ფილოსოფია

გიგი თევზაძე – სოციალ-ფიზიკური პარალელიზმი

(სოციალურის აბსოლუტური პირველადობის შესახებ)

ამ ტექსტის ამოსავალი არ არის არც მიღებული და საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ფილოსოფია, თავისი სხვადასხვა გამოვლინებებით, და არც სოციალური თეორია, მეცნიერების სოციოლოგიის ჩათვლით. ისევე როგორც ყოველ ფილოსოფიურ ტექსტში (სხვა საქმეა, კარგია ეს კონკრეტული ფილოსოფიური ტექსტი თუ ცუდი), ამ შემთხვევაშიც ამოსავალი არის კრიტიკული მიდგომა. კრიტიკული მიდგომა უპირველეს ყოვლისა იმ უმსჯელობების მიმართ, რასაც ფილოსოფიისათვის სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, არა მარტო ყოველდღიურობაში ვაწყდებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე, არამედ იმ სფეროშიც, რომელსაც ფილოსოფიური ტექსტების კორპუსი ჰქვია.

ის, რომ ფილოსოფოსები დიდი ხანია აღარ ქმნიან სამყაროს სურათს, და რომ ეს საქმე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელში გადავიდა, აღარავისთვის დაფარული არ არის. მაგრამ ფილოსოფიის ხელში ჯერ კიდევ დარჩა სოციალური გარემოს დესკრიფციის შესაძლებლობა. ჩემი დღევანდელი მოხსენებაც ძირითადათ ამ ორი ტიპის აღწერას შეეხება.

უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო იმ მიდგომის კრიტიკით, რომელსაც ტოტალურად ვხვდებით ფილოსოფიურ ტექსტებში მეცნიერების მონაცემებთან და ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით:

1. ფილოსოფოსების მიდგომა, რომელიც მეცნიერულ მონაცემებს იღებს როგორც უტყუარ (შეიძლება ხანმოკლე, მაგრამ მაინც) მოცემულობას, ანდა თუნდაც მხოლოდ როგორც ამოსავალს, და მისი სერიოზული ანალიზით ცდილობს სამყაროს (universe) თუ მსოფლიოს (world) სურათის განმარტებას, განწირულია უშედეგობისათვის და დოგმატურობისათვის. სტრუქტურულად მეცნიერების მონაცემებისადმი ფილოსოფოსის ასეთი დამოკიდებულება იგივეა, რაც შუა საუკუნეებში მოაზროვნეების მიერ სამყაროს თეოლოგიური (დოგმატური ან არადოგმატური) სურათის მეტაფიზიკური ანალიზი, რის შედეგადაც ყოველთვის მიიღებოდა უფრო მეტი თეოლოგია, ვიდრე ფილოსოფია.

2. XX საუკუნეში ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ფილოსოფოსებს გადმოქონდათ მეცნიერების მიერ შემუშავებული ტერმინები ფოლოსოფიაში (1). შემდეგ ეს ტერმინები ამ ფილოსოფოსების ნააზრევში მნიშვნელობას იცვლიდნენ, და საბოლოოდ შეიძლებოდა მიგვეღო მეცნიერების თეორიაზე სრულიად სხვა მითითება და განმარტება.

ასეთმა დამოკიდებულებამ (განსაკუთრებით მეორემ) ბევრ ცნობილ თანამედროვე ავტორს ბევრი სასაცილო შეცდომა ჩაადენინა. თუკი გადავხედავთ რამდენიმე წლის წინანდელ ბესტსელერს “Fashinable Nonsence ”, ვნახავთ, რომ ასეთი ავტორების სიაში მოხვდნენ ისეთი გვარები როგორებიცაა კრისტევა, ბოდრიარი, ლაკანი და ა.შ. შეცდომა ჩაადენინა სწორედ იმის გამო, რომ მათი მიდგომა მეცნიერების მონაცემებისადმი და ტერმინოლოგიისადმი იყო და არის მეცნიერული აზროვნების უძლეველობის და ექსპერიმენტალური დასაბუთების სისწორის რწმენაზე და არა კრიტიკულ მიდგომაზე დაფუძნებული. მე არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ვამბობდე, რომ ფილოსოფიას ან კრიტიკულ მიდგომას შეუძლია შეამოწმოს მეცნიერების მონაცემები , მაგრამ კრიტიკულ მიდგომას შეუძლია გააკეთოს ორი რამ:

