არდაშელ თაქთირიძე – იტალიური ეზო
ოთხივე მხრიდან სხვადასხვა ასაკის, სიმაღლისა და პროექტის, უფრო კი, უპროექტო სახლებით შემოსაზღვრული ეზო, ქუჩიდან თაღიანი შესასვლელით, სართულზე თითო ტუალეტით, ეზოს ცენტრში საერთო წყლის ონკანით, ერთი გიჟით, ერთი ლოთით, ერთი ბოზით, დახვეული კიბეებით, შუშებჩამტვრეული შუშაბანდებითა და რიკულებდაბრეცილი აივნებით, თბილისის ძველი უბნის – ჩუღურეთის სავიზიტო ბარათი გახლდათ.
– ძან, ძან, ძან! – სისხამ დილით ნაგვის მანქანის ჩამოდგომას ამცნობდა ძარაზე ამაღლებული ჟორა მენაგვე დიასახლისებს და აკრობატის მოქნილობით ართმევდა რიგში ჩამდგარ, ღამის პერანგზე ხალათგადაცმულ, პირდაუბანელ ქალებს ნაგვის ვედროებს.
– მაწონიი! – დაიძახებდა დილის სიფთაზე მემაწვნე ვანო.
– Яйца, Яйцы! – ბანს მოსძახებდა მეკვერცხე ანდრო.
– Зелень, лук, цыцмати, Зелень! – დაიკნავლებდა თათრის ქალი, ბაჯის რომ ეძახდნენ.
– Точить ножи, ножницы! – შემოგვძახებდა მხარზე სალესწამოკიდებული, შუა ეზოში გაბოტილი მლესავი.
– Бати-бути на бутылки!– უხმობდა ბავშვებს გუდაწამოკიდებული მებატიბუტე.
– აბა, „პლომბირი მააროჟნი”! – დაასრულებდა დილის ეპოპეას „მემაროჟნე” ჩერქეზა.
– ვაშა, ჩერქეზა მოვიდაო! – გიჟდებოდნენ ბავშვები ნაცნობი ხმის გაგონებაზე.
– ამ შობელძაღლებს ჩვენზე მეტად ჩერქეზა უყვართო! – ეჭვიანობდნენ მშობლები.
ავთო ხელაძე მეორე სართულის შუშაბანდიან ბინაში ცხოვრობდა. ტანად საშუალო სიმაღლის იყო, დაკუნთული, აი, ისეთი, შარვალს 36 ზომას რომ იცვამენ და პიჯაკს 56 ზომას. ლამაზზე უფრო, სანდომიანი სახე ჰქონდა, ნიკაპზე დახრილი ნაიარევით.
ოქტომბრის რაიონის აღმასკომში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე, ბინაც მისცეს რაიკომის გვერდით, ხეთაგუროვის ქუჩაზე, მაგრამ მაინც მშობლიურ სახლში ერჩივნა ცხოვრება. ცოლი და ორი ბიჭი ჰყავდა და კიდევ ლოგინად ჩავარდნილი დედა, რომელიც ბავშვებს ნანახი არ გვყავდა. უფროსები ამბობდნენ კარგი ქალიაო. ბავშვებს სკოლაში მიმავლებს თუ შეხვდებოდი, ან სკოლიდან მომავლებს, თორემ დედამისი ეზოში სათამაშოდ არ უშვებდა, გაკვეთილები ისწავლეთო!
მადლიანი კაცი იყო ავთო, მისი შემწეობით ჩვენს ქუჩაზე ქურთების უბნიდან წამოსული ნიაღვრისგან აყრილ ასფალტს ორ დღეში აგებდნენ. პენსიის დანიშვნაზეც ავთოს აწუხებდნენ მეზობლები. ეზოში მუდამ იყო რაიკომიდან გამოგზავნილი, მეორე სართულის კიბის თავზე დამაგრებული, ახალთახალი კალათბურთის ფარი, ერთი კალათბურთის და ერთიც ფეხბურთის ბურთი.
