ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ბორკილები

ჩუქ-ჩუქ, ჩუქ-ჩუქ, ჩუქ-ჩუქ!..
უკან მიჰქრიან დათოვლილი ხეები, ბუჩქები, მინდვრები… თოვლი. თვალუწვდენელი სითეთრე ყველგან… დალიანდაგებული „ბუშლატები”, „უშანკებიდან” გამოყოფილი სიცივისაგან აწითლებული ცხვირები… ვაგონის კართან – ტუალეტის მსურველთა რიგი…
გისოსებიანი ფანჯრიდან მოსახვევში გამოჩენილი ვაგონებჩაბმული ორთქლმავალი… ბოლო ვაგონი… აქედან გადააგდეს ტიციან ტაბიძე ოცი წლის წინ…
– ქართველი ხარო?
– კი, ქართველი ვარო!
– რა გქვიაო?
– გიორგიო!
– გვარიო?
– მიქელაძეო!
– პირველი სროკიაო?
– კიო!
– რაზე ჩაგსვესო?
– პოლიტიკურზეო!
– რა დააშავეო?
– საბჭოთა კავშირი დავშალეო!


ვერაზე დავიბადე 1931 წლის 16 დეკემბერს. იმ დღეს თბილისში ისეთი თოვლი მოსულა, დედაჩემი პირველ სამშობიარომდე ციგით მიუყვანიათ.
ოცდაჩვიდმეტში, მამაჩემის დახვრეტის შემდეგ, პაპაჩემმა, რაჟდენ მიქელაძემ, მე, დედაჩემი და ჩემი პატარა და თავისთან გადაგვიყვანა სოლოლაკში. აქედან მახსოვს თბილისი ლენინის მოედნით, რუსთაველის გამზირით, ტრამვაით, მამადავითით, ფუნიკულიორით, ოპერის თეატრით, პიონერთა სასახლით, ნარიყალათი, სიონით, მეტეხით, აბანოთუბნით, ორსართულიანი სახლებით, გადმოკიდებული აივნებით…
„მშვენიერი ქალაქიო“ – ასე უწოდებდა თბილისს ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო. ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმას თბილისში სეირნობისას ხშირად აღმოხდებოდა ხოლმე მოწონების შეძახილი.
„ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე მთარგმნელი, ავსტრიელი პოეტი ჰუგო ჰუპერტი კი, თავის „თბილისის აპოლოგიაში“ წერდა:
„თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა როგორც ევროპის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“.


– ტიუმენს ვუახლოვდებით, ვისაც რამდენი გაქვთ ჩამოდით, თორემ დავიხოცებით სიცივითო! – თქვა მაღალმა და ფულის ასაკრეფად ჩამოიარა. ზოგმა დადო, ზოგმა – მერე დავდებო! – გასაგები იყო, ფული ხელზე არ ჰქონდათ, ტუალეტში გასვლა იყო საჭირო, რომ უკანალიდან გამოეძროთ.
– კარგი, დავიმახსოვრებო! – თქვა მაღალმა და ვაგონის კარს მიაშურა.
– უფროსო, ერთი აქეთ მოიწიო!
– რა გინდაო? – ჰკითხა ბადრაგმა გისოსებს იქიდან და იარაღი მიუშვირა.
– ამის არაყი ამოიტანე და, ნახევარი შენ, ნახევარი ჩვენო!
– კარგიო! – უთხრა ბადრაგმა და ფული ქურთუკის შიდა გულისჯიბეში ჩაიდო.
გაჩერდა მატარებელი. გისოსებიანი ფანჯრიდან გამოჩნდა წაცუხცუხებული და ნახევარ საათში ორი ხუთლიტრიანი არყის ბოცით ხელში მოცუხცუხებული ბადრაგი.
– წაიღეთ თქვენი არაყიო! – პატიოსნად გაუწოდა პატიმრებს ერთი ხუთლიტრიანი ბოცა.
– მოდი, დავლიოთო! – დააძრეს ალუმინის „კრუშკები” პატიმრებმა.
Будем! თქვეს ერთხმად და გადაკრეს.
– თითოც! – ისევ გადაკრეს.
სითბო ჩაიღვარა ფეხებში, თითქოს სევდამ იკლო, ვაგონი ცოტა გამხიარულდა.
– ერთიც! – მხიარულება ყაყანში გადავიდა.
– ბიჭო, შენ რა გქვიაო?
– გიორგიო!
– მოდი, ვითამაშოთო! – და პურისგან გაკეთებული კამათლები ხელში აათამაშა.
– არ მინდაო!
– როგორ არ გინდა, ქურდი გელაპარაკებაო!
– თავი გაანებე, პოლიტიკურზეაო! – გამოესარჩლა ქართველი.
– რა პოლიტიკური, არიფიაო!
– აჩვენე საბრალდებო დასკვნაო!
გულისჯიბიდან ამოიღო, გაუწოდა.
– რაო, ოცდახუთწლიანიო?! საბჭოთა კავშირის დაშლის მცდელობაო?! კაციც შენა ყოფილხარო!