1) არ შეხედოს მეცნიერების ყველაზე მომხიბლავ და დამარწმუნებელ მონაცემებს როგორც მისაბაძს;

2) მიიღოს მეცნიერების მონაცემები ისევე, როგორც იღებს ფსიქიკური თუ სოციალური ცხოვრების სხვა მოვლენებს – კანტიანური თვალით, რომ ყოველივე არსებული კონსტრუირდება კატეგორიების და ცნობიერების აპრიორული ფორმების საშუალებით და რომ შეგრძნებათა იქით გასვლა პრინციპულად შეუძლებელია.

ყველა ფუნდამენტური მეცნიერების საბოლოო მიზანი სამყაროს სურათის შექმნაა. სოციალური თეორიის თვალსაზრისით სამყაროს სურათი, რომელსაც იძლევა მეცნიერება, და სამყაროს სურათი, რომელიც მითოლოგიურ წარმოდგენებზეა დამყარებული, ერთი და იგივეა: ორივე სურათს ახასიათებს; I. ძლიერი ჩარევა სოციალური ცხოვრების ტექნოლოგიურ დონეზე; II. ორივე სურათს ახასიათებს მისწრაფება დაზუსტებისკენ და მასზე უფრო ადრე არსებული შესაბამისი დებულებების ან უარყოფისკენ, ანდა, უმეტეს შემთხვევებში, მოცვისაკენ.

ფილოსოფიური მიდგომის კიდევ ერთი უკრიტიკო შედეგი არის სიყვარული და სურვილი საბოლოო დასკვნებისადმი. სურვილს, რომ საბოლოო დასკვნა გაკეთდეს, ისევ და ისევ, ალბათ მითოლოგიურ და მეცნიერულ წარმოდგენებში აქვს ფესვები: ამის საწინაამღდეგო მაგალითი ისევ კანტის ან ჰაიდეგერის ფილოსოფიაა: მათ ტექსტებში აღწერის, ანუ დესკრიფციის ტოტალურობა და დასკვნების თითქმის არ არსებობა აპირობებს მათი ტექსტების ფილოსოფიურობას – ინტერპრეტაციების და წაკითხვების სიმრავლეს, და გნებავთ, ამ წაკითხვების ურთიერთწინაამღდეგობრიობას.

ამიტომ, ისევ ზემოთ ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, ფილოსოფიური მიდგომა მეცნიერების მონაცემებისადმი უნდა იყოს დესკრიფციული და აღწერითი, და არა დასკვნითი და მტკიცებითი.

ამ მცირე და ბუნდოვანი შესავლის შემდეგ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო რამდენიმე მომენტს, აღვწერო რამდენიმე მოვლენა, რომ ბოლოს და ბოლოს გასაგები გახდეს რას ვგულისხმობ სოციალ-ფიზიკურ პარარელიზმში:

მინდა დავიწყო სოციალური სტრუქტურების ცვალებადობის აღწერით, რაც ყოველი ჩვენგანისათვის ცნობილია: ანტიკური, შუა საუკუნეები და ახალი დროის ნაწილი შეიძლება დავახასიათოდ, როგორც მკაცრი ვერტიკალური სოციალური სტრუქტურების ჩარჩო: სოციალური რეალობა ამ დროებში შეიძლება აღვწეროთ როგორც ვერტიკალური სტრუქტურა, რომლის თავში მდებარეობს მბრძანებელი, ხოლო მის ქვემოთ – ამ მბრძანებელის დაწესებული იერარქიაა. ეს სოციალური გაწყობა ტოტალურია საუკუნეების განმავლობაში, და ერთი შეხედვით ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა ქრისტიანობის გატოტალურება, ამ სტრუქტურაზე ვერანაირ ფორმალურ გავლენას ვერ ახდენს.

