ლიტერატურამოთხრობა

ეკატერინე გაბაშვილი – ხატაური ჩემია!

სვიმონიანთ ეზოში გაზაფხულის ერთს მშვენიერ დილას საიდგანღაც გამოღონღიალდა პატარა, გამხმარი, ტურტლიანი, თვალებ¬ამოწირპლული კატის კნუტი. შიმშილისაგან ძლივს დალასლასებდა. ივანიანთ სამზარეულოდგან მწვადის სუნი ეცა და იქითკენ გაემართა, მზარეულს საცოდავად შეჰკნავლა, მოწყალება სთხოვა. მზარეულმა ქაფქირი მოუღერა და ეს საცოდავი მშიერი კარში გაუძახა.

კნუტი მეორე მეზობლის ღია ფანჯარასთან აკნავლდა. დიასახლისმა საშინელი, მწუხარე, მისუსტებული კნავილი რომ გაიგონა, ფანჯრიდგან გამოიხედა, მაგრამ წირპლიანი, ტუტყიანი კნუტი რომ დაინახა, ზიზღით გააფურთხა და შეჰყვირა:

_ აცხა, აცხა, შე ოხერო! იქით დაიკარგე, ქეციანი იქნები…

ციცუნა ახლა სხვა ღია კარს მიადგა, მაგრამ იქაც დაუტატანეს და გამოაგდეს. თავჩაღუნული, შეწუხებული, შიმშილისაგან ილაჯგაწყვეტილი დაჯდა უკანა ფეხებზედ შუა ეზოში და საშინელი კნავილი გააბა.

მაღლა აივანზედ პატარა მარო იდგა, გემრიელი ნაზუქის ყუას ძმუძნიდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თან რაღაცას ღიღინებდა. კნავილზედ დაბლა ჩაიხედა, დაინახა საბრალო მშიერი არსება და თავისის ბავშვურის გულით მიხვდა იმისს მწუხარებას. საჩქაროდ მოუტეხა ნახევარი თავისის ყუისა და გადაუგდო.

კნუტი გიჟივით მივარდა ლუკმას. ფაცაფუცით, თითქმის დაუღეჭავად გადაყლაპა და ისევ შეჰკნავლა თავისს პატარა მოწყა¬ლეს.

მარო მზარეულ დედაკაცთან გაექანა, პატარა ხორცის ნაჭერი სთხოვა კატისთვის. დედაკაცმა გადახედა ‘‘ქეციანს’‘ და დაუტატანა:

_ აცხა, აცხა! შე ოხერო!

მერე მარიკოს დარიგება მისცა:

_ ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო, გენაცვალე, თორემ კატისა¬გან ხელებზედ ქეცი გადაგედება, შენც ქეციანი შეიქნები და ახლო აღარავინ მოგეკარება!

მარო დაღონდა, ქეცის გადადებამ შეაშინა და შინ შებრუნდა.

მეორე დილით ‘‘ქეციანი’‘ კიდევ აკნავლდა სვიმონიანთ ეზოში, კიდევ ყველამ შეთათხა და უმოწყალოდ გააგდო. მარომ კი ვერ მოითმინა, დედის და მზარეულის ჩუმად ერთი დიდი ნაჭერი, გუ¬შინდელი სადილის ნარჩენი, შემწვარი ხორცი გამოიღო განჯინიდან და საბრალო მშიერს გადაუგდო.

კნუტი ხორცის დანახვაზედ სიხარულით გადაირია. მოიტაცა და ისე დაბღუჯა, თითქო ართმევს ვინმეო, ბრჭყალებში მოიგდო, თვალები გიჟსავით დააჭყიტა, აიბურძგნა, ფხუკუნ-ბღუილი დაიწყო, უკან-უკან დაიწია და მერე საშინელის სისწრაფით სახლის სახურავზედ შეხტა და თავისის ძვირფასის ნაშოვნით მიიმალა.

მესამე დღესაც ეწვია ციცუნა ეზოს, მაგრამ ახლა სხვას აღარავის მიმართა, _ პირდაპირ აივნის წინ ჩაცუცქდა და კნავილი დაიწყო. მარო მალე გამოვიდა და თავისის მოწყალე ხელით სავსე ლამბაქი რძე და ქადის ნატეხი გამოუტანა.

