ლიტერატურამოთხრობა

გაბრიელ გარსია მარკესი – ლათინური ამერიკის მარტოობა

ანტონიო პიგაფეტამ, ფლორენციელმა ზღვაოსანმა, რომელმაც მაგელანთან ერთად პირველად შემოუარა დედამიწას, ამერიკის სამხრეთი მიწები ზუსტად აღწერა, თუმც ეს ძალიან წააგავდა ფანტაზიას. იგი წერს, რომ იხილა ტახები, რომელთაც ჭიპი ბარკალზე გამობმოდათ; უკლანჭებო ფრინველები, რომელთა დედლები კვერცხებს მამლების ზურგზე დებდნენ; ასევე, უენო პელიკანების მსგავსი ფრთოსნები, რომელთაც კოვზისებრი ნისკარტები ჰქონდათ. იგი წერს, რომ იხილა უკუღმართად შობილი ჯორისთავა და ჯორისყურა არსებები, რომელთაც ტანი აქლემისა ჰქონდათ, ფეხები _ ირმისა და ცხენებივით ჭიხვინებდნენ. იგი აღწერს პირველ პატაგონიელს, რომელმაც სარკეში ჩაიხედა და აგზნებული გოლიათი საკუთარ გამოსახულებას შეება.

ეს მომცრო და მომაჯადოებელი წიგნი, რომელიც თანამედროვე რომანისთვის ნიშანდობლივ მარცვლებს შეიცავს, იმდროინდელი რეალობის უცილოდ თავბრუდამხვევი აღწერაა. ინდიელთა ქრონიკებმა უამრავი ასეთი რამ შემოგვინახა. ელდორადოს, ასეთი ჟინით ნაძიებ ილუზორულ ქვეყანას, დიდი ხნის განმავლობაში უამრავ რუკაზე აღნიშნავდნენ და ფორმასა და ადგილმდებარეობასაც კარტოგრაფის ფანტაზიისამებრ უცვლიდნენ. მარადიული სიყმაწვილის შადრევნის ძიებაში მითიური ალვარ ნუნეს კაბესა დე ვაკა 8 წლის განმავლობაში იკვლევდა მექსიკის ჩრდილოეთს. ექსპედიციის პირშიჩალაგამოვლებულმა წევრებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს და 600 კაციდან მხოლოდ 5 დაბრუნდა შინ. იმავე დროს განეკუთვნება ერთ უიდუმალეს ამბავთაგანი, როცა ასი გირვანქა ოქროთი დატვირთული 11 ათასი ჯორი კუსკოდან დაძრეს და გზას გაუყენეს ატაჰუალპასთვის გამოსასყიდის გადასახდელად. ამ ქარავანს დანიშნულების ადგილისთვის არ მიუღწევია. შემდეგ, კოლონიურ ხანაში, კარტაჰენა დე ინდიაში ყიდდნენ ქათმებს, რომლებიც ნალექიან მიწაზე ბინადრობდნენ და რომელთა ჩიჩახვებშიც ოქროს ციცქნა ზოდებს პოულობდნენ.

ერთმა ოქროსმაძიებელმა სულ ახლახანაც შეგვახსენა თავი. გასულ საუკუნეში გერმანულმა მისიამ გადაწყვიტა პანამის ყელზე გამავალი სარკინიგზო კონსტრუქციის გამოკვლევა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: იმ ადგილებში ლითონი არასაკმარისად მოიპოვებოდა, ამიტომ ლიანდაგები ოქროსგან უნდა დაეგოთ.

არც ესპანელების ბატონობისაგან გათავისუფლებას შეუშლია ხელი ჩვენი უგონობისათვის. გენერალმა ანტონიო ლოპეს დე სანტა ანამ, მექსიკის სამგზის დიქტატორმა, თავისი მარჯვენა ფეხი, რომელიც მან ე.წ. “ნამცხვრების ომში” დაკარგა, პომპეზურად დაასაფლავა. გენერალი გაბრიელ გარსია მორენო 16 წლის განმავლობაში განაგებდა ეკვადორს აბსოლუტური მონარქის სტატუსით. მისი გვამი პრეზიდენტის სკამზე დასვეს, სადღესასწაულო უნიფორმით შემოსეს და თხელ ფენად მედლებიც დაჰკიდეს. გენერალმა მაქსიმილიანო ჰერნანდეს მარტინესმა, სალვადორის თეოსოფოსმა დესპოტმა, რომელმაც 30 ათასი გლეხი გაჟუჟა, გამოიგონა ქანქარა საკვებში შხამის მისაკვლევად, ხოლო ლამპიონები წითელი ქაღალდით შებურა, ქუნთრუშის ეპიდემიას ამით დავამარცხებო.