ძნელი არ არის დავინახოთ სოციალური სტრუქტურებისადმი ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში არსებული სამყაროს სურათის შესატყვისობა: მითოლოგიური სამყაროს ხატი გულისხმობს დემიურგს, რომელიც მოთავსებულია სამყაროს იერარქიის წვეროზე, და მის შემდეგ განლაგებულ სხვა, უფრო დაბალი ხარისხის ღმერთებს, შემდეგ ნახევრად-ღმერთებს, გმირებს და ადამიანებს. ასეთი გაწყობა მეტ-ნაკლებად იგვეობრივია ყველა მითოლოგიაში, და მცირეოდენი გადახვევები, რომელიც შეიძლება დავაფიქსიროთ, ალბათ უფრო იმ დროიდან შემორჩენილად შეიძლება ჩავთვალოთ, როდესაც ეს გაწყობა ყალიბდებოდა. ამ შემთხვევაში კავშირი სოციალურ მოწყობასა და სამყაროს სურათს შორის ცხადია, და საშუალო მოაზროვნე ერთეულისათვის არანაირ დისკომფორტს არ ქმნის: მას ყოველთვის შეუძლია ბუნდოვნად თქვას, რომ იმდენად რამდენადაც ორივე – მითოლოგიური და სოციალური _ კონსრტუქცია არტეფაქტია, შექმნილია და ხელოვნულია (“ბუნებრივთან” ოპოზიციით), სრულიად მოსალოდნელია, რომ “იმ დროს” “ცნობიერება” ერთნაირად აზროვნებდა ორივე მიმართულებით. რის შედეგადაც მივიღეთ მსგავსი სტრუქტურები.

შეიძლება კამათი წარმოიშვას ე.წ. “რეალისტებს” (სოციოლოგებს) და “იდეალისტებს” (მითოლოგისტებს და ლიტერატორებს) შორის, რომელთაგანაც პირველნი დაამტკიცებენ, რომ ჯერ ჩამოყალიბდა სოციალური სტრუქტურა და ამან შემდგომ იქონია გავლენა სამყაროს სურათზე, ხოლო მეორენი იტყვიან, რომ ჯერ შემუშავდა სამყაროს მითოლოგიური ჩარჩო, და მხოლოდ შემდეგ საზოგადოება გაეწყო ამ ჩარჩოს შესაბამისად (2).

ახალი დროის შემდეგ, XX საუკუნის დიდი ნაწილის ჩათვლით, ევროპის უმეტესი ქვეყნები და საერთოდ დასავლური ცივილიზაცია ხასიათდება ცენტრული სისტემებით, ანუ, როდესაც ცენტრი მართავს და ცენტრის გარშემო ტრიალებს სოციალური ცხოვრება, როდესაც ცენტრში თავმოყრილია ძირითადი (ამ მთლიანი) პოლიტიკური თუ სოციალური მასა, როდესაც არსებობს მკვეთრად დაფიქსირებული პერიფერია, როდესაც სოციალური აქტიურობა მიმართულია პერიფერიიდან ცენტრისკენ და პირიქით. ამ ვითარების შედეგი არის თანამედროვე დემოკრატიული სისტემები და წარმომადგენლობითი დემოკრატია. ამ სოციალური სტრუქტურის ძირებზე ბევრი დაწერილა: დაწყებული ექსპერიმენტული მეცნიერების განვითარებით, დამთავრებული ნაციონალიზმის იდეის წარმოშობით . მაგრამ ამ სტრუქტურის შესაბამისი სამყაროს სურათი ნელ ნელა ყალიბდება და ბოლოს გვევლინება როგორც, ატომის აგებულების აღმოჩენა, ფარდობითობის და დიდი აფეთქების თეორიები (3).