პირველ სკოლაში შემიყვანეს. პირველ სექტემბერს ჩამილაგეს ზურგზე მოსაკიდებელ ჩანთაში ორი წიგნი, ორი რვეული, კალამი, ფანქარი, საშლელი, სამელნე, თან გამაფრთხილეს – ჩანთა სწორად გედოს, თორემ მელანი დაიღვრებაო და გამიყენეს ცოდნის გზაზე. სკოლიდან რომ დავბრუნდი, დედაჩემს ელდა ეცა – გალურჯებულ ზურგს ვინღა სჩიოდა, სიმწრით ნაშოვნი წიგნები მელანში იყო ამოვლებული. მთელი წელი ვმარჩიელობდით მე და დედა, რა ეწერა იმ ჩემს მელნით დასვრილ წიგნებში…
საღამოობით პაპა გვასეირნებდა მე და ჩემს დას, ელიკოს, რუსთაველზე, ყოფილ გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვალ ვორონცოვის ბრძანებით 1851 წელს აშენებულ, ერთხელ დამწვარ და მერე 1896 წელს აღდგენილ ოპერის თეატრამდე და უკან.
კვირას მთელი ოჯახი აბანოში მივდიოდით საბანაოდ. ჩავუყვებოდით ენგელსის ქუჩას მეიდნამდე და მარჯვნივ შევუხვევდით აბანოთუბანში ჭრელი აბანოსკენ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბანაობდნენ თბილისელები, სადედამთილოები საპატარძლოებს იწონებდნენ ან იწუნებდნენ და თან მკურნალობდნენ იმ ყოვლისშემძლე გოგირდიანი წყლით, აღა-მაჰმად-ხანს ცვედანობა რომ ვერ მოურჩინა და გაბრაზებულ გულზე აბანოზე აყრევინა ჯავრი.
შევდიოდით აბანოში, დედაჩემი და ელიკო – ქალებში, მე და პაპა – კაცებში და დავუდგებოდით რიგში მექისე ილხამას.
– ილხამ, ქისას გაგვიკეთებ?
– მოდი, რაჟდენჯან, კარქა დაგზილო!
– რიგში ბევრი გყავს?
– ამას მოვრჩები და შენ მიგიღებ!
– ილხამ, ამის მერე ჩემი რიგია!
– არა, შენ ყასო დაგზილამს!
– უარი რატომ უთხარი?
– ამას წინათ ვზელამდი და ისეთი გააბრახუნა, ორი ჭია გააყოლა!..
მიყვარდა ჭრელი აბანო, ერთადერთი ადგილი, სადაც სრულფასოვან მამაკაცად მთვლიდნენ. ბანაობის შემდეგ, როგორც წესი, აბანოს ფოიეში ნახევარი საათი მაინც ველოდებოდით დედას და ელიკოს. მეგონა, ქალები უფრო მეტად ჭუჭყიანდებოდნენ და მეტი დაბანა სჭირდებოდათ, ვიდრე კაცებს. იქიდან გამოსულები იქვე, კუთხეში მრგვალ თონის პურს ვყიდულობდით და ნააბანოვებზე მოგვრილ შიმშილს სახლამდე ლუკმვა-ლუკმვით ვიგერიებდით.


– აბა, ირკუტსკში შევდივართ, ავაგროვოთო! – თქვა ისევ იმ მაღალმა და ფულის ასაკრებად წამოდგა. ახლა მეტი აგროვდა, სამაგიეროდ, განავლის სუნმაც იმატა.
– უფროსო, ერთი აქეთ მოიწიო!
– რა გინდაო? – ჰკითხა ბადრაგმა გისოსებს იქიდან და იარაღი არ მიუშვერია, რადგან იცოდა, რა საქმეზეც ეძახდნენ.
– ამის არაყი ამოიტანე და ნახევარი შენ, ნახევარი ჩვენო!
– კარგიო! უთხრა ბადრაგმა და განავლიანი ფული ქურთუკის შიდა გულისჯიბეში ჩაიდო.
გაჩერდა მატარებელი. გისოსებიანი ფანჯრიდან გამოჩნდა წაცუხცუხებული და ნახევარ საათში უკან მოცუხცუხებული უკვე ორი ბადრაგი, თითო ორ-ორი ხუთლიტრიანი ბოცით ხელში.
– წაიღეთ თქვენი არაყიო! – პატიოსნად გაუწოდეს პატიმრებს ორი ხუთლიტრიანი ბოცა.
დააძრეს ალუმინის „კრუშკები”.
– აბა, დავლიოთო!
– ერთიცო!
– კიდევო!
– დაასხი, ნუ გენანებაო!
– შენთვის მეტს რატომ ისხამო?
– შენ სულელი ხომ არა ხარო?
გისოსებს იქით ბადრაგი სვამს…
– მანდ რა ხმაურია, თქვენი დედაო!
– ბადრაგო, შენი დედაცო!
– ერთი აქ გამოეთრიეო!
– შემოდი და გამიყვანეო!
შემოვიდნენ, გაიყვანეს… გაისროლეს…
ასე გადააგდეს ტიციან ტაბიძეც ოცი წლის წინ…