უყვარდა ავთო ყველა მეზობელს, „სვავის” გარდა…
ეზოში შემოსასვლელი თაღის მარცხნივ, ოთხ კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობდა მარინა. მისი კარი თაღში გამოდიოდა და ამიტომ ვერავინ ხედავდა საღამოს „სამუშაოზე” წასულ და დილით ადრე დაბრუნებულ ფეხარეულ, ნაბახუსევ მარინას. სამაგიეროდ, შუადღით, გამოფხიზლებულზე გამოვიდოდა, გადააჯდებოდა შუა ეზოში ონკანს და ყველას დასანახად ცივი წყლით იხაჩხაჩებდა გენიტალიებს. აღშფოთებული მშობლები კიოდნენ და ბავშვებს თვალებზე ხელს გვაფარებდნენ. მარინა კი, კისკისით აგრძელებდა ჩაბანვას და – როდესღაც ხომ მაინც ნახავენო?! – თავს იმართლებდა. ერთხელ ეზოს ბავშვებს გასაბერი ბუშტები დაგვირიგა. გავბერეთ, რატომღაც ყველა თეთრი ფერის იყო. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა მამაჩემმა რომ დაინახა, გადაირია. მარინას მიუვარდა – ბავშვებისთვის ეს რა მიგიციაო?!
– ნუ გეშინია, უხმარი იყოო! – დაამშვიდა მარინამ.
ადრე გაათხოვეს. ქმარი ჯიბის ქურდი გამოდგა და მალევე დაიჭირეს, მერე გამოვიდა, მერე ისევ დაიჭირეს. ბავშვი არ ეყოლა. როგორღაც ხომ უნდა ეარსება, ჰოდა ხელი მიჰყო უძველეს პროფესიას. ერთ ოქროს წესს იცავდა, მეზობლის კაცებს არ იკარებდა. ეს იცოდნენ ეზოს ქალებმა და დამშვიდებულები უტოვებდნენ გრიპიან ან წელკავიან ქმრებს მოსავლელად მარინას. გულკეთილი იყო მარინა, მეზობელს დახმარებაზე უარს როგორ ეტყოდა? დასტრიალებდა სხვის ქმრებს და ყველა სურვილს უსრულებდა, იმ ერთის გარდა.
უყვარდა მარინა ყველას, „სვავის” გარდა, უიმისოდ ეზო ვერ წარმოედგინათ…
მესამე სართულზე, აივნიან ბინაში ცხოვრობდა მამა მარკოზი, იგივე არსენ სოხაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი ცხოვრების წესის გამო, ეკლესიამ მოკვეთა და მღვრდელმსახურება აუკრძალა, ანაფორა მაინც არ გაიხადა და კანტიკუნტად მოხეტებულ, მისი მაღალფარდოვანი ქადაგებით გონებადაბინდულ მრევლს აღსარების ჩასაბარებლად ბინაში იღებდა. გადააფარებდა თავზე ოლარის მაგივრად პირსახოცს და დაუსვამდა შეკითხვებს:
– ქალწული ხარ, შვილოო?
– არა მამაო, „ღრიანკალიო”!
– ზოდიაქოს კი არ გეკითხები, ქალიშვილი ხარო?
– არა მამაო, შემაცდინესო!
– ხო, მძიმე ცოდვაა, ოცი მანეთი დატოვე და ვილოცებ შენი სულისთვისო!
ან კიდევ:
– მიშველე მამაო, ნარკომანი ვარო!
– ეს ლოცვა წაიკითხე და გადაგდებაში დაგეხმარებაო!
– არა მამაო, გადაგდება არ მინდაო!
– მაშ რატომ მოხვედიო?
– წამალი მიკურთხე, თორემ სული დამძიმებული მაქვსო!
