ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ბასა ჯანიკაშვილი – თითით საჩვენებელი

თითით საჩვენებელი ხალხი ძალზე ცოტაა და სხვებისგან გამოირჩევიან. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ არსებობენ ისინი, ვისაც რაღაც შეემთხვა და ჩვენ, ვინც ამბობს, რომ მათ რაღაც შეემთხვა.
ასე ვფიქრობდი მანამ, სანამ მე არ დამატყდა თავს ისეთი რამ, რამაც თითის საჩვენებელი გამხადა. უჩვეულო კი თითქოს არაფერი მომხდარა.
კარებზე ზარის ხმა მომესმა. საჭვრეტში არ გამიხეტავს, თუმცა კი ყოველთვის ვიყურები ხოლმე. საშუალება რომ მოგცენ, საათობით შეიძლება დააკვირდე სტუმარს, სულმოუთქმელად რომ ელის კარის გაღებას. შენ მას ხედავ, ის კი – ვერა. საინტერესოა, რას აკეთებს იგი მაშინ, როდესაც ჰგონია, რომ ვერ ხედავენ? კარებში გაბურღული საჭვრეტი ლიტერატურული გადმონაშთია, თანამედროვე ჯადოსნური სარკე. გაცილებით საინტერესოა იცოდე, ვინ გელოდება კარებს მიღმა, მანამ კარებს გააღებ. კარგია, როდესაც მოვლენებს (თუნდაც უმნიშვნელოს) რამდენიმე წამით უსწრებ.
კარი გავაღე. დავინახე მამაკაცი – საშუალო ასაკის, მაღალი, მოსული, არა მსუქანი. მკითხა, თუ შეიძლება შემოვალო. მართალი გითხრათ, შეკითხვა ვერ გავიგე და ვკითხე, რა ნებავდა. არ მეგონა, ასე თუ გაღიზიანდებოდა. ლაბადის ჯიბიდან დანა ამოიღო, კისერზე მომადო, ხელით ოთახში შემაგდო და კარები მიხურა. აი, ახლა კი ვიფიქრე, თავს დამესხნენ-მეთქი. გამიკვირდა, არ მეგონა, ასე ჩვეულებრივად თუ მოხდებოდა ეს. ყაჩაღი ჩემს წინ დგას, მძარცვავს და თითქოს არაფერია ამაში არანორმალური.
რაც არ უნდა იყოს, ბოროტმოქმედი ბოროტმოქმედია და თავდასხმა ყოველდღე არ ხდება, მაგრამ მე არ შემშინებია, უბრალოდ გამიკვირდა.
\”აი, თურმე როგორი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი არაფერი, რომ თითით საჩვენებელი გახდე\”. – გავიფიქრე.
ქურდმა დანა კისერზე მომადო და ფული მომთხოვა. მე ვუპასუხე, რასაც ვფიქრობდი. ვუთხარი, რომ სხვანაირად წარმომედგინა ჩემს სახლში ქურდი. ყაჩაღი გაბრაზდა და ყბაში მითავაზა. მე არ გავბრაზებულვარ. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თვითონ ბოროტმოქმედიც არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა.
… შევეცადე ამეხსნა, რომ მან არასწორად გამიგო, რომ ხალხში დადის ისეთი აზრი, როდესაც თავს დაგესხმებიან, თითით საჩვენებელი ხდები და სხვებისგან გამოირჩევი, ხოლო სინამდვილეში, თავგამოსაჩენი ამაში არაფერია. შემოხვედით, ფულს მთხოვთ, დანით მემუქრებით და მალე წახვალთ. ეს არის და ეს. მართალი გითხრათ, მიხარია კიდეც: აქამდე მეგონა, რომ თავდასხმისათვის მზად უნდა ყოფილიყავი, დაგეცვა კაცური ღირსება, აღელვებულიყავი… სინამდვილეში კი, ისეთი არაფერი ხდება. უბრალოდ შემოხვედით და მორჩა. კარგია, ახლა ჩემზეც თითით აჩვენებენ და ვინ იცის, ეგებ კარგ საცოლესაც გამოვკრა ხელი. დროა უკვე… რეალურად კი არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ფული გინდათ? ახლავე.
ფული გამოვიტანე და ქურდს გავუწოდე.