ახლაც ყურში მიდგას ლევიტანის შემზარავი ხმა: „Внимание, Внимание! Говорит Москва“… – მეორე მსოფლიო ომის დაწყება რომ ამცნო კაცობრიობას… ვიშვიში, ქოთქოთი, ტირილი, წივილ-კივილი, შიმშილი ყოველი დღის თანამდევი გახდა. პაპა ძველებურად მუშაობდა თამბაქოს ფაბრიკა „პროლეტარიატში” წარმოების უფროსად, დედა უცხო ენის მასწავლებლად მოეწყო ჩემს სკოლაში და სულს მხდიდა ინგლისურის სწავლით. მისი ხათრით, სხვა საგნების მასწავლებლები ყოველდღე მიძახებდნენ ფორსირებული გამოკითხვით. მე და ელიკო შიმშილს ვერ ვგრძნობდით, სამაგიეროდ, პაპა და დედა დაემსგავსნენ ნაწუწნ კანფეტებს.
მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მწარედ რადიომიმღების ჩამორთმევა დამამახსოვრდა. იმ საბედისწერო დღიდან ჩავეწერე პიონერთა სასახლეში რადიომოყვარულთა წრეზე და ავირჩიე სპეციალობად რადიოელექტრონიკა.
დიოდური და მართვადი ტრიოდური მილაკები, კონდენსატორები, წინაღობები, ტრანსფორმატორები, რხევითი კონტურები, ანტენები, ამპლიტუდური მოდულატორები, მიმღებები, გადამცემები იქცა ჩემი ცხოვრების მიზნად.
ამასობაში ომიც დამთავრდა და რადიომიმღები დაგვიბრუნეს, მაგრამ მისი მონაცემები უკვე აღარ მომწონდა. სახურავზე დავაყენე ანტენა ვიბრატორით, შვიდი დირექტორით და ეკრანით, რადიომიმღებში ჩავაყენე ჩემი აწყობილი, ახალ ანტენაზე მორგებული რხევითი კონტური, შევუცვალე გეტეროდინი და გამაძლიერებელში ტრიოდის ნაცვლად დავაყენე ახლადგამოსული 1Ж18 Б პენტოდი, რამაც გაზარდა რადიოსიგნალის გაძლიერების კოეფიციენტი და შევძელი სუსტი სიგნალების დაჭერა. ჩემს სარდაფში, სადაც არავის არ ჰქონდა ჩამოსვლის უფლება, ვუსმენდი „Голос Америки”-ს და ორ მუსიკალურ არხს ინგლისურ ენაზე. მაგრამ, მთავარი მიზანი – რადიოგადამცემი, რომლითაც მთელ ქვეყანას გავაგებინებდი ჩემს ხმას, ჯერჯერობით მიუღწეველი დამრჩა, რადგან გადამცემში უბრალო გეტეროდინი, რომელსაც სიხშირე ქსელის ძაბვის მიხედვით ეცვლებოდა, მაღალი სიხშირის მისაღებად საკმარისი არ იყო და კვარცის კრისტალზე დამზადებულ გენერატორს ითხოვდა.


ვლადივოსტოკი – 1860 წელს დაარსებული სამხედრო დასახლება, საბჭოთა კავშირის უკიდურესი აღმოსავლეთ პორტი, ჩაკეტილი ქალაქი…
ხელბორკილები, ფეხბორკილები, ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმულები…
ავტომობილის ძარა… რაიონი მორგოროდკა – შუალედური პუნქტი პატიმრების შორეული აღმოსავლეთის გამოსასწორებელ ბანაკებში გასანაწილებლად…
ერთად შეყრილი 56 000 პატიმარი: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, მოლდოველები, ებრაელები, შუააზიელები, კავკასიელები, ბალტიისპირელები, ნაცნობები, უცნობები, ყომარი, საქმის გარჩევები, ცემა, დაჭრები, მკვლელობები, ავადმყოფობები, ეპიდემიები, გარდაცვალებები…
ორი თვის შემდეგ ისევ ხელბორკილები, ფეხბორკილები, ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმულები…
ავტომობილის ძარა…
გემი…


ამასობაში დავამთავრე სკოლა და პირველივე წელს ჩავირიცხე უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, რადიოელექტრონიკის განხრით.
ახალი მეგობრები, დაბადების დღეები, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი, ჩხუბები, შერიგებები, დაძმაკაცებები, გამოცდები, ღამის თენებები, შეყვარებები, გაბუტებები, დაშორებები, ისევ ჩხუბები, ისევ შერიგებები…
სადიპლომო თემად რადიოგადამცემი ავირჩიე. ისეთს ვაპროექტებდი, როგორიც მე მინდოდა – კვარცისკრისტალიანი გენერატორით. დიპლომს კურსელთან ერთად ვაკეთებდით მის ბინაში. საღამოს სახლში დაბრუნებულს ეზოდან გამომავალი სასწრაფო დახმარების მანქანა შემეფეთა. „პაპაშენია შეუძლოდო!” – მითხრა ერთმა მეზობელმა, „ვაი, შე უბედუროო!” – მომაძახა მეორემ. ვერ გავიგე, როგორ აღმოვჩნდი სახლში. დედაჩემი სავარძელში მჯდომ პაპაჩემის ცხედარს დასტიროდა…


1915 წელს მარტოხელა ოქროსმაძიებლის, ბორისკა შაფიგულინის ნაპოვნმა ოქროს ზოდმა საფუძველი დაუდო ძვირფასი ლითონების მოპოვებას შორეულ აღმოსავლეთში, ოხოტის ზღვის სანაპიროზე და, შედეგად, „ნაგიევის ბორცვზე” ქალაქ მაგადანის აშენებას.
1932 წლის გვიან შემოდგომაზე, ჰენრიხ იაგოდას ბრძანებით, ტრესტ „შორმშენის” გზის სამუშაოებზე მაგადანში გადაიყვანეს 12 000 ჯანმრთელი პატიმარი, რომელთაგან ყველა დაიხოცა გაუსაძლისი ყინვისა და ცუდი კვების გამო. შემდეგ წელს ახალი ნაკადიდან გადარჩა ყოველი ორმოცდამეათე, მხოლოდ მესამე ნაკადი აღმოჩნდა „ბედნიერი” – უმრავლესობა გადარჩა და მაგადანის მოსახლეობაც 500 კაციდან 2000 კაცამდე გაიზარდა. აშენდა საცხოვრებელი სახლები, სკოლა, საავადმყოფო…