მოხუცი იყო მამა მარკოზი. ორ მეტრამდე აწოწილ, ძვალზე გადაკრულ დამჭკნარ ტყავზე, სიბერის ლაქები დამჩნეოდა. გრძელი სახე ჰქონდა, გრძელი ცხვირით, გაშვერილი ნიკაპითა და სიფრიფანა ტუჩებით. ლაპარაკი უყვარდა, ხმა საიდანღაც, გვამიდან ამოსდიოდა, თითქოს აკლდამიდან მიცვალებულის სული გელაპარაკებაო. თუ გამოგიჭერდა, ორი დღე შეეძლო, დაუღალავად ელაპარაკა. საშინელ ამბებს ყვებოდა, ყველაფერს მესამე პირში, მაგრამ ისე დაწვრილებით, რომ უეჭველად თვითონ იყო მონაწილე. მარჯვენა ხელზე შუათითი აკლდა. ამბობდნენ, ყაჩაღების ბანდის წევრი იყო, მაგან გასცა, ყველა დაიჭირეს და მაგას ციხეში თითი მოაჭრესო. ყველა დახვრიტეს მაგის გარდა, ეგ ცოტა ხანში გამოუშვეს, მოინანია და ეკლესიას შეაფარა თავიო.
„ბორჯომის რაიონში დათარეშობდა ყაჩაღების ბანდა, ბოგვერაძე, თაფულაშვილი და კიდევ ერთი თათარი იყვნენ მეთაურები – თავისი აივნიდან გადმომდგარი უყვებოდა ეზოში შეკრებილ მეზობლებს.– თოთხმეტი წლის კომკავშირელი ბიჭი წაიყვანეს და სოფელში ერთ შეძლებულ ოჯახში შეუშვეს. იმათ მეზობლის ბიჭს გაუღეს კარები, ესენი შეცვივდნენ და მამას და ორ შვილს იარაღი მიადეს. ერთმა შვილმა მეორეს თვალით რაღაცა ანიშნა. მამამისმა დაინახა და დაუშვი თოფიო, – უბრძანა ყაჩაღს, ისიც დაემორჩილა. მივიდა კომოდთან, გამოაღო უჯრა, ამოიღო იქიდან „ბრაუნინგი” და ყაჩაღს გადასცა. გამოიტანა 450 თუმანი ფული – ამის მეტი არ მაქვსო. ისე ვაჟკაცურად მოიქცა, ყაჩაღებმა 50 თუმანი დაუბრუნეს, ცოტა ხანს იმყოფინებო! ამით შვილები შარს გადაარჩინა და ოჯახი აწიოკებას. მერე ეს ბანდა ტყით ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში გადავიდა. ღამე ერთ სახლს მიადგნენ, კარები გაგვიღეო! კაცმა გამოსძახა
– ქალები არიან სახლში და ხვალ დილით მოდითო!
– სახლში როგორ არ გვიშვებო! – გაექანა თათარი და თავით ფანჯარა ჩაუმტვრია. სახლის პატრონი ხმლით ხელში ელოდებოდა, მოუქნია, მაგრამ ხმალი ფანჯრის ჩარჩოს წამოედო და გადატყდა. ხმლის ნატეხი ჩამოუსვა იმ თათარს თავზე და დაჭრა. შეცვივდნენ სახლში, ცოლ-ქმარი დახოცეს, თოთხმეტი წლის გოგო თან წაიყვანეს. სარეცხს არეცხინებდნენ, საჭმელს აკეთებინებდნენ, თან სროლაში ავარჯიშებდნენ. სურამის უღელტეხილზე რომ გადადიოდნენ, ღამის გასათევად ერთ ადგილზე გაჩერდნენ. მწყემსებმა ჩამოიარეს და ერთ-ერთს გოგომ გადაულაპარაკა, მიშველე, მოტაცებული ვარო. რომ დაიძინეს, იმ მწყემსმა სცადა გოგოს მოტაცება, მაგრამ ყაჩაღებმა გაიგეს, მწყემსი მოკლეს, გოგო გააუპატიურეს, მოკლეს და პატარა კომკავშირელ ბიჭს დაამარხვინესო”…
კარგი მოყოლა იცოდა მამა მარკოზმა, ორჯერ ერთსა და იმავეს არ გაიმეორებდა. უყვარდათ მისი მოსმენა მეზობლებს, „სვავის” გარდა…
კოტე შერმადინი ჩვენს მოპირდაპირე სახლის მესამე სართულზე ცხოვრობდა, დიდშუშაბანდიან ბინაში. პენსიონერი იყო, დაბალი, მსუქანი, კეთილი, ყელის გარშემო სამფენოვანი ღაბაბით – ისეთი, მოფერება რომ მოგინდებოდა. ეზოში მუდამ ზოლიანი პიჟამათი გამოდიოდა.
