განხილვალიტერატურასაკითხავიწიგნები

კარელ ჩაპეკი – თეთრი ჭირი

თავიდანვე გეტყვით, რომ კამიუს “შავი ჭირის” პირველი გამოცემის დროისათვის, “თეთრი ჭირი” უკვე 10 წლის გამოცემული იყო. და საერთოდაც, ჩაპეკი მამათა თაობის მწერალთა რიგშია, რომლის შემოქმედებაც ორ ომთა შუაა მოქცეული, რაც, თუ გავითვალისწინებთ ჟანრს, დამატებით ინტერესს მატებს მის ნაშრომებს.და მაინც, რა ვიცით კარელ ჩაპეკის შესახებ? იგი გახლდათ ჟურნალისტობიდან მწერლობაში “გადაბარგებული” შემოქმედი, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ტერმინი “რობოტი”. სწორედ ჩაპეკის პირველი პიესიდან – „რ.უ.რ. – როსუმოვის უნივერსალური რობოტები“ (ორიგინალში:R.U.R – Rosumovi Univerzální Roboti) გაიცნო სამყარომ ხელოვნური ინტელექტის პირველი პირმშო – როსუმოვის რობოტი. ჩაპეკი ჩეხეთის პატარა ქალაქ, მალე სვატონოვიცეში დაიბადა და შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ჩეხეთის დამოუკიდებლობის ბრძოლას შეალია. ის და მისი ძმა ხშირად მართავდნენ ე.წ. „პარასკევის საღამოებს“ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩაპეკს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჩეხოსლოვაკიის პირველ პრეზიდენტ, ტომაშ მასარიკთან. მისმა ნაციონალისტურმა მისწრაფებებმა ასახვა ჰპოვა მისივე შემოქმედებაში და მიუხედავად სამეცნიერო ფანტასტიკური შინაარსისა, ჩაპეკის ნებისმიერ პიესასა თუ ნოველას აშკარად დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი. საბოლოოდ ჩაპეკი ჰიტლერის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოავლინა, მისი 48-წლიანი ცხოვრება კი ჩეხმა მწერალმა, რომელსაც ჰაქსლისა და ორველის აღმოსავლეთევროპელ თანამოძმედ მოიხსენიებდნენ, რიგითი ტყვის როლში, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა.„თეთრი ჭირი“ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელშიც, როგორც ჩანს, ბედს შეგუებულმა ჩაპეკმა ყველაფერი ის ჩადო, რასაც იმდროინდელ პოლიტიკურ „მფარველებზე“ ფიქრობდა. ალბათ, ლიტერატურისა და მკითხველის პატივისცემა რომ არა, ფიქციური სახელების მოფიქრებაზეც არ შეიწუხებდა თავს.პიესაში აღწერილია პატარა უსახელო ქვეყნის საუკუნის დასაწყისისდროინდელი ყოფა, სადაც მოულოდნელად გაჩნდება ჭირი. ავადმყოფობას “თეთრ ჭირად” მოიხსენიებენ, რადგან მის მსხვერპლებს სხეულზე თეთრი ლაქები უჩნდებათ.საინტერესოა, რომ დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა 45 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ახალგაზრდებს ავადმყოფობა ვერ ერევა. ერთიანად შიშისმომგვრელია ამდროს ერთ-ერთ რიგით ოჯახში ახალგაზრდების მშობლებთან საუბარი, რომლებიც კმაყოფილი არიან მიმდინარე მოვლენებით, რადგან მათი აზრით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, თეთრი ჭირი დადებით სამსახურს გაუწევს ახალ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს.პარალელურად, დიდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს ომი, რომელსაც უძღვება ვინმე უსახელო მარშალი. მარშალი ომს ე.წ. “მცირე სახელმწიფოს” დაპყრობით იწყებს. ამასობაში კი, ჭირი აგრძელებს მოქმედებას. ყველასგან მოულოდნელად, გამოჩნდება ექიმი – გალენი, რომელიც ფლობს ავამდყოფობის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა რეცეპტის გამჟღავნებაზე უარს ამბობს. ამ უკანასკნელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ დიდი სახელმწიფოები შეწყვეტენ ომს და ხელს მოაწერენ საყოველთაო მშვიდობის აქტს.რა თქმა უნდა, გალენის იდეალისტურ-ჰუმანისტური იდეები იდეებადვე რჩება; კეთილშობილი ექიმი კი, მხოლოდ ღარიბ-ღატაკებს კურნავს. მარშალი ომის შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მას შემდეგ, რაც თეთრი ავადმყოფობა მრავალ ომგამოვლილ მრისხანე მთავარსარდალსაც იმორჩილებს.ნაწარმოებში ჩანს კიდევ ერთი სამხედრო პირი – მარშალის თანაშემწერ, ბარონი კრიუგი, რომელიც ასევე თეთრი ჭირითაა დაავადებული. ამიტომ, კრიუგი მარშალს ემუდარება, შეწყვიტოს ომი, რათა გალენი მის განკურნებას დათანხმდეს, თუმცა ამაოდ. სხვათა შორის, აქ, პრობლემა შეექმნა ჩაპეკს კრიუგის გვარის გამო, რომელიც დაიწუნეს გერმანიაში და თითქმის შეაცვლევინეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. საქმე ის არის, რომ კრიუგი ძალიან წააგავს გერმანულ der Krieg (ომი) -ს.პიესის მთავარი გმირები სამ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთ მხარეს დგას მარშალი და ჯანმრთელი ახალგაზრდობა, რომლებსაც ომი სწყურიათ და რომლებიც მზად არიან ფეხქვეშ გათელონ მშვიდობისმოყვარე ექიმი, მეორე მხარეს დგას დაავადებული ადამიანების დიდი მასა, რომელიც მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ გადარჩეს… მესამე მხარეს კი, განცალკევებით, დგას ექიმი გალენი. პიესაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ციფრები და სიმბოლოები. ბევრი კრიტიკოსის აზრით, გალენის პალატის ნომერი, დაავადების გავრცელების დრო და სხვა არაერთი ციფრი ადგენს თარიღებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჰიტლერის მთავრობის მიერჩადენილ დანაშაულებთან.თეთრი ჭირი საუკეთესო ამსახველია პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის ჩეხოსლოვაკიაში არსებული მდგომარეობის. იმ იმედების და უიმედობის, რაც იმ პერიოდში გერმანიის სათავეში ნაცისტური მთავრობის მოსვლას მოჰყვა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფერს აღწერს ადამიანი, რომელიც უშუალოდ ამ ყველაფრის მონაწილე იყო. ადამიანი რომელმაც საბეჭდ მანქანას სტატიების წერაზე უკეთესი გამოყენება მოუძებნა და რომელიც, თავისი „პატარა ნაციის“ სიყვარულმა ერთ-ერთი საპატივსაცემო ოჯახის შვილობიდან დიდი სახელმწიფოს რიგით მსხვერპლად აქცია.
ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button