რთული არ არის ფარდობითობის თეორიის და დემოკრატიულ სისტემას შორის კავშირის დანახვა, მით უმეტეს, როდესაც სოციალურ თეორიაში და პოლიტიკურ სისტემებში საერთო დემოკრატიული სისტემის არსებობის ფონზე, იწყება ლაპარაკი შინაარსის მრავალფეროვნებაზე და დამკვირვებლის პოზიციის მნიშვნელობაზე. ასევე არ არის ძნელი ერთგვაროვნების დანახვა ატომის აგებულებასა და მანამდე და მის შემდეგ არსებულ სოციალურ სისტემებს შორის – როდესაც ცენტრის გარშემო ბრუნვა და ამ ცენტრის მასა-მოცულობა არის სოციალური სისტემის მთავარი მამოძრავებელი. ახალ დროში და მის შემდეგ ასეთი სტრუქტურების დანახვა ძნელი არ არის – არაცნობიერის აღმოჩენიდან ლიტერატურულ მიმდინარეობამდე (4).

ამ შემთხვევაში საშუალო მოაზროვნე ამოცანის წინაშე დგება: ან უნდა აღიაროს მეცნიერული, ექსპერიმენტალურად დადასტურებული თეორიის მეორეულობა სოციალური სისტემების და სოციალური ცნობიერების მიმართ, ანდა მეტაფიზიკური დებულება უნდა დაუშვას, რომლის მიხედვითაც სამყაროს აგებულება მის აღმოჩენამდე მოქმედებს სოციალურ გაწყობაზე.

მაგრამ საშუალო სტატისტიკური მოაზროვნის ზემოთ აღნიშნული ორჭოფობა არაფერია იმ გამოწვევასთან შედარებით, რომელსაც ის ხვდება თანამედროვეობაში, ჩვენს სინამდვილეში: დავიწყოთ თანამედროვე სოციალური ცნობიერების და სოციალური სისტემების აღწერით: თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები, ტექნოლოგიები, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იძლევიან შესაძლებლობას სოციალური სისტემა აღარ იყოს მიმაგრებული გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. გარდა ამისა, საზოგადოების სტრატიფიკაცია იძლევა საშუალებას რომ შეიქმნას მრავალი სოციალური ჯგუფი, რომლებსაც ექნებათ საკუთარი ცენტრი, ისე, რომ ისინი ძალიან მცირე, ან სულაც არ იქნებიან კავშირში პოლიტიკურ ცენტრებთან. თანამედროვე დემოკრატიული სისტემა, მცირე (მაგრამ მნიშვნელოვანი) შეზღუდვებით პარალელური და ერთი-მეორეზე ზედდებული სისტემების, მიკროსოციუმების და ნეო-ტრაიბების არსებობის საშუალებას იძლევა; ისე, რომ მათ შორის კავშირი მხოლოდ ფორმალური, ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველია და თვითონ ამ სისტემების წევრებზე არანაირ გავლენას არ ახდენს. საქმის ამგვარი ვითარება XX საუკუნის მეორე ნახევრიდან აღიწერა როგორც ფილოსოფიაში (დერიდა , ფუკო ) ასევე სოციოლოგიაში (ბურდიე , ბერგერი და ლუკმანი ). გარდა ამისა მსოფლიოზე ასეთი წარემოდგენა შევიდა ლიტერატურაშიც: მთელი მიმდინარეობები, როგორებიცაა პატაფიზიკა, ფენტეზი, ახალი ტალღა და სხვა აღწერდნენ როგორც მიკრო-სოციუმებს, ასევე, ფანტაზიის გაქანების შემთხვევაში – პარალელურ სამყაროებსაც. ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა როგორც პოსტ-მოდერნული მსოფლიოს სურათი, და შეიჭრა როგორც პოლიტიკაში, ასევე სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. შესაბამისად, არ დააყოვნა სამყაროს სურათში ცვლილებებმა: 2000 წელს “Scientific American”-ში გამოქვეყნებული სტატია “Quantum Gravity and the Nth Dimension, The Universe’s other Dimensions” , რომელიც წარმოადგენს თეორიას სამყაროში პარალელური მსოფლიოების არსებობის შესახებ და განიხილავს სამყაროს როგორც “ფოლდერში” ჩაწყობილი მსოფლიოების ერთობას (folded universe), ამ რიგის მოვლენაა და ელოდება ექსპერიმენტალურ დასაბუთებას, რომელსაც უეჭველად მიიღებს რამდენიმე წელიწადში (5). ეს თეორია მსოფლიოს მეცნიერების მიერ იქნა შეფასებული როგორც გადატრიალება სამყაროს შესახებ წარმოდგენებში, მოსალოდნელი გადატრიალება ტექნოლოგიებში და ა.შ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სოციალური ცნობიერება დიდი ხანია ამ პრინციპით არსებობდა.