ფიზიკისა და ორგანული ქიმიის კვლევით ინსტიტუტში გამანაწილეს უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. ხელფასი ცოტა მქონდა – ხელზე ოთხმოცდაათ თუმანს ვიღებდი, მაგრამ, რას ვჩიოდი, მაგის ნახევარიც რომ მოეცათ, მაინც არ წავიდოდი სხვაგან, რადგან იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მიყვარდა.
ორ ქიმიკოსთან ერთად ვიკლევდით ზემძიმე ლითონების იზოტოპებიდან გამოსხივებული ნაწილაკების ნაკადზე ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებას.
ერთხელ ერთმა მოხუცმა თანამშრომელმა ქალმა მთხოვა, უცხოური რადიომიმღები მაქვს გაფუჭებული და თუ გამიკეთებო. მომიტანე-მეთქი. მომიტანა. სახლში წავიღე და ჩავუჯექი. რას ვხედავ – კვარცული გენერატორი! უცბად ავაწყვე გეტეროდინი შესაბამის სიხშირეზე, ჩავაყენე კვარცის გენერატორის ნაცვლად, გამოვუცვალე გადამწვარი დიოდური მილაკი და მეორე დღესვე წავუღე გარემონტებული რადიომიმღები პატრონს. რაც იმან მლოცა, საწინააღმდეგოდ ამიხდა…
უკვე ყველაფერი მქონდა მიზნის მისაღწევად. სამ დღეში ავაწყვე გადამცემი და დავიწყე დარეგულირება: ერთი!.. ერთი!.. ერთი, ორი, სამი!.. რადიომიმღები მქონდა ჩართული და „Голос Америки”-ს ვუსმენდი, თან ტესტერით გადამცემის მონაცემებს ვამოწმებდი. სიგნალი არ გადაიცემოდა…
ვერ განვსაზღვრე კვარცის კრისტალის შესაძლებლობა, მე მეტრულ ტალღის სიგრძეზე ვარეგულირებდი, გადამცემს კი რადიომიმღებში „მოსმენილი” „Голос Америки” დეციმეტრულ ტალღაზე გადაუცია ასკილომეტრიანი რადიუსით…
მომადგნენ…


წინასაპატიმრო საკანი. დაკითხვა დილით, შუადღისას, საღამოს, ღამე. დაკითხვა… დაკითხვა… დაკითხვა…
– როგორ მოხდაო?
– რომელ ქვეყანასთან თანამშრომლობო?
– ვინ დაგაფინანსაო?
– თანამზრახველები ვინ არიანო?
ცემა, ტყეპა, კბილების ჩამტვრევა, სისხლი, გონების დაკარგვა, წყლის მისხმა, ისევ ცემა, ისევ ტყეპა, ფრჩხილების დაძრობა…
სასამართლო…
– ჯაშუშოო!
– ხალხის მტეროო!
– სამშობლოს გამყიდველოო!
– დახვრეტაო!
– შეიცოდეთ, ახალგაზრდაა, მეტს აღარ იზამსო!
– რომ ქნასო?!
– მოდი, ერთი შანსიც მივცეთო!
– კარგი, მაშინ, ოცდახუთწლინი გადასახლებაო!


მაგადანის პორტში შევიდა გემი 1958 წლის თებერვალში…
ისევ ხელბორკილები, ფეხბორკილები, ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმულები…
ავტომობილის ძარა…
– ახალი ეტაპი მოვიდაო!
– ახალი ამბები რა იცითო?
– მოსკოველი არის ვინმეო?
– ხარკოველიო?
– ტაშკენტელიო?…
– მეტრო თუ აშენდაო?
– ამას თუ იცნობო?
– არაო!
– იმასო?…
– ქართველი რომელი ხარო?
– მეო!
– რა გქვიაო?
– გიორგიო!
– გვარიო?
– მიქელაძეო!
– დიმიტრი მიქელაძე ვინ არის შენიო?
– მამაჩემი იყოო, 37-ში დახვრიტესო!
– საწყალიო, ერთად ვისხედით წინასაპატიმროში, უდანაშაულო იყოო!
– აქ რა ხდებაო?
– უმოწყალოდ გვამუშავებენო!
– როგორ ძლებთო?
– შვილო, თუ გინდა, გაძლო, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ აქ მოკვდებიო და შენს საფლავზე სახელის და გვარის ნაცვლად პატიმრის ნომერი ეწერებაო!


