ლიტერატურამოთხრობა
ივან ბუნინი – კაპიტალი
მელოტი, გაღაჟღაჟებული, დიდმუცელა მებურახე მკვირცხლად გაჰყვირის მთელს ბაზრობაზე თავისი ტენორით:
— გასინჯეთ ბურახი, პირდაპირ ცხვირს უღიტინებს! დუღს-გადმოდუღს და დამლევი არა ჰყავს!
ბრბოს მოარღვევს ახმახი ჟღალი მამაკაცი კეფაზე მოგდებული თბილი ქუდით; უზარმაზარი თეთრი პური ამოუჩრია იღლიაში და თან მისით პირგამოტენილი იღეჭება.
თავს უკან აგდებს, ნესტოებს ბერავს:
— რამდენისაა ეს შენი ბურახი?
— ბოთლში — „არწივია“, ჭიქაში — შვიდი კაპიკი!
— კაპიკად ვერ დამისხამ?
— კაპიკად, ჩემო კარგო, ბეღურაც არ მოგიშარდავს!
მამაკაცი იღეჭება, ფიქრობს. მერე ამოოხვრით, მაგრამ მტკიცედ იძახის:
— არა, შვიდ კაპიკად არ შემიძლია. კაპიტალი არ მაძლევს ამის უფლებას!