იაკობ გოგებაშვილი – საიუბილეო სალამი
ძვირფასო მგოსანო და მამულიშვილო აკაკი
ორმოც-და-ათის წლის წინად, როცა თქვენ უნდა აგერჩიათ გზა ცხოვრებისა და მოქმედებისა, გამოგეცხადათ მთელი გუნდი მაცდური სირინოზებისა.
პირველმა მაცდურმა სირინოზმა მოგმართათ ამ სიტყვებით: “მე ვარ მოციქული ძლიერის ბიუროკრატიისა; თუ ჩვენს გზას აირჩევ, მომავალში მოგელის მსუქანი ჯამაგირი, ჩინები, ორდენები, გენერლობა, ძალა და პატივი, განცხრომით ცხოვრება და ბოლოს დიდი პენსია სიბერის დასატკბობელად”.
თქვენ ამ სირინოზს იმ წამსვე ზურგი შეაქციეთ.
მეორე მხრიდან წარმოსდგა სხვა მაცდური სირინოზი და მოგახსენათ: მე ვარ მოციქული ულიერესის ძალისა – ოქრო-ვერცხლისა, კაპიტალისა. თუ თქვენს ამ კაპიტალის სალაროებს, ბანკებს შესწირავთო თქვენს მაღალს ნიჭსა, ოქრო გექნებათ იმდენი, რანდესაც თქვენი გული მოისურვებს. ამასაც ზურგი ფიცხლავ უჩვენეთ.
მეორე მაცდურს სირინოზს მოჰყვა მესამე, მესამეს მეოთხე, და ყველანი გპირდებოდნენ ვარდით ფენილს განცხრომის გზასა, თუ მათ შეუსმენდით და მათ გზას დაადგებოდით. მაცდურებას აძლიერებდა ისიც, რომ ამათ ყველას აჯდა ბეჭედი ისეთი კეთილდღეობისა, რომ კანში ძლივს ეტეოდნენ. ესენიც ვერას გახდნენ.
ბოლოს წარმოსგა თქვენს წინაშე სხვა გვარი სირინოზი. იგი იყო პატარა, გამხდარი, მწუხარე, ფერ-მიხდილი; მაგრამ მომხიბლავი სიმშვენიერით მოსილი. მან მოგმართათ თქვენ ამ სახით: მე ვარ მომციქული შენი პატარა, დაჩაგრულის, გაღარიბებულის, უკიდურესად შევიწროვებულის სამშობლოსი. თუ შენს საოცარს ნიჭს შესწირავ შენს უბედურ სამშობლოს, გზა ცხოვრებისა შენისა ეკლით იქნება სავსე: შენ არ მოგაკლდება არც სიმშილი, არც წყურვილი, არც სიტიტვლე და არც სხვა გვარი ტანჯვა-წვალება. მაგრამ სამაგიეროდ შენ დაიმსაუხრებ მთელის შენის ერის უმხურვალესს და უღრმეს სიყვარულსა, იმისთანა გულწრფელს სიყვარულს, რომელიც შეუძლია მხოლოდ დაჩაგრულის ერის გულსა.
თქვენ აღტაცებაში მოხვედით და გულში ჩაიკარით სამშობლოს სირინოზი. ორივეს მდუღარე ცრემლმა შეჰკრა, შეადუღა დაურღვეველი კავშირი და ზეციდამაც კურთხევა მოისმა.
იმ დღიდან, ორმოც-და-ათის წლის განმავლობაში, თქვენი გენიალური მუზა განუწყვეტლივ, შეუსვენებლივ ემსახურებოდა მხოლოდ ერთად ერთს მაღალს დანიშნულებას: სამშობლოს აღდგენას, ამაღლებას, აყვავებას. ეკლიან გზას არც ერთხელ არ შეუდრეკია თქვენი მამულიშვილობით აღსავსე გული.
და აჰა, სავსებით აღსრულდა აღთქმა და წინასწარმეტყველება მაღლით მოსილი სირინოზისა: მთელი საქართველო შავი ზღვიდან დაწყებული დაღესტნამდე და კავკასიონის ქედიდან მოკიდებული სომხეთამდე მოზღვავებულია, რომ თავის წარმომადგენელთა პირით განგიცხადოს უმხურვალესი სიყვარული და უდიდესი მადლობა ორმოც-და-ათის წლის აუწერელი ღვაწლისათვის.
გადიდებს, გულწრფელად გადიდებს, მთელი შენი სამშობლო და ამ დიდებაში ღირსეულად ბანს აძლევენ ჩვენი მოძმე მეზობელი ერები, და ამითი ცხად ჰყოფენ, რომ ჩვენი ლხინი მათი ლხინიც არის და ჩვენი ჭირი მათი ჭირიც იქმნება, რასაც მადლიერი ქართველობა არას დროს არ დაივიწყებს.