მაგადანის საპატიმრო გამოსასწორებელი ბანაკი წარმოადგენდა ხუთ კვადრატულ კილომეტრიან ფართობს პატიმრებისთვის აშენებული ყაზარმებითა და ტყის მასივით, სადაც ხეები უნდა გაჩეხილიყო და საავტომობილო გზა გასულიყო. ბანაკი არც გალავნით იყო შემოსაზღვრული და არც ეკლიანი მავთულით, მხოლოდ პერიმეტრზე ხის ბოძები იყო ჩასობილი, რომელსაც სამი პირი „კატანკა” მავთული გასდევდა.
პატიმრების ერთ ნაწილს დილით ბირდაბირებს დაურიგებდნენ და ხეების ჭრაზე ამუშავებდნენ, მეორე ნაწილი მოჭრილ ხეებს ცულებით ტოტებისგან ასუფთავებდა და მანქანაზე აწყობდა, მესამე ნაწილს წერაქვებით გზა გაჰყავდა, მეოთხე ნაწილი კი მანქანებზე დატვირთულ მორებს პორტში ხვდებოდა და, ან გემზე ეზიდებოდა, ან პორტის ტერიტორიაზე ასაწყობებდა. მე მეოთხე ნაწილში გამამწესეს.
მაგადანის ოლქში ხორბალი არ მოდიოდა და გემით შემოდიოდა პურის ფქვილი. ასეთ დროს ხის მორების ზიდვას თავს გვანებებინებდნენ და პურისფქვილიან ტომრებს გვაზიდვინებდნენ. ხმელეთზე გადმოტვირთვის დროს, რამდენიმე ტომარა ფქვილი „შემთხვევით” ზღვაში გვივარდებოდა. საღამოს შევდიოდით ზღვაში და ნაპირზე გამოგვქონდა დასველებული ტომრები. წყალში სველდებოდა მხოლოდ ფქვილის გარეთა შრე, რომელიც წყალს არ ატარებდა და შიგნით ფქვილი მშრალი რჩებოდა. ეს ბადრაგმაც იცოდა. შევყრიდით მანქანის ძარაზე ფქვილიან ტომრებს, ნახევარი ჩვენი იყო, ნახევარი იმათი.
„ლაგერში” სამი ქართველი ვიყავით: მე, ქუთაისელი თემურ ვასაძე, 42 წლის კაცი, რომელიც ვაგონში გავიცანი და შუა ხანს გადაცილებული ბესარიონ მენაბდე, მამაჩემთან ერთად მჯდარა წინასაპატიმრო კამერაში.
ბესარიონმა, რომელსაც მე და თემური ბატონ ბესარიონს ვეძახდით, 20 წელი მაგადანში გაატარა, ორი წელი ჰქონდა დარჩენილი და ძალიან ფრთხილობდა, რომ რაიმე შარს არ გადაჰყროდა და „სროკი” არ აეკიდა. წარსულზე არაფერს ლაპარაკობდა, „ღირსი ვიყავიო” – ამბობდა. ისიც მიკვირდა, ჩემი გაცნობისას მამაჩემი რომ გაიხსენა და, „ძველი ცხოვრება დაივიწყე, თუ გინდა, გაძლოო!” – დამარიგა.
თემურს 15 წელი ჰქონდა მისჯილი. ცოლისთვის შეუსწრია საყვარელთან და ორივე სანადირო თოფით დაუხოცავს. ორი კაცის მკვლელობისთვის დახვრეტა არ ასცდებოდა, მაგრამ, ასეთი პატარა „სროკი” იმიტომ მიუციათ, რომ თავის დროზე მოსამართლესაც იგივე შემთხვევია და სულ ნანობდა, ორივე რომ არ დახოცა.


