ლიტერატურამოთხრობა

ბასა ჯანიკაშვილი – EINE KLEINE NACHTMUSIK

თეთრი დღეები დამიდგა.
სარკეში თავი დავლანდე. პირი მქონდა გასაპარსი. როცა პარსვას მოვრჩი, ცხვირი გამეზარდა. აი, ასე, აიღო და გაიზარდა. თავად პროცესი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.
პირი გავიპარსე. სახეზე პეშვით წყალი შევისხი, ალაგ-ალაგ შერჩენილი საპონი მოვიბანე და ის იყო ნაკვთების მოხილვა დავაპირე, თვალში ცხვირი მომხვდა.
თავდაპირველად იგი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. არაფერი განსაკუთრებული. შემდეგ კი ცხვირმა ნელ-ნელა მოძრაობა იწყო, ჯერ მარცხნივ გადაიზნიქა, შემდეგ – მარჯვნივ… ვიფიქრე – მომელანდა-მეთქი.
ნაოჭების დათვლა დავიწყე. ხომ იცით, როგორ ხდება – ერთი ნაოჭი, ორი ნაოჭი, სამი ნაოჭი… საშიში ამაში არაფერია. მთავარია, მარტო არა ხარ. შენი სევდა და წუხილი სხვას ატყდება თავს – ეს \”სხვა\” შენს სახეზე გაკვალული ნაოჭებია. მათი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ შენ გადაგეყარნენ. აქ იწყება და მთავრდება მათი ტრაგედია და კომედია. ნაოჭების დათვლა დავიწყე თუ არა, ცხვირის წვერი ჩამოიზნიქა, წამოიწოწა და ქვედა ტუჩთან გაჩერდა. შემეშინდა. ცხვირს ხელი ვერ ვახლე, უარესი არ დამემართოს-მეთქი და გავიტრუნე. ცხვირმა თითქოს ისმინა და აღმართს აუყვა; ნელ-ნელა თავის ალაგს უბრუნდებოდა. ახლა კი ვიფიქრე, ბევრი არ მოუვიდეს, სულ არ დაპატარავდეს-მეთქი და უფრო შემეშინდა.
რა კარგია, როცა არაფერი გაწუხებს. საკუთარ თავში მცირეოდენ ცვლილებასაც კი შიში მოსდევს – გეშინია საკუთარი თავის და უფრთხი ცვლილებებს. ამ შემთხვევაში ორი გამოსავალია – გეშინია, ან უფრო გეშინია.
ამასობაში ცხვირი დალაგდა, ჩვეული ფორმა მიიღო და ვითომც არაფერი მომხდარაო, გაყუჩდა.
შუბლზე მომდგარი ოფლის წვეთები წყალს გავატანე, სახე შევიმშრალე და ის იყო სააბაზანოდან გამოსვლას ვაპირებდი, რომ ცხვირით კარს შევეჯახე.
უკან შემოვბრუნდი. კარი ჩავკეტე. ხელსაბანს დაყრდნობილი, სარკის წინ თავჩაღუნული, თვალდახუჭული ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ეს მოჩვენებაა.
ჩემს სააბაზანოში ერთი პატარა ფანჯარაა. ჭადრის ხეს ამოფარებული ფანჯარა, რომელიც დაუღალავად აკვირდება ეზოს. ერთი შეხედვით, ჩრდილს შეფარებული, თვალებდაჭყეტილი, ყველასთვის გულღია გეგონებათ, მაგრამ ეს მოჩვენებითია. ჩემი ფანჯარა მორცხვი, მშიშარა, უსუსური და ყველაფერთან ერთად, ჭორიკანაცაა.
ასეთი ფანჯრის პატრონს, ისღა დამრჩენოდა, გარეთ გამეხედა და კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი – ეს ყველაფერი მოჩვენებაა, თუ არა.
ჩემს მეზობლად სომხების ოჯახი ცხოვრობს. წესიერი, პატიოსანი ხალხი. მოხდა ისე, რომ ოჯახის თავკაცმა – ალიკამ ქალიშვილი გაათხოვა. მომდევნო წელს ალიკა ბაბუა გახდა, ორიოდე წელიც და, ჩემი ფანჯრის წინ ალიკამ და რუდიკამ ხელიხელჩაკიდებულებმა გაისეირნეს ეზოში. დადიან ალიკა და რუდიკა ეზოს ერთი ბოლოდან მეორეში და პირიქით. თვალს ვადევნებ და ვფიქრობ, რომ მათ ცხოვრებაში ძნელად თუ შეიცვლება რამე.
ჯერ კიდევ ალიკას მამამ – გოგანამ თქვა: მშობლიურ კერას მოწყვეტილი კაცისთვის, დრო კეთილი გულით ბოძებული საჩუქარიაო. ივლიან ასე ალიკა და რუდიკა მთელი ცხოვრება. ხან ბაბუა ჩაჰკიდებს ხელს, ხანაც შვილიშვილი. ასე მოდიოდნენ, ასე წავლენ.
