ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – სავალალო სახე

ყველა ქართველი პერიოდულ გამოცემაში გაჩნდა საჩივარი მეორე ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ერთნი წერდნენ, რომ თითქმის სავსებით გააუქმეს ქართული ენის გაკვეთილები, მეორენი კი – რომ მეტისმეტად შეავიწროვეს ეს საგანი. მაგრამ დეტალური კონკრეტული მითითებანი არავის მიუცია. ამ სტრიქონების ავტორს მოუხდა საკითხის გასარკვევად მიემართა თვით მეორე გიმნაზიის მოსწავლეებისადმი, როგორც უახლესი სარწმუნო წყაროსადმი. მათი გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა შემდეგი:

გასულ სასწავლო წელს მეორე გიმნაზიის ყველა კლასში, ისე როგორც თბილისის სხვა საშუალო სასწავლო დაწესებულებებში, ქართული ენას კვირაში დათმობილი ჰქონდა 24 გაკვეთილი. ყველა ეს გაკვეთილი ითვლებოდა ყოველდღიური საშტატო გაკვეთილების რიცხვში და ტარდებოდა დილით. ამ სასწავლო წელს კი, სექტემბრიდან დაწყებული, ქართული ენის გაკვეთილების რიცხვი შეამცირეს 2-ჯერ, დაიყვანეს 12-მდე, გამორიცხეს ისინი საშტატო გაკვეთილებიდან და გადაიტანეს მეექვსე გაკვეთილებად, რომლებიც გასულ წელს სრულიად არ ყოფილა. გარდა ამისა, დააწესეს ნაკრები გაკვეთილები, ორი კლასის მოწაფეებს ერთად, ერთსა და იმავე გაკვეთილზე, ერტი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. ქართული ენის წინანდელი დილის გაკვეთილების ხარჯზე გაადიდეს გალობის, ხატვის, გიმნასტიკის გაკვეთილები.

ის, ვინც ვარაუდობს, რომ ეს სიახლე საზიანო შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული ენისათვის, ცდება. იგი საზიანოა ყველა სხვა საგნისათვისაც და, საერთოდ, მთლიანად სასწავლო დაწესებულებისთვის.

24 ცალკეული გაკვეთილი მთელს გიმნაზიაში ცოტაა სათანადო წარმატებისათვის ქართული ენაში. ამ რიცხვის ორჯერ შემცირება იმას ნიშნავს, რომ სანახევროდ დაქვეითეს ის მცირე წარმატებანიც, რასაც წინათ აღწევდნენ. კიდევ უფრო ცუდ შედეგს იძლევა გაკვეთილების გადატანა დილიდან მეექვსე, დამატებით საათებზე. ხუთი საათი ზედიზედ მეცადინეობა მოზრდილებსაც კი ქანცავს, მით უმეტეს დაიქანცებიან ბავშვები და ყრმები. და აი ამ დაქანცულ მოსწავლეებს ყველა გაკვეთილის დამთავრების შემდეგ ისევ დასხამენ დახშულ ოთახში დამატებითს გაკვეთილებზე; ეს მაშინ, როცა მათი რუსი ამხანაგები კლასებიდან გამოდიან სუფთა ჰაერზე, გარეთ, დასასვენებლად. ასეთ მდგომარეობაში და ამგვარ ვითარებაში სადღა ექნებათ ბავშვებს ხალისი დ ყურადღება ამ ძალადმიკერებული, დამატებითი საგნისადმი? ისინი ტანჯვით გააჯახირებენ დაახლოებით ერთ საათს. ხეირიანს ვერაფერს შეითვისებენ და დაიშლებიან გაღიზიანებულნი და გაბრაზებულნი სასწავლო დაწესებულების წესრიგით. ეს წარუმატებლობა და გაბრაზება უფრო მეტი უნდა იყოს ნაკრებ კლასებში, რომლებიც გარდაუვალს ხდიან ყოველ კლასში ორი განყოფილების, მომზადების მიხედვით სხვადასხვა ორი ჯგუფის შექმნას, სადაც თითოეულ განყოფილებას უწევს მხოლოდ ნახევარი გაკვეთილი. მასწავლებელს შეუძლია თითოეულ ამ ჯგუფს მოახმაროს მხოლოდ ნახევარი გაკვეთილი, ნახევარ საათზე ნაკლები. მერედა, სად გაგონილა, რომ რომელიმე საგნის სწავლებას კვირაში საათზე ნაკლები დრო ეთმობოდეს? ცხადია, ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად შეუძლებელია მივიღოთ სწავლების რაიმე ხელშესახები, სასურველი შედეგი.