წლების განმავლობაში კიროვის ქარხნის დირექტორად უმუშავია. ერთი შვილი ჰყავდა, რუსეთის ქალაქ ლიპეცკში ცხოვრობდა. იქაური ცოლი მოიყვანა და ერთი შვილი შეეძინა – პაპის მოსახელე კოტიკა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, ზაფხულის არდადეგებზე ჰყავდათ თბილისში ჩამოყვანილი.
ბატონი კოტე ეზოს სული და გული იყო. კვირა ისე არ გავიდოდა, ქეიფი არ გადაეხადა: ზაფხულში ეზოში, ხინკლითა და ლუდით, ზამთარში, შუშაბანდში – მწვადითა და ღვინით. რა თქმა უნდა, მთელი ეზო დაპატიჟებულები ვიყავით, „სვავის” გარდა.
დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ავთო თამადობაზე გვთანხმდებოდა. მამა მარკოზი სუფრას აკურთხებდა, მარხვის დღეებში საათის დღეების მაჩვენებელს ხსნილზე გადაიყვანდა და ღორის ცვრიან მწვადებს ორივე ყბით აბუქსავებდა. სადღეგრძელოები სადღეგრძელოებს მოჰყვებოდა. მამაკაცებს მხოლოდ მარინასთან ჰქონდათ ბღლარძუნის უფლება, ქმრებს ცოლებიც აგულიანებდნენ და იყო ხორხოცი, გნიასი. ყველა ხარობდა, „სვავის” გარდა…
ორ ერთმანეთს დაშორებულ წვრილ ფეხებზე დახრილად დადებული ძვლების ტომრიდან ამოზრდილ, უსაშველოდ გრძელ, გაღინღლულ კისერზე დადგმული პატარა თავით, ნისკარტივით ცხვირით, უტუჩებო პირითა და ახლო-ახლო თვალებით, თამაზ კარიაული მართლაც მოგაგონებდათ მტაცებელ ფრინველს. წელში მოხრილი, ხელებს, შეკეცილი ფრთებივით, ზურგზე შემოიწყობდა და ისე დადიოდა. შემოხედვა იცოდა, რენტგენის აპარატში გაგატარებდა. მარტო გარეგნობის გამო კი არა, იმითაც, რომ თავისი კეთილდღეობისთვის შეეძლო, სხვა მოესპო და მისი ლეში ეჭამა, მეზობლებმა ბატონი კოტეს მიერ შერქმეული მეტსახელი – „სვავი”, ერთხმად აიტაცეს.
ბოროტი კაცი იყო „სვავი”, დაუნდობელი, დამსმენი. ყველას ეჯავრებოდა. ამბობდნენ, ისეა გაწაფული „ანონიმკების” წერაში, რომ მარცხენა ხელით უკეთესად წერს, ვიდრე მარჯვენათიო.
ჯერ იყო და, გივი ჯინჯიხაშვილი დააჭერინა – საწერკალმების „ცეხი” აქვსო. ბატონ კოტეს თავისი თვალით უნახავს მაგის განცხადება. მერე ლოთი არმენას შვილი – რაფიკა დააბეზღა, მეზობელს თოკიდან სარეცხი მოპარაო. საწყალი ანზორა ზალდასტანიშვილი თერთმეტწლიან „სროკზე” გაუშვა – „ლევი” კარაქის ტალონები დაბეჭდაო.