ტეგურიგალპას მთავარ მოედანზე მდგარი გენერალ ფრანსისკო მორასანის ძეგლი, ფაქტობრივად, მარშალ ნეის ერთ იმ სკულპტურათაგანია, რომელსაც იოლად შეიძენ პარიზის ყავლგასულ სკულპტურათა საწყობში.

თხუთმეტი წლის წინ, ჩილელმა პაბლო ნერუდამ, ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამოჩენილმა პოეტმა, ეს აუდიტორია თავისი სიტყვით გაანათა. ამის შემდეგ კეთილი ნების ევროპელებს _ ხანდახან, ბოროტებსაც _ თავზარი დასცა ლათინური ამერიკის არამიწიერმა სიახლეებმა, ამ უსამანო სამყარომ მოუსვენარი მამაკაცებისა და ისტორიული ქალებისა, რომელთა დაუსრულებელი სიკერპე ლეგენდებსაც კი აფერმკრთალებდა.

ჩვენ ამოსუნთქვის დრო არ გვქონია. ცეცხლმოკიდებულ სასახლეში გამაგრებული ჩვენი პრომეთესებრი პრეზიდენტი მარტო შეაკვდა ჯარს. ორმა საეჭვო ავიაკატასტროფამ შეუმოკლა სიცოცხლე მეორე დიდებულ პრეზიდენტს და დემოკრატიის ჯარისკაცს, რომელმაც თავის ხალხს ღირსების განცდა დაუბრუნა.

აქ 5 ომი მძვინვარებდა და 17 სამხედრო გადატრიალება მოხდა. აქ წარმოიშვა დემონური დიქტატორი, რომელიც ღვთის სახელით ლათინოამერიკელთა ეთნოციდს ახორციელებს ჩვენს დროში. ამასობაში, ერთ წლამდე ასაკის 20 მილიონი ლათინოამერიკელი ბავშვი დაიღუპა _ უფრო მეტი, ვიდრე _ ევროპაში 1970 წლიდან დაბადებულნი. რეპრესიებს ემსხვერპლა თითქმის 120 ათასი ადამიანი, თითქოს უფსალას მოსახლეობის დათვლა არავის შეეძლოს! უამრავი ორსული ქალი დააპატიმრეს, რომელთაც არგენტინის ციხეებში იმშობიარეს. არავინ იცის იმ ბავშვების ადგილსამყოფელი, რომლებიც ფარულად გააშვილეს ან სამხედროთა ბრძანებისამებრ, უპატრონოთა თავშესაფარში მიავლინეს. ამ ვითარების გამოსწორებისთვის ბრძოლას შეეწირა კონტინენტზე მცხოვრები ორას ათასამდე ქალი და მამაკაცი. ას ათასამდე დაიღუპა ცენტრალური ამერიკის სამ პატარა და უიღბლო ქვეყანაში: ნიკარაგუაში, სალვადორში, გუატემალაში. ეს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარიყო, ასეთ მაჩვენებელს მივიღებდით: მილიონ ექვსასი ათასი ძალმომრეობითი სიკვდილი 4 წელიწადში. ჩილედან მილიონი ადამიანი გაიქცა, რაც ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია. ურუგვაიდან, რომელშიც ორნახევარი მილიონი მოსახლეა და საკუთარ თავს კონტინენტის ყველაზე ცივილიზებულ ერად მიიჩნევს, ყოველ მეხუთე მკვიდრზე ერთი გაძევებულია.

1979 წლის შემდეგ, სალვადორში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა ყოველ ოც წუთში ერთი მოსახლე ლტოლვილად აქცია. ლათინური ამერიკიდან დევნილებსა და გაძევებულებს სახელმწიფო რომ შეექმნათ, მისი მოსახლეობა ნორვეგიისაზე მეტი იქნებოდა.