ბოლოს და ბოლოს მივედით იმ სირთულესთან, რომელიც საშუალო სტატისტიკურ მოაზროვნეს დაუდგა წინ: როგორ შეაფასოს აღწერილი ვითარება? აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ მოტანილი აღწერების ინტერპრეტაცია უსასრულოდ ბევრი შეიძლება იყოს. მათ შკალაზე რამდენიმე პოლუსს წარმოადგენს:

1. რადიკალური: სოციალური ცნობიერების აბსოლუტური პირველადობა: სოციალური ცნობიერება განსაზღვრავს ყველაფერს სამყაროში, და ყველაფერი, ფიზიკის თეორიების ექსპერიმენტალური დასაბუთების ჩათვლით არის ყოველი დროის (ეპოქის) სოციალური სტრუქტურების და აზორვნების წესების ადექვატური. ანუ, სოციალური ცნობიერება აპირობებს არა მარტო აზრს სამყაროს შესახებ, არამედ, ექსპერიმენტის შედეგსაც.

2. მეტა-ფიზიკური: მეცნიერების პირველადობა: სამყაროზე წარმოდგენები ვითარდება, ხოლო სოციალური სტრუქტურები შეესაბამებიან ამ წარმოდგენებს. სოციალური სტრუქტურების შინაგანი ბუნება მიემართება “სწორი” მოწყობისაკენ და ბოლოს და ბოლოს ის მიდის იმ ჭეშმარიტ ფორმამდე, რომელიც აქვს სამყაროს.

3. მეტაფიზიკურ-სოციოლოგიური: მეცნიერთა პირველადობა: მეცნიერები მუშაობენ სამყაროს სურათის დამტკიცებზე. ეს მუშაობა საზოგადოებაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო გავლენას ახდენს. შესაბამნისად, საზოგადოება იცვლება უფრო ადრე, ვიდრე მეცნიერულად დამტკიცებული შედეგები გამოქვეყნდება.

4. მეტაფიზიკურ-რადიკალური: ახალი თეოლოგია: აზრი განსაზღვრავს ყველაფერს, სოციალური ცნობიერების და სამყაროს ფიზიკური აგებულების ჩათვლით: ღმერთი კარნახობს კონკრეტულ ადამიანებს სამყაროს მოწყობას და ისინიც ახორციელებენ მას როგორც სოციალურ სფეროში და (თუნდაც) ლიტერატურაში, ასევე, მეცნიერებაში.

5. მისტიკური: ყოველივეს განვითარებადობა: სამყაროს მოწყობა იცვლება, რაც აისახება როგორც სოციალურ ცხოვრებაში, ასევე მეცნიერებაში. ასე რომ იმის თქმა, რომ კოსმოგონიური თეორია არ იყო სწორი, არ შეიძლება. უბრალოდ, მაშინ სამყარო იყო ისეთი, და შესაბამისად, ცნობიერებაც ისე იყო მოწყობილი. ეხლა სამყაროს მოწყობა შეიცვალა, და სოციალურმა ცნობიერებამაც არ დააყოვნა ცვლილება.

