იაკობ გოგებაშავილი – ეროვნული სენი და წამალი
Нет оброзованния без возможно
полного знания своего родного
языка как орудия мысли
Неверов.
ამას წინად “ცნობის ფურცელი” შეეხო ქართულის ენის უნუგეშო მდგომარეობას სხვა-და-სხვა საშუალო სასწავლებელში როგორც სავაჟო, ისე საქალოში. ოფიციალური სტატიკური ცნობების გამოქვეყნებით, წერილის ავტორმა ცხადჰყო, რომ დედა-ენას ზოგს სასწავლებელში სწავლობს მხოლოდ მეოთხედი ქართველი მოსწავლეთა რიცხვისა, ზოგში – მესამედი, ზოგში – ნახევარი, და ამაზედ მეტი-კი – ძალიან იშვიათად. ჩვენ ამ საკითხსავე ორიოდე წლის წინად ვუძღვნით წერილი ქართულს ენაზედ და ცალკე დაბეჭდილს წიგნაკშიაც ვრცლად განვმარტეთ იგი; მაგრამ თავი არავინ შეიწყინა, ბანდი არავინ მოგვცა და საქმე ჩაჩუმდა. ახლაც ეს ჩაჩუმება ერგება წილად ამ დიდს საკითხს, თუ საზოგადოება ჯეროვანს ყურადრებას არ მიაპყრობს და ქართველი კალმოსანნი დაიზარებენ ბანის მიცემას. ჩვენებურს კალმოსანთ ხშირად, ძალიან ხშირად ავიწყდებათ, რომ ერთი განმრატოებული ხმა, თუნდაც იგი არ იყოს მოკლებული ძალას, ვერას დროს ვერ შეიძლებს დაბადოს მოძრაობა ჩვენს მიძინებულს საზოგადოებაში და გამოიწვიოს პრაქტიკული ღონისძიებანი მთხოვნელობის დასაკმაყოფილებლად. რათა სიტყვა საქმედ იქცეს, წადილი განხორციელდეს, საწიროა მთელი გუნდის მონაწილეობა, ხმის ამაღლება ბევრისაგან, კანონიერი პროპაგანდა, ერთი სიტყვით, ხორო მღაღადებელთა. ამ მოსაზრების ძალით, ჩვენ მოვიწადინეთ მხარი დავუჭიროთ წერიის ავტორს, მივსცეთ მას ბანი და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საკითხის გამოკვლევაში. სხვებსაც ამასვე ვურჩევთ და ვთხოვთ კიდეც.
უპირველესად ყოვლისა ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დედაენის უსწავლელობა სკოლაში ბევრად უფრო მაზარალებელია და მავნებელი ქართველ მოსწავლეთათვის, ვიდრე სხვა კავკასიელის ბავშვებისათვის. მოზარდი თაობა ყველა კავკასიელის ხალხისა სწავლობს დედა-ენაზე ყველა სასწავლებელში, პირველი კლასიდან დაწყებული უკანასკნელ კლასამდე, ერთს განსაკუთრებულ საგანს, რომელსაც საღმრთო სჯული ჰქვიან. ამ საგნი სახელმძღვანელოები ყველა მოწაფეს აქვს ხელში, კითხულობენ მას, იზეპირებენ, ეჩვევიან მსწრაფლს კითხვას მშობლიურის წიგნებისას, ითვისებენ თავისს ძველსა და ახალს ენას და ორგანულად უკავშირებიან თავისს ერსა. დაუმატეთ ამას ისიც, რომ საღმრთო სჯულის მასწავლებლები ღვიძლი შვილები არიან იმავე ერისა, მამობრივი სიყვარულით ექცევიან თვის მოწაფეებს, მუდამ ესაუბრებიან მათ ღვიძლს ენაზედ, უქადაგებენ ზნეობასა და სარწმუნოებას ბუნებრივი ენით, და თქვენთვის ცხადი შეიქმნება, თუ რა სახარბიელო უფლება აქვთ ამ კავკასიელს ერებსა. როგგორც კარგად მოგეხსენებათ, საღმრთო სჯულს ყველა სასწავლებლებში ქართულს ბავშვებს ასწავლიან რუსებთან ერთად ამ უკანასკნელების ენაზე და ასწავლიან რუსებთა ერთად ამ უკანასკნელების ენაზე და ასწავლიან უმეტესად არა ქართველნი. ჩვენი შვილები მოკლებულნი არიან სრულიად არამც თუ ქართულს სახელმძღვანელოებს საღმრთო სჯულისას, არამედ თვალითაც ვერ ხედავენ ქართულს სახარებასა და დაბადებასა და დანატრებულნი არიან მამობრივს დარიგებას ღვიძლი ენის საშუალებით.