ვბედავ იმაზე ფიქრს, რომ ეს სინამდვილე საზღვრებს გასცდა და არა მხოლოდ ლიტერატურამ, არამედ ამანაც მიიპყრო შვედეთის აკადემიის ყურადღება. არა ლიტერატურულმა რეალობამ, არამედ იმან, რაც ჩვენს შორისაა და ყოველდღიურად უთვალავ სიკვდილს განსაზღვრავს. სწორედ ეს კვებავს ხარბ შემოქმედებით წყაროს, რომელიც სავსეა წუხილითა და მშვენიერებით. ამიტომაც ეს მოხეტიალე და ნოსტალგიური კოლუმბიელი კიდევ ერთი შიფრია, რომელიც ბედისწერამ დაიმარტოვა. პოეტებსა და ღატაკებს, მუსიკოსებსა და წინასწარმეტყველებს, მეომრებსა და ავაზაკებს, ამ თავაწყვეტილი რეალობის ყველა ქმნილებას წარმოსახვის გარეშე უნდა დაგვენახა, რომ ყველა ჩვენი სასტიკი პრობლემა წარმოშვა ერთიანი აზრის ნაკლებობამ: დამაჯერებლობა შთაგვებერა საკუთარი სიცოცხლისათვის. აი, ეს არის, ჩემო მეგობრებო, ჩვენი მარტოობის მთავარი დაბრკოლება.

ეს სიძნელეები ხელს იმიტომ გვიშლის, რომ სამყაროს ამ ნაწილში მცხოვრები ნიჭიერი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ასეთად საკუთარი კულტურის კვლევამ აქცია, ჩვენს ინტერპრეტირებას ცდილობენ. დაუჩემებიათ, რადაც უნდა დაუჯდეთ, იმავე კრიტერიუმებით გაგვზომონ, რომლებსაც სათავისოდ იყენებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ცხოვრება ყველაზე როდი მოქმედებს გამანადგურებლად; ჩვენი იდენტობის ძიებას ისევე თან სდევს სისხლი და სირთულე, როგორც მათსას ახლდა. ჩვენი რეალობის ინტერპრეტირება იმ ნიმუშებით, რომლებიც უცხოა ჩვენთვის, უფრო გვაუცხოებს, ნაკლებად გვათავისუფლებს, უფრო ამძაფრებს ჩვენს მარტოობას.

ღირსეული ევროპა უფრო შორსმჭვრეტელი ალბათ მაშინ აღმოჩნდებოდა, როცა ჩვენს დანახვას ჩვენივე წარსულთან ერთად შეეცდებოდა. გავიხსენოთ, რომ ლონდონში სამასი წლის განმავლობაში აშენებდნენ პირველ გალავანს და სამას წელზე მეტ ხანს ელოდნენ პირველ ეპისკოპოსს. რომი ოცი საუკუნის განმავლობაში იყო ურწმუნობის ბინდში გახვეული, ვიდრე მის ისტორიაში ეტრუსკი იმპერატორი არ გამოჩნდა. მშვიდობისმოყვარე შვეიცარიელები, დღეს რომ რბილი ყველითა და აპათიური საათებით გვიმასპინძლდებიან, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, დაქირავებული ჯარისკაცების სახით, სისხლისგან ცლიდნენ ევროპას. რენესანსის ზეობაშიც კი იმპერიული არმიის შემადგენლობაში მებრძოლმა 12 ათასმა ლანსკუენეტმა ააოხრა და გაძარცვა რომი და 8 ათასი ადამიანი ხმლებით აკუწა.

ტონიო კრეგერის ოცნება უბიწო ჩრდილოეთისა და ვნებიანი სამხრეთის გაერთიანება იყო. აქ 53 წლის წინათ მას თომას მანი განადიდებდა. მე არ მსურს ტონიოს ილუზიის ხორცშესხმა, მაგრამ მწამს, რომ ის გამჭრიახი ევროპელები, რომლებიც ახლაც იბრძვიან, რათა თავიანთ ქვეყნებში უფრო მეტი სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა დაამკვიდრონ, უფრო დაგვეხმარებოდნენ, თუ ჩვენი ხედვის რაკურსს შეცვლიდნენ.

ჩვენი ოცნებების გაზიარება ნაკლებ მარტოსულებად როდი გვხდის. ეს სოლიდარობა უნდა გარდაიქმნას ყველა იმ ხალხის კანონიერი მხარდაჭერის კონკრეტულ აქტებად, რომლებსაც ამ დანაწევრებულ სამყაროში თავის ნებაზე ცხოვრების ილუზია ტანჯავთ.