მაგრამ ყველა ამ თეორიას თუ დასკვნას არაფერი კავშირი არა აქვს კრიტიკულ მიდგომასთან. თუმცა, ალბათ, ტრადიციულ-ფილოსოფიურ-სოციოლოგიური თვალსაზრისით სოციალური ცნობიერების აბსოლუტური პირველადობა ყველაზე უფრო მისაღებია და ადვილი ფილოსოფოსთა წრეში დასამტკიცებლად.
ფუნდამენტური მეცნიერების სხვა დარგებშიც შეიძლება მოიძებნოს მსგავსი ანალოგიები, იქნება ეს ეთოლოგიის და ფიზიოლოგიის განვითარება, სამყაროს წარმოშობის ბიოლოგიური თეორიები თუ სხვა (6). თეორიული ფიზიკის ფაქტების და სოციალური ცნობიერების შეჭიდულობის მაგალითი ჩემთვის იყო ყველაზე უფრო მოხერხებული იმისათვის, რომ ცხადათ აღმეწერა ის ვითარება, რასაც დღეს აზროვნებისას შეიძლება შევხვდეთ, თუკი არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ტრადიციული წყაროებით. ცხადია, სერიოზული ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სოციალური საზღვრავს სამყაროს სურათს არ შეიძლება. თუმცა, ალბათ, მხოლოდ აზროვნების სფეროში რომ დავრჩეთ, ზემოთ აღწერილი მაგალითების გაღრმავების და გაუმჯობესობების ფონზე ვერ ვიპოვით სოციალურის აბსოლუტური პირველადობის საწინაამღდეგო არგუმენტებს (7).

სოციალურის აბსოლუტური პირველადობიდან საინტერესოდ გამოიყურება სუბიექტის საკითხი: თუ სოციალური პირველადია, სუბიექტი ვერ იქნება განმსაზღვრელი და ყოველთვის იქნება შედეგი: ანუ, ყოველი სუბიექტი ამ შემთხვევაში იქნება დამყარებული სოციალურზე, ანუ, კანტის და ჰუსერლის განხილული სუბიექტები უნდა განსხვავდებოდნენ, ისევე, როგორც ჰუსერლის აღწერილი და თანამედროვე სუბიექტი. გამომდინარე აქედან შეიძლება დადგეს კითხვა, რაც შეიძლება ფუნდამენტური მეცნიერების ადეპტს გაუჩნდეს: თუ სუბიექტი არის მეორეული, ანუ, თუ მას საზღვრავს სოციალური, რა საზღვრავს თვითონ სოციალურს? პასუხი ამ კითხვაზე ბევრნაირი შეიძლება იყოს, და ყველა ისინი გავლენ ჩვენი გამოცდილების იქით და იქნებიან მეტაფიზიკურნი, ანუ, დამყარებული მხოლოდ აზროვნებაზე, ყოველგვარი ემპირიული საფუძვლის გარეშე.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ვილაპარაკებთ სუბიექტზე, რომელიც იქნება არა კონკრეტული, არამედ შემეცნებით-ტრანსცენდენტალურ-მეტაფიზიკური, მაშინ ის იქნება არა მარტო შინაარსისაგან დაცლილი, არამედ ფორმისაგანაც, ანუ, ჩვენ ვერ ვიპოვით სუბიექტში ისეთ რაღაცას, რაც არ იქნება მასში სოციალურის მიერ გამოწვეული და ჩადებული.

და ბოლოს, ყოველივე ამის საფუძველზე მინდა დავსვა კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ ფილოსოფიამ, რომელიც სწავლობს პირველადს, ისწავლოს სუბიექტი, თუკი არსებობს ეჭვი, რომ ის მეორადია? და ხომ არ არის არსებული ვითარებების ფონზე ფილოსოფიის საგანი არა სუბიექტი, არამედ პირველადი? და ხომ არ დადგა კვლავ დრო ფილოსოფიის სოკრატემდელ ვითარებამდე დაბრუნებისათვის და პირველადის შესახებ კითხვის დასმისათვის?

ყველა ამ კითხვას აღძრავს უცნაური კავშირი, რომელიც შეიძლება დავინახოთ ფუნდამენტური და ექსპერიმენტალური მეცნიერებების მონაცემებსა და სოციალურ სტრუქტურებსა და გაწყობებს შორის. თანაც ემპირიულ დროში დასავლური სოციალური გაწყობა წინ უსწრებს სამყაროს შესახებ ექსპერიმენტალურ და თეორიულ მონაცემებს.