დასაფლავებაზე ცოტა ხალხი იქნება. ასეთ დროს წვიმა უხდება. წვიმის გარეშე ხომ დამარხვა დამარხვას არ ჰგავს და ტირილი ტირილს.
წვიმა, როგორც მადლიერი ნაცნობი, ტაშის ცემით გააცილებს იმქვეყნად. წვიმა დაუღალავად, ხელების დახეთქვამდე იაპლოდირებს. ყური დაუგდე წვიმას…
ქელეხში ნათესავები ჩამოვლენ მეზობელი რესპუბლიკიდან. ეზოში სეფა გაიშლება. მრავალრიცხოვანი სომეხი ნათესავები რუდიკას კიდევ ერთხელ მიართმევენ ძვირფას ძღენს – დროს. რუდიკა, თავის მხრივ, როგორც ფასდაუდებელ სუვენირს, ტელევიზორის თავზე შემოდგამს და გაიხსენებს დიდი ბაბუას სიტყვებს: მშობლიურ კერას მოწყვეტილი კაცისთვის დრო კეთილი გულით ბოძებული საჩუქარიაო.
სარკმელს მოვცილდი, სარკეს მივაგენი და იქ ცხვირის მეტი ვერაფერი დავლანდე. ცხვირი სიგრძეში კიდევ უფრო გაზრდილიყო.
დრო კი გადის. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ დრო მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გავიდეს. დრო გადის – ეს შეუქცევადია და იმდენად პრიმიტიული, რომ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, არსებობს კი საერთოდ დრო?
ეზოდან ტირილი შემომესმა. რუდიკამ მიწიდან რაღაც აიღო, პირში ჩაიდო, ალიკამ კი წაართვა და გადაუგდო. რუდიკა ხელს იშვერდა და ტიროდა. ბაბუამისი მას სახლისკენ მიაქანებდა.
საინტერესოა, რა უდგას რუდიკას ტელევიზორის თავზე. თუ დრო არსებობს, რატომ უნდა შეგეპაროს ეჭვი მის ყოფნაში? რატომ არის დრო ასე მარტივი. ხომ არ შეიძლება დრო მხოლოდ იმიტომ არსებობდეს, რომ გაილიოს და არ დაილიოს. ბოლოს და ბოლოს, დროსაც ხომ შეიძლება აევსოს მოთმინების ფიალა და მოგვაძახოს, თქვენი არ ვიცი, მე დავიღალე და თავი დამანებეთო. კარგი სანახავები ვიქნებით დროის გარეშე.
ალბათ, დრო არ არსებობს და შესაბამისად, არც გადის. ის მხოლოდ ჩვენ გვჭირდება, რომ მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცებივით გავითვალოთ ერთიდან უსასრულობამდე; დასაწყისიდან დასასრულამდე. და თუ ამ დათვლას დროს დავარქმევთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ დრო თითოეულ ჩვენგანთან ერთად იბადება, შემდეგ კვდება და ის მხოლოდ ჩვენი საკუთრებაა, ჩვენი მოგონილია.
ჩემს ეზოში ნატა ცხოვრობს. ნატა იასამანს ჰგავს. საჭირო იყო მონდომება, რომ თავაზიანი იასამანი ნოემბრის იმ უკანასკნელ მზიან დღეს დამგვანებოდა, მორცხვად რომ ნებდება ზამთარს. ნატა იმ მერცხალსაც ჰგავდა, ცაში მარტო მოელვარეს გაზაფხული რომ მოჰყავს… მის ფანჯრებს ავხედე. იქ არავინ დამხვდა.
ჰო, მართლა…
ცხრამეტი წლის რუდიკამ ვენაში პირველად შეუშვა \”შავი\”. ცელოფნის ნაფლეთში გახვეული \”შავი\” პირით აფხიკეს, ჯამს შეაწმინდეს და ანჰიდრიდის მძაფრი სურნელით ცეცხლზე შემოდგეს. \”შავი\” დუღდებოდა და საშველს ითხოვდა.
ბუმ-ბუმ – ოხრავდა წამალი და რუდიკას ძმაკაცები მკლავებს იკაპიწებდნენ.
სიგარეტის ფილტრი გაციებულს ჩაუფინეს და ყველაზე თამამმა ბაიანი შეაყენა. რუდიკაც მოემზადა და ბლანტი სითხით გაჯერებულმა ერთჯერადმა დაიწრიპინა.
რუდიკას თავი გადაუვარდა, პირი დააფჩინა და მას მოეჩვენა, რომ დრო იყო, ყველასათვის ენა გამოეყო.