საქმის ამგვარად დაყენება, რაც სრულიად უსარგებლოა მშობლიური ენისათვის, ზიანს აყენებს წარმატებას ყველა სხვა სასწავლო საგანში. მეექვსე გაკვეთილები უეჭველად აძლიერებენ მოსწავლეთა დაქანცვას, რამაც არ შეიძლება არ დააქვეითოს წარმატება სხვა საგნებში, ხოლო ეს დაქვეითება თავის მხრით ამუხრუჭებს მთელი კლასის მეცადინეობის წარმარტებით მსვლელობას და, მაშასადამე, ვნებს რუს მოსწავლეებსაც.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში უკეთესია სრულიად გაუქმდეს ადგილობრივი ენების სწავლება საშუალო სასწავლო დაწესებულებებში. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მოჰყავთ ზოგიერთი ადგილობრივი მშობლის თხოვნა მშობლიური ენის შესწავლისაგან მათი შვილების განთავისუფლების შესახებ. მაგრამ ეს თხოვნები გამოწვეულია, ერთი მხრით, საგნის მეტისმეტად არანორმალური დაყენებით და სწავლების უნაყოფობით, მეორე მხრით – მლიქვნელური გულისწადილით – მოგვცენ დასაბუთება თავისი ანტინაციონალიზმისა იმ იმედით, რომ ეს უფროსებს განაწყობს მეტი ყურადღებით, მეტი მოწყალებით მოეპყრონ მთხოვნელთა შვილებს. ზოგნი ასეთი თხოვნით მიმართავენ თავისი მეტისმეტი უვიცობის გამო. მაგრამ თუ ამ უვიცობას შევისმენთ, ძალიან მწარე ნაყოფს მივიღებთ სამშობლოსათვისაც და სახელმწიფოსათვისაც.

მშობლიური ადგილობრივი ენის გაუქმება, ადგილობრივ ბავშვთა აღზრდა ამ ენის გავლენის სფეროს გარეშე მათ თანდათანობით გადააქცევს უფერულ, უხასიათო არსებებად, რომლებიც მოკლებული იქნებიან ყოველგვარ გარკვეულ ინდივიდუალობას. ხოლო ეს უხასიათობა მათ აქცევს საზოგადოების სრულიად უსარგებლო წევრებად, ამისაგან სახელმწიფოც ზარალობს და აი რატომ.

… მშობლიური ენის, მშობლიური ლიტერატურის, სამშობლოს გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნა ყრმაში ნერგავს მხსნელს ერალიზმს, რომელიც მას იცავს უნიადაგო, ფანტასტიკური გატაცებისაგან, და მტკიცედ აყალიბებს მასში რწმენას, რომ პროგრესისა და საყველთაო კეთილდღეობის გზით სვლა შეიძლება მხოლოდ თანდათანობით, ნახტომების, ძალადობისა და რყევათა გარეშე, მშვიდობიანი ორგანული რეფორმების საშუალებით. გახდება რა სამშობლოს ერთგული, მას ეს ერთგულება გადააქვს სახელმწიფოზეც, რომლის წევრიც არის იგი მთელ თავის სამშობლოსთან ერთად. “ადამიანი, რომელიც ფრიად ერთგულია თავისი პატარა სამშობლოსი, ასევე ფრიად ერთგული იქნება თავისი ვრცელი სამშობლოსიც”,- თქვა გამოჩენილმა ტისანდიემ, და თქვა ჭეშმარიტი სიმართლე!

კავკასიის შესანიშნავმა მცოდნემ საერთოდ და კერძოდ – ფადეევმა თქვა შემდეგი დიდმნიშვნელოვანი სიტყვები:

“ქართველს შეიძლება სავსებით ენდო მანამ, სანამ იგი ქართველად რჩება”. ყოველივე ზემოთქმულიდან დასკვნა ნათელია:

აუცილებელია ქართულ ენას სათანადო ადგილი მიეცეს საშტატო საგნებს შორის, გამოიყოს მისთვის გაკვეთილების საკმაო რაოდენობა, სავალდებულოდ გახდეს იგი ყველა მოსსწავლე ქართველისათვის და მიეცეს მათ საშუალება კარგად გაეცნონ მშობლიურ ენასა და მშობლიურ ლიტერატურას, აგრეთვე სამშობლოს გეოგრაფიასა და ისტორიას. ეს ფრიად აუცილებელია იმისათვის, რომ ქართველი მოსწავლეებისგან გამოდიოდნენ მოქალაქენი, რომლებიც ერთნაირად ერთგული იქნებიან საქართველოსიცა და რუსეთისაც.

ეს მომავლისათვის. ახლა კი ფრიად აუცილებელია, უკიდურეს შემთხვევაში, აღვადგინოთ შარშანდელი წესრიგი, ე.ი. ქართულ ენას დავუბრუნოთ დილის გაკვეთილების ის ოცდაოთხი საათი, რომლებიც მას ექსპროპრიაციის სახით წაართვეს სხვადასხვა მესამეხარისხოვანი საგნებისათვის, და სავსებით გაუქმდეს მეექვსე საათები, რომლებიც იწვევენ მოსწავლეთა გადაქანცვას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button