თავიდან გაქცევაზე ვფიქრობდი, მაგრამ ქალაქში ვერ დავიმალებოდი, არავინ შემიფარებდა. მოსახლეობას ევალებოდა დანახვისთანავე ეცნობებინათ მილიციისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხე ემუქრებოდათ, ამაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი. დიდი ფული რომ მქონოდა, გემის კაპიტანს მოვისყიდდი და გემში სადმე დამმალავდა, ან ნავს ვიშოვნიდი, მაგრამ ფული არ მქონდა. პატიმრებში მოგროვება რომ დამეწყო, იმავე დღეს გაიგებდნენ. გაქცევის ერთადერთი გზა ტაიგაზე გადიოდა, მაგრამ უახლოესი დასახლებული პუნქტი ათასი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.
ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ხუთი კაციდან, ვინც ტაიგით სცადა თავის დაღწევა, ოც კილომეტრზე შორს წასვლა ვერავინ შესძლო. ერთი ხეზე ნახეს გაყინული, სამის მარტო ტანსაცმელი, ქამარი და მიმობნეული ძვლები იპოვეს, ერთმა ადევნებულ მგლებს ძლივს შემოასწრო „ლაგერში”. სიკვდილს გადაურჩა, სამაგიეროდ „სროკზე” ათი წელი დაუმატეს.
იცოდა დაცვამ, რომ ვერსად წავიდოდით და დიდად არ იკლავდნენ თავს ჩვენი დევნით. „პერეკლიჩკაზე” თუ არ გაეპასუხებოდი, ხუთ წუთში მეორედ ამოიკითხავდნენ შენს ნომერს, თუ მეორედაც არ უპასუხებდი, იქაც რომ მდგარიყავი, გაქცევის მცდელობის მუხლით გაგასამართლებდნენ და ათ წელს დაგიმატებდნენ.
ბოლოს ჩავხვდი ბატონი ბესარიონის სიტყვების ჭეშმარიტებას: დავივიწყე, ვინ ვიყავი, საიდან ვიყავი; შევეგუე იმ აზრს, რომ აქედან ვერსად წავიდოდი; შევეშვი გაქცევაზე ფიქრს და მუშაობაში ვეძებდი შვებას, მაგრამ ერთმა ამბავმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
ივლისის თვე იყო, თეთრი ღამეების პერიოდი, წლის ერთადერთი დრო, როცა ღამის 2 საათამდე მზე ანათებს, ტემპერატურამ შეიძლება +12 გრადუსს მიაღწიოს და „ბუშლატი” გაგახდევინოს.
სამუშაოდან დაბრუნებულს ყაზარმის შესასვლელთან ბადრაგი დამხვდა – შენზე მითხრეს, ელექტრობაში გარკვეული ყოფილხარო. კი-მეთქი. გამომყევი, სერგეი ვასილიჩი გეძახისო! გავყევი. ჩავუარეთ ყაზარმებს და დაცულ ტერიტორიაზე შევედით სამეთაურო პუნქტში. მეორე სართულზე ავედით. გავიარეთ კორიდორი, რომლის ბოლოშიც ლენინის ბიუსტი იდგა და მარჯვენა ოთახში შევედით. მაგიდასთან სამოც წლამდე ასაკის, პოლკოვნიკისსამხრეებიანი კაცი იჯდა, პირში პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი და რაღაცას წერდა. სერგეი ვასილიჩ, მოვიყვანეო! – სამხედრო სალმით გაეჯგიმა ბადრაგი. კაცმა თავი ასწია, შემომხედა, დიდხანს მაკვირდებოდა. მაღალი შუბლი ჰქონდა, უკან გადავარცხნილი ჭაღარა თმა, სახე მკაცრი, კუთხოვანი, ულვაშები სქელი, დაშვებული. თავისუფალი ხარო! – უთხრა ჯერ კიდევ გაჯგიმულ ბადრაგს. ზურგს უკან მომესმა ბადრაგის კარის დახურვის ხმა. თვალები წვრილი ჰქონდა, ღია თაფლისფერი… ადგა, შებრუნდა, ფანჯარასთან მივიდა, ასე იდგა რამდენიმე წუთს, შემდეგ შემოტრიალდა, ისევ დამაკვირდა… ქართველი ხარო? – მკითხა. „კი, ქართველი ვარ!” – ვუპასუხე.
– ძია სერგეი დამიძახეო! – გამიკვირდა… რა თბილი იყო ეს ხმა, როგორ არ ჰგავდა, წეღან რომ უთხრა ბადრაგს – თავისუფალი ხარო! – იმ ხმას.
– შენ გეშიებაო! – კიდევ უფრო გამიკვირდა… მეორე ოთახში გავიდა, მეც გავყევი. პატარა მაგიდაზე ორი თეფში იდო ხელსახოცგადაფარებული. ხელსახოცი გადახადა… დაჭრილი ძეხვი და პური. კინაღამ ცუდად გავხდი – ხუთი წელია, ძეხვი არ მეჭამა.
– ჭამე, შვილოო! – მხარზე ხელი დამადო და მაგიდასთან სკამზე დამსვა. როგორი ტკბილი იყო ეს „შვილო”, პაპაჩემი გამახსენდა, ავტირდი…
რადიომიმღები ჰქონდა გაფუჭებული, განმამხოლოებელ ტრანსფორმატორში ხვია იყო გაწყვეტილი. რადიომიმღები მის გარეშეც იმუშავებდა. მოვხსენი ტრანსფორმატორი და პირდაპირზე გადავაერთე წვერები. ამუშავდა…
– მე შენთან ვალში ვარო! – მითხრა ძია სერგეიმ.
– თუ ვალში ხართ, ის გაფუჭებული ტრანსფორმატორი მომეცით და ვალი აღარ გექნებათ-მეთქი, – ვუთხარი მე.
– არა, მე უფრო დიდი ვალი მაქვს, ვიდრე ეგააო! და ტრანსფორმატორი გამომატანა.
მთელი ღამე ვფიქრობდი, რა ვალი შეიძლებოდა ჰქონოდა ძია სერგეის.
მეორე საღამოს ტრანსფორმატორი დავშალე, გულანას ფირფიტები ერთმანეთს დავაშორე, რომ ზრიალი შესძლებოდათ, გაწყვეტილი მეორადი ხვია მოვხსენი, ათი მეტრი სიგრძის მავთული მოვჭერი და ანტენად გავჭიმე. ანტენის ერთი ბოლო ტრანსფორმატორის პირველად ხვიას შევუერთე, მისი მეორე ბოლო მივუერთე შუაში ქაღალდის ფურცლებჩადებულ ორი ლითონის ფირფიტიდან ერთს, რომლის მეორე ფირფიტაც დავამიწე. ქალაქის რადიოანტენიდან მოსულ ტალღებს ჩემი ანტენა იჭერდა, გადასცემდა ტრანსფორმატორს, რომელშიც აღიძვრებოდა ელექტრომამოძრავებელი ძალა და შედეგად ფირფიტები იწყებდა ბგერის სიხშირით ზრიალს. ლითონის ორი ფირფიტა კი კონდენსატორის როლს ასრულებდა და ფირფიტებს შორის ქაღალდის ფურცლების გამოკლებით ან დამატებით შემეძლო სხვადასხვა სიხშირის ტალღების დაჭერა.
რადიომიმღების უმარტივესი მოდელი მქონდა. მოსკოვის პირველ არხს იჭერდა.
იმავე საღამოს მთელი ბანაკი ჩემთან შეიკრიბა, ერთი კაცი იყო, სულ ლაპარაკობდა, ენას არ აჩერებდა. იმან მიიდო ყურზე რადიომიმღები და მოსმენილს ახმოვანებდა.
მეორე დღეს იმავე ბადრაგმა დამიძახა – სამეთაურო პუნქტში გეძახიანო. ისევ იმ ოთახში შევედით, ლენინის ბიუსტის გვერდით. სათათბირო მაგიდასთან ძია სერგეი იჯდა, ძალიან გაბრაზებული და დაძაბული სახე ჰქონდა. კიდევ სამი კაცი შემოსხდომოდა მაგიდას, იგივენაირი სახეებით. მეორედ დამღუპა რადიომ-მეთქი, – გავიფიქრე.
– საიდან გაქვს რადიომიმღებიო?! – დაიგრუხუნა ძია სერგეიმ.
– მე ავაწყვე ტრანსფორმატორიდან! – ვუპასუხე.
– ტრანსფორმატორი სად იშოვეო?
– აი, იქ ვიპოვე! – ფანჯრისკენ გავიშვირე ხელი.
– მართალია, მე გადავაგდეო! – თქვა ძია სერგეიმ და, ვიგრძენი, გულზე მოეშვა.
– რა არხს უსმენდიო? – იკითხა იმ სამიდან ერთ-ერთმა.
– პირველ არხს-მეთქი!
– ისეთი არაფერი დაუშავებია, ვაპატიოთო! – თქვა ძია სერგეიმ და წამოდგა, რაც თათბირის დამთავრებას ნიშნავდა. ყველა გავიდა.
– შენ გარეთ დამელოდეო! – უთხრა ბადრაგს.
დავრჩით მე და ძია სერგეი.
– ეს რამ გაგაკეთებინაო?!
– მეტს აღარ ვიზამ-მეთქი, – ვუპასუხე.
– კარგი, წამოდი, გაჭამოო! – ისევ იმ ოთახში გამიყვანა და იმავე სკამზე დამსვა, იმავე თეფშებს გადახადა იგივე ხელსახოცი. შემწვარი ქათმის ბარკალი და პური.
– ჭამე, შვილოო!
ისევ ავტირდი…
– ძია სერგეი, რა ვალი გაქვთ ასეთი? – ვკითხე მე.
– ომში დამჭრესო. ერთმა ქართველმა ამიკიდა ზურგზე და მატარაო. სამშვიდობოს გამიყვანა, დამაწვინა და, რომ წამოდგა, მაშინ მოხვდა ტყვიაო. მკვდარი ზედ დამემხო, ვერაფერი ვუშველეო. სახელიც არ ვიცი მისიო. ის მოკვდა, რომ მე მეცოცხლაო. ახლა ვალის დაბრუნების დროაო. ის ბიჭი შენა გგავდაო!…