იმედი მაქვს, არავის ეტყვით, რომ ყველაფერმა ასე ჩვეულებრივად ჩაიარა. როგორც წესი, დაზარალებული და თავდამსხმელი ამის შესახებ არ ლაპარაკობენ. ორივენი ჩუმად არიან. რომ წახვალთ, მილიციას გამოვუძახებ. მილიციაზე მეზობლებიც შეიყრებიან და საქმეც აგორდება. ამის თქმა იყო და კიდევ ერთი მუშტი მომხვდა ყბაში. მეტკინა და წავიქეცი, მაგრამ ტკივილზე მეტად გამიკვირდა. რატომ? რის გულისთვის? დიდი ენა რომ გაქვსო – მიპასუხა; შემდეგ წიხლი მითავაზა, საყელოშიც მწვდა, ფეხზე წამომაყენა და ხელი მკრა. უკან გადავვარდი, მაგიდის კუთხეს თავი დავარტყი, წავიქეცი. გავიგონე, როგორ გააღო ქურდმა კარები და გაიქცა.
გონება დავკარგე. იატაკზე გაწოლილმა თვალების გახელა ვერ გავბედე. ვფიქრობდი, რომ რადგან გონება მქონდა დაკარგული, ამიტომ თვალების გახელა არ შეიძლებოდა. ვიცოდი, რომ შემეძლო თვალების გახელა, მაგრამ გონებადაკარგული კაცი აბა, თვალებს როგორ გაახელს, გამოდის, რომ გონება არ მქონია დაკარგული. მე კი გონება მქონდა დაკარგული და თვალებს არ ვახელდი. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის მთავარი.
აი, ვიწექი ასე გონებადაკარგული, თვალებდახუჭული და ვფიქრობდი, რომ ეს-ესაა თითით საჩვენებელი გავხდი. ამიერიდან, ყოველი მეზობლის დანახვისას ვიფიქრებდი, რომ მეზობელი ჩემზე ფიქრობს, რომ მე თითით საჩვენებელი ვარ; ამიერიდან ყოველი მეზობელი ახლა ჩემზე ისე ფიქრობს, როგორც ერთი სართულით ზემოთ მობინადრე მეზობელზე ვფიქრობდი, როდესაც შარშან ყაჩაღები დაადგნენ თავს.
ახლა ყველაფრის უფლება მაქვს (რა თქმა უნდა, ფარგლებს არ უნდა გასცდე), ახლა მეზობლები შემოვლენ, მილიციაც მოვა. რა აუცილებელი იყო ქურდისთვის მეთქვა? მაგრამ სინანულის დრო არ არის. თუმცა არც ვნანობ. ბოლოსდაბოლოს, ქურდის სახლში შემოსვლა ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ეს მე არ გამომიწვევია.
უეჭველია, ქურდს სართული აერია, თორემ ჩემსავით გამოზომილ კაცთან არ შემოვიდოდა.
უნდა ვაღიარო, რომ გულაღმა წოლა მსიამოვნებდა. დიდი ხანია, საბაბი არ მქონია, ასე არხეინად წამოვგორებულიყავი უსაქმოდ, უდარდელად, უზრუნველად, როდესაც იცი, რომ შენთვის ყველაფერი შენს გარეშეც გაკეთდება…
ამის უფლება, დამეთანხმებით, მქონდა. ათასში ერთხელ ყაჩაღი სახლში შემოგივარდება, გცემს და თავს უფლება არ მისცე, არხეინად წამოგორდე და კარგად დაისვენო ასეთი ორომტრიალის შემდეგ? საინტერესოა, მომცემს თუ არა მილიცია ცნობას, რომ სტრესგამოვლილი, თითით საჩვენებელი მოქალაქე ვარ? ამ ცნობას სამსახურში წარვადგენდი, იქნებ ერთ საგზურსაც გამოვკრა ხელი პროფკავშირის ხაზით?.. კარგი აზრია. რა ხანია ქალაქიდან არ გავსულვარ.
მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მეგონა. პირველად კარის მეზობელი შემოვარდა, სანდომიანი სახის ქალბატონი, დაახლოებით იმ ასაკის, მარია სტიუარტმა თავისი ქმარი რომ მოწამლა. შემოვარდა, დამხედა და გაიქცა, მაგრამ მჯეროდა, რომ ასე უპატრონოდ არ დამტოვებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ქალის იმედი ყოველთვის მქონდა. იმავე წუთს დაბრუნდა, თან დედამისი შემოჰყვა, თვითონ კი კვლავ გავიდა.ოთახში მე და მოხუცი მეზობელი დავრჩით.
სიმართლე უნდა ითქვას, ის ქალი რომ არა, არც ვიცი, როდემდე ვიწვებოდი გონდაკარგული. მალე მილიციაც მოვიდა, მეზობლებიც შეიყარნენ. ისღა დამრჩენოდა, თვალები გამეხილა.
ტყუილი საერთოდ არ მიყვარს. მოვყევი ისე, როგორც მოხდა. მეზობლები თავს მიქნევდნენ, მითანაგრძნობდნენ, მეტსაც გეტყვით, სულგანაბულნი უსმენდნენ ჩემს ნაამბობს. ეს უდიდესი სიამოვნება იყო ჩემთვის. მათ უმეტესობას არ ვიცნობდი, ზოგიერთი მათგანი სალამსაც არ მაძლევდა. ახლა კი ყველანი ჩემს წინ იყვნენ. სურვილიც რომ მქონოდა, ამდენ კაცს თავს მაინც ვერ მოვუყრიდი.
