნობას, სხვა ხეზე შტომ შეიძლება იხაროს, მხოლოდ ახლოს ნათესავს ხეზე, მაგრამ თუ იგი ამყნეს სრულიად სხვა გვარს ხეზე, ვერც გაიზრდება და ვერც იხარებს. ნაწილი ერისა, რომელიც მოშორდა საერთო ეროვნულს ნიადაგსა, სწრაფად მიდის უკან-უკან, სუსტდება, ველურდება და ხდება მსხვერპლად იმ გამხრწნელი პროცესისა, რომელიც ერთმა სწავლულმა რუსეთისამ დაახასიათა ამ ტერმინით: “Мерзость запустения” (სისაძაგლე აოხრებისა).
დიაღ, განცალკავება ჰღუპავს ეროვნულს ხესაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც… ხოლო ღმერთს იმისთანა დიდებული არსება, როგორც არის მთელი ერი, შეუქმნია არა გადაშენებისა და დაქვეითებისათვის, არამედ წარმატებისა და ბედნიერებისათვის. ამიტომ ჩვენ ყველამ წმინდა მოვალეობად უნდა დავსახოთ მტკიცედ დაცვა და აღორძინება ქართულის დედა-ენისა სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიაში და სკოლაში, ისეთივე მტკიცე დაცვა, როგორც მტკიცედ იცავდნენ ამერნი, იმერნი – მეგრელნი და სვანნი – ამ ეროვნულს საუნჯეს მრავალ საუკუნის განმავლობაში, ნებით და შეწევნით ღვისათა.