შემოვიდოდა ეზოში მოღუნული, ზურგზე შემოწყობილ ხელებში ჩაბღუჯულ ბაზრის „სეტკაში” ფეხებშუა მოქანავე შავი პურით, სალამს არავის ეტყოდა, თავს არ ასწევდა, ისე ავიდოდა კიბეებზე. შეიკეტებოდა სხვენში, თავის ერთოთახიან სოროში და სამტრედეში ჩასმული ერთადერთი ფანჯრიდან გამჭოლ მზერას მოავლებდა ეზოს. მასთან ბინაში არავინ იყო ნამყოფი, არც ის აწუხებდა ვინმეს სტუმრობით. მარტოხელა იყო, ცოლი არასდროს ჰყოლია, ან ვინ გაჰყვებოდა?!
მერვე კლასში რომ გადავედი, მამამ ფოტოაპარატი მაჩუქა. ვაჩხაკუნებდი ფოტოაპარატს, ვუღებდი ყველას და ყველაფერს. ქუჩიდან ეზოში შემოსულ „სვავსაც” შევთავაზე – სურათს გადაგიღებ-მეთქი! ჯერ შეცბა, მერე წელში გასწორდა, თავი ასწია, გაღიმება სცადა. დავბეჭდე სურათი, დავხედე, სურათიდან ნამდვილი სვავი შემომცქეროდა, ლეშით დანაყრებული, მსუნაგი თვალებით. გულისრევის გრძნობა დამეუფლა, ვეღარ გავუძელი, ჯერ დახევა გადავწყვიტე, მერე გადავიფიქრე, რომელიღაც ყუთში ჩავაგდე და დავივიწყე.
ჯონჯოლივით კაცი იყო „სვავი” – თუ არ დაინახავდი, არ გაგახსენდებოდა. ჰოდა, დამპალი მძორის სუნი რომ დადგა, „სვავი” არც გაგვხსენებია. გვეგონა, ეზოში სადღაც ძაღლი ან კატა მოკვდა. ყნოსვით დავიწყეთ ძებნა და სხვენში მის ბინას მივადექით. მოვიდა მილიცია, სასწრაფო, ტომარაში გამოკრეს და ისე ჩადეს სასწრაფოს მანქანაში.
ცოცხალი ხომ ჰაერს აფუჭებდა, მკვდარიც ჰაერს აფუჭებსო! – იხუმრა ბატონმა კოტემ…
გავიდა წლები, წავიდნენ კომუნისტები, მოვიდნენ ეროვნულები, გამოიტანეს უშიშროების არქივები, რაც არ აწყობდათ, დაწვეს, რაც აწყობდათ, ქუჩაში მიმოფანტეს…
ერთ სუფრაზე მოვხვდი, შუახნის კაცის გვერდით.
– საიდანღაც მეცნობი, სად ცხოვრობო?
– საბურთალოზე ვცხოვრობო! – ვუპასუხე მე.
– ადრე სად ცხოვრობდიო?
– ბოჭორიძის 23-შიო!
– ხო, უშიშროებაში რომ ვმუშაობდი, მაგ ეზოს მე ვკურირებდიო!
– ალბათ თამაზ კარიაული ყველაფერს გიკაკლავდაო?!
– რას ამბობ, ჩემი მანდ მუშაობის პერიოდში, ერთადერთი ეგ იყო, რომელიც ვერაფრით დავითანხმე თანამშრომლობაზეო!
– როგორ, მაშ აგენტი ეგ არ იყოო?
– ეგ აგენტი რომ ყოფილიყო, სხვენში იცხოვრებდაო?
– მაშ ამხელა ზიზღს როგორ უძლებდაო?
– ყველას თავისი ხვედრი აქვს, სამაგიეროდ, ნამდვილი აგენტი იმსახურებდა საყოველთაო სიყვარულსო!
სუფრიდან გულდამძიმებული მივედი სახლში, ჩემი კარადის უჯრაში, შოკოლადის ასორტის ყუთში ვიპოვნე „სვავის” სურათი. დავხედე და გავშეშდი – სანდომიანი სახის მოხუცი, ნაღვლიანი თვალებით შემომცქეროდა.
არდაშელ თაქთირიძე