ესესაკითხავი

მაკა დოლიძე “რაინერ ვერნერ ფასბინდერი – სოციალური ფრესკა ფაშისტური მოზაიკით”

“თუ შენ აკეთებ შენთვის უმნიშვნელო სამუშაოს, მაშინ შეგიძლია იცხოვრო ათი-ოცი წლით უფრო დიდხანს, მაგრამ ეს
დამწუხრებული წლები იქნება. მე ვთვლი, რომ საჭიროა იცხოვრო სხვანაირად, უფრო ხანმოკლედ, მაგრამ გაშმაგებულად.»1

ეს სიტყვები `უმამო თაობის» ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს ეკუთვნის. რომელსაც `ბავარიელ ხულიგანსაც»
უწოდებდნენ. მას სურდა ყოფილიყო კინოში იგივე, რაც იყო შექსპირი თეატრში, მარქსი _ პოლიტიკაში და ფროიდი _
ფსიქოლოგიაში. ეს ამბიციური (კარგი გაგებით) ახალგაზრდა – რაინერ ვერნერ ფასბინდერი 1945 წლის 31 მაისს მოევლინა ქვეყანას კურორტ ვორისჰოფენში.

ზემოხსენებული რეჟისორი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იგი ცდილობდა სკურპულოზურად ეკვლია და განეხილა ნაცისტური ფენომენი სოციალურ ჭრილში. ამ რაკურსით საყურადღებოა მის მიერ 1973 წელს გადაღებული ფილმი `შიში სულს ჭამს.» ფილმის მთავარი გმირი, მიუნხენის არც თუ ისე რესპექტაბელურ უბანში მცხოვრები შუახნის ქვრივი ემი კაროვსკი, თვალშისაცემი ასაკობრივი და ეროვნული განსხვავებების მიუხედავად, ქორწინდება მაროკოელი ემიგრანტების თავშეყრის ადგილას გაცნობილ ალიზე.

ფილმში აისახა სტერეოტიპების გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მაგ: ემისგან მეზობელი ქალები მოითხოვენ, რომ მან სადარბაზო ახლა კვირაში ორჯერ დაალაგოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მაროკოელის გადმოსვლამ სახლის ორმაგად დაბინძურება გამოიწვია. უბანში მდებარე სურსათის მაღაზიის მეპატრონეც უარყოფითად არის განწყობილი ალისადმი: მიუხედავად იმისა, რომ ალი თავისუფლად საუბრობს გერმანულად, გამყიდველი შეგნებულად ექცევა მას ისე, თითქოს არ ესმის მისი. სიუჟეტის განვითარების მანძილზე ფასბინდერი გვიჩვენებს გერმანული საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენლის დამოკიდებულებას ეროვნული, ნაციონალური ფენომენისადმი.
ნათლად ჩანს, რომ გერმანული საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია რასისტული იდეები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას აღარ აქვს სახელმწიფო პოლიტიკის, იდეოლოგიური დოქტრინის ფორმა. გმირთა სიტყვებში გამოკრთება ნოსტალგია ძველი გერმანული `წესრიგისადმი», როდესაც პოლიციელები გრძელ თმებს არ ატარებდნენ და, შესაბამისად, მოქალაქეთა შოვინისტური ახირებების მხარდამჭერებად გვევლინებოდნენ. პოლიციელთა გრძელი თმები აქ თავისუფალი, დემოკრატიული აზროვნების სიმბოლოდ უნდა იქნეს გაგებული. ახლო წარსული კვლავ გმირების აქტუალურ სივრცეში მოიაზრება და მათი ცნობიერების გარკვეულ დეტერმინირებას ახდენს. ირგვლივ არსებული გარემო უცვლელია: ძველი შენობები, ძველი სადარბაზოები, ძველი კიბეები, ძველი შეხედულებები… გარემო ისე უცვლელია: ყოველ წამს ელოდები სადარბაზოს კიბეებზე ჭრაჭუნით მოსიარულე გესტაპოელის, თუ ესესელის ჩექმების გამოჩენას. ყველაფერს ეტყობა წარსულის კვალი, რომელიც გმირების ცხოვრებას წარმართავს. არის ერთი, არც თუ ისე თვალშისაცემი შტრიხი, რომლითაც ფასბინდერი აშკარად, არც ისე უმნიშვნელოზე, მიგვითითებს: სადარბაზოში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი მუდამ რკინის ცხაურს მიღმა მოჩანს. აშკარაა, რკინის ცხაურით რეჟისორი ამ ქალისა და მისი თანამოაზრეების ჩაკეტილ, შეზღუდულ შეხედულებათა სივრცეზე მიანიშნებს.