ლათინურ ამერიკას არც სურს და არც მიზეზი აქვს, მისდაუნებურად პაიკის როლი შეასრულოს. არც იმ სასურველის სინამდვილედ მიჩნევა უნდა, რომ მისი დამოუკიდებლობა და თვითმყოფობა დასავლეთის მისწრაფებად გადაიქცევა. მართალია, ნავიგაციურმა სრულყოფამ შეამცირა მანძილი ჩვენს ამერიკასა და ევროპას შორის, მაგრამ მგონი, უფრო მკაფიო გახადა ჩვენი კულტურების დაშორებულობა.

რატომაა, რომ ჩვენი ორიგინალობა ასე ფასობს ლიტერატურაში და ასე ურწმუნოდაა უკუგდებული სოციალური ცვლილებებისას? რატომ ჰგონიათ, რომ სოციალური სამართლიანობა, რომლის მოპოვებას პროგრესული ევროპელები თავიანთი ქვეყნებისათვის ცდილობენ, შეუძლებელია ლათინური ამერიკის მიზნად იქცეს, განსხვავებული მეთოდებით განსხვავებულ პირობებში? არა: განუსაზღვრელი ძალადობისა და ჩვენი ისტორიული ტკივილის _ ძველი უსამართლობის შედეგთა და გამოუთქმელ წუხილთა ბრალია, რომ ჩვენი სახლიდან თქვენამდე სამი ათასი ლიეა. თუმც ბევრი ევროპელი ლიდერი და მოაზროვნე ფიქრობს ბებრული ბავშვურობით (დავიწყნიათ სიყმაწვილეში ჩადენილი უხვი უსაქციელობანი!), რომ შეუძლებელია სხვა ბედს ეწიო, ვიდრე იცხოვრო ორ მბრძანებელს შუა. ეს არის, ჩემო მეგობრებო, ჩვენი მარტოობის საზომი.

მიუხედავად ამისა, ჩაგვრას, ძარცვას, უარყოფას ჩვენ სიცოცხლით ვუპასუხებთ. ვერც წყალდიდობები და ეპიდემიები, ვერც შიმშილი და კატაკლიზმები, ვერც საუკუნო ომები ვერ უარყოფენ სიცოცხლის უპირატესობას სიკვდილზე. ეს უპირატესობა იმატებს, იზრდება. ყოველ წელს 74 მილიონით მეტი იბადება, ვიდრე _ კვდება. ახალშობილთა ყოველწლიური რაოდენობა ნიუ-იორკის მოსახლეობის შვიდმაგ ოდენობაზე უნდა გადავამრავლოთ. ჩვილების უმრავლესობა ნაკლებრესურსიან ქვეყნებში ჩნდება, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ლათინური ამერიკაც იგულისხმება. ამის საპირისპიროდ, ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ნგრევის ძალაუფლებას ამრავლებენ. მაგალითად, ასჯერ ძალუძთ არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ იმ ცოცხალ არსებათა მოსპობაც, რომლებსაც კი ოდესმე უსუნთქავთ ამ უიღბლო პლანეტაზე.

ერთ დღეს, რომელიც დღევანდელს ჰგავდა, ჩემმა მოძღვარმა უილიამ ფოლკნერმა თქვა: “უარს ვამბობ ადამიანის დასასრულთან შეგუებაზე”. შესაძლოა, უღირსობის გამო ამ ადგილზე წავქცეულიყავი, სადაც ოდესღაც ფოლკნერი იდგა. მაგრამ სრულად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ რაც 32 წლის წინათ ფოლკნერმა უარყო, დღეს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სხვა არაფერია, თუ არა უბრალო მეცნიერული შესაძლებლობანი.

ვეხლებით ამ საოცარ სინამდვილეს, რომელიც, ალბათ, უტოპიად მიაჩნდათ კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ჩვენ, მეიგავენი, იმასაც ვირწმუნებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, მონაწილეობა მივიღოთ ამ უტოპიის საწინააღმდეგო უტოპიის შექმნაში. სიცოცხლის ყველაზე მძაფრი და ახალი უტოპია ისაა, როცა არავინ გადაუწყვეტს სხვას, თუ როგორ მოკვდეს; როცა სიყვარული ჭეშმარიტებად გადაიქცევა, როცა ბედნიერება შესაძლებელი იქნება და როცა რასები ასწლიანი დუმილით დაისჯებიან, როცა დედამიწას ერთხელ და უკანასკნელად მიეცემა მეორე შესაძლებლობა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button