ამის გამო, თუ სხვა კავკასიელი ბავშვი არ ივლის თავისი ენი გაკვეთილებზედ, ამით იგი არ მოსწყდება სამშობლო ნიადაგსა, რადგანაც მასთან აკავშირებს მას საღმრთო სჯულის სწავლება დედა-ენაზე, როგორც ვსთქვათ. მაგრამ თუ ქართველი ბავშვი გაურბის და არ ეკარება ქართულის ენის გაკვეთილებს, იგი ჰკარგავს ერთად ერთს შემაერთებელს კავშირს სამშობლოსთან, სწყდება ეროვნულს ხესა, ემსგავსება მოჭრილ ტოტსა და გზა დაბნეული არსების ბედს იმზადებს…
აი რისთვის უნდა ჩაითვალოს ორ-კეც და სამ-კეც უბედურებად ის სავალალო მოვლენა, რომ მხოლოდ მცირედი ნაწილი ქართული მოზარდი თაობისა სწავლობს თავის დედა-ენას სხვა-და-სხვა სასწავლებელში, უმრავლესობა-კი სრულიად მოწყვეტილია ამ ეროვნულს წყაროსა.
მიზეზად ამ მეტად სამწუხარო მოვლენისა ჩვენმა ავტორმა დაასახელა გულ-გრილობა დედა-ენისადმი ქართველ მშობელთა და ამით გაათავა სიტყვა. სწორედ წინ-დაუხედველობა მოუვიდა, და აი რად. მან ამით იარაღი მისცა ხელში იმ შავრაზმელებს, რომელნიც ლაქლაქებენ, რომ ქართული ენა თვით ქართველებსაც აღარ უნდათო. ეს უძღები პოლიტიკანები თავისს საკბილოს ვერაფერს იპოვნიდნენ ავტორის წერილში, თუ რომ მას გაეგრძელებინა სიტყვა, გაეფურჩქნა თავისი აზრი და ყოველმხრივ მოეფინა ნათელი საგნისათვის. მან თავი არ შეიწყინა. და ეს გარემოება იძულებულს გვყოფს მისგან შუა გზაზე დატოვებულს ეტლს ჩვენ შევებათ და შეძლებისამებრ ვეცადოთ მივაგოროთ იგი ბინამდი, თუ ამინდმა არ გვიღალატა.
მართალია, სული მართალი, რომ აღნიშნულს სამწუხარო მოვლენაში გულ-გრილობას ქართველი მშობლებისას ადგილი აქვს, წილი უძევს. მაგრამ ეს გულ-გრილობა ერთი მრავალთაგანი მიზეზია, და არა ერთად ერთი. ხოლო ვიდრე ამ მიზეზს გამოვარკვევდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია ამ გულ-გრილობას ისტორიული სარჩული გავუშინჯოთ.
მრავალთა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ურიცხვნი მტერნი სულ იმას ცდილობდნენ, რომ სარწმუნოება წაერთმიათ ჩვენთვის და თავის რჯულზე გადაეყვანათ. ჩვენი ენის წართმევაზე-კი, მის ამოფხვრასა და გაუქმებაზე არამც თუ არა ფიქრობდნენ, პირიქით, თვითონაცა სწავლობდნენ. ჩვენი სარწმუნოების დევნით სავსებით სავსეა საქართველოს წარსული; მაგრამ დიოგენის ფარნითაც ვერ მიაგნებ იქ ენის დევნასა. ამის გამო ჩვენნი წინაპარნი იბრძოდნენ მხოლოდ სარწმუნოებისათვის და ამ ბრძოლაში უკანასკნელს ხარისხამდე გაიწვრთნენ და სიმტკიცე ფოლადისა მოიპოვეს. ენისათვის ბრძოლა-კი მათ სრულიად არ იცოდნენ, რადგანაც ამ ეროვნულს საუნჯეს მათ არავინ ართმევდა, არავინ აუქმებდა, არავინ სჩაგრავდა… რუსეთთან შეერთების შემდეგ სარწმუნოება უზრუნველყოფილ იქნა; მაგრამ ბევრი ქართველი ვერა გრძნობს, ვერ ამჩნევს ხიფათს და განსცდელს, რომელიც მოელის მის დედა-ენას, და არა ზრუნავს შესაბამს ღონისძიებაზე. პირიქით, დარწმუნებულია, რომ როგორც სარწმუნოებას, ისე ენას არაფერი დაუშავდება. აბა ამისთანა ქართულის ენის გაკვეთილებზეო, და იგი გულწრფელად მოგიგებს: “ქართული ენა სად წაუვათ, შემდეგშიც მოასწრებენ მის შესწავლასაო”. მაგრამ ასე ფიქრობენ მხოლოდ უბირი გონების პატრონნი. სხვებს-კი კარგად აქვთ შეგნებული სიბრძნე ქართულის ანდაზისა: მიმპარავი ძაღლი უარესია მყეფარზედაო. ამ უკანასკნელებს კარგად ესმით მშობლიური ენის მნიშვნელობა, ესმით, რომ იგი არის მთავარი ბურჯი ერის არსებობისა და წარმატებისა, ესმით, რომ დედა-ენის შეუსწავლელობა მათს შვილებს დააქვეიეტბს ზნეობითაც, გონებითაც, ხასიათითაც და მისწრაფებითაც, მაგრამ მაინც ვერ ავალებენ თავის შვილებს – უთუოდ იარონ ქართულის ენის გაკვეთილებზე.