მაგრამ აქვე მინდა აღნიშნო, რომ ლინეარულ დროში წინსწრება ერთმნიშვნელოვნად არ უნდა ნიშნავდეს განპირობებას და განსაზღვრებას.

შენიშვნები:

1. მაგ: სოციალური სამყაროს, როგორც მოებიუსის ლენტის აღწერა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო XX საუკუნის შუა წლებში და ეკუთვნის დელიოზს და გუატარის (ix. G. Deleuze, F. Guattari, Kapitalismus und Schizophrenie I, Frankfurt am Main, 1974), ნასესხებია ალბერტ აინშტაინისაგან.

2. აქ შეიძლება მიგვითითონ ათენურ დემოკრატიაზე და გვითხრან, რომ მსგავსი სტრუქტურა არ აღიწერება მითოლოგიაში. ამ შემთხვევაში მე მოვიშველიებ მითების შინაარსს, რომლებშიც სამყარო და სამყაროს კანონები ღმერთების, გმირების და ადამიანების ურთიერთობით ყალიბდება. მეორე მხრივ, ათენური დემოკრატია მაინც გულისხმობდა პერიკლე (ზევსის) ფიგურას.

3. დიდი აფეთქების თეორია შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამყაროს ვერტიკალური კომპოზიციური სურათის შემუშავების დასასრული: დიდი აფეთქების თეორია აღწერს ბიგ ბანგ-ის შედეგად ოთხი ძირითადი ურთიერთქმედების წარმოშობას და შემდეგ სამყაროს კონსტრუირებას ამ ოთხი ძალის ურთიერთქმედებით. ძნელი არ არის ამ სტრუქტურის და სამყაროს მითოლოგიური გენეზისს შორის კავშირის დანახვა; მაგ. ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილ ამბავს ქაოსიდან ღმერთების წარმოშობის და შემდეგ ამ ღმერთების ურთიერთმოქმედებით სამყაროს არსებული წესრიგის შექმნის შესახებ (დაწვრილებით, იხ. გიგი თევზაძე “მომავლის ნიშნები” “მერიდიანი”თბილისი, 1997).

4. ახალი დროის ლიტერატურა, რომლიც უარს ამბობს გმირის ცენტრალურ ფიგურაზე და აღწერს სინამდვილეს, როგორც რაღაც ცენტრის გარშემო მოტრიალე პერსონაჟების ურთიერთობას, აღიარებს ეთიკურ რელატივიზმს, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ატომის აგებულების და ფარდობითობის თეორიის შესაბამისი სტრუქტურა.

5. ჩემი “რწმენა”, რომ ეს თეორია ექსპერიმენტალურად აუცილებად დასაბუთდება, ეყრდნობა არა მეცნიერული გონების და ტექნოლოგიის სიძლიერეს, არამედ იმას, რომ მსგავსი სტრუქტურა უკვე გააჩნია მსოფლიოს სოციუმს. შესაბამისად, “წინა” მოვლენების ანალოგიურად, ეს თეორიაც უნდა დამტკიცდეს – ანუ, ჩემი “”რწმენა” ეყრდნობა ამ ტექსტიდან გამომდინარე დებულებას, რომ თუ გვაქვს რაღაც აგებულების და სტრუქტურის სოციუმი და ჯერ არ გვაქვს სამყაროს შესაბამისი მეცნიერული სურათი დამტკიცებული, ის აუცილებლად შემუშავდება და დამტკიცდება.