ფასბინდერი შეულამაზებლად, შესაძლოა შოკისმომგვრელი სიმართლით, გვიჩვენებს ალისადმი გერმანული საზოგადოების დამოკიდებულებას. ეპიზოდში, როცა წყვილი რესტორანში ღია ცის ქვეშ ზის, მომსახურე პერსონალი უსიტყვოდ, კუშტად, პირმოკუმული, მტრულად შესცქერის მათ. ანალოგიურ რეაქციას ვაწყდებით ქ-ნი კაროვსკის ოჯახურ შეხვედრაზე, სადაც იგი ალის წარუდგენს თავისიანებს. კამერა ახლო ხედით და შესამჩნევად ნელა გვიჩვენებს თითოეული წევრის სახეს. მათი ბრიყვული გამომეტყველებისა და დასადგურებული სიჩუმის სინთეზით რეჟისორს სიცილამდე მივყავართ. რაინერი ემის ქალიშვილის – კრისტას მეუღლის როლს თამაშობს და სავარაუდოა, რომ იგი ამ ეპიზოდში თავისი გმირის რეაქციასაც დასცინის. ემის ვაჟიშვილი ბრუნო კი, რატომღაც, ტელევიზორისკენ მიმართავს
თავის აგრესიას და წიხლებით ამსხვრევს მას. იქნებ ტელევიზიის საშუალებით შეიქმნა ახალი, მანამდე უცხო ღირებულებებისა და შეხედულებების დამკვიდრების შესაძლებლობა, რამაც, თავის მხრივ, ემისა და ალის ურთიერთობასაც შეუწყო ხელი.

რეჟისორმა ადამიანთა ურთიერთობაში ღრმა წვდომისა და ანალიზის უნარი გამოავლინა. გვიჩვენა მისი თანამედროვე
გერმანული საზოგადოების ნიშანდობლივი თვისებები, კერძოდ, ბურჟუაზიული საზოგადოების მერკანტილიზმი. გავიხსენოთ ვაჟიშვილის დაბრუნების ეპიზოდი, როდესაც ბრუნო ბოდიშს უხდის დედას და დამსხვრეული ტელევიზორის საფასურს იხდის. მაგრამ საბოლოო ჯამში ირკვევა, რომ იგი დახმარების სათხოვნელადაა მოსული (ბრუნოსა და მის მეუღლეს ემისთან შვილის დატოვება სჭირდებათ.) მსგავსად, იქცევიან მეზობელი ქალები სადარბაზოდან. ემის სარდაფის გამოყენების მიზნით, ისინი თანახმანი არიან მიიღონ ალი და აღფრთოვანდნენ მისი
აღნაგობით. ფასბინდერი საზოგადოებას აჩვენებს, აფრთხილებს, რომ, ვითომდა, წარსულს ჩაბარებული რასიზმი, შესაძლოა ნებისმიერ დროს მობრუნდეს.

დღევანდელ ევროპაში ნეონაციზმი უკვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ფასბინდერის სოციალური ფრესკები
უწინარესად სულიერ დეგრადაციაზეა ორიენტირებული. სწორედ სულიერი კრიზისი, ცნობიერების დესტრუქცია წარმოშობს სოციალურ თუ პოლიტიკურ კრიზისებს. უცნაურ მეტამორფოზას განიცდის თავად ემი კაროვსკიც.
სადარბაზოს დალაგებისას ჩნდება ახალი იუგოსლავიელი თანამშრომელი იოლანტა, რომელიც თავისი წარმომავლობის გამო დანარჩენებზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. და როცა ემასთან შეკრებას გადაწყვეტენ, უცხოელი თანამშრომლის დასწრებაარდასწრების საკითხს ერთი უბრალო ფრაზა წყვეტს: “მას სხვა ანგარიშით უხდიან». ემი კაროვსკი ალისთან ურთიერთობის გამო, სწორედ, იმავე სიტუაციაში გარიყეს, მაგრამ ემას ეს აშკარად არ ახსოვს. ორივე ეპიზოდს რეჟისორი განგებ ერთნაირად აგებს. გმირები ერთსა და იმავე ადგილზე სხედან. უბრალოდ, განსხვავება იმაშია, რომ ფილმის დასაწყისში სურათის მთავარი გმირი ქალია, დაზარალებული და მიტოვებული, ხოლო მეორე შემთხვევაში მის ადგილს `არაგერმანელი» თანამშრომელი იკავებს. ამ ორი ეპიზოდის მიზანმიმართული დამსგავსებით ფასბინდერი აშკარად
ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია ემის რეაქცია. იქნებ ამ სოციალური პრობლემატიკის მიღმა ფასბინდერის მუდმივი ტკივილის – სიმარტოვის, მიუსაფრობის თემის განჭვრეტაცაა შესაძლებელი?!