რა უშლის მათ ხელსა, რა უბნევს გზასა და რა ჰყოფს იძულებულს უკუღმართად მოიქცნენ? ქართულის ენის სწვლება სკოლებში ჩაყენებულია ყოვლად შეუძლებელს გარემოებაში. აი ნამდვილი მიზეზი ამ სავალალო მოვლენისა.
ავიღოთ ჯერ რიცხვი გაკვეთილებისა. როგორც მოგეხსენებათ, ქართულის ენისათვის დანიშნულია პირველს და მეორე კლასში ორ-ორი გაკვეთილი, მესამეში და მეოთხეში კი თითო-თითო. მეხუთე კლასიდგან დაწყებული ქართულის ენის ჭაჭანებაც აღარი არის. ეს ისეთი უკიდურესი სიმცირეა დროისა, რომ სწავლება ნაყოფს ვერ გამოიღებს, თუნდა ყველა სხვა გარემოება ხელს უწყობდეს მას. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ყველაფერი სხვაც ხელს უცარავს სწავლებასა.
თვით დრო ქართულის გაკვეთილებისა ყოვლად შეუფერებელია. ქართულს ენას ნარგუნები აქვს დამატებითი მეექვსე საათი. ბავშვებმა ჯერ უნდა გაათავოს ხუთი გაკვეთილი სხვა-და-სხვა საგნებისა და შემდეგ ეწვიოს თავის დედა-ენასა. ეწვიოს მაშინ, როდესაც იგი სრულიად დაღლილ-დაქანცულია. რა გულით და რა ყურადღებით უნდა მოეკიდოს ხუთი საათის ჩიჩინით ილაჯ-გაწყვეტილი ბავშვი თავის ენის გაკვეთილსა? რის შესწავლა შეუძლიან მას? მას ამ დროს ესაჭიროება, უკიდურესად ესაჭიროება, დასვენება, და დასვენების მაგივრად ხელ-ახლად სმენ ხმელ სკამზე და ისევ წიგნს აჩეჩებენ ხელში… მიუხედავად ამისა, ცოცხალი, მცოდნე და ხალისიანი მასწავლებელი ქართული ენისა მოახერხებდა ბავშვებში აღეძრა ხალისი საგნისადმი და ნაყოფიერად ეშრომა; მაგრამ სად არის ამისთანა მადლიანი მასწავლებელი? ქართულს ენას აბარებენ იმისთანა სულიერებს, რომელთაც არც ცოდნა აქვთ, არც ხალისი საქმისა, მოკლებულნი არიან უნარსა და მთელს გაკვეთილებს ატარებენ მთქნარების და თვლემაში. და ასეთს მკვდარს სწავლაში მშობლები ვალდებულნი არიან ცალკე საფასი აძლიონ, რაც მძიმე ტვირთს შეადგენს ქრთული ცალიერი ჯიბისათვის.
ყველასათვის ცხადია, ვგონებ, თუ რა ღონისძიებით შეიძლება ვიხსნათ ჩვენი ენა იმ ჭაობიდგან, რომელშიაც იგი არის ჩაფლული, და დავაყენოთ სწორე და ფართო გზაზე, ქართული ენა უნდა გახდეს სავალდბულო საგნად ყველა ქართველთათვის, მიენიჭოს სრული უფლება საშტატო საგნისა და ისწავლებოდეს იმ დროს, როდესაც ისწავლება ყველა სხვა საგნები, ხუთის ნორმალურის საათის განმავლობაში, და არ ებას სასწავლებლებს რაღაც უმნიშვნელო კუდად. მისს მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ იგივე ცენზი, იგივე ამსახურის უფლება და ეძლეოდეთ იმდენივე ჯამაგირი ხაზინიდგან, რა ცენზიც მოეთოხვება, რა უფლებაც აქვს და რა ფასიც ეძლევა სხვა საშტატო საგნების მასწავლებელთა.
ასე იყო უწინ, ასე უნდ დაწესდეც ახლაც.