შემოდგომაზე გემი „ვოსტოკი” შემოვიდა მაგადანის პორტში. ამბობდნენ, შორსმცურავი გემიაო.
დილით ჩვეულებრივად წაგვიყვანეს პორტში და მორები გვაცლევინეს. შუადღით ის ბადრაგი მოვიდა ჩემთან, ძია სერგეისთან რომ მიმიყვანა და – გემზეა სამუშაო, წამოდიო! გავყევი… გემზე რომ ავედით, ბადრაგმა კაპიტნის კაიუტაში შემიყვანა. კაპიტანმა მექანიკოსის ტანსაცმელი გადმომიგდო და – გამოიცვალეო! – მიბრძანა. გონებაში ყველაფერი აირია, მაგრამ, ვხვდებოდი, რაღაც დიდი ხდებოდა ჩემს თავს. გამოვიცვალე. ბადრაგმა მოხვეტა ჩემი ტანსაცმელი და გაშპა. გონებაში მაშინ დალაგდა ყველაფერი, სერგეი ვასილიჩის ფრონტელი მეგობრის შვილი რომ არ იყო, შენთვის თითსაც არ გავანძრევდიო – კაპიტანმა რომ მითხრა და სამანქანო განყოფილებაში ჩამიშვა – სამი დღე აქედან ცხვირი არ ამოყოო!
სამი დღის მერე თავისთან დამიძახა – უკვე ყველაფერი დამთავრებულია, შენ აღარავის აინტერესებ, ტაიგაში იპოვეს შენი ნარჩენები და ამოგიცნეს, მაგრამ, გემის გასვლამდე მაინც სამანქანოში იჯექიო!