რაინერს სასაცილოდ გამოჰყავს ემის შვილი კრისტა და მისი მეუღლე. რეჟისორი პირველივე კადრებში გვიჩვენებს ამ წყვილის ურთიერთსიძულვილსა და უპატივცემულობას. თუმცა მაროკოელი მამინაცვლის დანახვისას, პროტესტის ნიშნად, ხელკავით, შეხმატკბილებული წყვილივით ტოვებენ დედის სახლს. სასაცილო კი ის არის, რომ ცოლ-ქმარს, რომელიც ერთმანეთს ცემით ემუქრება, ნაცისტური სიძულვილი შეარიგებს და აერთიანებს.

ფილმის დასრულებისას ჩნდება აზრი, რომ ქალბატონ კაროვსკის სიყვარულსა და ზრუნვას მაროკოელისადმი სტიმულს, ბიძგს აძლევს არა მარტო მისი ფიზიკური და სულიერი მარტოობა, არამედ გერმანიის, მამამისისა და საკუთარი ნაცისტური წარსულის პასუხისმგებლობის ტვირთი. ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ სიუჟეტის განვითარებისას, ერთ-ერთ დიალოგში ალისთან ემი ჰყვება მამამისისა და საკუთარი ფაშისტური წარსულის შესახებ. ვფიქრობ, სურათის მთავარი გმირი ქალის ქცევა (ზრუნვა ალიზე), ნაწილობრივ მაინც, წარსული ცოდვების გამოსყიდვის ქვეცნობიერ ცდად შეიძლება იქნეს აღქმული.

ქართულ პერიოდიკაში (2) ფასბინდერის შესახებ ვაწყდებით საინტერესო მოსაზრებას: `რაინერი ფიქრობდა, რომ რაც უფრო დადგმული, გაკეთებული და `ლამაზია» ფილმი, მით უფრო თავისუფალი და ნიღაბახდილია ის. მაყურებელს კი სიმართლის რცხვენია.» მართალია, რეჟისორის შეფასება, ყოველთვის, მეტად გულწრფელი და მისაღებია, მაგრამ არა ამ ფილმთან მიმართებაში. `შიში სულს ჭამს», მართლაც, თავისუფალი და ნიღაბახდილია ისე, რომ მაყურებელს მართლაც შერცხვება იმ სიმართლისა, რასაც ფასბინდერი ამ სურათში გადმოგვცემს, მაგრამ ფილმი არც `ლამაზია» და არც `დადგმულის» შთაბეჭდილებას ტოვებს და სწორედ ამ გარემოებების წყალობითაა ალბათ, რომ ამ ისტორიისა ისე გჯერა, თითქოს შენს ან მეზობელ სადარბაზოში მომხდარ ისტორიას თვალს ადევნებდე.

რეჟისორის შემოქმედებაში ამ ფილმის არსებობა გერმანულ კომპლექსთან ბრძოლის დასტურია. მან ერთ-ერთმა პირველმა, თამამად და აშკარად გამოიტანა სინათლეზე ეს პრობლემა, `იგი ერთდროულად გამოხატავდა პროტესტსაც და ნაციზმის დანაშაულსაც ინანიებდა. დანაშაულს ხალხისა, ვინც ემხრობოდა, მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა იდეას, რომლის საზარელი გამომეტყველების დავიწყებას დასჭირდა ძალიან დიდი დრო.»(3)

არაბული ანდაზა `შიში სულს ჭამს», რომელსაც ერთ-ერთ დიალოგში ემის ალი ეუბნება, ფილმის სათაურადაა გამოტანილი და ერთგვარ მოწოდების სახესაც იღებს: არ უნდა გეშინოდეს შეცვალო ძველი შეხედულებები, მოიშორო წარსულის მძიმე ტვირთი და გაბედულად შეხვდე ახალს – მომავალს! … და შეუძლებელია არ დაეთანხმო კინომცოდნე გოგი გვახარიას, როცა ის წერს: `ფასბინდერს, როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს გააზრებული ჰქონდა, რომ სწორედ ინფანტილიზმმა, ბედნიერი მომავლის, `რასის გასუფთავბის» გულუბრყვილო რწმენამ უბიძგა გერმანელ ობივატელს `ეშმაკთან გარიგებაზე», რაც შემდეგ საშინელი ტრაგედიით დასრულდა. და ამ მხრივაც თანამედროვე გერმანიის `ბავშვობის» ცოდვების ავადმყოფური განცდა, ერთგვარი მაზოხიზმი, თვითგვემა გადამწყვეტი მოტივი გახდა ფასბინდერის შემოქმედებაში.გერმანიის ბედი არ ასვენებს როგორც პატიოსან ხელოვანსა და ჭეშმარიტ პატრიოტს.» (4)
ზემოთთქმულის კიდევ ერთი დასტურია რაინერის ერთერთი ბოლო ფილმი, 1982 წელს გადაღებული სურათი –
`ვერონიკა ფოსის სევდა», რომელიც დეტექტივის, მელოდრამისა და ანტიფაშისტური ფილმის საოცარ ნაზავს წარმოადგენს.