ბეეყ – დაიყვირა და ნახევრადმელოტი პრეზიდენტის თავს ეძგერა. ჭაღარა თმები აიფოფრა, აიშალა, ახლა იგი საცოდავი ჩანდა და წამით რუდიკას შეეცოდა კიდეც. მსხვილი \”ტეტე\”-ს ლულა ოფლიან თავზე მიაწება და ჩახმახს გამოჰკრა.
ბუმ – დაიქუხა პისტოლეტმა და რუდიკამ პირიდან მჟავე, ფერადი სითხე გადმოანთხია.
რუდიკას თავი იატაკზე იდო. უნდოდა წამოეწია იგი, თმებში ხელიც ჩასჭიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო. თავი ჯიუტად ეწებებოდა სააბაზანოში დაგებულ ლინოლიუმს. რუდიკამ ზეცას ახედა და იქ უცნაური რამ დაინახა. ლაქა ახლოვდებოდა, იზრდებოდა…
ჩემი სიმშვიდე – ამბობდა რუდიკა – მხოლოდ ცაში გამოკიდებულ ღრუბელს შეედრება.
დედა, – წაიჩურჩულა რუდიკამ, როცა მოფრენილ დედამისს მოჰკრა თვალი. მან მხოლოდ ახლა შეძლო თავის აწევა. დედამ შვილს შემოუფრინა და მის ცხვირთან შეჩერდა. რუდიკას სმენას დედის ფრთების ფართხუნი ჭრიდა.
– დედა, ნუ ფრენ ასე ხმამაღლა, – შეევედრა და რუდიკას მოეჩვენა, რომ მის ხმას დამაჯერებლობა აკლდა.
– ნუ ფრენ ასე ხმამაღლა,- გაუმეორა თხოვნა. არა, ასე არ ივარგებს. რუდიკამ დედისკენ ხელები გაიშვირა, მოიხარა, თავი მარცხნივ გადააგდო და თხოვნა გაიმეორა – დედა, ნუ ფრენ ასე ხმამაღლა…
რაღაც მსგავსება იყო ლერმონტოვის ვადიმსა და მას შორის. მხოლოდ, რუდიკას წარბების აზიდვა დაავიწყდა. წარბაზიდული სახე მეტ სიბრალულს იმსახურებს.
დედა… ნუ ფრენ ასე ხმამაღლა, ნუ ფრენ ასე ხმამაღლა!..
დედამ იასამნისფერი შარვლის ჯიბიდან ხელი ამოიღო და ცხვირზე უჩქმიტა, – ეს არ იკმარა და თავისკენ გამოსწია, მოქაჩა – მეზღვაური რომ ღუზას შეეჭიდება, ისე.
ცხვირიც დანებდა.
დედამისმა ბაწარივით ცხვირი ჩემი სააბაზანოს ფანჯრიდან გადააგდო. იასამნისფერ შარვალში ხელები ჩაიწყო და გაფრინდა. ხმაური ნელ-ნელა მიწყდა.
დედის ლაქა ცაზე გაიდღაბნა. იქ მხოლოდ თბილი ღრუბელი დარჩა.
სარკმელს მივვარდი. ალიკა ის იყო, სადარბაზოში შედიოდა.
– ალიკა, ალიკა! – მივაძახე.
ალიკა შეჩერდა, მოტრიალდა, თვალებით ჩემი ძებნა დაიწყო.
– ალიკა, ბასა ვარ, აქეთ, აქეთ, – ფანჯრიდან ხელიც გადავყავი და დავუქნიე. ალიკამ შემნიშნა და რა გინდაო, – შორიდან დამეკითხა.
– ალიკა, – დავუყვირე, – აქეთ მოდი, დედაჩემმა ჩემი ცხვირი ფანჯრიდან გადამიგდო და ამომიგდე-მეთქი!
ალიკამ ხელი ჩაიქნია და სახლში შევიდა.
რა ვქნა ახლა მე? ცხვირი ძალიან გრძელი და მძიმეა. თუ მისი ბოლო არავინ ამომიგდო, მარტოკა ვერ ამოვწევ.
ვიჯექი ასე, სარკმელთან, კისერზე კოღონაკბენი განდეგილივით და შველას ველოდი. უცებ ეზოში ჩემი მეზობელი ნატა გამოჩნდა. დამინახა ცხვირჩამოშვებული და თვალის არიდება გადაიფიქრა. ფანჯარას მოუახლოვდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ცხვირის ბოლოს დასწვდა და ამომიგდო.
ხელი გადავყავი და დავიჭირე!
ცხვირს მაგრად დავწვდი და ამოვქაჩე. ბაწარივით გამონასკვული ცხვირი ერთ კუთხეში მივკუჭე და კვლავ სარკმელს ვეცი ნატასთვის მადლობის სათქმელად. დამინახა თუ არა, გამიღიმა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button