მთელი ორი კვირა კნუტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს აკნავლდებოდა და მაროც მაშინვე საზრდოთი იქ გაჩნდებოდა.

პატარა ქეციანი გასუქდა, თეთრი და მოწითალო ზოლებიანი ბეწვი დაეწმინდა, წირპლიანი თვალები სრულებით მოეწმინდა. თავჩაღუნული აღარ იყო და, სუსტი ლასლასის მაგივრად სულ კუნტრუში დაიწყო; მაროს დანახვაზედ გაექანებოდა, შეახტებოდა, დაუწყებდა თამაშობას, კრუტუნით მიუს-მოუსვამდა თავს მაროს ხელებზედ და თვალებში შეაჩერდებოდა ხოლმე სიხარულით გაბრწყინვებულის მწვანე თვალებით.

მაროს ჯერ ეშინოდა ქეცის შეყრისა, მორიდებით იყო, ვერ ბედავდა ხელში აეყვანა. მაგრამ კატის ალერსმა მალე დაავიწყა სიფრთხილე. კატა და ბავშვი დიდად დამეგობრდნენ. ციცუნა ახლა უფრო ხშირად მოდიოდა, მერე აღარც კი იმალებოდა სახლის სახურავში და ერთს მშვენიერ დღეს მაროს ოთახშიაც კი გაბედა შესვლა.

მარომ სიყვარულით აიყვანა ხელში, ყელზედ ლურჯი ლენტი შეაბა, მაგიდაზედ ლამბაქით რძე დაუდგა და იმისს სლაპა-სლუპით რძის თქვლეფას სიხარულით შეჰყურებდა. მერე ძაფზედ დახვეული ქაღალდი გამოაბა, გაუქნივ-გამოუქნია. კატა წამოხტა, გამოეკიდა ქაღალდს, დაიჭირა, მერე მაღლა ააგდო თათებით და ისევ დაიჭირა. იმისი ყველა მოძრაობა ისეთი ცქვიტი და მოხდენილი იყო, რომ მარო ხმამაღლა ხარხარებდა.

_ რა ამბავია, რა გახარხარებს, გოგონაჯან! _ ამ სიტყვებით შევიდა მაროს ოთახში დედა და თვითონაც პირს ღიმილი მოუვიდა მშვენიერი ხატაურის ცელქობაზე.

_ რა კარგი ციცუნიაა, რა მშვენიერი ზოლები აქვს, სწორედ ვეფხვსა ჰგავს! ვინ გაჩუქა, გენაცვალოს დედა?

_ ხატაური ჩემია! მე თვითონ ვიპოვნე, მოვარჩინე! ხედავ, დედაჯან, ქეციანი აღარ არის, აღარც თვალები სტკივა! ახლა ხომ შეიძლება ყოველთვის ჩემთან იყოს?!

_ ‘‘ქეციანი!’‘ ნუთუ ეგ ის წირპლიანი, მოთხუპნული კნუტია, მთელ ეზოს რომ კნავილით აბეზრებდა თავს?

_ ის არის, დედა, ის! ხომ ხედავ, როგორ გავასუქე, როგორ გავახარე. ახლა აღარ კნავის, აღარ დალასლასებს! სულ ხტის, თამაშობს, მალაყებს გადადის. არა, ჩემო ფისო, ჩემო ციცუნია?! აბა, ერთი ჰეი, გელდი. აბა, ერთი! _ შეჰყვირა მარომ, ძაფგამობმული ქაღალდი გადაუგდო და ციცუნიაც შეხტა, შეითამაშა, გაიქც-გამოიქცა, გადმოხტ-გადახტა და თავისი კეკლუცი მოძრაობით და ქესკუმობით მაროსთან ერთად იმის დედაც გაახარა.

დედამ შვილი გულში ჩაიკრა და ტკბილი ალერსით წაუტუტუნა:

_ ღმერთმა ქნას, ჩემო მშვენიერო, რომ ბოლომდის შეგრჩენოდეს ეგ მოწყალე გული!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button