6. თანამედროვე ეთოლოგიაშიც შეიმჩნევა სამყაროს, როგორც პარარელური მსოფლიოების აღწერის ნიშნები. მაგ. Mills M.G.L. სტატიაში “Prey selection and feeding habits of the large carnivores in the Southern Kalahari” (1984, Koedoe, # 27.) აღწერს ურთიერთგადაფარულ ეკოლოგიურ ნიშაში მცხოვრები მტაცებლების ნადირობას: ავტორი ფაქტიურად უარყოფს კონკურენციის არსებობას ამ მტაცებლებს შორის და ამბობს, რომ ისინი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ნადირობენ ერთსა და იმავე სახეობაზე, სხვა-და-სხვა ასაკის და სქესის მსხვერპლს ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი არსებობა უფრო სახეობათა [არსებობის წესის] პარარელიზმზე მიუთითებს, ვიდრე მათ შორის კონკურენციის არსებობაზე. ბუნებრივია, ასეთი მიდგომით უარია ნათქვამი სახეობათაშორის კონკურენციის იდეაზე, და თანამედროვე სოციუმის შესაბამისი პარარელური აღწერაა შემოტანილი (იხ. აგრეთვე Malcolm J.R. Van Lawik B.N. Notes on Wild dogs hunting zebras. “mamalia”, 1975, # 2). მსგავსი აღწერა ალბათ შესაძლებელია მცენარეთა სახეობების მიმართაც. XX საუკუნის დასაწყისში კამათი ფიზიოლოგებს შორის მაღალგანვითარებული ცხოველისთვის თუ ადამიანისათვის დამახასიათებელი აზროვნების თუ პირობითი რეფლექსების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა კამათი სამყაროს ორ მოწყობას და სურათს შორის: ატომისტურ-მითოლოგიურს, რომელიც ამბობს, რომ არსებობს ერთი ცენტრი (ამ კონკრეტული კამათის შემთხვევაში, რომ პირობითი რეფლექსი არის ერთადერთი საფუძველი და ამოსავალი, ანუ, ცენტრი), და პარარელური სამყაროების სურათს შორის, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს გარდა კიდევ არსებობს სხვა სამყაროები და სოციუმები (იხ. «Ответ на замечания проф. Н.А.Рожанского по поводу научной деятельности И. Бериташвили» «Письмо проф. Н.А. Рожанскому» «По поводу критики С.А. Петрушевского» в: И. Бериташвили, Труды, «Мецниереба» Тбилиси, 1984.).

7. სოციალური არა მხოლოდ სოციალური ფორმების, არამედ სოციალური სტრუქტურების შინაარსების აზრით: ამ შემთხვევაში სოციალურში შევა როგორც ლიტერატურა, ასევე სექსის კულტურა, სუფრის წესები, მეცნიერება და სხვა (რაც შეეხება სუფრის წესებს: როგორც ქართველი სოციოლოგები და კულტუროლოგები ზედმეტად სერიოზულად აღნიშნავენ [იხ. ნიჟარაძის, ნოდიას, შათირიშვილის, ჯგერენაიას სტატიები კრებულში “ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება” მშვიდობის, განვითარების და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტი CIPDD. თბილისი 2000], დღეს საქართველოში ადგილი აქვს ქართული სუფრის წესების წინაამღდეგობას ევროპული წესებისადმი, რაც გამოიხატება ა-ლა-ფურშეტების სპონტანურ გადაქცევაში ქართულ ქეიფად. მაგრამ, აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაქცევა ხდება არა ერთიან ქართულ სუფრად, არამედ, დაკლასტერებულ, პარარელულ სუფრებად).

Gigi Tevzadze

Social-physical parallelism
(On the absolute primacy of the social)

The author compares the pictures of the universe created by thinkers and scientists throughout the history of humanity (including XX century) to the structures of society at corresponding times. He comes to the conclusion, that the pictures of the universe “magically” repeat the structures of society. It is not such as extraordinary idea in the case of mythical and religious pictures of the universe, but is unexpected an unimaginable for the big bang, the planetary model of the atom and the newest theory of the folded universe.

By this judgement the author comes to the hypothesis of the absolute primacy of the social and elaborates an approach for returning of the philosophy to the pre-Socratic position and questioning about the “first”, not in the sense of the “Sein” (as Heidegger did), but “Seiende”.

კრებული “საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტთა შრომები”
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
თბილისი. 2001.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button