წყნარ ოკეანეში ვართ, რა ტკბილი ხარ თავისუფლებავ!…
კალიფორნია, ლოს-ანჟელესი, ჰოლივუდი, ლონგ-ბიჩი, სანტა-მონიკას ყურე – მარად გაბრწყინებული, მარად ხმაურიანი, მარად საინტერესო, მარად სასურველი…
ამ ქალაქში შევედით 1962 წლის 8 ოქტომბერს. +28 გრადუსი სიცხე დაგვხვდა, გამიჭირდა შეჩვევა, განსაკუთრებით – „უბუშლატოდ” ძილი. მაგადანში ამ დროს -12 გრადუსი ყინვაა.
კაპიტანმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტი მომცა, ცოტა დოლარები და თან დამარიგა – ამ პასპორტით მაინცდამაინც ნუ გათამამდებიო! გამოვემშვიდობე კაპიტანს და გადმოვედი ნაპირზე.
გავაცნობიერე, რომ ვარ ჯორჯ მიკელსონი, უსახლკარო და მაქვს 200 დოლარი, რომელიც ერთ კვირას მეყოფა. სასწრაფოდ უნდა ვიშოვო სამსახური, თორემ, მაგადანში რაღაცას მაინც მაჭმევდნენ, აქ კი მშიერი მოვკვდები.
პირდაპირ მივაჭერი პორტის ადმინისტრაციასთან და ჩემი სამსახური შევთავაზე. უარი არ უთქვამთ, რა შეგიძლიაო, მკითხეს. ვუპასუხე, უმაღლესი კლასის ელექტრიკოსი ვარ-მეთქი. კარგი, ხვალ მოდი და გამოგცდით, რა ელექტრიკოსიც ხარო! გულში ვლოცავდი დედაჩემს, ინგლისურის სწავლა რომ დამაძალა. ნეტავ როგორ არიან ის და ელიკო? აქამდე ასე არ განვიცდიდი, თავის გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე მონატრება. ძალიან მომინდა მათთან ერთად ყოფნა.
ის ღამე პორტში გავათენე. დილით პორტის ადმინისტრაციაში მივედი და ისევ იმ ოთახში შევედი, წინა დღით რომ ვიყავი. გასაშლელი კიბე მომცეს – აბა, ის ნათურა არ ირთვება და თუ ჩართავო. ავედი კიბეზე, ვნახე, ნათურა მოსაჭერია. მოვუჭირე – აინთო.
– ყოჩაღო, ელექტრიკოსი ყოფილხარო, მიღებული ხარო, 600 დოლარზე თუ ხარ თანახმაო!
– ხალხნო, ნათურის მოჭერას რა ელექტრიკოსობა უნდა, თუ გინდათ, ლაზერს აგიწყობთ-მეთქი!
– კარგი, კარგიო! – გაიცინეს და პირველ სართულზე, სათავსოში მომიჩინეს ადგილი.
ერთ თვეში აღიარეს, რომ ნათურის მოჭერაზე მეტი შემძლებია; ორ თვეში მეორე სართულზე გადამიყვანეს და 1 000 დოლარი მომცეს ხელფასი; ექვს თვეში უკვე მესამე სართულზე ვიჯექი, ათკაციანი ჯგუფის უფროსი ვიყავი და 1 400 დოლარს ვიღებდი, მაგრამ, წელიწად-ნახევარში პორტის ავტომატიზაცია რომ გავაკეთე და ტვირთები თავისით ნაწილდებოდა, მეოთხე სართულზე გადამიყვანეს, დირექტორის მოადგილედ დამაწინაურეს, 3 000 დოლარი დამინიშნეს ხელფასი და პორტის დასახლებაშიც გამომიყვეს ბინა.
დირექტორს ერთი ებრაელი გოგო ჰყავდა მდივნად, რებეკა ციმერმანი. ომის დროს გერმანიიდან იყვნენ გამოქცეულები. ლამაზი გოგო იყო, ქერა თმითა და დიდი ცისფერი თვალებით. მე და დირექტორს ერთი მისაღები გვქონდა, სადაც რებეკა იჯდა, მაგრამ მდივნის ყოლის უფლება მარტო დირექტორს ჰქონდა. თუმცა მეც მიდუღებდა ყავას და უფრო სიხარულითაც შემოჰქონდა ჩემთან კაბინეტში და უფრო დიდხანსაც რჩებოდა, ვიდრე დირექტორთან. მეც მომწონდა მის გვერდით ყოფნა. ცოტა ხანში დავახლოვდით; კიდევ ცოტა ხანში უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით; კიდევ ცოტა ხანში დავინიშნეთ და კიდევ ცოტა ხანში ქორწილიც გადავიხადეთ. მართალია, მამამისი, ბატონი იცხაკი, მაინცდამაინც აღტაცებული არ იყო უთვისტომო სიძით, მაგრამ, მას მერე, რაც ძველი პასპორტი გადავაგდე, ცოლის გვარზე დავეწერე, ებრაული ქუდი დავიდე კინკრიხოზე და გერმანულ-ებრაულ ენაზე – იდიშზე დავიწყე ლაპარაკი, თავის სამ სიძეს შორის საუკეთესოდ დამასახელა. შაბათობით სინაგოგაში დავდიოდი, მაგრამ სარწმუნოება არ გამომიცვლია, ჯვარს ვატარებდი. რებეკამ იცოდა, მაგრამ მამამისს არ ეუბნებოდა.
ერთ წელიწადში მოშე შეგვეძინა, კიდევ ერთ წელიწადში – სარა. რებეკა კარგი ცოლი გამოდგა: ქმრის მორჩილი, ჭკვიანი, კარგი დედა. რა კარგი იყო ოჯახი, თბილი კერა. ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა გამოვლილი ჯოჯოხეთი.
ჩემი წარსულის შესახებ არავის ვუყვებოდი, რებეკამაც კი არ იცოდა, ვინ ვიყავი და სადაური. არც მეკითხებოდა – ჭკვიანი გოგო იყო რებეკა…
გადიოდა წლები. მე ვმუშაობდი, ბავშვები იზრდებოდნენ. მოშე მეორე კლასში სწავლობდა, სარა – პირველში. რებეკას მუშაობის აუცილებლობა აღარ იყო, ოჯახს უვლიდა.
ერთ დღეს, სამსახურიდან სახლში მომავალს ქართული ლაპარაკი შემომესმა. ყურებს არ დავუჯერე. როგორ მომნატრებია მშობლიური ენა. გულმა ვეღარ მომითმინა, დავუძახე:
– ბიჭებო, ქართველები ხართ-მეთქი?!
– კიო. შენ ქართველი ებრაელი ხარო? – მიპასუხეს მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილმა ბიჭებმა.
– არა, ებრაელი არ ვარ, ქართველი ვარ, მაგრამ ებრაულად მაცვია! – და ქუდი მოვიხადე.
უცბად ეს ბიჭები ძალიან ახლობლები მეჩვენენ, მომინდა მათთან ერთად დაჯდომა და ჭიქის აწევა.
– წამოდით, სადმე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, მე გპატიჟებთ-მეთქი, – ვუთხარი. სიხარულით დამთანხმდნენ. იქვე, პორტის ბარში შევედით და ღვინო და ბუტერბროდები შევუკვეთე.
დავლიეთ ერთი…
დავლიეთ მეორე…
მესამე…
მეოთხე…
– აქ როგორ მოხვდიო?
ეს ბიჭები ტყუილს არ იმსახურებდნენ, ყველაფერი მოვუყევი, არაფერი დამიმალავს. თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნაო. რა ძნელი ყოფილა საიდუმლოს შენახვა, როცა გამნდობი არავინ გყავს…
კიდევ დავლიეთ…
– წამოდი, ახლა ჩვენთან გავაგრძელოთო!
წავყევი, გემზე ავედით, იქაც დავლიეთ. მახსოვს, ქართველები დაგვემატნენ. კიდევ ერთხელ მომაყოლეს ჩემი ამბავი. უკვე ვლუღლუღებდი…


გემის კაიუტაში გაეღვიძა საწოლზე ხელბორკილით მიბმულს. ჰორიზონტზე ნაპირი აღარ ჩანდა, მხოლოდ ოკეანის ტალღები ალივლივებდნენ შუადღის მზის სხივებს…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button