თავმდაბალი კაცი ვარ და ჩემი უშიშროების შესახებ კრინტი არ დამიძრავს. მეზობელმა ქალბატონმა კი – პირველად რომ შემოვიდა – რატომღაც თავი გამოიდო და ცოცხლად დარჩენა ანუ გადარჩენა სწორედ რომ ჩემი დიდი ვაჟკაცობის დამამტკიცებელ საბუთად გამოიყენა. მე არ შევკამათებივარ.
… რომ არა ჩემი ვაჟკაცური ხასიათი, რომ არა ღირსება, ვინ იცის, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი. და მაგალითად უამრავი დაყაჩაღების და გაძარცვის ფაქტი მოიყვანა, სადაც დაზარალებული ყოველთვის ცოცხალი და უვნებელი როდი რჩება. არ შეიძლებოდა არ დავთანხმებოდი.
და მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ მეზობლების შეკრება და მათი ყურადღების მიპყრობა საკმარისი არ იყო. მადლიერების თვალით შევხედე მარია სტიუარტს – მომეჩვენა, რომ იგი საოცრად ჰგავდა მას – და თხრობა განვაგრძე. ასე რომ, რასაც არ ვამბობდი, რომელ დეტალსაც არ ჩავეძიე, ყველაფერი ჩემს ვაჟკაცობაზე მეტყველებდა. ეს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. მე არც მიფიქრია. გულში, რა თქმა უნდა, მესიამოვნა. მთავარი კი წინ მელოდა.
ამ ხნის კაცი ვარ და დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ხეირიანად ჩემზე არავის უზრუნია. აქ კი, სანდომიანმა ქალბატონმა ცივი საფენები დამადო სახეზე. გამოირკვა, რომ ნეკნებთან ტკივილს ვგრძნობდი. პერანგი ავიწიე და მსუბუქზე ოდნავ მეტი ზედაპირული დაზიანება აღმომაჩნდა. მეზობლები თავაზიანად გავისტუმრე სახლებში, მილიცია ცნობას დამპირდა და მალე წავიდა.
ამდენი წელია ეს ქალბატონი ჩემი მეზობელია და ხეირიანად არც კი ვიცნობდი. დამადო ყველა ზომისა და შესაძლებლობის საფენი, მომიარა, მომხედა. მე კი ვფიქრობდი, რომ ახლა მისთვისაც თითით საჩვენებელი გავხდი.
უცებ გონება ამენთო, თავში სისხლი ამივარდა და კარის მეზობელი საღამოს ფინჯან ჩაიზე შემოვიპატიჟე. ეს კი ნამდვილად ჰეროიკული ნაბიჯი იყო. მე ამას ვხვდებოდი, მაგრამ უკან არ დამიხევია, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დღეს მქონდა ამის უფლება. ყველას, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, უფლება აქვს გააკეთოს რაღაც გამომრიცხავი და უცნაური. ქალბატონი დამთანხმდა და საღამომდე დამტოვა.
მარტოხელა კაცი ვარ. ზრუნვა და ოჯახური სითბო მე არ გამომიცდია. როდესაც ასეთ უჩვეულო საქციელს ჩადიხარ, განსაკუთრებით მზად უნდა იყო. აქ იმდენი წვრილმანია, რომ ძნელია ერთ-ერთი ბოლო არ დაგეკარგოს. ვინც იცის, რა არის ოჯახური სითბო, ის ერთი თავით მაღლა დგას მათზე, ვინც ეს არ იცის. ამიტომ, ასეთი ხალხი თითით საჩვენებელია. მათზე ამბობენ – ამან ცოლი მოიყვანაო, ამას ბავშვი შეეძინაო, ამას კარგი ოჯახი აქვსო და ა.შ.
ასეთი თითით საჩვენებელი ხალხი ცოტაა და სხვებისგან გამოირჩევიან.
სულმოუთქმელად ველოდი მის შემოსვლას. საინტერესოა, რას გრძნობს ადამიანი, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს? ამ ნაბიჯის გადადგმას დიდი გამბედაობა სჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ არსებობენ ისინი, ვისაც ოჯახი ჰყავს და ჩვენ, ვინც ამბობს, რომ მათ ოჯახი აქვთ. ეს უბრალო საქმე არ არის; გაცილებით სერიოზულია, ვინემ ბევრს ჰგონია. ასე ვფიქრობდი მანამ, სანამ მე არ შემემთხვა ისეთი რამ, რამაც თითით საჩვენებელი გამხადა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button