თუ იყო, რად გაუქმდა, ეს მადლიანი წესი? ქართულს ენას ხომ არ დაედო რაიმე ბრალი, და დასასჯელად მას სავალდებულო საგნის უფელბა ჩამოართვესო? შეიძლება იკითხოს ზოგმა მკითველმა.
ახლად შობიი კრავი არ იქნება ისე უბიწყო, როგორც უბიწყო და უბრალო იყო ქართული ენა ყოველ მხრივ და მას არავინ არც სდებდა რაიმე ბრალსა. საქმე უკუღმა დატიალდა გარეშე მიზეზით. მესამოცე წლებში, როგორც მკითხველს ეხსომება, პოლონელებს შეცდომა მოუვიდათ და რუსეთს აუჯანყდნენ. მალე დამარცხდნენ და დამორჩილებულ იქმნენ. დასასჯელად დაჰკარგეს ბევრი სიმართლე და მათ შორის პოლონურს ენასაც ჩამოერთვა საშტატო საგნის უფლება. თუმცა ქართველებს ეს ცოდო არ ჩაუდენიათ, და მუდამ სამაგალითო ერთგულებით ემსახურებოდნენ სახელმწიფოსა, მაგრამ მათს ენასაც ის დღე დაადგა, რაც პოლონელების ენასა. ეს იყო მესამოცე წლების ბოლოსა. მასუკან გარემოება ბევრად შეიცვალა, პოლონურმა ენამ დაკარგული უფლება მეორედ მოიპოვა, ამავე უფლებით სარგებლობენ არამც თუ ფილიანდიელები, არამედ სარტებიც-კი საშუალო აზიაში, რომელთა ენასაც სავალდებულო და საშტატო საგნის უფლება მიენიჭა სამის წლის წინად; მაგრამ საწყალი ქართული ენა კი ისევ იმ შავს მაზრაშია გახვეული, რომელიც მას ოცდა ათის წლის წინად წამოასხეს, და ამ შავი მაზარის თავიდგან მოუშორებლობა პირდაპირ შედეგია ჩვენის თავად-აზნაურობისა, ჩვენის ლიტერატურისა და ჩვენის მოღვაწეების უზრუნველობისა.
დროა, გამოვიფხიზლოთ, უზრუნველობას თავი დავახწიოთ და ჯეროვანი სიმხნე გამოვიჩინოთ დედა-ენის უფლების აღსადგენად და მისს ასაყვავებლად. დროა, სავსებით შევიგნოთ ჩვენი მაღალნიჭიერის პოეტის გრიგოლ ორებლიანის ლექსის მნიშვნელობა:
რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს,
ჩირქი მიეცხოს ტაძარსა წმიდას.
დროა, გონს მოვიყავნო ჩვენი თავი შემდეგი სიტყვების მოგონებით, რომელიც დაბეჭდა თავის წლიურს ანგარიშში ყოფილმა მზრუნველმა კავკასიის ოლქისამ იანუარი ნერვეროევმა, როდესაც ჰმარტავდა საჭიროებას ქართულის ენის საფუძვლიანად შესწავლისას: Нет оброзованния без возможно
полного знания своего родного языка как орудия мысли”. ფრიად საგულისხმოა მშიშარა ქართველებისათვის აგრეთვე შემდეგი მსჯელობა მხურვალე რუსი პატრიოტის გადეევისა, რომელიც ამბობს: “Для того, чтобы грузин был хорошим русским подданным, он должен быть с начала хорошим грузином”.
ვინ უნდა იკისროს ჯეროვანი შუამდგომლობა მთავრობის წინაშე? რასაკვირველია, თავად-აზნაურობამა. ამას ავალებს მას შემდეგი ორი მიზეზი: ჯერ ერთი ესა, რომ ამ გვარი შუამდგომლობის უფლება მინიწებული აქვს მხოლოდ თავად-აზნაურობასა და სხვას არავის, მეორედ, საშუალო და სამოქალაქო სასწავლებლებში დიდს უმარვლესობას ქართველის მოწაფეებისას შეადგენენ თავადთა და აზნაურთა შვილები. იმერთა თავად-აზნაურობამ უკვე აღძრა ამ გვარი შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, გზა უკვე გაუკვლია საქმესა და ამერთა თავად-აზნაურობას მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ თავისთავის და ქვეყნის სასიკეთოდ ამ გზასვე დაადგეს და ბანი მისცეს თავი დასავლეთს მოძმეებსა. უკდდგომა, ან განზე გაწევა სამარცხვინოც იქნება და მავნებელიცა.
ეს შუამდგომლობა უეჭველად გასჭრის, მეტადრე ამ ჟამად, როცა განათლების სამინისტრო სასწავლებელთა რეორგანიზაციას, გადაკეთებას შესდგომია; გასჭრის, თუ იგი შუამდგომლობა გულიანად იქნება აღძრული და საფუძვლიანად დასაბუთებული.