მოქმედება ე. წ. `ადენაუერის ეპოქაში» (1955 წ.) ხდება. ნარკომანიით შეპყრობილი მთავარი გმირი, მსახიობი ქალი
ვერონიკა ფოსი ხდება დამოკიდებული საკუთარ ექიმზე. თავის მხრივ, ექიმი, მარიანა კაცი, იყენებს პაციენტის ავადმყოფურ მიდრეკილებას და მიჰყიდის მას ნარკოტიკებს. მიყიდვის ფორმა ასეთია: ქალი ქონებას ეტაპობრივად უანდერძებს ექიმს ნარკოტიკების სანაცვლოდ. ანდერძით მოცემული ქონება იწურება და ექიმი პაციენტს კლავს, თან ამას ისე აკეთებს, რომ ძნელი გასარკვევია ვერონიკა მოკლეს, თავი მოიკლა, თუ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა იგი. არც გმირთა პროფესიები შეარჩია რეჟსორმა შემთხვევით. მართლაც, ვერონიკა ფოსი – წარმოდგენებისათვის, აღლუმებისათვის და ხალხთა მასების ჩვენებებისათვის არსებობს, მარიანა კაცი კი, მისი საწინააღმდეგო ტიპაჟია. ის ყველაფერს მალავს, რაც არის და არ არის დასამალი. მისი პროფესიაც _ ექიმი, რომელიც ადამიანებში საერთოდ
კეთილშობილურ ასოციაციებს იწვევს, ფილმში მხოლოდ და მხოლოდ ანგარებით მკვლელობის იარაღია.

ფილმის მთავარ გმირ ქალში აშკარად ჩაფიქრებული იყო “მესამე რაიხის» ვარსკვლავი სიბილა შმიტცი, რომელიც ასევე
1955 წელს ნარკოტიკებისაგან გარდაიცვალა. შემდეგ კი გაირკვა, რომ მისი მკვლელობა კერძო კლინიკის მფლობელმა, სიბილას ექიმმა ჩაიდინა, რომელიც, თავის დროს, საკონცენტრაციო ბანაკებში მსახურობდა ფაშისტებთან.

სიბილა შმიტცის ისტორიას რეჟისორის ბავშვობასთან მივყავართ: 1955 წელს ფასბინდერი ძალიან პატარა, დაახლოებით
9 წლისა იყო, და, როგორც ჩანს, მომხდარ ფაქტს მასზე უმოქმედია; მით უფრო, რომ რაინერის მამა, რომელსაც ბიჭი
მთელი ცხოვრება ეძებდა, ასევე ექიმი იყო.

რეჟისორმა მომხდარი ფაქტი განაზოგადა და `ვერონიკა ფოსის სევდაში» გადმოსცა. ფილმის შავ-თეთრი პირობითობა ბარიერს ქმნის მაყურებელსა და კინოსურათის ატმოსფეროს შორის. ექიმი მარიანა კაცი ნაციონალ-სოციალისტების განსხეულებაა თავისი დამხმარე ასისტენტითა და მისი მეგობრით. ვერონიკა გერმანელ ხალხს განასახიერებს `მესამე რაიხის» დროს, ხალხს, რომელიც ვერონიკას მსგავსად იღებდა `ნარკოტიკს». სწორედ ასეთ `ნარკოტიკად» შეიძლება იქნას აღქმული მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ წარმოებული ნაცისტური საომარი ფილმების პროპაგანდა, რომლითაც მათ მოახერხეს მოსახლეობის გაბრუება სწორედ ისე, როგორც სიბილა შმიტცს აბრუებდა
ნარკოტიკებით მისი ექიმი ისევე, როგორც მარიანა კაცი _ ვერონიკას. მის შესაჩერებლად კი არც გერმანელმა ხალხმა
იღონა რამე, არც სიბილამ რეალობაში და არც ვერონიკამ – ფილმში, რადგან სამივენი გაბრუებულნი იყვნენ: გერმანელები – პროპაგანდით, სიბილა და ვერონიკა – ნარკოტიკებით. ამ უღონობის შედეგად კი სამივენი თავისი ლოგიკური დასასრულისაკენ მიექანებოდნენ, მაგრამ ისინი დამნაშავენი იყვნენ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ უმოქმედობას შეეწირა უამრავი, სრულიად უბრალო, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.

1. Краснова Г.`Кино ФРГ», Москва ,`Искусство» 1987 , с.142;
2. ჟურნალი: `ომეგა», 2003, #6 გვ. 14,;
3. იხ.: იქვე
4. გაზეთი: `თბილისი», 1987, 5 დეკემბერი.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button